მეცხრე მოწვევის პარლამენტი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
პროექტის განხილვას დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე იწყებს, რაც მთავრობის მიერ გაცხადებული ეკონომიკური გეგმის მიმართ ოპოზიციის პოლიტიკურ განწყობებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
მთავრობამ პარლამენტს მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რეგლამენტის შესაბამისად, ოქტომბერში წარუდგინა, თუმცა მოგვიანებით, რეგლამენტი დაარღვია და ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს 5 ნოემბრის ნაცვლად, ნოემბრის ბოლოს წარუდგინა.
დეპუტატთა უმატესობა დოკუმენტს ჯერ არ იცნობს და მისი განხილვისთვის ემზადება, თუმცა, პროექტზე ვისაც ზოგადი წარმოდგენა აქვს, ისინი ბიუჯეტის პროექტზე პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მსჯელობენ - უმრავლესობა ირწმუნება, რომ დოკუმენტი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს პასუხობს, ოპოზიცია კი, საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა ლარის კრიზისის დაძლევას ვერ შეძლებს.
როგორც for.ge-ს ნაციონალმა, სერგო რატიანმა განუცხადა, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა არ იცვლება და ზუსტად იგივეა, რაც წინა წლებში იყო.
„მთავრობის მხრიდან იგივე კურსის აღება იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის, რადგან ბიუროკრატიული ხარჯები კვლავ მაღალია. ქვეყანა ამ კრიზისში „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა და იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკას დავეხმაროთ და გადასახადები დავწიოთ, ბიზნესზე ზეწოლა და მათგან უკანასკნელი ფულის ამოღება ხდება“, - განაცხადა რატიანმა.
უმცირესობა უმრავლესობის მსგავსად, ბიუჯეტის პროექტს საკუთარ ფორმატში განიხილავს და ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე პასუხის გაცემა ფინანსთა ახალ მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს მოუწევს, თუმცა მოსმენების გრაფიკი ცნობილი 8 ნოემბერს გახდება.
იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს რეგლამენტის შესაბამისად, დეკემბრის მესამე პარასკევამდე ამტკიცებს, მასზე მსჯელობას დეპუტატები მომავალ კვირას დაიწყებენ, თუმცა, „პატრიოტთა ალიანსი“ უკვე აცხადებს, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მისი გუნდი დოკუმენტს უნდობლობას უცხადებს, რადგან ძალიან ბევრი კითხვა აქვთ და მისი ფრაქციისთვის პრიორიტეტია სოციალურად დაუცველი ადამიანების ფიზიკური გადარჩენა და არა - ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც აქცენტი ბიუჯეტში კეთდება.
„თუკი ეს მთავრობა იმას ვერ ხედავს, რომ მოქალაქეები ფიზიკურად არიან გადასარჩენი, ეს ძალიან ცუდია. ხელისუფლებას მხარი სწორედ იმიტომ არ დავუჭირეთ, რომ ვერ დავინახე, რომ მათ ადამიანების დახმარების კონკრეტული პროგრამები აქვთ და ეს კრიზისის დღეებში გამოჩნდა, როცა აბსოლუტურად უუნარობა გამოავლინეს. მათ გეგმა არ აქვთ, ლარის კრიზისის დაძლევა როგორ უნდა მოხდეს. მათ მიერ წარმოდგენილი გეგმა ლარის კრიზისის დაძლევას ვერ შეძლებს“, - აცხადებს დეპუტატი.
for.ge-ს კითხვაზე - „მთავრობის გადახალისებული ეკონომიკური გუნდი, პასუხობს თუ არა გამოწვევებს“, ინაშვილი აცხადებს, რომ მისი ფრაქცია მინისტრებში იმ პოტენციალს ვერ ხედავს, რომლითაც ხელისუფლება ეკონომიკურ ვითარებას მოუვლის და გამოასწორებს.
„მათ სათანადო კომპეტენცია და პროფესიული გამოცდილება არ აქვთ. დარგის სპეციალისტებს არ უსმენენ, რომელთაც უფრო კომპეტენტური რჩევების მიწოდება შეუძლიათ. ხელისუფლება რომ ვიყოთ, ეკონომიკის დარგის სპეციალისტებს შევკრებდით და მათთან ერთად ანტიკრიზისულ გეგმას შევიმუშავებდით. ამ ადამიანებს არავინ არ უსმენს. ამიტომ, ხელისუფლების ოთხპუნქტიანი გეგმა უსუსურია და ის კრიზისი დაძლევას ვერ შეძლებს“, - განუცხადა for.ge-ს ინაშვილმა.
ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ბიუჯეტი ქვეყანაში არსებული გამოწვევების ადეკვატურია.
როგორც for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, ბიუჯეტის პროექტი პრობლემატურ საკითხებს ძირითად ნაწილში პასუხობს - „პროექტის საფუძვლიანი განხილვები იქნება და მმართველი გუნდი იმ ბიუჯეტზე ჩამოყალიბდება, რომელიც თითოეული მოქალაქის ინტერესებში შედის“.
მდინარაძისგან განსხვავებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აქცენტს საბიუჯეტო პარამეტრებზე აკეთებს, - ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 14 მილიარდ 400 მილიონზე მეტია და მომავალ წელს, ბიუჯეტიდან მილიარდ 270 მილიონ ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე გასულ წელს იხარჯებოდა.
„ხარჯვითი ნაწილი სამ სამინისტროს ეზრდება, რომლებიც არიან - განათლების, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროები. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 4%-ით. ბიუჯეტის დეფიციტი 4%-ის ფარგლებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ნომინალური ზრდა დაახლოებით 8%-იანი იქნება. პირველი იანვრიდან ასევე ძალაში მოგების გადავადებული გადასახადი, ე.წ. ესტონური მოდელი შედის. ჩვენი უცხოელი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ბიუჯეტის ამ მოდელში ჩასმა 1,5%-ით დამატებით ზრდას გვაძლევს“, - აცხადებს კოვზანაძე.
თანაგუნდელების მსგავსად, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ყურადღებას პოზიტიურ პროგნოზებზე ამახვილებს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება რამდენიმე ათასი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას ეხება, რასაც მოგების გადასახადის გაუქმება, სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ემსახურება.
ძიძიგურის შეფასებით, თუკი საზოგადოებას სურს, რომ მოგების გადასახადის გაუქმების შედეგად დამატებით 50 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით სამუშაო ადგილები გაჩნდეს და ეკონომიკური წინსვლა მოხდეს, მაშინ ხარჯების ნაწილის შემცირება მოხდება.
„გეგმა, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, სწრაფი განვითარების გეგმაა, რომელმაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა უნდა გამოიწვიოს. სწრაფი ეკონომიკური ზრდა უნდა დაიწყოს. წარდგენილი ბიუჯეტით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა გაცილებით უფრო მაღალი პროცენტებით იქნება გამოხატული, ვიდრე ეს ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა“, - დასძინა ძიძიგურმა.
მმართველ გუნდს ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის ხმის მობილიზება დასჭირდება, რაც წინა მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში პრობლემას აღარ წარმოადგენს.