„დღეს ევროკავშირის მთავარი პრობლემა არის გადარჩენა და წევრების შენარჩუნება. ვხედვათ, რომ გადიან ქვეყნები ევროკავშირიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცინცაძე, რომლის განცხადებით, თუ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენმა გაიმარჯვა, ასეთ შემთხვევაში, ინგლისის მსგავსად საფრანგეთიც გავა ევროკავშირიდან. შეიძლება იტალიაშიც დადგეს ამ სტრუქტურიდან გამოსვლის საკითხი.
შეჩერების მექანიზმი მიღებულია, საქართველო ახლა გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპელებს აჩქარება არ უყვართ, შეიძლება გადაწყვეტილების მიღება დროში გაიწელოს?
სოსო ცინცაძე: სწორად აღნიშნეთ, ევროჩინოვნიკებს სიჩქარე არ უყვართ, ეგენი ცოტა ზარმაცი ხალხია. ვფიქრობ, რომ პირველი ქართველი მოქალაქე ევროპაში გაზაფხულის დასასრულს, ზაფხულის დასაწყისში გაფრინდება უვიზოდ. ჩვენთვის ახლა მთავარია ის, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, ვინც უშუალოდ დადის ბრიუსელში და ვისაც უხსნიან პროცედურებს (სხვათა შორის არც პოლიტიკოსებმა) ზუტად არ იციან რას გულისხმობს შეჩერების მექანიზმი.
რა დანაშაული უნდა ჩაიდინოს ჩვენმა მოქალაქემ, რომ შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს? - 90 დღიანი ვიზა გაუვიდა და არ დაბრუნდა; არ აქვს სამსახურის დაწყების უფლება, მაგრამ სადღაც ჩუმად დაიწყო მუშაობა; არ აქვს სწავლის უფლება, მაგრამ გადაიხადა ფული და სადღაც 3 თვიან კუსრებზე ჩაეწერა, თუ კიდევ არის სხვა დანაშაული, ეს არ ვიცით.
რაც შეეხება არალეგალების საკითხს, ერთ-ერთი მოთხოვნაც სწორედ არალეგალების საქართველოში დაბრუნება იყო. ეს ალბათ, ერთ-ერთი რთული საკითხია, რომელიც დამატებით ფინანსებს მოითხოვს. სირთულის მიუხედავად, როგორ შეიძლება სახელმწიფომ ეს პრობლემა მოაგვაროს?
- ევროპელებს ეს მოთხოვნა არ მოუხსნიათ დღის წესრიგიდან, რომ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შეიპარნენ და დარჩნენ ევროპაში, იმათი უკან წამოყვანა ჩვენ უნდა ვიკისროთ. ეს უკვე რთული პროცესია, რაც ასევე დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული. წარმოიდგინეთ, რომ ევროპის ქალაქებში უნდა მოძებნო არალეგალები და ჩვენი ფულით ჩამოიყვანო საქართველოში, რაც ცალკე პრობლემაა.
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ როგორც პარტიზანები დაკითხვაზე, როგორც გესტაპოში დაკითხვაზე მყოფი ზოია კოსმოდემიანსკაია ხმას არ იღებდა, სწორედ ასე დუმან ჩვენი მინისტრები. მხოლოდ კარგ მომენტებზეა საუბარი, რაც რასაკვირველია, თან ახლავს ამ პროცესს. მაგრამ ამ პროცესს ახლავს მეორე მხარე - პრივილეგიები და ვალდებულებები. ჩვენ, ქართველები მიჩვეულები ვართ, რომ მხოლოდ პრივილეგიები უნდა მივიღოთ, ვალდებულებები არ გვიყვარს. არც აღიარება გვიყვარს და არც ვალდებულებების შესრულება. ევროპელები კი, ასე არ ცხოვრობენ. იმიტომაც აქციეს ევროპელებემა ასეთ პრინციპულ საკითხად შეჩერების მექანიზმი. თითქოს ყველაფერი გადაჭარბებით შევასრულეთ, მაგრამ არ ხდება შეჩერების მექანიზმის მიღება.
ის, რომ არ გვიყვარს ვალდებულებების შესრულება, მხოლოდ ეს იყო მოტივი, რატომაც გახდა ასეთი პრინციპული შეჩერების მექანიზმის მიღება?
- შეჩერების მექანიზმის ასეთ პრინციპულ დონეზე აყვანა ნიშნავს, რომ ევროპელები ფრთხილობენ, მაინც და მაინც ბოლომდე ბრმად არ გვენდობიან. ერთ-ერთ ახალ დეპუტატს, გოგუაძეს ვუსმენდი, რომელიც ამ პროცესის მხოლოდ დადებით მხარეებზე და პრივილეგიებზე ლაპარაკობდა და არა ვალდებულებებზე. ეს ქალბატონი დეპუტატი ამბობდა, რომ ჩვენდამი დიდი ნდობაა, რომ თურმე ევროპელებმა გვითხრეს თქვენც ევროპელები ხართო, თქვენც ისეთები ხართ, როგორც ჩვენო, არადა, სულაც არ არის ასე.
ევროპელებემა გვითხრეს, რომ ჩვენ კი გიშვებთ ჩვენთან, მაგრამ ამავე დროს იცოდეთ, თუ რამე შეგეშელებათ და რამეს იცუღლუტებთ, ეგრევე პანჩურით გაგყრით უკან და ძალიან დიდ ხანს ვეღარ შემოხვალთო. სრული სურათი არ არსებობს. ჩემი ახალგაზრდობის დროს იყო გამოთქმა, ფინთი არიფივით ავარდაო, აი ფინთი არიფებივით ავვარდებით და შემდეგ უკვე იწყება იმედგაცრუება, როგორიც მოჰყვა თუ გნებავთ იმ ასოცირების ხელშეკრულებას.
ვინმეს ახსოვს დღეს ეს ასოცირების ხელშეკრულება? გადით ბაზრობებზე, წვრილმოვაჭრეებს, გნებავთ ინტელიგენციას ჰკითხეთ რა ისარგებელს მათ ამ ხელშეკრულებით, რა შეცვალა ასოცირების ხელშეკრულებამ მათ ცხოვრებაში. მე არა მგონია, რომ ვინმემ კონკრეტულად გითხრათ, რომ რაიმე შეიცვალა. არაფერი, გარდა იმისა, რომ რაღაცა სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.
ამ შემთხვევაშიც სიმბოლური მნიშვნელობა ექნება შეჩერების მექანიზმსაც?
- მეტწილად სიმბოლური იქნება, თუმცა რასაკვირველია თავისი დადებითი მხარეებიც აქვს. ამიტომ აუცილებელია სრული წარმოდგენა გვქონდეს არა მხლოდ პრივილეგიებზე, არამედ ვალდებულებებზეც. არა მხოლოდ იმ უფლებებზე, რასაც ჩვენ გვაძლევენ ევროპელები, არამედ იმ ვალდებულებებზე, რომელიც თან ახლავს უფლებებს. ქართველები მიჩვეულები ვართ, უფლებებს სიამოვნებით ვღებულობთ, რაც შეეხება ვალდებულებებს, ყველაფერს ხელს ვაწერთ, მაგრამ როდესაც შესრულების საკითხი დგება, აბსოლუტურად არავის არ უნდა შესრულება. ისევე როგორც თავის დროზე თურქი მესხების თემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულება, საქართველოს ოფიციალურად აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომელიც თურქი მესხების საქართველოში დაბრუნებას გულისხმობს.
ამ შემთხვევაში საინტერესოა, რომ დიდად არც ევროპა ითხოვს საქართველოსგან ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რატომ?
- თვითონ ის თუქრი მესხებიც მაინც და მიანც თავს არ იკლავენ საქართველოში დაბრუნებაზე, იციან, რომ საქართველოში დიდი კეთილდღეობა არ ელოდებათ. ესეც ისე არ გამოვიდეს, რომ ვალდებულებებმა გადაფაროს უფლებები. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ევროპაში წასვლის მსურველთა აბსოლუტური უმრავლესობა არის სოციალური მიგრანტები.
მითხარით, თბილისიდან ვინ წავა სამი თვით ევროპაში დასასვენებლად, ვის აქვს ამოდენა ფული ჩვენთან?! ფულიანი ადამიანები ისედაც დადიან, სახლებიც აქვთ ევროპაში, მათ სულ სხვა შეღავათები აქვთ ვიზასთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ, რიგითებს წარმოდგენაც არ გვაქვს. აი, ასეთი მდგომარეობაა. თუმცა, რასაკვირველია, ეს არის ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი.
საბოლოო შედეგი არის ევროკავშირის წევრობა? იყო ასეთი შეფასება, რომ ეს არის წევრობისკენ გადადმული ნაბიჯი...
- ვინც ეს თქვა, მას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს დღევანდელ ევროპაზე. ევროკავშირის წევრობა უკვე ძალზედ დიდი პრობლემაა. ყოველ შემთხვევაში განჭვრეტ მომავალში ამაზე ოცნებაც კი არ შეიძლება. დღეს ევროკავშირის მთავარი პრობლემა არის გადარჩენა და წევრების შენარჩუნება. ვხედვათ, რომ გადიან ქვეყნები ევროკავშირიდან. ინგლისი გავიდა, თუ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენმა გაიმარჯვა, ასეთ შემთხვევაში საფრანგეთიც გავა ევროკავშირიდან. შეიძლება იტალიაშიც დადგეს ამ სტრუქტურიდან გამოსვლის საკითხი. ასეთი სიტუაციაა.
ჯერჯერობით ევროკავშირის მთელი იმედი არის ანგელა მერკელი. თუ გერმანელებმა ახალი ვადით კანცლერის თანამდებობაზე ისევ მერკელი დატოვეს, შეიძლება მერკელმა შეინარჩუნოს ეს ორგანიზაცია, მაგრამ ახალი წევრის მიღება, თანაც როგორი წევრის - ღატაკი, ღარიბი საქართველოსი, ეს გამორიცხულია. საქართველოზე ათჯერ უფრო მდიდარი და ათჯერ უფრო ევროპელი ბერძნებისთვის ევროკავშირის კარის გაღება ვერ მოინელა ევროკავშირმა, ხედავთ არა რა მდგომარეობაა საბერძნეთში. დღეს, საქართველოს ევროკავშირის წევრობა სალაპარაკო თემაც არ არის ევროპაში.
თეორიული შანსი, რომ შეჩერების მექანიზმის შეჩერების შემდეგ, საქართველოს უკრაინაზე სწრაფად მიენიჭება უვიზო მიმოსვლა არსებობს, მაგრამ რამდენად შემოდის თურქეთის ფაქტორი ამ პროცესში, რომელიც ასევე სწრაფად ითხოვს უვიზო მიმოსვლის დაწესებას?
- პრაქტიკულად, თურქეთის საკითხი ძალზედ დიდი ხნით არის გადადებული. ჩვენ გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, განჭვრეტ მომავალში აქვს თურქეთს, მაგრამ ჩვენ თურქეთზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც დაიწყო სანქციების გარეშე დაპატიმრებები, ასევე, შეიძლება შემოიღონ სიკვდილით დასჯა, ეს უკვე ევროკავშირის პრინციპებთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. შემდეგ ამას მოჰყვა ერდოღანის მუქარა; აგერ, - რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე ხდება.
ერდოღანი თვალს ხუჭავს იმაზე, რომ პუტინი მის მოკავშირეებს ბომბავს და ხოცავს სირიაში. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, თურქეთს ევროკავშირში საერთოდ არ მიიღებენ. კი ბატონო, ნატოში მიიღეს, იმიტომ, რომ მაშინ სხვა დრო იყო, მაგრამ აქ შეჩერდა თურქეთის გაევროპელება.
ევროკავშირს დღეს ძალზედ უჭირს, რამდენიმე ღარიბი ქვეყანა მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო მათი ამოქაჩვა. ვხედავთ რა ხდება საბერძნეთში. მალე, საბერძნეთის მსგავსი პრობლემა კარს მიადგება პორტუგალიას, ყველაფერი ეს გერმანიის კისერზე ჩამოეკიდება. როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური კუთხით ლოკომოტივი არის გერმანია.
მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წელს ევროპის 10 ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და წინასწარ რთულია პროგნოზირება რა ძალები გაიმარჯვებენ...
- რასაკვირველია, ჯერჯერობით სასიამოვნო შედეგი იყო ავსტრიაში, მაგრამ ეს მოვლენა გადაფარა 4 დეკემბერს იტალიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა. არჩევნების ციკლი იწყება ევროპაში. ყველაზე მნიშვნელოვანია საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მაისში გაიმართება. ვინ მოვა პუტინთან კარგი ურთიერთობის მქონე კანდიდატი - ფრანსუა ფიიონი, თუ მარინ ლე პენი, რომელიც ყველაფერთან ერთად რუსეთისგან ფულს იღებს? - სამი წლის წინ შეღავათიანი კრედიტის სახით, 700 ათასი ევრო მიიღო რუსეთისგან.