„ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა პარლამენტის საშემოდგომო სესიის დასრულებამდე სურს და კომისიის დაკომპლექტების მიზნით კონსულტაციებს აქტიურად მართავს, თუმცა ამ დრომდე, ოფიციალურად კომისიის როგორც თავმჯდომარის, ასევე თანათავმჯდომარის ვინაობა არ სახელდება.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, მმართველი გუნდი კომისიის შექმნას დეკემბრის ბოლომდე გეგმავს, რათა კომისიამ მუშაობა 2017 წლის იანვარიდან დაიწყოს.
წყაროს ცნობით, კომისიის თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კანდიდატურა სახელდება, თანათავმჯდომარის თანამდებობაზე კი, უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას არც კი მოიაზრებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ კობახიძე გამოცდილი და კვალიფიციური კონსტიტუციონალისტია, ხოლო მარგველაშვილი იქნება თუ არა საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე, ამას კონსულტაციები გადაწყვეტს.
თუ ვის და ვის შორის მიმდინარეობს კონსულტაციები, ამას თალაკვაძე არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატსა და საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია და ის გონივრულ დროში დასრულდება.
თალაკვაძისგან განსხვავებით, უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე წარმოებული კონსულტაციების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლებაში იმის პოლიტიკური ნებაა, რომ კომისია ქმედითი იყოს, რომელიც კონსტიტუციაში არსებულ ხარვეზებს საბოლოოდ გამოასწორებს.
კობახიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს და ამ შესაძლებლობის არგამოყენება დანაშაული იქნება.
„სხვა მოცემულობაა და ოპიმისტურად ვარ განწყობილი, ვინაიდან, უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორცილების ბერკეტი აქვს. ალბათ, წინა მოწვევის პარლამენტში კომისიის ისე მუშაობა განპირობებული იყო იმ რეალობით, რომლითაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას პერსპექტივა არ ჰქონდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიასთან არ თანამშრომლობდა, ალბათ, კომისიის წევრებში მაშინდელი რეალობა ნიჰილიზმსაც აჩენდა“, - აცხადებს კობახიძე.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობის მიუხედავად, კონსტიტუცია პარტიულ ინტერესებს არ უნდა მოერგოს.
„ეს შესაძლებლობა, რაც საზოგადოებამ მოგვცა რომ არ გამოვიყენოთ, არასწორი იქნება და შეიძლება დანაშაულიც კი, რადგან პილიტიკურ ძალას ასეთი შესაძლებლობა ყოველთვის არ აქვს. ეს უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ კონსტიტუცია პარტიულ ინტერესებს არ უნდა მოერგოს, ეს დაუშვებელია. ჩვენი ქვეყანა იმას იმსახურებს, რომ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი ჰქონდეს. ეს მიღწევადია და ამის ინტელექტუალური რესურსისც არსებობს. გვყავს როგორც დარგის სპეციალიტები, ასევე კომპეტენტური პირები. ეს მხოლოდ პოლიტიკოსების არჩევანი არ უნდა იყოს და გადაწყვეტილება სწორედ მათი ჩართულობით უნდა მივიღოთ“, - ამბობს დეპუტატი.
კობახიძე მიიჩნევს, რომ არის საკითხები, რომელზეც აზრი საზოგადოებას უნდა ჰკითხონ, რადგან კონსტიტუცია გარკვეული ხელშეკრულებაა ხალხსა და სახელმწიფოს შორის, სადაც საზოგადოების როლი ძალიან დიდია.
„ის, რომ საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება, ამის თაობაზე პოლიტიკური განაცხადი გაკეთებული გვაქვს. ცვლილებების მომზადება საზოგადოებასთან ფართო კონსესუსით, ყველას ჩართულობით უნდა მოხდეს, მაგრამ პარლამენტი გადაწყვეტილებას ზუსტად როდის მიიღებს, ამის თაობაზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. ვინ იქნებიან, რამდენი წევრი იქნება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია რა სახით იქნება ჩართული, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს“, - დასძენს კობახიძე.
უმრავლესობისგან განსხვავებით, ნაციონალი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილი უნდა იყოს.
როგორც for.ge-ს ბოკერიამ განუცხადა, საპარლამენტო უმცირესობა კომისიის მუშაობაში ჩაერთვება და ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რომ ქვეყნის მიმართ საზიანო ქმედებების წინააღმდეგ გამოვიდეს.
„ეს პერსონალური საკითხი არ არის, ვინ არის პრეზიდენტი. ინსტიტუციონალური პატივისცემის საკითხი იქნებოდა, რომ კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ინსტუტუციებს პატივს არ სცემენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოა, რადგან პრეზიდენტის არჩევნების გაუქმების გეგმა აქვთ“, - აღნიშნავს ბოკერია.
რაც შეეხება კომისიის ფორმატს, როგორც საპარლამენტო კულუარებში for.ge-ს განუცხადეს, უმრავლესობაში მოსაზრება არსებობს, რომ კომისია ერთ ჯგუფად დაკომპლექტდეს და არა რამდენიმე სამუშაო ჯგუფად, რაც წინა შემთხვევაში პრობლემებს ქმნიდა, რადგან სამუშაო ჯგუფებში ხშირად კვორუმი არ იყო.
თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს კომისია და ვინ შეიძლება მისი თავმჯდომარე იყოს, ამ კითხვებით for.ge-მ კონსტიტუციონალისტ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს მიმართა.
ხმალაძის განმარტებით, როცა პარლამენტი კომისიას ქმნის, კომისიის თავმჯდომარე ხელისუფლების სხვა განშტოების წარმომადგენელიც რომ იყოს, ეს შესაძლებელია, მაგრამ ძნელი სათქმელია, კომისია უფრო ეფექტური რა შემთხვევაში იქნება.
ყოფილი დეპუტატის მოსაზრებით, სამუშაო ჯგუფების გარეშე საქმიანობა რთული იქნება, რადგან კომისია ფართომასშტაბიანია და ასეთ დიდ რაოდენობაში გადაწყვეტილებების შემუშავება უფრო რთულია ხოლმე.
„მცირერიცხოვანი ჯგუფის შექმნა აუცილებელი მაინც იქნება, რათა დიდმა ჯგუფმა პრინციპული საკითხები მიიღოს. მაგალითად, პრეზიდენტის არჩევის წესი. თუ არაპირდაპირი წესი იქნება, პრეზიდენტს ვინ უნდა ირჩევდეს - პარლამენტი თუ ამრჩევთა კოლეგია?! ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილება და მეორეა, ამ საკითხების პროფესიულად მომზადება. ეს ყველაფერი კარგად დასანახავია და თავმჯდომარეც ამის და მიხედვით უნდა შეირჩეს. როცა თავმჯდომარეზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე ისეთი იყოს, ვისთანაც საუბარი კომისიის ნებისმიერ წარმომადგენელს შეეძლება. ნორმალურ საუბარს ვგულისხმობ და არა კონფრონტაციულს. თუკი იმთავითვე ცნობილია, რომ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს ან სხვა ვინმეს კომისიის შემადგენლობის ნაწილთან არაკოლეგიალური და კონფრონტაციული ურთიერთობა ექნება, მაშინ თავმჯდომარეს ასეთი პირი არ ივარგებს, რადგან კომისიის მუშაობა კონფრონტაციული იქნება“, - აცხადებს ყოფილი კანონმდებელი.
ხმალაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის როგორც კომისიის თავმჯდომარის საქმიანობასაც ეხმაურება და ამბობს, რომ უსუფაშვილის მიმართ სრულიად უსაფუძვლო პრეტენზიები გაისმა.
„პარლამენტის თავმჯდომარეობას მისთვის ხელი არ შეუშლია. ვინაიდან, ზოგმა არ იცოდა, რა უნდოდა, კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობდა. მეორე ნაწილის პოზიცია იყო, მაინც არაფერი გამოვაო, რადგან ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას უყურებდნენ, რომლებიც ყველაფერის უარყოფას ახდენდნენ“, - დასძენს ხმალაძე.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების მიზნით, სახელმწიო საკონსტიტუციო კომისია 2013 წელს შექმნა და მას უფლებამოსულების ვადა რამდენჯერმე გაუხანგძლივა, თუმცა კომისიამ არსებობა ისე დაასრულა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთვის ცვლილებები არ წარუდგენია. ერთის მხრივ, კომისიის მუშაობას პრობლემას კვორუმი უქმნიდა, ხოლო მეორეს მხრივ, ის ფაქტორი, რომ „ქართული ოცნება“ 113 ხმას არ ფლობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებდა.