საქართველოს მოქალაქეებმა ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყონ, რადგან ევროპარლამენტში ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, წინ მხოლოდ საკითხის კენჭისყრა დარჩა.
ქართველებსა და უკრაინელებს ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროპარლამენტის წევრმა, ჰოლანდიელმა დეპუტატმა კატი პირიმ ამცნო.
„შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. ასე რომ, შემდეგ კვირას, შეგვიძლია, ქართველებისა და უკრაინელებისთვის უვიზო რეჟიმის საკითხს კენჭი ვუყაროთ“, - აღნიშნა პირიმ, რომლის განცხადებასაც საქართველოში პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.
ქართული მხარე მიღწეულ წარმატებაზე აპელირებს და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას უკავშირებს.
როგორც for.ge-ს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, ქართველ დეპუტატებს ევროპელმა მეგობრებმა შეატყობინეს, რომ ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და პრაქტიკულად, შესაძლებელია ისიც, რომ მომავალი კვირიდან საკითხზე ევროპარლამენტში კენჭისყრა ჩატარდეს.
კვაჭანტირაძე ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების კონკრეტულ თარიღს ვერ აკონკრეტებს, მაგრამ ვარაუდობს, რომ უვიზო მიმოსვლა ძალაში ახალი წლიდან შევა.
„ზუსტ თარიღს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია ახალი წლიდან ამოქმედდება. ქართველი ხალხის ნება ევროპული ინტეგრაციაა და ამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი DCFT-ია, რომლის სისრულეში მოყვანა თავისუფალი მიმოსვლის გარეშე შეუძლებელია. არაფერი არ მოხდება, თუკი თავისუფალი მიმოსვლა არ იქნება. ეს დიდი მოტივაცია იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში, რომელიც კავშირების გამყარებაზე გადის“, - აცხადებს კვაჭანტირაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტექნიკური ბარიერი გადალახულია და უკვე გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს.
თუ რამდენად მოსალოდნელია, რომ ვიზალიბერალიზაციას ქვეყნიდან ხალხის გადინება მოჰყვეს, ამის თაობაზე თალაკვაძე აცხადებს, რომ მიგრაციის რისკები წინასწარ შეფასებულია და შესაბამისი მექანიზმები და საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოყვანილია იმ მოთხოვნებთან, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იყო.
„ასე რომ, ამ მიმართულებით რაიმე განსაკუთრებულ გადინებებს არ ველოდებით. უახლოეს პერიოდში პარლამენტის მიერ მიღებულ გააწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. საქართველოს ევროპარლამენტში სრული მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ კენჭისყრაზე ფორმალურად დეპუტატებმა გადაწყვეტილება დააფიქსირონ“, - დასძენს თალაკვაძე.
რაც შეეხება ექსპერტების განწყობას, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ისინი ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, ვიზალიბერალიზაციით გამოწვეულ ეიფორიას თუ რა შეიძლება მოჰყვეს.
როგორც for.ge-ს საერთაშორისო საკითხებში ექსპერტმა, სოსო ცინცაძემ განუცხადა, მთავარია, ეიფორია არ შეიქმნას, რადგან ეიფორიას ყოველთვის იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე.
მისი თქმით, ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას უნდა ელოდოს.
„ხშირად მესმის ტერმინი - „უვიზო მიმოსვლა“, რაც ასე არ არის. ეს უვიზო მიმოსვლა არ არის, ეს ლიბერალიზაცია და შეღავათებია. უვიზო მიმოსვლა ისაა, რომ წახვალთ და არავინ გეტყვით, 90 დღე გაგივიდათო. უვიზო მიმოსვლა სხვაა, ვიზალიბერალიზაცია სხვა. ამას უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრაქტიკული. ევროპას სიმბოლურად დავუახლოვდით და ერთი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა ევროკავშირის წევრობა სულ სხვაა. სჯობს, ნაკლებს ველოდოთ და მეტი მივიღოთ, ვიდრე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ მორჩა, ევროპაში ვართ და ჩვენი ცხოვრების პირობები უმჯობესდება, რადგან ამას იმედგაცრუება არ მოჰყვეს. ვისაც ფული აქვს, ის ევროპაში ისედაც დადის“, - აცხადებს ცინცაძე.
ცინცაძე ყურადღებას ე.წ. შეჩერების მექანიზმზე ამახვილებს და ამბობს, რომ ევროჩინოვნიკები ეშმაკი ხალხია, თუმცა მათ არარეგალების მწარე გამოცდილება აქვთ, რადგან შესაძლოა, 90 დღით წასულები, ევროპაში დარჩენ.
„ჩვენგან ვინც წავა, მთლიანად თუ არა მათი ნახევარი მაინც იმ განწყობით წავა, რომ მეორე-მესამე ქვეყანაში გადავა. გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ახლობლებში ისეთი რამდენი გეგულებათ, რომელიც სასეირნოდ და დროს სატარებლად ევროპაში სამი თვით წავა?! - პრაქტიკა ისეთია, რომ დარჩენას მაინც ახერხებენ. ევროპა პოლიციური სახელმწიფო არ არის, რომ ყველას დასდევნდნენ. ევროპელებმა ე.წ. შეჩერების მექანიზმი პრინციპულ საკითხად ამიტომ დააყენეს. ქართველები ევროპულ ციხეებში პატიმრების რაოდენობით რეკორდსმენები ვართ. მთავარია, რომ ცხოვრების დონე აქ ამაღლდეს“, - ამბობს ექსპერტი.
ცინცაძე აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მიუხედავად, მოსაზღვრეს უფლება აქვს ის დოკუმენტები მოითხოვოს, რაც დღეს არის საჭირო.
„თუ რაიმე ეჭვს გააჩენთ, მაშინ შეუძლიათ, დოკუმენტები მოითხოვონ. ნატოსა და ევროპაში დაპირებებით კვებავენ და რა საკვირველია, ქვეყანა ამ პატარა ნაბიჯებით სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. ეს ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. სჯობს, მოეცათ, ვიდრე უარი ეთქვათ, მაგრამ ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ასოცირების ხელშეკრულებაზე ზარზეიმი იყო და ღარიბაშვილმა თავი მოიკლა, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა. დღეს ასოცირების ხელშეკრულება ვინმეს ახსოვს და მოსახლეობამ რაიმე სიკეთე იგრძნო? სჯობს, რეალისტები ვიყოთ და ეს ფაქტი რეალურად შევაფასოთ, რაც დადებითია, მაგრამ იმის მეშინია, რომ ქვეყანაში ყალბი მოლოდინი იქმნება, რასაც მორიგი იმედგაცრუება მოჰყვება. ამას ნიჰილიზმი მოსდევს. რეალისტები ვიყოთ!“, - აღნიშნავს ცინცაძე.