„ნარჩემაშვილს როგორც ჩემთან აქვს კითხვები, მის მიმართ კითხვები მეც მაქვს“

„ნარჩემაშვილს როგორც ჩემთან აქვს კითხვები, მის მიმართ კითხვები მეც მაქვს“

პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო ტრიბუნიდან უპირისპირდება და მიიჩნევს, რომ ნაციონალები ბოლომდე უნდა „გაშიშვლდნენ“, თუმცა მისი თქმით, ამის ძალა „ქართულ ოცნებას“ არ შესწევს.

2006 წლის პანკისის ხეობის მოვლენებსა და „პატრიოტთა ალიანსის“ გეგმებზე, for.ge დეპუტატ ემზარ კვიციანს ესაუბრა:

თავდაცვის უსაფრთხოების თემაზე მიძღვნილ კონფერენციაზე, 2006 წლის კოდორის ხეობის მოვლენებზე წარმოებულ საქმეზე გრიფი - „საიდუმლოს“ მოხსნა მოითხოვეთ. რატომ?

- საზოგადოებას 2006 წლის მასალებზე წვდომა უნდა ჰქონდეს, რათა გაიგონ, რა მოხდა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები რისთვის გაყიდეს, რამდენი აიღეს და რატომ გაგვწირეს? 2006-2008 წლებში, კოდორის ხეობაში მილიარდ 200 მილიონი ლარი ჩამოწერეს და ამის შემდეგ ტერიტორია რუსებს ჩააბარეს. ამ ყველაფერის შემდეგ, ეს ადამიანები „ნაგლობას“, სხვისკენ თითის გაშვერას და სხვისთვის პრორუსულობის დაძახებას ბედავენ. ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს, ამ საქმისთვის გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას ხელს ვინ უშლის და კოდორის ხეობაში ფულები ვინ გაათეთრა. 2008 წელს, თავდაცვის ბიუჯეტი 19 მილიადი იყო, 2004 წლამდე კი, რა ბიუჯეტი გვქონდა? - ამის მიუხედავად, ტერიტორიებს მაინც ვინარჩუნებდით. თითქმის, 20 მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე სამინისტრომ კოდოროს ხეობა რატომ ჩააბარა? - ეს თანხები რაში ჩამოწერეს, ამას ფარდა უნდა აეხადოს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. (რედ: ჩვენ შევეცადეთ დაგვეზუსტებინა, რომ 19-20 მლრდ თავდაცვის ბიუჯეტი არასოდეს ყოფილა, თუმცა ბატონი ემზარი თავის აზრზე დარჩა, ამიტომაც მისი გაცხადება უცვლელი დავტოვეთ.)

წინა ხელისუფლების განმარტებით, 2008 წელს, ქვეყანას კოდორის ხეობის შენარჩუნების ბერკეტი არ ჰქონდა. ხეობის შენარჩუნების რა გზა არსებობდა?

- ქვეყანა ინტერვენციისგან კოდორის ხეობის ჩაბარებით დაიცვეს? - ანუ, იმისათვის, რომ მათ ხელისუფლება შეენარჩუნებინათ, კოდორის ხეობა ჩააბარეს. მოლაპარაკება წინასწარ იყო, რომ ჩვენ ხელისუფლებაში მოგიყვანთ, მაგრამ თუ კოდორის ხეობას არ ჩაგვაბარებ, მაშინ ქვეყანას მთლიანად წაგართმევთო. საუბარი ინტერვენციაზე კი არ იყო, არამედ იმაზე, რომ ხელისუფლებაში სხვას შემოიყვანდნენ, მაგალითად - ირაკლი ალასანიას ან სხვას. მათ ამის შიში ჰქონდათ და ამიტომაც იყო, რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა გორში სამარცხვინოდ იხოხიალა. სანამ სააკაშვილი კოდორის ხეობას არ ჩააბარებდა, შეიძლება, გაენადგურებინათ, ისე როგორც დუდაევი. სააკაშვილმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. როცა ადამიანი „დავერბორკებულია“, ის უცხო ქვეყნისთვის მუშაობს. ოქრუაშვილმა აქეთ 14 ქართველი რომ მოაკვლევინა და იქეთ ოსები, ამ ყველაფერს ფარდა უნდა ჩამოეხსნას და მოსახლეობამ ნახოს, 2006-2008 წლებში რა მოხდა, როცა ტერიტორიები ჩააბარეს?! იმ დღეს დავითაიამ თქვა, ვინ არ იცის, რომ კოდორის ხეობაში ჩვენი ჯარი ალყაში მოხვდებოდაო. ალყაში ჩვენ არ ვხვდებოდით? ისეთი შეიარაღებული არ ვიყავით, როგორც 2008 წელს ჯარი იყო? ალყაში მოხვედრის შიში ვისაც არ გვქონდა, იქ ისინი ვიყავით.

თუმცა, თქვენ ოფიციალურად ბრალდება ქვეყნის წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხში გედებათ...

- რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ? ჩემი ყველაზე დიდი დანაშაულია, რომ სამშობლოს ვიცავდი და წინასწარ ვჭვრეტდი მოღალატეები ვინც იყვნენ? როცა განვჭვრიტე, რომ მოღალატეები იყვნენ, დაუმორჩილებლობის განცხადება მხოლოდ ამიტომ გავაკეთე. ჟურნალისტებმა მხარი არ დამიჭირეს, რომ ხმაური აგვეტეხა და იქ სააკაშვილ-ოქრუაშვილი არ შემოთრეულიყვნენ. ნოღაიდელს უსმინეთ? - გირგვლიანის გამო, სააკაშვილს მერაბიშვილი უნდა გაეშვაო. მაშინ, სხვას რას ვითხოვდი, ნოღაიდელი ჩემს წინააღმდეგ რომ გამოდიოდა? მთელი ჩემი დანაშაული ის იყო, რომ წინასწარ განვჭვრიტე, მომავალში რა უბედურებაც გველოდა.

თქვენ არაოფიციალურ საუბარში აღნიშნეთ, რომ სააკაშვილმა მინსკში იგორ გიორგაძესთან გამართული შეხვედრა გაიხსენოსო. რას გულისხმობდით?

- არაკონანიერი „ვარდების რევოლუცია“, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, დაქვემდებარებული რუსეთის უშიშროების ქვეშ იყო. სააკაშვილი მინსკსა და უკრაინაში ჩადიოდა და შეხვედრები ჰქონდა. ჩანაწერები არ მაქვს, მაგრამ ზუსტ ინფორმაციას ვფლობ, რომ ის რუსეთში ინსტრუქციებს იღებდა. 2003 წელს, ხალხს ქუჩაში ვერავინ ვერ გამოიყვანდა, ეს რუსეთის უშიშროებას რომ არ სდომოდა. ალბათ, გახსოვთ, კახა თარგამაძე როგორ პროდასავლელობდა და ნატოს გაიძახოდა, მაგრამ მას ნიღაბი ჩამოვხსენი და 2001 წელს ვუთხარი, რომ „რუშაელას“ აგენტი იყო, ანუ, რუსეთის.

თქვენ ეჭვობთ, რომ სააკაშვილი რუსეთის აგენტია?

- ეჭვი ადრე მქონდა, ახლა ამაში დარწმუნებული ვარ. ის იგივე საქმეს უკრაინაშიც აგრძელებს. მას უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურები რომ არ იცავდნენ, დიდი ხნის აორთქლებული იქნებოდა.

თქვენი მხრიდან სააკაშვილის აგენტობაზე საუბარი პიროვნული ანგარიშსწორება ხომ არ არის, რადგან თქვენ ოპოზიცია რუსეთთან თქვენს ურთიერთობაზე საუბრობს?

- თუ რუსეთთან კავშირი მაქვს, მაშინ მის აგენტურას უნდა ვმალავდე. ამათი გზავნილია, ლანძღე და აგინე რამდენიც გინდა, ოღონდ, ბოლოს პროდასავლელი იყავი. გაშიფრული მყავს როგორც ბოკერია, ასევე გივი თარგამაძე. ვისთან თანამშრომლობდნენ და ფაქტიურად, ტყვეობაში ყოფნის დროს რას მაწვებოდნენ? - ტყვედ ამათმა ჩამაგდეს. ვისაც ვეომებოდი, მის ხახაში ჩამაგდეს. ალბათ, გახსოვთ, ჟანა დარკი მტერს ღიად გადასცეს და შემდეგ დაწვეს, მაგრამ მე რუსებმა არ დამწვეს და რატომ? - ტყვეები ბევრი მყავდა, რომლებიც სახლში დაბრუნდნენ. ჩვენზე არც ერთი ტყვედ აყვანილი ადამიანის სისხლი არ არის.

ყოველთვის კითხვა მუსირებს - რუსეთში როგორ მოხვდით?

- როგორც მომიწყვეს სარეკი, რუსეთშიც ისე მოვხვდი. მათ უკან ვინც დგას, მეც იქ მიმრეკეს. ჩემი ოჯახი რუსეთში ბათუმიდან როგორ მოხვდა, როცა თავიანთი სპეცსამსახურები აცილებდნენ? რატომ გაუშვეს, თუ არ უნდოდათ? პარლამენტში გამოსვლისას ბოკერიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ თითქოს, შეიარაღებული ამბოხი მოვაწყვე.

ეს ოფიციალურ ბრალდებაშიც არის და რა გიკვირთ?

- ეს ბრალდება რომ არ დამიმტკიცდა, გარეთ ამიტომ გამომიშვეს.

თუმცა, შეთანხმებას მთავარ პროკურატურასთან მიაღწიეთ და სასამართლომ არ გაგამართლათ...

- პროკურატურასთან შეთანხმებაც ამიტომ მოხდა, თორემ, ნამდვილად ბრალდებული რომ ვყოფილიყავი, არანაირი შეთანხმება არ მოხდებოდა. შეთანხმება მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ აბსოლუტურად მართალი ვიყავი და ეს საქმე სტრასბურგში წავიდოდა, რაც ახალ ხელისუფლებას არ აწყობდა. ჩემი დის - ნორას ამბავი როგორ მიდის, ხომ უყურებთ? - სასამართლო მალე იქნება.

ვინაიდან, თვლით, რომ უდანაშაულო ხართ, სახელმწიფოსგან კომპენსაციასაც ხომ არ მოითხოვთ?

- ამაზე ჯერჯერობით არ გვიფიქრია, მაგრამ კომპენსაცია იმან უნდა გაიღოს, ვინც დააშავა და ვინც დააშავა, მათ საკმაო საშუალებები აქვთ. თუ ხელისუფლება ხელს არ შეგვიწყობს, რომ კომპენსაცია მათ გადავახდევინოთ, ე.ი. მათ ხელს უწყობს და ამაზე საუბარი იქნება. მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის გავიწირეთ და ამისთვის ვინმემ პასუხი უნდა აგოს. 2006 წლის მოვლენების ძიებას ამიტომ ვითხოვთ, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიებასაც მოვითხოვ, როცა გალის საზღვარზე რუსი სპეცსამსახურები ქართული ფორმებით გადმოვიდნენ, სააკაშვილს ეხმარებოდნენ და საქართველოს მოსახლეობას არბევდნენ. მალე ამის გამოძიებასაც მოვითხოვ, რაც აქამდე არასოდეს არსად არ მითქვამს. ჩვენს ქვეყანას მანამდე არაფერი ეშველება, სანამ ნაციონალები ბოლომდე არ გაშიშვლდებიან.

თქვენ ფიქრობთ, რომ ახალი ხელისუფლება მათ არაშიშვლებს“?

- ერთია, რომ ხელისუფლება არ აშიშვლებს, მაგრამ მეორეა, რომ ამის ძალა არ შესწევთ, რადგან სტრუქტურები „ჩანერგილებით“ არის სავსე და მათ ამის საშუალებას უცხოელებიც არ აძლევენ, მაგრამ ოპოზიციონერები იმისთვის ვართ, რომ მათ ამაში დავეხმაროთ.

თქვენ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე წარგადგინეს, მაგრამ ითქვა, რომპატრიოტთა ალიანსმაწინასწარ იცოდა, რომ მას ეს კვოტა აღარ ეკუთვნოდა. მაშინ, ეს წარდგენა რატომ განახორციელეთ?

- წინასწარ გარანტირებული კვოტა არ არსებობს, რადგან რეგლამენტში მსგავსი რამე არ წერია. ირმა ინაშვილს შეგიძლიათ ჰკითხოთ, რაიმე მოლაპარაკება თუ ჰქონდათ. ნაციონალები ვინ არიან, რომ მათ 12 კვოტა ჰქონდათ და ჩვენ მხოლოდ სამი? თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე კანონიერად ვარ წარდგენილი და თუ არ უნდათ, ნუ ამირჩევენ.

კომიტეტის სხდომაზე, თქვენს კანდიდატურას კობა ნარჩემაშვილმა მხარი დაუჭირა, თუმცა, აღნიშნა, რომ თქვენს მიმართ კითხვები აქვს. for.ge- ინფორმაციით, ხელახალ კენჭისყრაზე, შესაძლოა, ნარჩემაშვილმა ნდობა აღარ გამოგიცხადოთ...

- კითხვები დამისვას და პასუხებს მიიღებს. მას როგორც ჩემთან აქვს კითხვები, მის მიმართ კითხვები მეც მაქვს.

როგორ ფიქრობთ, „პატრიოტთა ალიანსიხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის?

- ჩვენ ისეთი ოპოზიცია ვართ, რომელიც ხელისუფლებას პრობლემური ამოცანების ამოხსნაში დავეხმარებით. პრობლემების შემქმნელები სხვაგან მოიკითხეთ. თუ არასწორი გზით წავლენ, ამას ვეტყვით, რადგან პროცესები გვერდიდან უფრო უკეთ ჩანს. ისეთი ოპოზიცია არ ვართ, რომელიც მზადაა, ოპონენტებს ზურგში მახვილი ჩასცხოს.

თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ თქვენქართულ ოცნებასთანხართშეკრულები“. ეს ასეა?

- ეს ბინძური ადამიანების ბინძური პიარია. „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა რომ მდომებოდა, როგორ გგონიათ, „ქართულ ოცნებაში“ არ მიმიღებდნენ? - „პატრიოტებთან“ ყოფნა მინდოდა და მანამდე ვიქნები, სანამ არ შევატყობ, რომ პატრიოტულ სულისკვეთებას გადაუხვია. მხოლოდ პატრიოტულ საქმეებს ვაკეთებდით და ამის გაგრძელებას ვაპირებთ.

თქვენი საგარეო მიმართულება როგორია?

- ჩვენი ქვეყნის მტრები რას ფიქრობენ, ამას ნუ მეკითხებით. თქვენ პიროვნულად რაც გაინტერესებთ, ის მკითხეთ.

რუსეთი თუ დასავლეთი?

- საქართველო.

თუმცა, საქართველო, რომელიც პატარა ქვეყანაა, პარტნიორების გარეშე ვერ იარსებებს...

- ნატოს წარმომადგენელმა კონფერენციაზე თქვა, თქვენ საკუთარი ქვეყნის დაცვა უნდა შეგეძლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნატოში მიგიღოთო. ანუ, ჩვენი ქვეყნის დაცვა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.

ამისთვის რა ბერკეტები არსებობს?

- ყველაფერი ის მოვიშოროთ, რაც მეხუთე კოლონას უკავშირდება და ქართული საქმე ვაკეთოთ. იმის ნაცვლად, რომ ვძლიერდებოდეთ, ქვეყანა დასუსტებისკენ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანის მომავალს ლამაზად ფუთავენ. ინგლისურ ენაზე პრეზენტაცია არ მომწონს, ქართულად რატომ არ უნდა წერდნენ? ამერიკელების, თურქების, ინგლისელების მეგობრობა მინდა, მაგრამ ქართველად უნდა დავრჩე.