„ხელისუფლების ფრთხილი ოპტიმიზაციის შედეგად, „ზღვა კოვზით დაილევა“

„ხელისუფლების ფრთხილი ოპტიმიზაციის შედეგად, „ზღვა კოვზით დაილევა“

საკადრო წმენდა თითქმის ყველა სამინისტროში ერთდროულად დაიწყო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მალე თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სხვა სამინისტროებიც მიჰყვებიან. ე.წ ოპტიმიზაციის მეთოდს ხშირად მიმართავდა საკაშვილის ხელისუფლება, მაგრამ იმ დროს ძირითადად განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო იცხრილებოდნენ.

დღესაც „ოცნების“ მომხრეებისგან და აქტივისტებისგან ბევრჯერ გაიგონებთ, რომ მათ არ დაუფასეს ღვაწლი და ისევ „ნაციონალებისდროინდელი“ კადრები შეინარჩუნეს მერიასა თუ სხვადასხვა სამინისტროებში, რომლებიც ისევ მიშას მეთოდებით „ემსახურებიან“ ხალხს. საუბარია უკანონო გადაწყვეტილებებზე, კორუფციულ გარიგებებზე, ერთი ზარით ჩაწყობის პრინციპზე და სხვა. თუმცა ახლანდელ ხელისუფლებას აქამდე ჰქონდა მყარი არგუმენტი, რომ სააკაშვილის სტილს არ გაიზიარებდნენ და პოლიტიკური ნიშნით არავის დაითხოვდნენ.

დღეს რამდენად ჯანსაღია ოპტიმიზაციის პროცესი და ხომ არ უნდა ველოდოთ უკმაყოფილოთა არმიის მიერ დაგეგმილ ქუჩის აქციებს?

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოპტიმიზაციის შედეგად უკმაყოფილოთა გარკვეულ რაოდენობას მივიღებთ, მაგრამ არმიას-ვერა. იმიტომ, რომ ხელისუფლებას აქვს საკმაოდ გააზრებული სტრატეგია - „გათიშე და იბატონეს პრინციპი“ და პერმანენტულად საზოგადოების მცირე-მცირე ჯგუფებზე „მუშაობენ“. ამდენად, მათი უკმაყოფილება არ გამოიწვევს ჩვენი საზოგადოების დიდ სოლიდარობას, მაგრამ ხელისუფლების ამ ფრთხილი ქმედების მიუხედავად, „ზღვა კოვზით დაილევა“.

„ეს უფრო ფარული ნაღმივით იქნება და უკმაყოფილების გამოხატვა როდის და რა ვითარებაში დაიწყება, არავინ იცის. ნაწილობრივ, ეს დიქტატის ხელია. მართალია, ეს დიქტატი ძალიან განსხვავდება მიხეილ სააკაშვილისეული დიქტატისგან, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის რეპრესირებას ახდენს და რიგით ადამიანებს აზარალებს, ეს პრობლემური ხდება. ასეთ სიტუაციაში ყველა გამოძვრება, გამოძვრებიან ჩინოვნიკები, ბანკები გაზრდიან მომსახურების ფასებს, ბიზნესკომპანიები გაზრდიან ტარიფებს, დაზარალედება მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი. რატომღაც სახელმწიფო მხოლოდ რიგით მოქალაქეზე ზეწოლის ხარჯზე ცდილობს, მიიღოს შეღავათი. ახლა მთელი აქცენტი გადატანილია შემოსავლების ამოღებაზე, რომ ბევრი ფული დაიზოგოს და შევიდეს ბიუჯეტში. ჩემი აზრით, სამინისტროებიდან დაითხოვენ ყველაზე უფრო დაუცველებს, უპატრონოებს, რადგან თუნდაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამსახურში აყვანა როგორც ხდებოდა, ყველამ კარგად ვიცით. რაც შეეხება საზომს - ნაციონალი და არანაციონალი, ეს საზომი მოძველდა და არ შეიძლება პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება.

მაგალითად, მე ილიას უნივერსიტეტიდან გამათავისუფლეს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, რადგან ვმუშაობდი „20-30“-ში და ახალი ხელშეკრულება არ გამიფორმეს. ეს ნორმალურია? თუკი ჩემს საქმეს ხარისხიანად ვასრულებ, არათუ იმას არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან ვთანამშრომლობ, არამედ მნიშვნელობა არ აქვს ჩემს პოლიტიკურ ხედვასაც“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

ამასთან, იხსენებს ბიძინა ივანიშვილის ხედვას. როცა ყოფილ პრემიერს ეკითხებოდნენ, რატომ დახურა „მე-9 არხი“, რატომ არ შექმნა საკუთარი ტელევიზია, ის ამბობდა, ძალიან ძნელია ზღვარის შენარჩუნება, როგორც კი დაიწყებ ერთს, მერე თავისთავად შეიძლება მოგინდეს სხვაზე წასვლა, როგორც კი ერთს შეავიწროვებ, შეიძლება სხვა შეავიწროვოო. არჩილ გამზარდიას თქმით, ასეთი ხედვით ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მაღლა დგებოდა პოლიტიკურ ნიშაზე. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდნენ თვითონ „ქართული ოცნების“ მომხრეებიც, რადგან ის ამბობდა, რომ „ნაციონალებიც“ ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ამიტომ, თუ ხელისუფლება დაიწყებს ამ მიდგომის წინააღმდეგ წასვლას, ეს გაუგებარი იქნება.

შესაძლოა, „ნაციონალი“ კადრები დღესაც რაღაცას აშავებენ, მაგრამ, თუკი აქტიორები იცვლება და როლები იგივე რჩება, მაინც არაფერი გამოსწორდება. ამიტომ აქტიორები კი არ უნდა შეცვალონ, არამედ ამ როლის შინაარსი უნდა შეცვალონ.

„თავიდანვე რატომ მიიღეს ეს ადამიანები სამსახურში? ამიტომ პრობლემა გვაქვს საკუთრივ სისტემასთან. როდესაც სამინისტრო, ქვეუწყება არასწორად ღებულობს ადამიანურ რესურსებს, იმ ადამიანების პრობლემა კი არ არის, არამედ მისი მიმღების პრობლემაა. ჯეჯელავამ, რომელსაც მე ხშირად ვიცავ, გააკეთა ასეთი განცხადება, ვინც არასწორად ხარჯავდა ფულს, იმათ გავუშვებთო. დიდი ბოდიში, მაგრამ როდის იყო, რიგითი სპეციალისტი ფულს განკარგავდა საჯარო სტრუქტურაში? გამოდის, ვიღაც ერთი აშავებს, მაგრამ ჯოხი ტყდება მეორეზე“.

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამინისტროებიდან ხალხის დათხოვნა კამპანიური ხასიათის ქმედებას განეკუთვნება, რომელიც, სამწუხაროდ, ნებისმიერი ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი. უახლესი ისტორიის პერიოდში ქამრების შემოჭერის დეკლარირება ხშირად მოგვისმენია. ამ ხერხს ხელისუფლება ძირითადად მაშინ მიმართავდა, როცა სოციალური დაძაბულობის მოლოდინი ჰქონდა და ცდილობდა, ასეთი იაფფასიანი მეთოდით ადამიანებისთვის ეჩვენებინა, თითქოს მათზე ზრუნავდა.

„დღესაც ეს მხოლოდ კამპანიაა და მეტი არაფერი. მარტივი კითხვა მაქვს, თუ ეს ადამიანები სახელმწიფო ინსტიტუტების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ, მაშინ რატომ უშვებენ? ამით ხომ საქმე დაზიანდება? ხოლო, თუ ეს ადამიანები არ სჭირდებოდათ, მაშინ აქამდე რატომ ინარჩუნებდნენ? ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს კამპანიური ხასიათით. ხომ შეიძლება, ერთ უწყებაში ოპტიმიზაციის შედეგად კადრების კლება იყოს საჭირო, ხოლო მეორე უწყებაში, პირიქით, კადრების დამატება? ხომ შეიძლება, მექანიკური შემცირებით საქმე დააზიანო და შენს უწყებასთან ერთად ქვეყანაც დააზარალო?!“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და არ გამორიცხავს, სამინისტროებიდან დათხოვნილი ადამიანების უკმაყოფილებას, ბრალდებებს, სასამართლო პროცესებს, რადგან სუსტი დამცავი მექანიზმი ჩვენს ქვეყანაში მაინც არსებობს.

მისივე თქმით, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ადამიანების მექანიკურად გაყრა ძალიან ძნელია. თანაც, ამ პროცესში რთული იქნება თანასწორობის პრინციპის დაცვა. ანუ, თუ ათიდან ხუთ ადამიანს უშვებ, რომელი ხუთი უნდა გაუშვა? კენჭისყრით ხომ არ მოხდება ეს ყველაფერი? ამიტომ ხომ არ შემოდის აქ უსამართლობის, ნეპოტიზმის მომენტები?!

„ძალიან ბევრი რისკი ახლავს ამ პროცესს, რამაც შეიძლება გარკვეული საპროტესტო ტალღა გამოიწვიოს. რამდენად სერიოზული იქნება ეს საპროტესტო ტალღა, გამიჭირდება საუბარი. ფაქტია, რომ პროტესტი იქნება. „ნაცმოძრაობის“ დროს სამსახურში დატოვების ან მიღების მყარი ფორმულა ლოიალობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან მიმართებით კრიტიკულად ვარ განწყობილი, ამ მხრივ უკეთესი წარმოდგენის ვარ, რადგან პოლიტიკური დევნა სამსახურებში არ ხდება. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პრეცედენტები ამ ხელისუფლების პირობებში თუკი ხდებოდა კიდეც, სისტემურ ხასიათს არ ატარებდა. ეს ერთი პოზიტიურია, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს. ის ბევრად უფრო ჰუმანური და ლოიალურია პოლიტიკური რისკების მიმართ. თუმცა ნეპოტისტური ელემენტები და სხვა ტიპის გარიგებები შეიძლება ახლდეს დღევანდელ ოპტიმიზაციის პროცესს“.