„ბიზნესის ზურგი ბანკი უნდა იყოს, არადა, დღეს კონკურენტები არიან“

„ბიზნესის ზურგი ბანკი უნდა იყოს, არადა, დღეს კონკურენტები არიან“

პარლამენტის წევრის, კახა ოქრიაშვილი განცხადებით, ქართული ეკონომიკა იზრდება, მაგრამ არასაკმარისი ტემპებით. მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში, სახელმწიფოს 7-8%-ანი ეკონომიკური ზრდა სჭირდება, რომ განვითარებულ ქვეყნებს დაეწიოს და ხალხი სიდუხჭირიდან ამოვიდეს.

ქვეყანის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, for.ge კახა ოქრიაშვილს ესაუბრა:

დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტა დღითიდღე უფასურდება. როგორ ფიქრობთ, ლარის კურსის ვარდნის მიზეზი რა არის?

- მიზეზია, როგორც ფუნდამენტური, ასევე დროებითი - სპეკულატურული პრობლემები. ვფიქრობ, რომ ფუნდამენტური პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენს წარსულში დევს. 1991 წლიდან ჩვენი ქვეყანა და ეკონომიკა დავანგრიეთ, რამდენიმე სამხედრო კონფლიქტი გავიარეთ და ფაქტობრივად, ეკონომიკა ნულზე დავსვით. 2004 წლიდან პოზიტივის ერთი ტალღა იყო, მაგრამ ის ტალღა იმ ურთიერთობის გამო შეჩერდა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიზნესის მიმართ ჰქონდა. თქვენთან ამ საკითხებზე არაერთხელ მისაუბრია და ამიტომ, ამაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ.

2012 წლიდან წინ წავედით და ბიზნესის ბევრი სახეობა წინ წამოვიდა, რადგან თითქმის ყველა ის გარემო მოიხსნა, რაც მეწარმეობას განვითარებისთვის ხელს უშლიდა. რაც მთავარია, სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო, უსამართლობისა და აუდიტის წნეხი მოიხსნა. ერთი წნეხი დარჩა, სადაც ინტერესთა კონფლიქტია - ბანკებსა და მეწარმეებს შორის.

კონფლიქტში, რას გულისხმობთ?

- ბანკები გამოდიან და სამეწარმეო საქმიანობას იწყებენ, რაც შეზღუდული და დაუშვებელი იყო. ბანკებს უფლება ჰქონდათ, რომ მფლობელობაში საწარმოს აქციების 20 პროცენტამდე ჰქონდათ. 2008 წლამდე დროებითი დებულება იყო დაშვებული, როცა ბანკებმა უფლება მიიღეს, რომ სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულიყვნენ, ოღონდ, ეროვნული ბანკის თანხმობით. 2015 წელს, ეროვნულმა ბანკმა მათ წერილები გაუგზავნა, სადაც ბანკი ითხოვდა, რომ 2015 წლის 31 დეკემბრამდე, მათ სამეწარმეო საქმიანობიდან ეტაპობრივი გასვლის თაობაზე გეგმა წარედგინათ. რა მოხდა? - ბანკებმა შეძლეს და კანონს ლეგალურად გვერდი აუარეს, რომელიც დახვეწილი არ არის და ფაქტობრივად, ისინიც ამ საქმიანობას აგრძელებენ, რითაც ინტერესთა კონფლიქტი გამოდის.

კლასიკური სიტუაციაში ბანკი ზურგს ბიზნესს უნდა უმაგრებდეს და ის უნდა განავითაროს. ეს რისკი რჩება, რაც უარყოფით ემოციებს იწვევს. საუბარი მრავალ ბიზნესმენთან მქონდა, რომელთაც ჩემი განცხადების შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ მე მათი სახელით ვილაპარაკე.

რამდენიმე დღის წინ, ლარის კურსი მკვეთრად გაუფასურდა და რეკორდულ მაჩვენებლებს გადააჭარბა. რატომ, რა მოხდა? კურსის თამაშით ვინ იხეირა?

- რა თქმა უნდა, ის სტრუქტურები ხეირობენ, რომელთა ხელში ფულია. არ მინდა, რომ ბანკებისკენ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისკენ ხელი გავიშვირო, რადგან არ ვიცი, იმ დღეს რა მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ ამ თემაზე მთავრობაში სერიოზული საუბარი იყო და ეს აღარ განმეორდება. რაც შეეხება ფუნდამენტურ პრობლემებს, ექსპორტსა და იმპორტს შორის დიდი დისბალანსი გვაქვს, რაც ტურიზმით, ინვესტიციებითა და ფულადი გზავნილებით ივსება. სიღრმეში ფუნდამენტური პრობლემებია და ექსპორტი უნდა გავზარდოთ, რაც ერთ დღეში არ მიიღწევა.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ ლარის გაუფასუების მიზეზია გაჩერებული ეკონომიკა. მათ შეფასებას იზიარებთ?

- ეკონომიკა იზრდება, მაგრამ არასაკმარისი ტემპებით. გრძელვადიან პერიოდში 7-8%-ანი ეკონომიკური ზრდა გვინდა, რომ განვითარებულ ქვეყნებს დავეწიოთ და სიდუხჭირიდან ამოვიდეთ. სამწუხაროდ, ორი-ოთხი პროცენტით ვიზრდებით, რაც საკმარისი არ არის. ვერ ვიტყვით, რომ ეკონომიკა გაჩერებულია, რადგან ეს ასე არ არის. მიდის, მაგრამ ნელი ტემპით, რაც არ გვაწყობს. ოპოზიცია ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ, შვიდ-რვა პროცენტით ვიზრდებოდით, რაც მართლა ასე იყო, მაგრამ აგვისტოს ომის გამო, დასავლეთიდან ოთხმილიარდიანი დახმარება წამოვიდა და ამან ეკონომიკა გაზარდა, რაც ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღე არ იყო. ეს ინექციები იყო, რაც ჩვენ გაგვიკეთეს. როგორც კი, ეს დახმარება დასრულდა და ეს 2012 წელს მოხდა, ნელ-ნელა დავმუხრუჭდით, რასაც ხელი რეგიონში შექმნილმა ვითარებამ შეუწყო. იზოლირებულად ვერ ვიცხოვრებთ და ჩვენზე გავლენას ყველაფერი ახდენს, რაც მსოფლიოში ხდება და განსაკუთრებით, რაც მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ხდება, რომლებიც არიან - თურქეთი, რუსეთი, ევროკავშირი.

თქვენ ბრძანეთ, რომ ქვეყანაში სიდუხჭირეა და ხალხი პროდუქტებს ვეღარ ყიდულობსო. მედიკამენტების ის სახეობა გაიაფდა, რაც ევროპიდან მოდის. ბევრი პროდუქტი არ გაძვირებულა, რაც თურქეთიდან და უკრაინიდან შემოდის.

თუმცა, ექსპერტები პროგნოზირებენ, პროდუქტებზე ფასები გაძვირდება, რაც მოსახლეობას დააწვება...

- არ ვარ წინააღმდეგი, რომ ფასების ზრდა იყოს. ფასები უნდა გაიზარდოს, რადგან ეს აუცილებელია, მაგრამ ფასების ზრდას ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა უნდა უსწრებდეს. თუ ეკონომიკა არ განვითარდა, ქვეყანას არ ეშველება. პირობითად, პური 65 თეთრის ნაცვლად, 70 თეთრი რომ გახდეს, იმ 5 ხუთ თეთრს მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მაპატიონ, თუ ვინმე, სხვაგვარად ფიქრობს.

თუმცა, ვინც დღის განამვალობაში, ხუთ პურს ყიდულობს, მისთვის შესაძლოა, 25 თეთრიანი სხვაობა თვის ბოლოს ბევრი იყოს...

ეს ხუთი თეთრი კომპანიისთვის მოგებაა, რაც მან ბიზნესში უკან უნდა ჩააბრუნოს. ბიზნესს ხუთი თეთრი რომ მოუმატო, ეს მისი განვითარების ფულია - ჟანგბადია, რომლის გარეშე ვერც ეკონომიკა განვითარდება და ვერც სამუშაო ადგილები შეიქმნება და ახალ საქმეს ვერ წამოიწყებ. ბიზნესი მომგებიანი უნდა იყოს, რომ ბიზნესში მოგება ჩააბრუნო და წარმოება გაზარდო.

ქართულ ბიზნესს რა სჭირდება სახელმწიფოსგან, რომ ის უფრო მეტად განვითარდეს?

- რაც გაკეთდა, გეტყვით. უფასო ფულზე ქილიკი იყო, მაგრამ „აწარმოე საქართველოში“ რა არის? რეალურად, ეს „უფასო ფულია“, რაც ძალიან მაგარი რაღაცაა და ისეთი კომპანიები ვიცი, რომლებმაც ამით ისარგებლეს. საგადასახადო წნეხი შემცირდა და არ მახსოვს, ოთხი წლის მანძილზე ვინმეს ეთქვა, რომ ამ თვალსაზრისით, უსამართლობაა. ეს ადრე სულ მესმოდა. სხვათა შორის, სასამართლო დავებს უკვე ბიზნესიც იგებს და აქაც ვითარება ისე უნდა დალაგდეს, რომ ბიზნესს სასამართლოში სირბილი არ მოუწიოს. ამ მიმართულებით კვალიფიკაციის პრობლემაა და „ერთი ფანჯრის პრინციპი“ ამას გადაჭრის.

ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბაზარი პატარაა. მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბიზნესს გზა გაუხსნას. აქ უფრო დაბალი გადასახადებია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში და იქნებ, უცხოურმა კომპანიებმა წარმოება აქ დაიწყონ.

საქართველოში რამდენიმე ფაბრიკაა, სადაც უცხოელების დაკვეთით, ტანსაცმელი იკერება. ხელისუფლება უფრო მეტად რატომ არ მუშაობს, რომ ამ თვალსაზრისით, უცხოელი ინვესტორები მოიზიდოს და მათ თუნდაც შეღავათები შესთვაზოს?

- ამას ხელისუფლება ვერ გააკეთებს, ეს ბიზნესმა უნდა გააკეთოს. ოთხი წელი გავიდა, რაც ბიზნესგარემო გაუმჯობესდა, მაგრამ ბანკების ფაქტორი ბიზნესისთვის მძიმეა. საბანკო სისტემას ძალიან ვაფასებ, რომელიც ძალიან განვითარებულია და მყარია, მაგრამ აღრევა დაუშვებელია - ბანკები და ბიზნესი პარტნიორები უნდა იყვნენ და ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა იმუშაონ. ბიზნესის ზურგი ბანკი უნდა იყოს, არადა დღეს კონკურენტები არიან, რაც მთავარ პრობლემას წარმოშობს. ბანკების როლი უდიდესია და მათზე თავდასხმები დაუშვებელია, მაგრამ პრობლემატიკაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. მათ შორის, ბანკებთან. ბანკებმა თავისი საქმე უნდა აკეთონ და რა ვქნათ, ბანკები უფრო სწრაფად განვითარდნენ.

მთავრობა ონლაინსესხების აკრძალვას გეგმავს. მიესალმებით?

- ონლაინსესხებში პრობლემას სესხის დაუფიქრებლად აღება წარმოადგენს. უცებ, ადამიანი სესხს გაუთვიცნობიერებლად იღებს. ერთია, უჭირს არ უჭირს, მაგრამ მეორეა ის, რომ შეიძლება, ვინმე რესტორანშია და ზედმეტად არის ემოციებით დატვირთული და სესხი სწორედ ამიტომ აიღოს. ვერ ვიტყვი, რომ ონლაინსესხები ან უნდა შევზღუდოთ, ან უნდა გავაუქმოთ. ადამიანმა სესხი დაუფიქრებლად არ უნდა აიღოს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში საკუთარი ფეხით რომ მიდიან და სესხს ხელს აწერენ, ესეც უნდა შეიცვალოს. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც წავიდა, სახლი დააგირავა და ძვირადღირებული მანქანა იყიდა. ამ კაცმა არავის არ აუხსნა, რომ ეს რისკებს შეიცავს. სესხი უკიდურეს შემთხვევაში უნდა აიღო, რადგან ეს დიდი ვალდებულებაა. როგორი დიდი შემოსავალიც არ უნდა გქონდეს, სესხი დაუფიქრებლად არ უნდა აიღო და ყველაფერი გათვალო.

საგადასახადო კოდექსსროგორ აფასებთ, რომელიც .. ესტონურ მოდელ ეფუძნება?

- თავდაპირველად, ესტონურ მოდელში ისე იყო ჩადებული, რომ მოგების გადასახადი ეკონომიკის რეალურ სექტორს უნდა შეხებოდა და არა ბანკებსა და ფინანსურ სექტორს, ვისაც საბოლოო ჯამში ეხება. გუნდური მოთამაშე ვარ და ე.წ. ესტონურ მოდელს მხარი დავუჭირე, მაგრამ თავდაპირველად ითქვა, რომ ბანკებს არ უნდა შეხებოდა და მათ მოგების გადასახადი უნდა გადაუხადონ. ასე გადაწყდა გუნდში და ამას დავეთანხმე, მაგრამ შეიძლებოდა, რომ ეს მერეც გაგვეკეთებინა. ბიუჯეტს წაადგებოდა, რომ ბანკები დაბეგრილიყვნენ. ე.წ. ესტონური მოდელი კარგია და რეინვესტირებას ხელს შეუწყობს, მაგრამ ბანკებსა და კერძო ბიზნესს შორის კონფლიქტი უნდა მოიხსნას. ჩემი განცხადებები ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ მათ წინააღმდეგაა მიმართული. მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ ბანკი და საწარმოები მოკავშირეები უნდა იყვნენ.

რაც შეეხება მთავრობის მიერ გამოცხადებულ ოთხპუნქტიან გეგმას, მისგან საზოგადოება რას უნდა ელოდოს?

- სივრცითი მოწყობა ცუდია? ცუდი გზები უნდა გვქონდეს? ვინმე განათლების წინააღმდეგია? აგრონომებს, ექიმებს, ინჟინრებს ვერ ვპოულობთ, არადა, ყველა ჟურნალისტი, დიპლომატი, იურისტი და პოლიტიკოსია. ამდენი აღარ გვინდა და არ სჯობს, ის დარგები დავაფინანსოთ, რაც გვჭირდება? ხალხი გვჭირდება, რომელიც არ არის და სპეციალისტები საზღვარგარეთიდან ჩამოგვყავს.

ჯანდაცვის სისტემის გადახედვა იგეგმება, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო დაზღვევით ის ადამიანები ვეღარ ისარგებლებენ, რომელთაც კერძო დაზღვევა აქვთ. ოპოზიცია საყოველთაო დაზღვევის პროექტს აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ლარის გაუფასურებას მოახდენდა. ამ პროექტმა ლარის კურსზე გავლენა იქონია?

- შესაძლებელია ეს ასე ყოფილიყო, მაგრამ ამდენი ადამიანისთვის რა გვექნა? წლების განმავლობაში, პრობლემები დაგროვილი იყო და ხალხი ოპერაციას ვერ იკეთებდა. 2012 წლიდან თუ რაიმე გაკეთდა, ეს ყველაზე დიდი საქმეა. კარგია, რომ ეს დავიწყეთ და გავაკეთეთ, მაგრამ ჯანდაცვის ნაწილში ბიუჯეტს საყოველთაო დაზღვევა მთლიანად არ უნდა ავკიდოთ.

აბა, რა იდეა გაქვთ?

- საყოველთაო ჯანდაცვა უნდა შევინარჩუნოთ და ვინც დასაქმებულია, დაზღვევა მათ შემოსავალზე უნდა მივაბათ. ხელფასი რომ გაქვთ, ეს ფინანსთა სამინისტროში თქვენი პირადი ნომრით დაფიქსირებულია. ვინც დასაქმებულია, მისთვის დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს. 400 ლარის ზევით თანაგადახდა უნდა იყოს, უფრო ქვევით მეტი. ოჯახები სავალდებულოდ დაზღვეული უნდა იყვნენ და აქ ბიზნესიც ჩაერთვება. მსხვილი კომპანიების 95 პროცენტში ხალხი დაზღვეულია. დასაქმებულების დაზღვევა თავის თავზე ბიზნესმა უნდა აიღოს. ვისაც დაბალი ხელფასი აქვს, ის სრულად ან კომპანიის მიერ უნდა იყოს დაზღვეული, ან თანადაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან. ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს, მათ დაზღვევას ვერ მოვთხოვთ. ვინც კერძო სექტორში დასაქმებულია და ღირსეული შემოსავალი აქვს, ის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან უნდა ჩაიხსნას. მათ შორის მეც. დაზღვეული არ ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ საყოველთაო დაზღვევა მაქვს.