უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაუშვებლად სცნო, პროკურატურის საკასაციო სარჩელი, რომლითაც სახელმწიფო ბრალდება ზურაბ ჟვანიას საქმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას გამამართლებელი განაჩენის შეცვლას ითხოვდა. ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც ჩაჩუა გამართლდა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმის ექსპერტს გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობასა და რაულ უსუპოვისა და ზურაბ ჟვანიას სიკვიდილის მიზეზებთან დაკავშირებით არასწორი დასკვნის გამოტანას ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ჩაჩუამ არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ექსპერტ ლევან ჩაჩუას დასკვნის თანახმად, ყოფილი პრემიერი და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, რაულ უსუპოვი ბუნებრივი აირით გაიგუდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბარი არ სურს ლევან ჩაჩუას და აცხადებს, რომ საქმეში ის ჯერ კიდევ ოფიციალური პირია და მისი მხრიდან დეტალებზე საუბარი სწორი არ იქნება.
ჩაჩუას ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ჟვანია და იუსუპოვი გაზით გარდაიცვალნენ და ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ქართულ მართლმსაჯულების სამივე ინსტანციაში სისხლის სამართლის კუთხით აღნიშნული საქმის წარმოება.
„სამივე ინსტანციაზე დადგა ის შედეგი, რასაც თავიდანვე ვამბობდი, ეს იყო საზოგადოების მოტყუება და ტყუილად ედავებოდნენ უდანაშაულო ადამიანს, ექსპერტ ლევან ჩაჩუას, რომ მან თითქოს არასწორი დასკვნა დადო ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით. რეალურად კი, სინი გაზით გარდაიცვალენ“, - აცხადებს გიორგი ფანცულაია.
ლევან ჩაჩუას საქმეზე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას პრესკონფერენციით გამოეხმუარა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ოთარ კახიძე, რომლის შეფასებით, დადგინდა ლევან ჩაჩუა უდანაშაულობა და, რომ მის მიერ შედგენილი დასკვნა აბსოლუტურად სწორი იყო. როგორც კახიძე ამბობს, ხელისუფლება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ეწეოდა ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმით სპეკულირებას და ეს სასამართლო გადაწყვეტილებამაც დააადასტურა.
„ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი დასრულდა და კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა „ქართული ოცნების“ ცილისწამებასა და მიცვალებულის სახელით მანიპულირებას. დადგინდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩაჩუა უდანაშაულო და მის მიერ შედგენილი დასკვნა აბსოლუტურად სწორი იყო. ივანიშვილის მართლმსაჯულების სისტემამაც კი ვერ მოახერხა სიმართლეს დაპირისპირებოდა და იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ სპეკულირებდა ყოფილი პრემიერის გარდაცვალებით.
ეს არის ხელისუფლების ჩვეულებრივი სტილი. გაგახსენებთ ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალეს, სანდრა რულოვსის მიმართა ბრალდებებს, რომ ის ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა. ეს არის ხელისუფლების სახე და სტილი და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
თუმცა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას განსხვავებულად აფასებს ყოფილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია, რომლის განცხადებით სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამ გადაწყვეტილებით არ ამბობს, რომ ეს არის გაზით გაგუდვა. მისი შეფასებით, ექსპერტის საქმე მხოლოდ ნაწილია მთელი ამ ისტორიის და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის მთავარი გამოძიება პროკურატურაში ჯერ კიდევ გრძელდება.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებები. ეს გადაწყვეტილება არ ამბობს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გაზით გაიგუდა, ამას ამბობს ჩაჩუას ადვოკატი და „ნაციონალური მოძრაობა“. სასამართლოში არ იხილებოდა რა მოხდა იმ ღამეს, არამედ იხილებოდა ჩაჩუას მიერ სამსახურეობრივი გულგრილობა, რაც გამოწვეული იყო ერთადერთი მიზეზით - ცხედრების დათვალიერების შედეგ ლევან ჩაჩუამ არ ასახა ის დაზიანებები, რომელიც დღეს უკვე აშკარად ჩანს და რაც დოკუმენტალურად არის დადასტურებული, რომ პრემიერს თავის არეში მიყენებული ჰქონდა საკმაოდ სერიოზული დაზიანება, რაც ჩაჩუამ დამალა.
რაც შეეხება ძირითად საქმეს, რა მოხდა იმ ღამეს, ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. შესაბამისად, ვერანაირი გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება გამოტანილი. საერთოდ, ძალიან ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ საქმეზე რატომღაც განცხადება კეთდება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან. რა შუაშია საერთოდ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიების პროცესთან? როგორც სჩვევიათ, ცდილობენ არაფერისგან შექმნამ დიდი ამბავი და პოლიტიკური ქულები დაიწერონ. საერთოდ არ ვიცი რა ქულები უნდა დაიწერონ მათ ამ თემაზე“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გოგლა ჟვანია.
მისივე თქმით, ეს იყო მკვლელობა და ამას იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობს, რომელზეც ხელი მუწვდება. გოგლა ჟვანია ამბობს, პრემიერის სიკვდილის გარემოებების დამდგენი გამოძება, რომელიც მიმდინარეობს პროკურატურაში, არ დასრულებულა, თუმცა, ფიქრობს, რომ გამოძიება მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს იყო მკვლელობა.
„მაქვს ამის მოლოდინი და არაერთხელ მისაუბრია ამის თაობაზე. გასაგებია, რომ საქმე დროში იწელება და ბუნებრივია, რომ ეს საზოგადოებაში იწვევს გაუგებრობას. მაგრამ ეს გამოწვეულია ბევრი სხვადასხვა ტექნიკური მიზეზით, რაც ართულებს გამოძიების პროცესს. უფრო გასაგები რომ იყოს, გეტყვით ერთ მაგალითს - სხვადასხვა ეტაპზე ერთი გამოძიების პროსესში ჩართული იყო სხვადასხვა უცხოური საექსპეტო დაწესებულებები, შემიძლია გითხრათ, რომ პასუხს ერთ-ერთ ექსპერტიზაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დაახლოებით ერთი წელი ველოდებოდით. ბუნებრივია, რომ ეს დროში წელავს პროცესს.
იყო სხვა შემთხვევა, როდესაც აწარმოებდნენ მოლაპარაკებას საექსპერტო ბიუროსთან, თითქოს მიყვებიან გამოძიებას, გავა ნახევარი წელი და მერე გეტყვიან, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ ამ საკითხში მონაწილეობას, რადგან ხვდებიან, რომ ეს საქმე პოლიტიკურად დიდი დატვირთვის მატარებელია.
არის საკითხები, რომელთა გარკვევა ტექნიკურად ვერ მოხედრხდება საქართველოში. იგივე გვამის ესჰუმაცია, რომელშიც აუცილებელი იქნება უცხოელი ექსპერტების ჩართულობას, რაც ბუნებრივია, ართულებს საქმეს და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჭიანურდება საქმის გამოძიება. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პროცესი შეჩერებული ნამდვილად არ არის, პროკურატურა ინტენსიურად მუშაობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გოგლა ჟვანიამ.