„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური განხეთქილების ზღვარზე დგას - პარტიის ერთი ნაწილი ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს და კანდიდატად უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს აყენებს, მეორე ნაწილი კი, მხარს პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დარჩენას უჭერს.
თუ რა ხდება ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში, ამის გარკვევის მიზნით, for.ge ყოფილ დეპუტატს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:
„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ყრილობას 30 იანვარს გამართავს, რომელსაც 7 000 დელეგატი დაესწრება. დელეგატთა რაოდენობა პარტიაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა, რადგან გიგა ბოკერიას გუნდი ყრილობაზე 2000 დელეგატის დასწრებას ითხოვდა. დელეგატთა რაოდენობა რას ცვლის?
- პოლიტსაბჭოს ფორმატში განსახილველი ორი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომელიც პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ეხებოდა, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვიყავით. ასეთ ვითარებაში ნებისმიერი ცვლილება იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშს ავყვეთ, რითაც რომელიმე ლიდერს ციხეში ჩასვამს, ან ისეთ პირობებს შეუქმნის, რომ საქართველოში ვერ იცხოვროს. ამის აყოლა უბრალოდ გამორიცხული იყო. როცა პარტიამ 8 ოქტომბრის არჩევნებში ეს შედეგი აჩვენა, აუცილებელია, რომ ყრილობა მოწვეული ფართო, დემოკრატიულ საწყისებზე იყოს. ყრილობა დანიშნული უნდა იყოს არა ცენტრალური ოფისიდან, არამედ ყველა აქტივისტს იმის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ რომელიმე პირზე უფლებების დელეგირება მოახდინოს, რათა ყრილობის დელეგატი გახადოს. ნათელია, ერთ მხარეს გარკვეული სურვილი იყო, რომ ყრილობა შეზღუდული წრით ყოფილიყო წარმოდგენილი, ხოლო მეორე მხარეს მიაჩნია, რომ ყრილობა ფართო უნდა იყოს, რომ პარტიის წარმომადგენლების ნება გამოხატოს.
ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დადგება?
- ეს საკითხი დღის წესრიგში ჩვენი მხრიდან არ დადგება, თუმცა გარკვეული კოლეგები არიან, რომელთაც ეს პოზიცია აქვთ და მათი საქმეა, ამ საკითხს დღის წესრიგში დააყენებენ თუ არა. დარწმუნებული ვარ, რომ ასე წინადადება კრახისთვის არის განწირული.
თუმცა, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პარტიას ახალი თავმჯდომარე სჭირდება და ის დავით ბაქრაძე უნდა იყოს. პარტიას თავმჯდომარის არყოფნა ეტყობა?
- პარტიის თავმჯდომარის და პარტიის გენერალური მდივნის უფლებამოსილები პრაქტიკულად იდენტურია. ამიტომ ის, რომ ვინმეს რაიმე უფლებამოსილება არ ჰქონდეს და ამის გამო გადაწყვეტილებების მიღება ფერხდებდეს, ასე არ არის. მგონია, რომ ეს არგუმენტი ხელოვნურია. სავსებით შესაძლებელია, რომ პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების დელეგირება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე იყოს. ამჟამად, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა. პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური უნდა დარჩეს, რაც ნიშანია იმის, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
თუკი თქვენი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ დევნა მიმდინარეობს, თქვენივე გუნდის მეორე ნაწილი ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს დღის წესრიგში რატომ აყენებს? თუ ეს პრობლემა მართლაც არსებობს, ისინი ამას ვერ ხედავენ?
- ალბათ, ეს მათ უნდა ჰკითხოთ.
დავით ბაქრაძეს, როგორც პარტიის ახალ თავმჯდომარეს ხედავთ? მისი საზოგადოებრივი რეიტინგი მისი პარტიული, პოლიტიკური წონის ტოლფასია?
- დავით ბაქრაძეს პოლიტიკური ფიგურისთვის საჭირო ბევრი თვისება აქვს, მაგრამ ერთია ეს თვისებები და მეორეა, ეს თვისებები ერთიანობის სამსახურში ჩავაბათ, რათა ყველა შემდეგ არჩევნებზე უფრო უკეთესი შედეგი მივიღოთ. ხაზგასმით ვამბობ, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან და ჩვენი პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის დისტანცირება ივანიშვილის ოთხწლიანი მცდელობების ნაწილი იყო. პრაქტიკულად, პარტიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი არ არსებობს, ვისთანაც მსგავსი შეთავაზებით არ მისულან. მთავარი გზავნილი იყო - თქვენ მიხეილ სააკაშვილს გაემიჯნეთ და პოლიტიკური დევნა და პროკურატურასთან რიგები დამთავრდება, რადგან პრობლემა მიშა სააკაშვილი არისო. ეს იგივე ფორმულა იყო, რაც ზვიად გამსახურდიასთან მიმართებაში განხორციელდა, როცა ამბობდნენ, მოდით, მივიღოთ ფორმულა - „ყველას მინუს ერთი“. ყველასთვის ცხადია, რომ თუ პოლიტიკური პარტია თავის თავმჯდომარეს გაემიჯნება, ამ მოძრაობას მომავალი საერთოდ არ აქვს და ეს ელექტორალური თვითმკვლელობის ტოლფასია. ივანიშვილის სურვილი ყოველთვის ეს იყო, რასაც არასოდეს არ დავთანხმდებით. სწორედ ამით არის განპირობებული ის, რომ ბევრი ადამიანი საქართველოდან არის წასული და ქვეყანაში ვერ ბრუნდება, ასევე ამით არის განპირობებული ის პოლიტიკური დევნა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წინაღმდეგაა მიმართული. სააკაშვილისგან გამიჯვნა ნამდვილ თვითმკვლელობას ნიშნავს. ივანიშვილმა ამ შედეგს ვერ მიაღწია და ცუდ ხასიათზე დავდგებოდი, თუკი პოლიტსაბჭოს სხდომაზე ჩვენი ხელით გაკეთდებოდა ის, რაც მოწინააღმდეგის ოცნება იყო. საბედნიეროდ, პოლიტსაბჭომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ამგვარ შესაძლებლობებს არ ითვალისწინებს. თუკი ვინმე ამ საკითხს ყრილობაზე დააყენებს, შედეგს იქ ვნახავთ.
თქვენ ხშირად ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე აპელირებთ, თქვენი ოპონენტები კი საპირისპიროდ აცხადებენ, რომ ოდესაში მყოფი სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველია. მათ ეთანხმებით?
- ეს ძალიან არაკორექტული შედარებაა, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თავისი ნებით არ ცხოვრობს. ის ქვეყნიდან წასულია გამოგონილი ბრალდებების გამო, მათ შორის შვიდი პიჯაკის, ბებიის ავტომობილის დაყადაღებით და სრულიად სასაცილო და ამორალური ბრალდებებით. ის სხვა ქვეყანაში იძულებით ცხოვრობს, საქართველოში ვერ ჩამოდის და პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვნად ვერ ერთვება. არავის არ დაუმალავს, რომ ჩვენ დევნილი თავმჯდომარე გვყავს, რომელიც მონაწილეობას მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში იღებს. როგორც კი, პოლიტიკური დევნის წინაპირობები აღარ იარსებებს, რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
პოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინაში მყოფი სააკაშვილი პარტიას რას აძლევს?
- კიდევ მჯერა იმის, რომ ელექტორალური კაპიტალი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ სააკაშვილს უკავშირდება, რომელიც ერთი მხრივ, დაუმორჩილებლობის და ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლოა, მეორე მხრივ კი, მისი სახელი ცხრაწლიან აღმშენებლობას უკავშირდება. ასეთი ადამიანისგან გამიჯვნა და დისტანცირება, ორმაგად დამაზიანებელია როგორც მორალური თვალსაზრისით, ასევე წმინდა პოლიტიკური პრაგმატიზმით. ივანიშვილს საქართველოში სააკაშვილის არსებობა სწორედ იმიტომ არ უნდა, რომ მან მისი შესაძლებლობები იცის. მისი სურვილი არ უნდა ავასრულოთ და არც ავასრულებთ.
თუმცა, თქვენივე გუნდის წევრები ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა სწორედ სააკაშვილის განცხადებებმა - გვირაბის გათხრის, საქართველოში ჩამოსვლის და არეულობის მოწყობის თაობაზე იქონია...
- ამას ამბობენ და ამ მოსაზრებების გამოთქმის უფლება ყველას აქვს, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილზე მეტი რეიტინგი აქვს, ეს მისი პოლიტიკური ალღოს და გამჭრიახობის სინდისზე იყოს. სხვათა შორის, პარტიაში ძალიან საინტერესო პროცესი გამოიკვეთა. რაიონული ორგანიზაციების 80 პროცენტზე მეტმა სააკაშვილთან დაკავშირებით პოზიცია მკაფიოდ გამოხატა. პრაქტიკულად, პარტიაში არის ვითარება, როცა უდიდესი ნაწილი სოლიდარულია სააკაშვილთან და ყრილობასთან დაკავშირებით. ერთ მხარეს 80 პროცენტი იყო, მეორე მხარეს - პოლიტსაბჭოს წევრები არიან. როცა ძალთა თანაფარდობა ასეთია, შეუძლებელია, ხალხმა არ გაიმარჯვოს.
თქვენ for.ge-სთან საუბარში ცოტა ხნის წინ აღნიშნეთ, რომ ყრილობაზე მსუბუქი საუბარი არ იქნება და მსჯელობა უნდა გაიმართოს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ასევე პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვინც პარტიაში ხელმძღვანელობა ჩაიბარა. თქვენი პოზიცია ძალაში რჩება?
- ეს ლაპარაკი აუცილებლად უნდა შედგეს. ამ საკითხზე საუბარი ყრილობაზეც შეიძლება, მაგრამ სხვა ფორმატებიც არსებობს. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირები იყვნენ და ცუდი შედეგი მივიღეთ, რაც შეიძლება, ორი რამით იყოს გამოწვეული. ერთი, რომ მასობრივი გაყალბება მოხდა და მეორე - შტაბმა კარგად ვერ იმუშავა. შეიძლება ორივე მიზეზი ერთად იყოს და ამაზე პირუთვნელი საუბარი უნდა გაიმართოს, თუკი პოლიტიკურ ძალას უნდა, რომ საბოლოოდ წარმატებას მიაღწიოს და შემდეგ არჩვნებში გაიმარჯვოს. ჩვენ ნაჭუჭში ჩაკეტვას არ ვაპირებთ. ბოლო პერიოდის პროცესებმა აჩვენა, რომ სახალხო მოძრაობის იდეამ გაიმარჯვა, რის შედეგადაც ერთ კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილების იდეა უარყოფილია.
ყრილობა ახალი შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ პარტიაში ახალი ადამიანები მოვიდნენ და მათ პარტიული კარიერის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ. კარები უნდა გავხსნათ და პარტიაში შემოსვლის შესაძლებლობა ბევრ ადამიანს უნდა მივცეთ. აუცილებელი არ არის, ერთი და იმავე ადამიანები პარლამენტის წევრები ხუთი და ათი ვადით იყვნენ. ყველა პარტია იზოლაციისკენ და კვდომისკენ წავიდა, რომელმაც ეს გზა აირჩია. „ნაციონალური მოძრაობა“ უალტერნატივო ოპოზიციური პარტიაა, რომელსაც ევროატლანტიკური მისწრაფებები აქვს და იმას არ გააკეთებს, რომ არსებობა უსახელოდ დაასრულოს. პირიქით, ყველა კარებს გავხსნით, რომ ყველა ადამიანს პარტიაში გაერთიანების უფლება ჰქონდეს.
თქვენი მხარდამჭერების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილს ეკუთვნის, ბოკერია კი, მისთვის პარტიის წართმევას და პარტიული რესურსის გამოყენებს ცდილობს. მათ პოზიციას იზიარებთ?
- მხარდამჭერების აზრები ძალიან განსხვავებული იყო და სოციალურ ქსელში ბევრი რამე იწერებოდა. ჩემი მხრიდან ამაზე კომენტარების გაკეთება სწორი არ იქნება. მით უმეტეს, როცა პოლიტსაბჭოს სხდომა ახლოვდებოდა, ზოგიერთი მხარდამჭერის აზრი ზედმეტად რადიკალური იყო. პარტია ხალხისაა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი აირჩია. ნებისმიერი ხელოვნური მცდელობა, რომ სააკაშვილი პარტიას და პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოშორდეს, წარუმატებელი იქნება.
გამორიცხავთ, რომ პარტიული დაპირისპირება, პარტიის დაშლით დასრულდეს?
- პრაქტიკულად, პარტიის გაყოფის შესაძლებლობას გამოვრიცხავ. რაიონული ორგანიზაციების 80 პროცენტმა თავისი მოსაზრება გამოხატა და არ მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელს უნდოდეს, რომ პარტიის უდიდეს უმრავლესობას დაუპირისპირდეს.