მმართველ გუნდში პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, რის გამოც არ არის გამორიცხული, ქუთაისმა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი მინიმუმ კიდევ ერთი წელი შეინარჩუნოს.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ქუთაისში გადატანილი პარლამენტის თბილისში დაბრუნებას აანონსებდა, თუმცა ამ დროისთვის, საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობაში ვერ თანხმდებიან.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, მმართველი გუნდის რამდენიმე წევრს იდეა აქვს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიზნით, პარლამენტის თბილისში დაბრუნებაზე ზრუნვა საშემოდგომო სესიის დასრულებამდე დაიწყოს და პარალელურად, უმრავლესობამ პარლამენტის ავტოპარკის გაუქმებაზეც იფიქროს, რისი შენახვაც საკანონმდებლო ორგანოს საკმაოდ ძვირი უჯდება.
წყაროს ცნობით, პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლის წინააღმდეგ ქუთისის სამი მაჟორიტარი დეპუტატი - კობა ნარჩემაშვილი, გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე გამოდიან, თუმცა უმრავლესობაში იდეაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას მათი ხმები „პატრიოტთა ალიანსის“ ხმებით ჩანაცვლდეს.
უმრავლესობაში „პატრიოტთა ალიანსის“ იმედი რატომ აქვთ, ეს გაურკვეველია, რადგან ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, პარლამენტმა ქუთაისშიც იფუნქციოს და თბილისშიც.
როგორც for.ge-ს ინაშვილმა განუცხადა, ბოლო პერიოდში, ქუთაისის ინფრასტრუქტურა პარლამენტზე აეწყო, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მტკივნეულად განიცდის, როცა საუბარი პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას ეხება.
„ის წესი უნდა გაგიზიაროთ, რაც ევროპარლამენტშია, სადაც პარლამენტი მუშაობს როგორც სტრასბურგში, ასევე ბრიუსელში. სპეციალური მაჩვენებელი რა რაოდენობის სხდომები უნდა გაიმართოს, დისკუსიის საგანი უნდა გახდეს. შეიძლება სხდომების 20 პროცენტი ქუთაისში იყოს, 80 პროცენტი თბილისში. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი დაცული იყოს, რომელიც ბინას აქირავებს და ეკონომიკური კუთხით პარლამენტზეა მიბმული. პარლამენტს ქუთაისისთვის პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ვაპირებთ, რომ მოსახლეობას შევხვდეთ და მათი განწყობები გავიგოთ“, - აცხადებს ინაშვილი.
კანონმდებელის განცხადებით, ადმინისტრაციული ხარჯები ნამდვილად გაბერილი და ბევრია.
„ფაქტია, რომ ფუნქციობისთვის სახელმწიფო მოხელეს, მინისტრს ელემენტარული პირობა სჭირდება, მაგრამ 100-200 ათასს ლარიანი ავტომობილები საჭირო არ არის. ხუთიათასს დოლარიანი ჯიპები იყიდება, რომელიც დეპუტატს გადაადგილებაში დაეხმარება და ამით თანხებიც დაიზოგება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ 100 ათას ლარიანი ავტომობილი შეიძინა და ეს ხომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიდის? - კორექტირება უნდა მოხდეს ისეთი ტიპის ხარჯების, როგორიც არის მივლინებები, ფურშეტები, ეტიკეტები და ა.შ“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ინაშვილისგან განსხვავებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია for.ge-სთან საუბარში პირდაპირ აცხადებს, რომ პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს, რადგან ორ ქალაქში საქმიანობა არც პოლიტიკური და არც ბიუჯეტის თვალსაზრისით მომგებიანი არ არის, ხოლო ხელისუფლებას ქუთაისისთვის ბევრი ღირებული პროექტის განხორციელება შეუძლია.
„როცა ადმინისტრაციული ხარჯები მცირდება და მთავრობა ხელმომჭირნე უნდა იყოს, ასეთ ვითარებაში აქტუალური გახდა, რომ პარლამენტი ერთ ადგილას ფუნქციობდეს. რომ ნახოთ, ქუთაისში პარლამენტის შენახვისთვის რამდენ თანხას ვიღებთ და რამდენი დრო იხარჯება, არჩევანს იოლად გააკეთებთ, ღირს თუ არა პარლამენტი ორ ადგილას იყოს?!“, - ამბობს დეპუტატი.
ბესელია ავტოპარკის გაუქმების იდეასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ პარლამენტი ის ორგანოა, რომელიც ბიუჯეტში ფინანსებს უკან აბრუნებს და თანხების ხარჯვის თვალსაზრისით, პარლამენტი ძალიან ხელმომჭირნეა კალმიდან დაწყებული ფურცლით დამთავრებული.
„სანამ პარლამენტი ქუთაისშია, ასეთი კულტურულ-სპორტული აქციები რომ დავიწყოთ, თბილისიდან ქუთაისში ფეხით ან ხაჩიძის საყვარელი ტრანსპორტით ველოსიპედით უნდა ვიაროთ, რაც ჯანმრთელობისთვის უდავოდ სასარგებლოა, მაგრამ არ მგონია, რომ პარლამენტის მუშაობას ამან რაიმე შესძინოს გარდა იმისა, რომ დეპუტატები გაჯანსაღდებიან. არ მგონია, რომ ეს თემა ასე იუმორის ჟანრში უნდა იყოს განხილული. პრემიებს არ ვიღებთ და ეს კარგი მაგალითია, რომ ეს ტენდენციები გაგრძელდეს და რესურსები დაიზოგოს, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ბესელიასგან განსხვავებით, პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პოზიციას პირდაპირ არ აფიქსირებს და ამბობს, რომ ამაზე მსჯელობა არ ყოფილა და სიახლეს ვერაფერს იტყვის.
„სესიები ქუთაისშია, კომიტეტის სხდომები თბილისში. რაც შეეხება ავტოპარკს, ის პარლამენტს მოკრძალებული ჰყავს და სხვა კომენტარის გაკეთება არ შეიძლება“, - განუცხადა for.ge-ს თალაკვაძემ, რომლის მსგავსად, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ერიდება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
საკითხზე საუბრისას მდინარაძე ყურადღებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ამ ჭრილში პარლამენტის ადგილსამყოფელის განსაზღვრაზე აკეთებს.
როგორც for.ge-ს მდინარაძემ განუცხადა, უმრავლესობა ამ საკითხებზე აღარ მსჯელობს იქედან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნა დაანონსა და ყველა მსგავსი საკითხი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება, ამ კომისიის ფარგლებში განიხილება.
„წლის ბოლომდე ვგეგმავთ, რომ საკონსტიტუციო კომისია შეიქმნას. 2017 წელს ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება ჩასატარებელი, რომ კონტექსტი სწორად იყოს - პარლამენტი სად უნდა იყოს, მისი ფუნქციები რა უნდა იყოს. იქამდე უნდა მივიდეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ბალანსი დაცული იყოს და კონსტიტუცია ისე გაკეთილშობილდეს, რომ მისი გამოცვლა არ იყოს საჭირო და მარტივიც კი. ხელისუფლებას ოდნავ „ცუდი“ ზრახვები რომ ჰქონდეს, ამ მიმართულებით „კარგი“ კონსტიტუციაა, მაგრამ ვინაიდან, კონსტიტუციის თავის თავზე მორგება არ უნდა, ახალი ხელისუფლების პირობებში, კანონმდებლობა გაკეთილშობილდა და რაღაცეები დაიხვეწა. სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის თემა მხოლოდ იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რომ კვირიკაშვილი კარგი ადამიანია. ინსტიტუტების საფუძველი კონსტიტუციამ უნდა განაპირობოს. ხმათა უმრავლესობით კომისიამ ისეთი რეკომენდაცია უნდა გასცეს, რომელიც პარლამენტის მიერ მისაღები იქნება“, - აცხადებს მდინარაძე.
მდინარაძე ირწმუნება, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელის განსაზღვრა და თბილისში დაბრუნება თვითმარველობის არჩევნებთან არანაირად დაკავშირებული არ არის.
„რაც შეეხება ავტოპარკინგის თემას, იცით, რა ვქნათ, მთავრობა და პარლამენტი საერთოდ რომ გავაუქმოთ, მილიარდობით ლარი დაიზოგება. ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფუფუნების საგანი არ უნდა იყოს და ეს საჭიროების შესაბამისად უნდა იყოს. სხვათა შორის, პარლამენტში ასეა დალაგებული და 50-100 ათასლარიანი ავტომობილები არ არის“, - დასძინა დეპუტატმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ განწყობას, ისინი მერვე მოწვევის პარლამენტში, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას არ სწყალობდნენ და კომიტეტების სხდომებს განსახილველი საკითხების პრიორიტეტულობის შესაბამისად ესწრებოდნენ, თუმცა, მეცხრე მოწვევის უწყებაში, ნაციონალებმა რუსთაველის გამზირზე არსებულ შენობაში სამუშაო კაბინეტებიც აიღეს და სხდომებზეც ცხადდებიან.
იმის მიუხედავად, რომ უმცირესობა თბილისში, საკანონმდებლო ორგანოში სხდომებს ესწრება, for.ge-სთან საუბარში გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მისი გუნდი პარლამენტის გადმოტანის წინააღმდეგია - ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ არა მხოლოდ პარლამენტი იყოს, არამედ ყველა ის პროექტი გაგრძელდეს, რაც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. მათ შორის აეროპორტი.
„ქუთაისს ახალმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა იმით, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანის კამპანია ჰქონდა. ბევრი ბიზნეს პროექტი მხოლოდ იმიტომ შეაჩერეს, რომ ხელისუფლება პარლამენტს გადმოტანას აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი ისევ ქუთაისშია, ამან ზიანი მაინც მოიტანა. პროექტის განვითარებას ხელი მათ შეუშალეს. ბიუროკრატია ათი პროცენტით გაზარდეს და ხარჯების შემცირებაზე საუბარი ფარისევლობაა და მეტი არაფერი“, - დასძინა ბოკერიამ.
სანამ კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფლად ქუთაისია მითითებული, მანამდე იმაზე საუბარი შეიძლება, საკანონმდებლო ორგანომ ქალაქს რა მისცა და მისი დედაქალაქში დაბრუნება რა თანხებს დაზოგავს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, იმ შემთხვევაში თუკი, პარლამენტი სრულად დედაქალაქში დაბრუნდება, დეპუტატებსა და აპარატის თანამაშრომლებს ის 300-600 ლარიანი დანამატები შეუნარჩუნდებათ, რომელიც მათ ხელფასთან ერთად ქუთაისში ბინით უზრუნველყოფისთვის ერიცხებათ. შესაბამისად, ლოგიკური კითხვა ჩნდება - მმართველი გუნდი რა ხარჯების შემცირებას ცდილობს - მხოლოდ საწვავის და პარლამენტის შენობის კომუნალური გადასახადების? დეპუტატები საწვავს თუნდაც მაჟორიტარულ ოლქებში სიარულისთვის არ გამოიყენებენ, თუ არა პირადი მიზნებისთვის, როგორც ეს წინა მოწვევის პარლამენტში მოხდა, როცა ზოგიერთმა დეპუტატმა მძღოლს ე.წ. ტალონების გაყიდვა დაავალა? მეორე მხრივ საინტერესოა, თუკი ხელისუფლება უწყების თბილისში დაბრუნებას გადაწყვეტს, ქუთაისში მდებარე გამჭვირვალე შენობას რას უპირებს და მას ისეთივე ბედს ხომ არ განუსაზღვრავს, როგორიც მის მახლობლად მთავრობის სახლს აქვს, რომელიც უფუნქციოდ დატოვეს?! მართალია, ქუთაისში პარლამენტის არსებობით ქალაქი ეკონომიკურად არ აყვავებულა და სააკაშვილის მიერ დაანონსებულმა დეცენტრალიზაციამაც არ გაამართლა, მაგრამ საპარლამენტო დედაქალაქის განვითარებას ხელი არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეუწყო, რადგან მათ ელემენტარული შენობის გარე პერიმეტრის ინფრასტრუქტურაც კი არ მოაწყვეს. უფრო მეტიც, პირიქით, შენობის შესასვლელთან აყრილი ფილებიც არ დააგეს, რომ არაფერი ვთქვათ, შენობაში წყლის ჩასვლასა და ჭერის ჩამოვარდნაზე.
წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარესა და აპარატის უფროსს ქუთაისში გამჭვირვალე შენობის ბედს ხშირად for.ge ახსენებდა და ჩვენმა მცდელობამაც შედეგი გამოიღო, როცა შენობის თავზე ხანგძლივი ლოდინის შემდეგ, მთასვლელები გამოჩნდნენ, სახურავი დაამუშავეს, შენობა წვიმის ჩასვლისგან იხსნეს და შესასვლელის ჭერიც გაარემონტეს.