საკონსტიტუციო ვნებათაღელვა არ ცხრება და სავარაუდოდ, ცვლილებების საბოლოოდ მიღებამდე სხვადასხვა სიხშირით რეციდივებს უთუოდ უნდა ველოდეთ. ამ ეტაპზე პრეზიდენტმა უკვე გადაწყვიტა, რომ არ ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით: „საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესს არ განსაზღვრავს არც ერთი კანონი. შესაბამისად, კომისია უნდა იქმნებოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და კონსულტაციების საფუძველზე, რაც სამწუხაროდ, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი შეთავაზებისა, არ შედგა“.
ეკა მიშველაძემ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარის თქმასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ კონსტიტუცია ეს არის სახელმწიფოს უზენაესი კანონი და მთავარი დოკუმენტი, რომელშიც ცვლილებები უნდა განხორციელდეს ფართო ჩართულობის და კონსენსუსის საფუძველზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ვოლსკის აზრით, პრეზიდენტმა მხარი უნდა დაუჭიროს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სახელმწიფოს ინტერესს უპირისპირდება.
„მოწვეული სპეციალისტები, არასაპარლამენტო პარტიები იქნებიან ჩართულნი და ამას ყველაფერს უხელმძღვანელებს პარლამენტი. ამაში არათუ საწყენი არ უნდა იყოს არაფერი, არამედ ვისაც შეუძლია და მათ შორის, პრეზიდენტის მხრიდან უნდა იყოს სრული მხარდაჭერა. ეს იქნება ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. დანარჩენი ყველა გადაწყვეტილება არის ის, რაც უპირისპირდება სახელმწიფოს ინტერესს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
რატომ შეიქმნა საკონსტიტიციო ცვლილებებთან დაკავშირებით აჟიოტაჟი და რა შეიძლება იყოს ხელისუფლების სავარაუდო მიზანი, ამ თემაზე ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.
ბატონო ლევან, რამდენად სწორი და მისაღებია პრეზიდენტის გადაწყვეტილება - არ ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში?
- სწორი გადაწყვეტილებაა თუ არა, შეფასება რთული იქნება, რადგან ყველა შემთხვევაში სუბიექტურია. რაც შეეხება, მისაღებია თუ არა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, ამაზე მსჯელობა შეიძლება. როგორც მოვისმინე ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან, უმთავრესი განმაპირობებელი გახდა ის, რომ პრეზიდენტს არ აქვს სურვილი, პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს და ამ გზით, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნის პროცესში, თუ ის არაწორად იქნება წარმართული, მიიღოს მონაწილეობა.
იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და ზემოთ დგას თვით სახელმწიფოს პოლიტიკურ ინსტიტუტებზე - არათუ პარტიულ პოლიტიკაზე, ეს პოლიტიკა პრეზიდენტისა გასაგებია, რადგან პრეზიდენტის ფიგურის ძირითადი არსი არის ვიწრო პარტიული პოლიტიკის მიღმა მდგომი ინსტიტუტის დამკვიდრება.
რაც შეხება თვითონ კომისიას, უკეთესი იქნებოდა, საწყისშივე კითხვის ნიშნების გარეშე დაწყებულიყო ეს პროცესი. თავიდანვე ძნელი არ იყო მიხვედრა, რომ კითხვის ნიშნები გაჩნდებოდა იმის შესახებ, თუ ვინ იქნებოდა თავმჯდომარე.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მაინც ვერ გათავისუფლდა ე.წ კინკლაობის პროცესისგან და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო.
მიუხედავად ამისა, ჩემთვის მთავარია (და რის გამოც სკეპტიკურად ვარ განწყობილი) ხომ არ ისარგებლებს საკონსტიტუციო კომისიის შექმნით და მისი ფარად გამოყენებით საკონსტიტუციო უმრავლესობის მფლობელი მმართველი პოლიტიკური ძალა?!
რას გულისხმობთ, რითი უნდა ისარგებლოს მმართველმა ძალამ?
- კონსტიტუციის გადასინჯვით კანონპროექტის ინიცირება შეუძლია პარლამენტის სრულ უმრავლესობას ან 200 ათას ხელმომწერს. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება ასევე პარლამენტში მიიღება და იქ უკვე სრული შემადგენლობის ¾-ია საჭირო. ანუ საკონტიტუციო კომისიის პროდუქტი კონსენსუსიც რომ იყოს მიღწეული, პოლიტიკურად თუ არ იქნა მისაღები მმართველი პოლიტიკური ძალის უმრავლესობისთვის, ამის მიხედვით, მას შეუძლია საერთოდ უარი თქვას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ პროექტზე ან სულაც, ჩააგდოს მისი ინიცირება.
აი, ამ შესაძლებლობის გამორიცხვა იყო და რჩება უმთავრეს პრობლემად და ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ საჭიროების შემთხვევაში ასეთი სცენარი იქნება გამორიცხული. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ანალოგიური შემთხვევა უკვე გვქონდა.
1993-94 წლებშიც იყო შექმნილი საკონსტიტიციო კომისია, რომელმაც კონსტიტუციის სულ სხვა ვარიანტი წარადგინა, მაგრამ რადგან იმჟამინდელი პოლიტიკური ძალისთვის კონსტიტუიციის არც ერთი ვარიანტი არ იყო მისაღები, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ორი წლის თავზე, ბოლო წუთებში წარადგინეს ახალი ვარიანტი - ე.წ. შევარდნაძის კონსტიტუცია - სწორედ მისი ინიცირება მოახდინა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ და სწორედ ის ვარიანტი მიიღო.
ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი წარადგინონ ხალხთან 200 ათასი ხელმოწერისთვის და არა დავუშვათ, საკონსტუტუციო უმრავლესობის მიერ ინიცირებული.
ეს თვითონ მმართველი პოლიტიკური ძალისთვისაც მნიშვნელოვანი ჟესტი იქნება - რომ კი არ გავინაღდეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და აღარავის არაფერს ვეკითხებით, არამედ ამის მიუხედავად, მაინც ხალხს ვეკითხებით. ამ შემთხვევაში ყველას მოეხსნება კითხვის ნიშნები და მათ შორის, პრეზიდენტსაც. ყველას ეცოდინება, რომ რა ვარიანტსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიმუშავებს, წარედგინება ხალხს და არა საპარლამენტო უმრავლესობას.
საკონსტიტუციო ცვლილებები ყოველთვის ბადებს კითხვებს, თუმცა ამ კითხვების კონტექსტი სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე აუცილებელი იყო ახალი პროექტის მომზადება თუ ახლაც რაღაცაში სჭირდება მორიგი ცვლილებები ხელისუფლებას?
- კონსტიტუციის გასწორება მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით რომ ვიგულისხმოთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის შესაძლებელია, რადგან ყველა კონსტიტუცუიას აქვს ის ხარვეზები, რომელიც დროთა განმავლობაში გამოვლინდება-ხოლმე. მათ შორის, ამ ყველაფრისგან თავისუფალი არც დღევანდელი კონსტიტუციაა. მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ კონსტიტუციით მოვედით დღემდე და რაიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო კრიზისი ან რაიმე ამდაგვარი არ შექმნილა. სავარაუდოდ, არც შეიქმნება, თუნდაც იმიტომ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს მმართველ ძალას...
ასე რომ, ამ შემთხვევაში, განმაპირობებელი ამ პროცესისა, არის არა იმდენად კონსტიტუციურ-სამართლებრივი არამედ - პოლიტიკური.
და რა მიზანი აქვს მმართველ პოლიტიკურ ძალას?
- ამ პოზიციას ამყარებს ისიც, რომ პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს. აპრილი დააანონსა პარლამენტის თავჯდომარემ - რაც კიდევ უფრო მიმყარებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი პრეზიდენტისკენ იქნება მიმართული - პრეზიდენტის უფლებამოსილებების კორექტირებით, უშიშროების საბჭოს სრულად გაუქმებით, ან სერიოზული ცვლილებებით დასრულდება და რაც მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებისკენ არის მიმართული.
ჩქარობენ იმიტომ, რომ თუკი მომავალ წელს არ მოესწრო პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებების მიღება და საარჩევნო, ანუ 2018 წელს დავუშვებს ამ წესით პრეზიდენტის არჩევნებს, 2023 წლამდე მისი შეცვლის შესაძლებლობა უკვე აღარ ექნება.
რაც მთავარია, ამ შემადგენლობით თვითონაც აღარ იქნება 2023 წელს, რადგან 2020-წლამდე აქვს უფლებამოსილება. სწორედ ამიტომ ცდილობს ამ ცვლილებების მიღებას რომ ფაქტობრივად, გაინაღდოს პოლიტიკური მომავალი, რომელიც ვფიქრობ, სულაც არ შემოიფარგლება 2020 წლით. უფრო გრძელვადიანი გათვლაა, მაგრამ რამდენად დემოკრატიულია, რამდენად სწორია პოლიტიკურად, ეს უკვე სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა გახდეს პირველ რიგში, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, რადგან სცენარის ამგვარად განვითარების შემთხვევაში, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის არ გაემიჯნება საზოგადოებას, ხოლო საზოგადოებასთან გამიჯნული ხელისუფლება ყოველთვის წარუმატებლობისთვის არის განწირული.