ფრაქციას „კონსერვატორებს, „სოციალ-დემოკრატებსა“ და ოქრიაშვილს უქმნიან

ფრაქციას „კონსერვატორებს, „სოციალ-დემოკრატებსა“ და ოქრიაშვილს უქმნიან

საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში კიდევ სამი ფრაქცია იქმნება, ორი ფრაქციის შექმნა კი, მოგვიანებით, საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. for.ge-ს ინფორმაციით, მმართველ გუნდში გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ფრაქცია „კონსერვატორებს“, „სოციალ-დემოკრატებსა“ და იმ რამდენიმე დეპუტატს შეუქმნან, რომლის უკან კახა ოქრიაშვილი დგას.

წყაროს ცნობით, გაზაფხულზე ფრაქციების შექმნა ზაქარია ქუცნაშვილისთვის და გოჩა ენუქიძესთვისაც იგეგმება, რომელთაც ზემოთ აღნიშნული პირების მსგავსად, ფრაქციის შექმნის სურვილი ცოტა ხნის წინ გამოთქვეს.

იმის გათვალისწინებით, რომ რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის შექმნას ექვსი დეპუტატი სჭირდება, „კონსერვატორები“, „სოციალ-დემოკრატები“ და კახა ოქრიაშვილი საკუთარ ფრაქციაში შემსვლელ პირებთნ კონსულტაციებს მართავენ. for.ge-ს ინფორმაციით, სწორედ ამ კონსულტაციების შედეგებზე იქნება დამოკიდებული ის, აღნიშნული პოლიტიკური ძალები ფრაქციის შექმნის თაობაზე წერილობითი ფორმით 12 ნოემბრის ბიუროს სხდომას მიმართავენ თუ არა.

იმ შემთხვევაში თუკი, ორშაბათის ბიუროს სხდომაზე, ფრაქციის შექმნის შესახებ „კონსერვატორების“, „სოციალ-დემოკრატებისა“ და კახა ოქრიაშვილის განაცხადი შევა, მაშინ, მათთვის ფრაქციის შექმნა საშემოდგომო სესიამდე მოესწრება. ანუ, 15 ნოემბრამდე.

რაც შეეხება ფრაქციების შემადგენლობასა და ხელმძღვანელებს, for.ge-ს ინფორმაციით, „კონსერვატორების“ თავმჯდომარე - გიგა ბუკია იქნება, „სოციალ-დემოკრატების“ - გია ჟორჟოლიანი, მესამე ფრაქციის ხელმძღვანელი - კახა ოქრიაშვილი.

იქედან გამომდინარე, რომ „კონსერვატორებსა“ და „სოციალ-დემოკრატებს“ ფრაქციის შექმნისთვის ორი-სამი დეპუტატის დამატება სჭირდებათ, ისინი მომავალი თანაფრაქციების ძიებაში არიან, ხოლო კახა ოქრიაშვილის ფრაქციის წევრებად - თამაზ ნავერიანი, გოგი მეშველიანი, გედი ფოფხაძე და ენზელ მკოიანი მოიაზრებიან.

„კონსერვატორები“ ფრაქციას რომ შექმნიან, ამის თაობაზე ინფორმაციას for.ge-ს ბუკია უდასტურებს. დეპუტატის თქმით, ფრაქცია შეიქმნება, მაგრამ ეს ორშაბათს იქნება თუ იქეთ კვირას, ეს უახლოეს დღეებში გადაწყდება.

„პოლიტიკურად გადაწყვეტილება მიღებული იყო და არის, უბრალოდ, ტექნიკური საკითხები დარჩა. ვნახოთ, ფრაქცია ოფიციალურად როდის გაფორმდება. ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება და შემადგენლობაც გაირკვევა“, - აცხადებს ბუკია, რომლის ფრაქციის წევრები იქნებიან - ნინო გოგუაძე, პაატა კვიჟინაძე და ზვიად ძიძიგური.

ბუკიას მსგავსად, „სოციალ-დემოკრატების“ წევრი ბექა ნაცვლიშვილი ფრაქციის შექმნის თაობაზე ინფორმაციას ადატურებს და ამბობს, რომ ფრაქციაში გაწევრიანების მიზნით, კონსულტცია იმ ადამიანებთან მიმდინარეობს, ვინც მათ იდეებთან უფრო ახლოს დგანან.

„შესაბამისად, როცა კონსულტაციები დასრულდება, ავტომატურად გაიგებთ, ფრაქციის წევრები ვინ იქნებიან. კონსულტაციები ორშაბათამდე თუ დასრულდება, მიმართვას ორშაბათის ბიუროზე წარვადგენთ, თუ არადა - შემდგომ. თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი იქნება“, - დასძენს ბექა ნაცვლიშვილი, რომლის გარდა, მათ ფრაქციაში ასევე იქნება კობა ნარჩემაშვილი.

პარლამენტში რაც უფრო მეტი ფრაქცია იქნება, ეს მით უფრო გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯებს ნიშნავს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის არსებობა პოლიტიკურ ბერკეტს ნიშნავს, რადგან ფრაქციას პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვის გამოყოფილი დრო აქვს და საკანონმდებლო საქმიანობისთვის საკუთარი აპარატი ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პარტნიორი პარტიისთვის ფრაქციის შექმნის პრეცენდენტი წინა მოწვევის პარლამენტში შეიქმნა, როცა უმრავლესობის ფარგლებში, ფრაქცია „მრეწველებმა“ შექმნეს და მათ ორი დეპუტატი - გიორგი კახიანი და პაატა კიკნაველიძე „ოცნებამ“ დაუთმო. მართალია, ფრაქციის თავმჯდომარის, გოგი თოფაძის ხმაურიანი განცხადებების გამო, კახიანსა და კიკნაველიძეს თავის მართლება ხშირად უწევდათ, მაგრამ ისინი ფრაქციაში მერვე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩნენ.