„ახლა ვალდებულება ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა შეასრულონ“

„ახლა ვალდებულება ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა შეასრულონ“

„ნუ ვიტყვით, რომ გადაიდო. წლის ბოლომდე დაგეგმილი არის რიგი შეხვედრები, მათ შორის მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, ასევე 16 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა, სადაც ასევე შესაძლებელია, ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე, რომლის განცხადებით, საქართველოს ძალიან დიდი მხარადაჭერა აქვს დღეს საერთაშორისო დონეზე, რომელსაც სწორად გამოყენება სჭირდება.

for.ge ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა.

საქართველოსა და აშშ- შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის. გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში ცალკე თავად არის გამოყოფილი საქართველოს თემა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო-ამერიკის პარტნიორობა თავდაცვის მიმართულებით ახალ საფეხურზე გადადის?

ვიქტორ დოლიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებიდან ძალიან მალე, ყველამ და მათ შორის აშშ-ში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოს აქვს ორპატრიული მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რესპუბლიკელებიდან და დემოკრატებიდან ვინ დარჩა ხელისუფლებაში, ვინ არის ოპოზიციაში, საქართველოსთან მიმართებაში არაფერი არ შეცვლილა, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

რაც შეეხება 2017 წლის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს, ეს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს. ეს არის სამშვიდობო და ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობა, იმ კოალიციაში, რომლის წევრები ჩვენ დიდი ხანია ვართ. ეს არის აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების განმტკიცება, პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და მათ შორის ერთობლივი წვრთნები, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, პერსონალის მომზადება და თავდაცვითი აღჭურვილობის წვდომის უზრუნველყოფა.

ნატოსთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით არის მნიშვნელოვანი?

- ძალიან მნიშვნელოვანია და ამავე დროს მნიშვნელოვანია ორმხრივ ფორმატებში მიმდინარე ის სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც აშშ-თან გვაქვს. აშშ-ის მომავალი წლის სამხედრო ბიუჯეტში საქართველოსთვის კონკრეტული ეფექტიანი პროექტები არის გათვალისწინებული. ჩვენ ამის აპრობირება უნდა განვახორციელოთ.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქართველოს წვლილი მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში მნიშვნელოვანია?

- რა თქმა უნდა, ამაყი ვარ, რომ ამერიკელი და ევროპელი სამხედრო კონტიგენტან ერთად, თავის მისიას ასრულებენ ქართველი სამხედროები. ყველა ჩვენი პარტნიორი გვეუბნება რამდენად მნიშვნელოვანია ქართველების წვლილი და რამდენად მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებენ ჩვენი სამხედროები თავიანთ მისიას. ახლა უკვე ზედნაშენი კეთდება კიდევ უფრო სერიოზული თანამშრომლობის და მისი გაღრმავების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა ჟურნალისტების კითხვაზე - დაეხმარება თუ არა და მიაწვდის თუ არა აშშ შეიარაღებას საქართველოს, აღნიშნა, რომ ამერიკა აწვდის საქართველოს თანამედროვე სამხედრო შეიარაღებას. როგორც ფიქრობთ, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია ამ შემთხვევაში, მათი მხრიდან ეს აღქმული იქნება მესამე ქვეყნის წინააღმდეგ?

- ეს არანაირად არ უკავშირდება თავდასხმითი მძიმე შეიარაღების მიწოდებას, რომელიც შესაძლებელია მესამე ქვეყნის საპირისპიროდ გამოიყენოს ქვეყენამ. არავითარ შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობებისა და ნატოსთან ურთიერთ თავსებადობის გაზრდა, რაც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მესამე ქვეყნისთვის. ბუნებრივია, რომ ჩვენი თავდაცვა უნდა იყოს გაძლიერებული, განსაკუთრებით მათი განათლების ამაღლების თვალსაზრისით.

ჩვენ გვჭირდება მეტი განათლება ჯარში და ნატოსთან თავსებადობის მეტი გაძლიერება. რა თქმა უნდა, ტექნიკურ დონეზე და განსაკუთრებით ანტიტერორისტულ ოპერაციებში ამის გამოყენება არის მნიშვნელოვანი. ასე რომ, არავითარ საფრთხეს ეს რუსეთისთვის არ უნდა წარმოადგენდეს. ჩვენ ამის საფუძველს არ ვაძლევთ არც რუსეთს და არც სხვა ქვეყანას რეგიონში. არც აქამდე მიგვიცია საფუძველი და არც მომავალში ვაპირებთ.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, კეთდება განცხადება, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. საქართველოს საკითხი მაისამდე გადაიდო. მაისში საფრანგეთში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები და თუ გავითვალისწინებთ კანდიდატების პოზიციას, შეიძლება პროცესი კიდევ გადაიდოს. რატომ იგვიანებს საქართველოს შემთხვევაში საკითხი, თუკი ყველა მოთხოვნა შევასრულეთ?

- ჯერჯერობით, ნუ ვიტყვით, რომ გადაიდო. წლის ბოლომდე დაგეგმილი არის რიგი შეხვედრები, მათ შორის მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, ასევე 16 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა, სადაც ასევე შესაძლებელია საკითხი გადაწყდეს. მესმის და თანაზიარი ვარ იმ კითხვების, რომელიც საზოგადოებაში ისმის პროცესთან დაკავშირებით.

მართლაც, ბოლო სხდომა, რომელიც საქართველოს შეეხებოდა, ყველამ ერთხმად დაადასტურა, ისევე როგორც შემდეგ შეხვედრებში, რომ საქრთველომ 100%-ით ზედმიწვენით და სწორად შეასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა. ბუნებრივია, არის შიდა პროცედურული თემები და თქვენ სწორად დასვით კითხვა, რომ მაისში საფრანგეთში არის არჩევნები, ასევე გერმანიაში, მაგრამ არის იგივე მიგრაციული საკითხი, რომელიც ასე აწუხებს ევროპას და ამაშიც არადეკვატური არაფერი არ არის.

მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საქართველო უნდა მიებას რომელიმე პრობლემას?

- არანაიარად არ ნიშნავს. მით უმეტეს, რომ საქართველომ შეასრულა ეს ვალდებულება. ახლა ვალდებულება უნდა შეასრულონ ევროკავშირის ქვეყნებმა - მე ასე ვუდგები ამ საკითხს. წლის ბოლომდე დაველოდოთ როგორ გადაწყდება ეს თემა. დარწმუნებული ვარ, რომ უვიზო მიმოსვლა იქნება, აქ არის დროის ფაქტორი. როდესაც ვიმსახურებთ დღეს, რატომ უნდა მივიღოთ ეს ხვალ, ან ზეგ? ამიტომ, ამ თემას მაქსიმალურ ფორსირებას ვუკეთებთ. ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს ვარწმუნებთ, რომ ბევრ ფაქტორზე ექნება გავლენა ამ დამოკიდებულებას, იგივე რუსულ პროპაგანდაზე, რასაც უნდა დავუპირისპიროთ კიდევ უფრო მეტი გახსნილობა და უვიზო მიმოსვლა.

ანუ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყვეტილია და აქ საუბარია პროცედურების დასრულებაზე, რომელიც საქართველოზე არ არის დამოკიდებული და მხოლოდ მას უკავშირდება პროცესის გაჭიანურება?

- აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ. ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ველოდებით შიდა ინსტიტუციური პროცედურების დასრულებას ევროკავშირში.

რუსული პროპაგანდა ახსენთ და ეს პრობლემა აქვს საქართველოს. როგორ ფიქრობთ, პროცესების გაჭიანურება ხელს არ უწყობს ნიჰილიზმს ქართულ საზოგადოებაში, მით უფრო, როდესაც ვსაუბრობთ, რომ უნდა დავანგრიოთ ეს სტერეოტიპები ქვეყანაში?

- შედარებისთვის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რომ დააკვირდეთ, ამგვარი ტენდენციები პრორუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოში არ არის. პროპაგანდასაც რომ თავი დავანებოთ, ვნახოთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბულგარეთსა და მოლდოვაში, ესეც ერთგვარი მაჩვენელებია, რომ ეს პრობლემა ყველაზე ნაკლებად არის საქართველოში.

მაგრამ, ეს რამდენად იძლევა მოდუნების საშუალებას?

- არანაირად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ არის მზარდი პრორუსული პროპაგნდა, შესაძლებელია იმატოს. ბუნებრივია, უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ ამ პროპაგანდას უნდა დავუპირისპირდეთ, სწორედ გახსნილობით და ვიზა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომ შეგვეძლოს საკუთარ მოქალაქეებს ავუხსნათ, მარტო ჩვენ კი რა გვჭირდება ევროკავშირი და ჩვენი კი არ მივილტვით იქ, არამედ ევროკავშირისთვის საქართველო არის სანდო და საქმიანი პარტნიორი, რომელსაც დაეყრდნობი და ძალიან ბევრი მიმართულებით. მათ შორის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი იქნება თანამშრომლობა ევროკავშირთან, ჩვენ ამას ვაპირებთ და მზად ვართ ამისთვის. ვეთანხმები თქვენს კითხვას, რომ პრორუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირების ერთ-ერთი სერიოზული იარაღია გადაწყვეტილებების მყისიერი მიღება. მით უმეტს, რომ ვიმსახურებთ.

და, მით უმეტს, რომ ევროპისთვის ყვეალზე სანდო პარტნიორი არის საქართველო...

- ნადვილად ასეა და ამას ყველა ერთხმად აღნიშნავს ბრიუსელში თუ სხვაგან. დღეს ქვეყნისთვის დადგა ახალი ეპოქა. ეპოქა სექტორალური რეფორმების, დაწყებული სოფლის მეურნეობიდან და დამთავრებული თავდაცვამდე და უსაფრთხოებამდე, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობისთვის, რომელიც თავის მხრივ მომამავალში იქნება გარანტი ჩვენი ინტეგრაციული პროცესების. ეს ეპოქა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

მნიშვნელოვანია საერთო ეროვნული კონსოლიდაცია. ჩვენ შეიძლება რაღაცაზე ვთანხმდებოდეთ და რაღაცაზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ ხელისუფლებას, ერსა და ბერს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით კონსოლიდაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში. მით უმეტეს, რომ დღეს საქართველოს ძალიან დიდი მხარადაჭერა აქვს საერთაშორისო დონეზე, ამას სჭირდება სწორად გამოყენება, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული ქმედებები. თუ შევძლებთ ამის გაკეთებას, ძალიან მალე, ჩვენ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ.