„საქართველოს მიმართ მუქარა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციის მთავარი „ღირებულებაა“

„საქართველოს მიმართ მუქარა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციის მთავარი „ღირებულებაა“

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციით, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციითაა დაინტერესებული იმ სფეროებში, სადაც ამისთვის საქართველოც მზად იქნება. თუმცა რუსეთს ეს არ უშლის ხელს, საკუთარი მისწრაფებები დაივიწყოს და აფხაზეთისა თუ ცხინვალის რეგიონის „თანამედროვე და დემოკრატიულ სახელმწიფოებად“ ჩამოყალიბებისთვის არ იზრუნოს.

რას ნიშნავს ურთიერთობის ნორმალიზაცია საქართველოსთან, როცა რუსეთის რიტორიკაში არაფერი შეცვლილა?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამავე კონცეფციის მე-60 პარაგრაფში საინტერესო ნიაუნსი წერია, რომელსაც არავინ მიაქცია ყურადღება. კერძოდ, ამ ფრაზის - „საქართველოსთან ნორმალიზებული ურთიერთობის განვითარება“ - შემდეგ მოყვანილია რუსეთის ერთგვარი სპეციალური წერილი-„ზაკავკაზიე“. შესაბამისად, კონცეფციის მე-60 პარაგრაფში რუსეთი განმარტავს, რომ საქართველოსთან ნორმალიზებული ურთიერთობის განვითარება იმ შემთხვევაში იქნება რეალური, თუკი ამიერკავკასიაში გათვალისწინებული იქნება რუსული ინტერესები.

„ეს სიტყვასიტყვით წერია და ეს ინტერესები რაც არის, უკვე გასაგებია. ეს არის სამხედრო ექსპანსიონიზმი, სამხედრო ძლიერების პოტენციალის გაზრდა და, შესაბამისად, ნატოსა და ამერიკელების ჰეგემონობის შეწყვეტა კავკასიის რეგიონში. მეორე მხრივ, იმ ქვეყნების საბოლოოდ დამორჩილება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსულ ინტერესებს. ამავე კონცეფციის თანახმად, რუსეთს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გამოყოფილი აქვს ცალკე ერთეულებად, რომელიც საქართველოსთან არანაირ კავშირში არ არის. ამდენად, ეს ცინიზმზე უფრო უარესია. ეს არის საქართველოს მიმართ გამოხატული მუქარა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე გავიგე ამ კონცეფციის „ღირებულება“, რომ რუსეთისგან არაფერ კარგს არ უნდა ველოდოთ ჩვენი მიმართულებით. პირიქით, ეს ფრაზები ისე უნდა გავიგოთ, რომ პუტინი არ აპირებს საქართველოსთან ურიერთობის ნორმალიზებას, ის აპირებს კონფრონტაციაში შესვლას და იმ ძალების მოყვანას ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც მის ინტერესებს დაიცავენ საქართველოში“, - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

ტრამპის გამარჯვებამაც ხომ არ უბიძგა რუსეთს ახალი აგრესიული კონცეფციის ჩამოყალიბებისას? ამის შესახებ ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ამ ნაბიჯისკენ რუსეთს უბიძგა ახალი ცივი ომის დაწყებამ და განვითარებამ, რომელიც დღეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების დონეზე მიმდინარეობს.

ექსპერტი სოსო ზაალიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა საქართველოსთან მიმართებით. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, არც საქართველოს შეუცვლია პოზიცია რუსეთთან მიმართებით. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ იმის გარანტია, რომ რუსეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ (ანუ ჩრდილო კავკასიას) საზღვრებს საქართველოს ტერიტორიიდან საფრთხე არ დაემუქრება. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, საქართველო ამ გარანტიას ვერ აძლევს რუსეთს.

სოსო ზაალიშვილის თქმით, ყველამ იცის, რომ ქართული პასპორტის მქონე ახმედ ჩატაევი ისლამური სახელმწიფოს ამირია. მისი პასპორტის ქართული წარმომავლობა კი დაადასტურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმაც. გარდა ამისა, ჩვენ ერთ ძმაზე ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ბათირაშვილები, ეს სამივე ძმა, მაღალ თანამდებობაზე არიან ისლამურ სახელმწიფოში.

„დღემდე ასეთი საფრთხე არსებობს, რომ ჩვენგან შეიძლება ჩრდილო კავკიასიაში შევიდნენ ჯიჰადისტები. თვითონ ჩრდილო კავკასიაში ნაკლებად არიან დარჩენილნი ჯიჰადისტები, ასეთი ხალხი წასულია სირიაში საომრად. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მოახერხებს, რომ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებს საფრთხე აღარ შეექმნებათ საქართველოდან, მაშინ რუსეთი გვპირდება, რომ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციითაა დაინტერესებული. ყოველ შემთხვევაში, ასე გავიგე რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია. ეს ნიშნავს, რომ, თუ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ხალხი იტყვის, რომ მათ სურთ ცხოვრება საქართველოსთან ერთად, რუსეთი ამას არ შეეწინააღმდეგება და პროვოკაციას აღარ მოაწყობს. ჩვენ არ უნდა დაგვაბრკოლოს იმან, რომ აფხაზები და ოსები საქართველოსთან ცხოვრებას რუსეთის ზურგისა და დაფინანსების გამო არასდროს დასთანხმდებიან. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ აფხაზებმა და ოსებმა ჩვენთან ყოფნა ისურვონ. ეს რუსეთისთვის დათმობას არ ნიშნავს.

ის, რომ ჯიჰადისტები აღარ შემოვლენ საქართველოს ტერიტორიაზე, ამის გაკეთება, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებშია. აქ მარტო საზღვრების გაკონტროლებას არ ვგულისხმობ, არამედ მთლიანად სპეცსამსახურების მუშაობას.

საზღვარი შეიძლება გააკონტროლო, მაგრამ, უბრალოდ, არ იცოდე, რომ შენს ტერიტორიაზე შემოსული კაცი ჯიჰადისტია. ამიტომ სხვა მუშაობაა საჭირო“.