„მიუხედავად იმისა, რომ აღიკვეთა სახელმწიფო გადატრიალება, ეს მოწმობს რამდენად სუსტდება ევროკავშირის თუ ნატოს უსაფრთხოების საყრდენები და რამდენად იკიდებს ფეხს ევროპაში რუსული გავლენები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე. ექსპერტის განცხადებით, ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ, მსოფილო შესაძლოა „ევროპის პატრიოტული გაზაფხულის“ წინაშე აღმოჩნდეს.
for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
ძალიან მნიშვნელოვანია როგორ არჩევანს გააკეთებენ იტალიელები და ფრანგები. თუ გავითვალისწინებთ კანდიდატების პოლიტიკურ გემოვნებას, შეიძლება საერთოდ ეჭვქვეშ დადგეს ევროკავშირის არსებობის საკითხი?
ხათუნა ლაგაზიძე: გუშინ იტალიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის ინიციატორიც არის მოქმედი პრემიერ-მინისტრი რენცი, რომელმაც გამოაცხადა, რომ თუ ის ვერ მოიგებს რეფერნდუმს, გადადგება. ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში კი, წარმატებას რეალური შანსი აქვს კონსერვატიულ და ულტრანაციონალისტურ ძალებს და თუ ისინი შეძლებენ მთავრობის ფორმირებას, დიდი ალბათობით მოითხოვენ იტალიის მიერ ევროზონის დატოვებას. ეს პოლიტიკური მიწიძვრის ტოლფასი გახდება ევროკავშირისთვის, რომელსაც სულ რამდენიმე თვის წინ დიდი ბრიტანეთი გამოეყო.
ამას თუ დაემატება მაისში საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენის გამარჯვება, რომელიც ითხოვს საფრანგეთის გამოსვლას ევროკავშირიდან და ნატოდან, ჩავთვალოთ, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ევროპის კონტინენტზე იმგვარი პოლიტიკური რყევების მომსწრენი გახვდებით, როგორიც, მინიმუმ, ბერლინის კედელის ნგრევის შემდეგ არ ყოფილა, ოღონდ ამჯერად, ნგრევა შეიძლება თავად ევროკავშირს შეეხოს.
ეს არის ის ახალი რეალობა, რომელზეც საქართველოს მოუწევს ანგარიშის გაწევა?
- სწორედაც. საქართველოს მოუწევს ანგარიშის გაწევა ამ ახალი რეალობისთვის. ამ ფონზე, როდესაც ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაციაზე. თუნდაც ის, რომ ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღება გადაიდო სწორედ მაისამდე, ანუ მანამ, სანამ საფრანგეთი არ აირჩევს ახალ პრეზიდენტს. ეს კი, უზარმაზარი დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის პერსპექტივაზე.
რატომ?
- საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ერთმანეთს ებრძვის ორი კონსერვატორი კანდიდატი, რომელთანაგ ერთი, მარინ ლე პენი, პირდაპირ მოითხოვს საფრანგეთის ევროკავშირიდან და ნატოსგან გამოსვლას. მემერჯვენე ძალების წარმომადგენელია ფრანსუა ფიიონი, მორწმუნე კათოლიკე, არის ევროპის ისლამიზაციის კატეგორიული წინააღმდეგი, მიგრაციის მაქსიმალური შეზღუდვის მხარდამჭერი. ასევე, რაც განსაკუთრებით ნიშანდობლივია, უკრაინის მოვლენების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრეა.
საფრანგეთის საპარეზიდენტო არჩევენებში მონაწილე ორივე კანდიდატი პუტინისადმი სიმპატიით გამოირჩევა, ეს რას ნიშნავს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების კუთხით?
- ეს ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთის ახალი ხელისუფლების პოზიცია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ამჟამად მოქმედზე გაცილებით ხისტი იქნება, თუ საერთოდ ვისაუბრებთ ევროკავშირის არსებობაზე იმ ფორმატით, რა ფორმატითაც დღეს არსებობს. ასე რომ, სრულიად სხვა განზომილებაში გადადის მსოფლიო პოლიტიკა და ამ დროს, საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენ მე-20 საუკუნის 90-იან წლებს არ გავშორებივართ, იმავე კრიტერიუმებით ვაზროვნებთ.
ვეროპის სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო ეხვევიან რუსეთის გავლენის ქსელში. რუსეთის მხრიდან გავლენის გაფართოების მეთოდები ამოუწურავია. მონტენეგროში, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე ნატო-ს წევრი უნდა გახდეს, ოქტომბერში აღიკვეთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ითვალისწინებდა არჩევნების დღეს პარლამენტში შეჭრას, მის ძალისმიერ აღებას და პრემიერ-მინისტრის მკვლელობას.
გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილები ერთდროულად დააკავეს როგორც სერბეთში, ასევე მონტენეგროში. მათ შორის იყვნენ როგორც ყოფილი სერბი ძალოვნები, ასევე ძირითადად რუსი ნაციონალისტები, რომელთა უმეტესობა რუსეთის ეგიდით მონაწილეობდა უკრაინის მოვლენებში.
გამოდის, რომ რუსეთის ორგანიზებული და მხარდაჭერილი იყო სახელმწიფო გადატრიალება ნატოს პოტენციურ წევრ სახელმწიფოში?
- მონტენეგროს გენერალური პროკურორი ამბობს, ეს იყო რუსი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი გადატრიალების მცდელობა. ისინი პირდაპირ ხელს ვერ იშვერენ რუსეთის ოფიციოზისკენ, მაგრამ ზუსტად იმ დღეს, როცა მოხდა გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა დაკავება, ბელგრადში ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩაფარცხა ეს სკანდალი.
რაში სჭირდებოდა რუსეთს მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალება, რას იგებდა ამით?
- რუსეთისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მონტენეგროზე გავლენის შენარჩუნებას. იმიტომ, რომ მისი მეშვეობით ადრიატიკის ზღვაში გააკონტროლებდა ორ უმნიშვნელოვანეს საზღვაო პორტს, ისევე როგორც მნიშვნელოვანი მოკავშირე ეყოლებოდა ბალკანეთის რეგიონში.
რაზე მეტყველებს რუსეთის მხრიდან შუაგულ ევროპაში ხელისუფლების გადატრიალების გზით შეცვლის მცდელობა?
- მიუხედავად იმისა, რომ აღიკვეთა სახელმწიფო გადატრიალება, ეს მოწმობს იმას, რამდენად სუსტდება ევროკავშირის თუ ნატოს უსაფრთხოების საყრდენები და რამდენად იკიდებს ფეხს ევროპაში რუსული გავლენები. რაც შეეხება ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში პუტინისადმი თუ დღევანდელი რუსეთის იდეოლოგიისადმი პოზიტიურად განწყობილი ძალების არსებობას, ასეთების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.
თუმცა, ესეც არის დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ტენდენცია...
- საფრანგეთის შემთხვევაში სხვა არჩევანი არც არის. ორი კანდიდატიდან, რომელიც არ უნდა აირჩეს, უფრო პრორუსულ პოლიტიკას გაატარებს, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება, რაც თავისთავად მზარდ ევროსკეპტიციზმსაც ნიშნავს. მთლიანობაში, 2017 წელს ევროპის 10-ზე მეტ ქვეყანაში დაგეგმილია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, სადაც სწორედ ულტრამემარჯვენე კონსერვატიული და ნაციონალისტური ძალების გამარჯვებას ელიან.
ამ პროცესს ძალიან საინტერესო სახელი დაარქვა ჰოლანდიის „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა ვილდერსმა, რომელიც სერიოზული პოპულარობით სარგებლობს საკუთარ ქვეყანაში, მისი პარტია ასევე მომხრეა ჰოლანდიის მიერ ევროკავშირის დატოვების. ამ პროცესებს მან უწოდა „ევროპის პატრიოტული გაზაფხულები“.
თვისთავად საინტერესოა მიზეზი, რატომაც არის ნიშანდობლივი ეს დასახელება „ევროპის პატრიოტული გაზაფხულები“?
- ის რაც დღეს ხდება ევროკავშირში, ეს არის პირდაპირი შედეგი ე.წ. „არაბული გაზაფხულების“, რომელიც სწორედ დასავლეთის მიერ იყო ინსპირირებული და მხარდაჭერილი ეგვიპტეში, ლიბიასა თუ სირიაში. ამ „არაბულმა გაზაფხულებმა“, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში დაუსრულებადი სისხლისმსმელი კონფლიქტები გამოიწვია, წარმოშვა მიგრანტთა მილიონიანი უკონტროლო ნაკადები, რომელიც შეესია ევროკავშირის ქვეყნებს და რომელმაც ევროპის ყველა პრობლემა გააშიშვლა - თურმე მისი უსაფრთხოება არ ყოფილა ისე უზრუნველყოფილი, როგორც ევროპელებს აქამდე ეგონათ, არც მისი საზღვრები არ ყოფილა სათანადოდ დაცული და არც მათი კულტურული, რელიგიური და ეროვნული იდენტობა. არაფერს ვამბობ იმ სოციალურ კრიზისზე, რომელმაც კარგა ხანია ევროკავშირი მოიცვა. მიგრანტთა კრიზისმა ზედაპირზე ამოიტანა ევროპის საზოგადოებების უკმაყოფილება საკუთარი მმართველი ელიტების მიმართ, რაც შეიძლება დამანგრეველი შედეგით შემოუბრუნდეს ევროკავშირს.
კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ეს კონსერვატიულ-ნაციონალისტურ-პოპულისტური ძალები იმაგრებენ პოზიციებს, არის გერმანია. კიდევ ერთი ძლიერი ქალი გერმანულ პოლიტიკაში, ოთხი შვილის დედა - ფრაუკე პეტრე, რომელსაც გერამანელები სიყვარულით ოდრი ჰეპბერნს ადარებენ და ამბობენ, რომ გერმანიის „დედის“ როლს ის უფრო მიესადაგება, ვიდრე ანგელა მერკელი. ზუსტად ის ამბობს ასეთ ფრაზას -„მიგრანტების კრიზისი ჩვენი წარმატების კატალიზატორი აღმოჩნდაო“. ისიც ასევე ითხოვს გერმანიის ისლამიზაციისგან დაცვას.
ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს საქართველოს ახალ ხელისუფლებას უწევს შესვლა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში როგორი მზარდია კეთილგანწყობა რუსეთის მიმართ: სლოვაკეთის, ჩეხეთის, პოლონეთის პირველი პირები აქტიურად ითხოვენ რუსეთისთვის სანქციების მოხსნას; ბულგარეთსა და მოლდოვაში სათავეში მოვიდნენ რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი პრეზიდენტები; უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არ ერიდება განცხადებას, რომ „რუსეთის გარეშე უნგრელების მომავლის უზრუნველყოფა შეუძლებელია“. ბულგარეთის ეკონომიკის, უძრავი ქონების და განსაკუთრებით ყველაზე ღირებული უძრავი ქონების უზარმაზარი წილი მოდის რუსეთზე. ასე რომ, ეკონომიკურად და ენერგეტიკულად ბულგარეთი, ლამის რუსულ „ნემსზეა“ შემჯდარი.
რა გახდა პრორუსული განწყობების მოძლიერების საძირკველი?
- ფაქტობრივად, რუსეთმა ისარგებლა მისთვის ხელსაყრელი ნიადაგით. რეალურად მოხდა ისე, რომ ევროპული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ილაშქრებს ე.წ. ლიბერალიზმის „დიქტატის“ წინააღმდეგ. რატომ დიქტატი, სად ლიბერალიზმი და სად დიქტატი? - იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ლიბერალიზმისთვის სულ უფრო მიუღებელი გახდა კომპრომისი და განსხვავებული აზრის მოსმენა. განსაკუთრებით ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიც არის გეი-წყვილების ქორწინება ან ტრანსგენდერთა უფლებების დაცვის საკითხი.
ამერიკელები თავად ამბობენ, რომ ლიბერალები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ქვის ხანის ადამიანებად მიიჩნევენო. ამიტომაც, ამ პროცესებს გარდა „პატრიოტული გაზაფხულებისა“, ტრადიციულ ფასეულობებთან დაბრუნების რევოლუციებსაც უწოდებენ. თუმცა, ამ საფარქვეშ შეიძლება ძალიან მძიმე პროცესები განვითარდეს, რამაც ევროკავშირის დეცენტრალიზაციამდე მიგვიყვანოს.
მხოლოდ ამ პროცესებმა მოუსუფთავა რუსეთს ასპარეზი წარმატებული იდეოლოგიური ომისთვის?
- პუტინი ზუსტად მიხვდა, რა იყო სუსტი წერტილი იდეოლოგიისა და ტრადიციული ღირებულებების გარეშე დარჩენილი ევროპისთვის. ეს იყო ოჯახი, როგორც მთავარი ღირებულება და ეს იყო ერი - სახელმწიფოს ცნება და პუტინი ამ ღირებულებების მთავარი მედროშე გახდა კონსერვატიული ევროპისთვის. თავისი იდეოლოგიური გავლენების გავრცელების გზაზე რუსეთი წარმატებულად იყენებს ახალ, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, სოციალურ ქსელებს, სხვადასხვა ტიპის საიტებსა თუ ფორუმებს, რომელთა მეშვეობითაც ახდენს ევროპის კონსერვატიულად განწყობილი საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის მობილიზაციას. და სწორედ ამიტომ გახდა პუტინის მზარდი გავლენა ასეთი საშიში, როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის. ამ დღეებში ამერიკამ უზარმაზარი თანხა გამოყო რუსულ იდეოლოგიურ გავლენასთან საბრძოლველად.
შექმნილ ვითარებაში ვინ და რამ შეიძლება ევროპაში რღვევის ერთგვარი შემაკავებელი როლი იკისროს?
- ასეთი საყრდენი შეიძლება ერთადერთი ისევ აშშ იყოს, რომელმაც ამ ეტაპზე თვითონ არ იცის, როგორი საგარეო პოლიტიკა და პრიორიტეტები ექნება. ყველაზე სახიფათო ჩვენთვის გახლავთ ის, რომ ტრამპს სულ უფრო ხშირად სთავაზობენ უარი თქვას „ცივი ომის“ შემდგომ რეალობაზე, როდესაც აშშ იყო ერთადერთი სუპერ-სახელმწიფო და ფაქტობრივად, ის „განკარგავდა“ მსოფლიოს უსაფრთხოების ტენდენციების. სანაცვლოდ მას სთავაზობენ, რომ დაუბრუნდეს კვლავ „ძალთა ბალანსის“ პოლიტიკას, ანუ რამდენიმე სუპერ-სახელმწიფოს მიერ მსოფლიო წესრიგის „ერთობლივად“ უზრუნველყოფას, რაც თავისთავად, ნიშნავს იმას, რომ ამ სახელმწიფოებს ექნებათ თავისი გავლენის სფეროები. ანუ ამ ფორმალურ, თუ არაფორმალურ შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებს ეცოდინებათ, რომ ისინი აღიარებენ სხვა პარტნიორი ქვეყნების გავლენის სფეროებს. ამ შემთხვევაში, თავისთავად, რუსეთსაც ექნება გავლენის სფეროები, რომელის არსებობას აღიარებენ როგორც ევროპის, ასევე ამერიკის ქვეყნები.
მაგრამ ეს უკვე რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- თუ ვინმეზე შეიძლება ეს უპირველესად აისახოს, სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებზე, რომლებმაც ვერ მოასწრეს ნატოსა და ევროკავშირში შეღწევა, ეს არის - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ტრამპს ურჩევენ უკრაინამ უარი თქვას თავის მისწრაფებაზე ნატოსკენ ან ევროკავშირისკენ, გამოაცხადოს უბლოკო სტატუსი და მას მიეცეს არჩევანის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დამყარების თავისუფლება.
ნიშანდობლივია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის პირველი სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპთან, რომელიც ამ საუბრის შემდეგ შეშფოთებას ვერ მალავდა. ტუსკმა აღნიშნა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, გაცილებით რთული იქნება დასავლეთის ერთიანი პოლიტიკის შენარჩუნება რუსეთთან მიმართებაში. ასევე აღნიშნა, რომ „შევეცადე ტრამპის ყურადღება გამემახვილებინა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, მაგრამ მან საუბარი არჩია ბრიტანეთის ევროკავშირიდან დაგეგმილ გამოსვლაზეო“. ამ საუბრის შემდეგ ტუსკი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ტრამპისთვის უფრო მნიშვნელოვანია „ბრექსიტი“, ვირდე ევროპის აღმოსავლეთიო.
ეს არის მთავარი ნიშნები, რასაც საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს თავისი პოლიტიკის ფორმირებისას. ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად ფრთხილები ამ სიტუაციაში და მეორე მხრივ, ინოვაციურები - ჩვენს საკეთებელს სხვა არ გააკეთებს. ზუსტად უნდა გვედოს პულსზე ხელი, რა ხდება დღეს რეალურად მსოფლიო პოლიტიკაში, რა რისკებს, საფრთხეებს და გამოწვევებს გვიმზადებს ასეთი ძალიან სწრაფად ცვალებადი დასავლური სამყარო, რომელიც დღემდე იყო საქართველოს უსაფრთხოების მთავარი ბალიში, თუ ერთადერთი არა.