„მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“, - 1999 წლის 27 იანვარს ამ ფრაზით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ. ზუსტად 17 წლის შემდეგ ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმება მიიღო.ინიციატივას მხარი დაუჭირა კომიტეტის 39 წევრმა, 9 წევრი წინააღმდეგი წავიდა, 2-მა წევრმა კი თავი შეიკავა.
საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შეჩერების მექანიზმი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს. შეჩერების მექანიზმი ქმნის საფუძველს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება.
შემდგომი პროცედურის თანახმად კი, საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე შესაბამისი რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით, სამმხრივი კონსულტაციები მომდევნო კვირაში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს საკითხს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ხოლო საბოლოოდ რეგულაცია ფორმალურად ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო ძალიან ახლოს არის სასურველ შედეგთან. როგორც მიხეილ ჯანელიძე ამბობს, ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში გატარებული რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
„საქართველო ურყევად და შეუქცევლად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ამ გზაზე კიდევ ბევრი მიღწევა და შედეგი ელოდება ჩვენს ყველა მოქალაქეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. საქართველო ევროპაა და თანდათან ეს სულ უფრო საგრძნობი გახდება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომლის შეფასებით, დარჩა ბოლო ეტაპი, რომ საქართველომ და უკრაინამ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მიიღონ.
„თითქმის მივაღწიეთ მიზანს. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული დისკუსიები დასრულებულია. ახლა დაგვრჩა ბოლო ეტაპი, რათა საქართველომ და უკრაინამ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მიიღონ“, - წერს დონალდ ტუსკი.
ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი იმედოვნებს და აქვს მოლოდინი, რომ ევროსაბჭო არ გააჭიანურებს გადაწყვეტილების მიღებას.
„საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას ევროსაბჭოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე. ეს ევროპარლამენტის მიერ გაწეული შესანიშნავი სამუშაოა. სექტემბრიდან ევროპარლამენტი მზადაა შეათანხმოს მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოველით, რომ ევროსაბჭო არ გააჭინაურებს გადაწყვეტილების მიღებას“, - წერს მარტინ შულცი.
ქართული მხარე ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას დაახლოებით წლის დასაწყისიდან შეძლებენ. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ფიქრობს, რომ საბოლოო კენჭისყრის პროცედურა დიდი ხნით არ გადაიწევს. მისივე თქმით, საქართველო დასკვნით ეტაპზეა. დოლიძე ვარაუდობს, რომ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი იყო მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, რომ ასე დროულად მოხდა გადაწყვეტილების მიღება.
„ვფიქრობ, უვიზო მიმოსვლის საკითხი ძალიან მალე, 2017 წლის დასაწყისში გადაწყდება. არანაირი ბარიერი აღარ არსებობს, პრაქტიკულად პროცედურული საკითხიც ამოწურულია და ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩა მხოლოდ კენჭისყრა. მოდით, ნუ ვისაუბრებთ კონკრეტულ დროზე, შესაძლოა კენჭისყრა მომავალ კვირასაც დაინიშნოს, ან შესაძლოა გარკვეულ საქმეთა რაოდენობიდან გამომდინარე წლის ბოლოს ეყაროს კენჭი“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ლევან ბოძაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რაც შეეძლო გაეკეთებინა. მაგრამ რამდენად შეიძლება სწრაფი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება დროში გაჭიანურდეს, ბოძაშვილი ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის შეიტანს საკითხს დღის წესრიგში ევროპარლამენტი და შემდეგ როდის მოხდება მისი დამტკიცება. მისივე თქმით, ეს შეიძლება იყოს ძალიან სწრაფად, შეიძლება გარკვეული პროცედურული თვალსაზრისით გაიწელოს.
„ერთადერთი, რაც მაშფოთებს და რასაც სკეპტიკურად ვუყურებ, არის ის, რომ ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყნების მთავრობები მომატებული საემიგრაციო კრიზისისა და მომდევნო წელს დაგეგმილი არჩევნების ფონზე, გარკვეულ სიფრთხილეს იჩენენ და მეორე - ჩვენ ვართ მიბმული მოსახლეობის რაოდენობით გაცილებით დიდ ქვეყანასთან, როგორიცაა უკრაინა. ჯერჯერობით იგივე თურქეთთანაც გაურკვეველი სიტუაციაა, რადგან იცით, რომ თურქეთიც ასევე სწრაფად ითხოვს უვიზო მიმოსვლის დაწესებას. ასე რომ, ეს პოლიტიკური საკითხია. ბურთი უკვე მთლიანად არის ევროკავშირის მოედანზე“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.