მიუხედავად მცდელობისა, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვერავინ შეძლებს, ხელი შეუშალოს მთავრობას რეფორმების გატარებაში, რომელიც ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ არის მიმართული. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სრულიად დაუსაბუთებელი და აბსურდულია ბრალდება, თითქოს მთავრობას არა აქვს ერთიანი პოზიცია წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობაში არ ადასტურებენ, რომ პრემიერის საგანგებო განცხადების ადრესატები უმრავლესობის ის წევრები არიან, რომლებიც 2017 წლის ბიუჯეტის მიმართ კრიტიკულები არიან. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ მთავრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გუნდში რაიმე უთანხმოება არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ სამთავრობო გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე ინფორმაცია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაავრცელა, რომლის ინფორმაციით, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდა. ინფორმაციის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს პოლიტოლოგო სოსო ცისკარიშვილი, თუმცა მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება დროული და საფუძვლიანია.
პასუხობს თუ არა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
„როგორც პრემიერ-მინისტრი სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ გეგმის განხორციელებაზე. მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს, ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, რომელსაც აუცილებლად მოყვება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და უკეთესი მომავალი“, - ასეთია გიორგი კვირიკაშვილის გზავნილი მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ოპონენტების შეფასებით, არ ასახავს რეალობას. როგორ აფასებთ პრემიერის ამ განცხადებას, რომელსაც ჰყავს კონკრეტული ადრესატები?
სოსო ცისკარიშვილი: ჩემი აზრით, ბატონი პრემიერ-მინისტრის განცხადება არის დროული და რაც მთავარია, საფუძვლიანი, რადგან კრიტიკა, მის მიერ წარმოდგენილ პროგრამასთან დაკავშირებით, ისმის ყველა მხრიდან. ამიტომ, დიახაც, პრემიერის მხრიდან ის კრიტიკა საჭიროებდა არა მხოლოდ განმარტებებს, არამედ მზაობას პასუხისმგებლობის აღების შესახებ. თავად ფაქტი იმისა, რომ უმრავლესობაში აღმოჩნდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჭეშმარიტებისკენ მიახლოვების საუკეთესო შესაძლებლობაა.
ჩვენ ათწლეულების განმავლობაში მიჩვეული ვართ, როდესაც მუდამ უნისონში მღეროდა ხელისუფლება, არანაირი მეორე და მესამე ხმა მათთვის არ იყო დასაშვები. ნელ-ნელა მივბოღავდით ნანატრი შედეგისკენ, მაგრამ ხშირად ნატვრა, ნატვრად რჩებოდა.
ასეთი საფრთხე ჰქონდა დღეს „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას?
- რასაკვირველია ჰქონდა, გამომდინარე იქიდან, რაც მივიღეთ განვლილი 4 წლის განმავლობაში, მაგრამ პრემიერ-მინისტრის მზაობა, რომ იყოს სრულიად ღია საკუთარ ოპონენტებთან ურთიერთობაში, რასაკვირველია, იმედის მომცემია. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი, არ არის ყოველთვის შენი მტერი. მტერი უფრო ადრე გამომჟღავნდება და მისი კრიტიკა შეიძლება იყოს იგნორირებული.
როცა თანამოაზრეს გაუჩნდება განსხვავებული აზრი, ეს მხოლოდ კმაყოფილების საფუძველი უნდა იყოს, რადგან სწორედ კამათში იბადება წარმატება. ამიტომ, ალბათ, უფრო ოპტიმისტურად განვეწყობით არსებული შემოთავაზებების მიმართ და საკუთარ თავზეც ავიღებთ ვალდებულებას, რომ წინმსწრები არ იყოს ჩვენი კრიტიკა იმ ნაბიჯების გასაკიცხად, რომელიც ჯერ არ არის გადადგმული.
ამ შემთხვევაში გასაგებია ოპოზიცია-პოზიციის განცხადება, მაგრამ თქვენ იცნობთ 4-პუნქტიან გეგმას, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, ეს გეგმა პასუხობს არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, იძლევა ლარის კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას?
- არა მგონია, დღევანდელი მთავრობა არ გრძნობდეს საკუთარ შეცდომებს. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ თავის მართლების რეჟიმში უწევთ საქმიანობა. ლარის გაუფასურებას ბევრი კომპონენტი გააჩნია, მაგრამ თვალსაჩინო შეცდომად მიმაჩნია ნაადრევი განცხადებები და დაპირებები. წინასწარ იმდენი სიახლე იქნა შემოთავზებული, რომ ადუღდა ჩვენი ბიზნსმენების საკმარისზე მეტი ოდენობა, რამაც, რასაკვირველია, ნეგატიურად იმოქმედა ამ პროცესებზე. თუმცა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მთავრობის ყველა სახის კრიტიკა, ეფუძნება პროფესიულ საფუძველს და არა პოლიტიკურს.
გარდა ამისა, ჩვენ მოწმენით ვართ, რომ არაადეკვატური დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას და საზოგადოებას საბანკო სისტემასთან. შესაძლოა, ჩვენ დღეს კიდევ უფრო უარეს დღეში აღმოვჩნდეთ ე.წ. ონლაინ სესხებით, ეს არის თვალსაჩინო და უკვე გამოვლენილი დანაშაული, როდესაც ადამიანებს არ აძლევს მოსვენებას, თავად შეძლონ და მოიძიონ გამოსავალი, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი ინფორმაციები, გამოცდილება, ცოდნა რას ნიშნავს სესხის აღება და რა მოელის მას.
ისეთი სარეკლამო კამპანია, რომელიც არჩეული აქვთ ამ ონლაინისტებს, მხოლოდ ინდივიდუალური ბედნიერის გზა არის და არა იმ დაჩაგრული და დაბეჩავებული ხალხის, რომელთათვისაც 200 ლარის სესხის მოძიებაც სამოთხედ არის წარმოჩენილი. ყველაფერში მთავრობის კრიჭაში ჩადგომა, მათი პოლიტიკური ოპონენტების საქმეა. საზოგადოება კი, უნდა ცდილობდეს გაარჩიოს თეთრი და შავი, ამის შემდგომ ზომიერად გამოთქვას თავისი აზრი. კიდევ ერთხელ გავიმეორებდი, რომ განსხვავებული აზრები დღევანდელი „ქართული ოცნების“ შემადგელობაში, მხოლოდ სიმშივიდის მომცემია საზოგადოებისთვის.
განსხვავებული აზრი არ ნიშნავს დაპირისპირებას, როგორც ამას ოპოზიცია წარმოაჩენს ამ შემთხვევაში...
- გააჩნია ოპოზიციას... არის ჩასაფრებული ოპოზიცია და არის სიცრუის ტირაჟირებაზე აწყობილი ოპოზიციაც. ასევე, არსებობს ოპოზიციური სპექტრი, მით უმეტეს არასაპარლამენტო სივრცეში, სადაც ცხადია, საკუთარი გამონათქვამებით ხელისუფლებაში ვერ მოდიან, მაგრამ საკუთარი ქვეყნის წინასვლა თითოეული ჯანსაღი გონების მქონე ადამიანის სერიოზული სურვილია, რასაკვირველია ვისაც ხელეწიფება ჩანაფიქრის განხორციელება.
ზოგადად კი, პასუხისმგებლობის აღებამდე, უნდა ვიცოდეთ რა გამოვლინებები აქვს თავად ასეთ პასუხისმგებლობას, რას ნიშნავს, ბოდიშს, გადადგომას თუ ვინმესკენ ხელის გაშვერვას. ასე მარტივად პასუხისმგებლობის აღება ნაკლებად დამაჯერებელია. ჩვენ მოგვისმენია ზოგიერთებისგან, რომ მე ვარ პასუხისმგებელიო, მაგრამ შემდეგ ასეთი პასუხისმგებლობის აღებას არასოდეს მოვსწრებივართ. ამიტომ, გუნდურობა მისაბაძი ფორმატია, მაგრამ თუ ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი და ასეთი ადამიანები არ იქნებიან მოსმენილნი, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი განცხადებაც არის შედეგი რაიმე სახის ზეწოლის.
კარგია, რომ არსებობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყავნის გეგმა, მაგრამ როდის იგრძნობს ქართული საზოგადოება ამ გეგმის შედეგებს. ფაქტია, რომ ეკონომიკური მდგომაროება არის მძიმე, მას შემდეგ, რაც მთავრობამ წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, ვნახეთ რა დაემართა ლარს. შესაბამისად, მხოლოდ ქაღალდზე არსებული გეგმა და განცხადებები შველის პროცესებს?
- ეს ფრაზა უფრო ვნებს წარმატებულ საქმიანობას, ვიდრე რაიმე სიკეთეს უქადის, რადგან 4-პუნქტიანი იქნება, თუ 24-პუნქტიანი რაიმე დოკუმენტი, ის არ შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ბიბლია. არავის აქვს უფლება ცვლილება შეიტანოს ბიბლიაში, მაგრამ ჩემი აზრით, ეკონომიკური გეგმების ნებისმიერი ავტორი, მზად უნდა იყოს ცვლილებების შეტანისთვის. თუ წინასწარ ჯიუტად ვამბობთ, რომ არაფერი არ შეცვლება, ეს შეიძლება შეცდომებისკენ მიმავალი გზა იყოს, ვიდრე მზაობა იმისა, რომ დიახ, საჭიროების შემთხვევაში შეიცვლება ისე, როგორც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.