„ნატო გაფართოებას უახლოესი 5 წლის მანძილზე არ გეგმავს“, - აცხადებს ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი კრეგ კენედი და აქვე ამბობს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა ნატო-ს წევრობისთვის და დაელოდოს მომენტს, როდესაც ალიანსი გაფართოებას გადაწყვეტს. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კენედი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრობა მხოლოდ სტანდარტების უზრუნველყოფით არ მიიღწევა და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაცაა, თუმცა მთავარია ქვეყნები მზად იყვნენ, როცა ალიანსი ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„საქართველომ, ისევე როგორც ნატო-ს წევრობისკენ მიმავალმა ყველა ქვეყანამ, უნდა გააგრძელოს მუშაობა და წევრობისთვის აუცილებელი სტანდარტები და მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ამავდროულად მათ უნდა ჰქონდეთ რეალისტური მოლოდინები. უახლოეს მომავალში ალიანსის უფრო მეტად გაფართოება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ეს ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმ მომენტისთვის, როცა ალიანსი გაფართოების მორიგ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც შესაძლოა 5 ან 10 წელიწადში მოხდეს“, - აცხადებს კრეგ კენედი.
ამერიკელი მკვლევარისგან განსხვავებით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას ყველამ პატივი უნდა სცეს და არ ჩაერიოს ამ არჩევანში.
„ნატოს გაფართოება ხელს უწყობს სტაბილურობას და მშვიდობას ევროპაში. ნატო მნიშვნელოვანი ელემენტია თავისუფალი და ერთიანი ევროპისთვის. თითოეულ ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც უფლება აქვს თავისი გზა აირჩიოს. საქართველომ და ნატო-მ უნდა გადაწყვიტონ, იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი, სხვა არავინ უნდა ჩაერიოს ამაში. ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა და საფრთხეს არავის უქმნის. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ამიტომაც ნატოსკენ მის მისწრაფებას ყველამ პატივი უნდა სცეს და არ ჩაერიოს ამ არჩევანში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რესპუბლიკელი კონგრესმენის მაიკ ტერნერის განცხადებით, ნატო პროგრესული ორგანიზაციიდან ბიუროკრატიულ ორგანიზაციად გადაიქცა.
„ნატო-მ წინსვლა და გაფართოება უნდა გააგრძელოს, ბევრ რამეს უნდა გადახედოს, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ჩართულები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით რეალობაში, სადაც ნატო იქნება აგრესორი რუსეთის პირისპირ. ჩვენი ევროპელი მეგობრები ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას, რადგან ისინი უკვე ნატო-ში არიან. მე პირიქით ვიტყოდი, თავდაცვაზე მეტი ზუსტად იმიტომ უნდა დავხარჯოთ, რომ ნატო-ს წევრები ვართ“, - აცხადებს მაიკ ტერნერი.
მაიკ ტერნერის განცხადებით, ნატო-ს მომავლისთვის სამი რამ არის მნიშნელოვანი - პირველი შეკავების პოლიტიკის გაძლიერებაა, რათა ალიანსმა რუსეთისგან მომავალი საფრთხეები შეაკავოს, მეორე ალიანსის წევრების მიერ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა და მესამე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებაა. აღსანიშნავია, რომ 2004 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ნატო-სთან ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა (IPAP) შეიმუშავა. 2008 წლის აპრილში ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. 2008 წლის დეკემბერში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, IPAP-ის პროგრამა ყოველწლიურმა ეროვნულმა პროგრამამ (ANP) შეცვალა. რაც წარმოადგენს საქართველოსა და ალიანსს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს და ხელს უწყობს საქართველოს თავსებადობას ნატო-სთან.
2010 წლის აგვისტოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შემუშავდა თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტი ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო გეგმა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გადაიხედება. თანამშრომლობის ეს გეგმა განსაზღვრავს ნატო-საქართველოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მთავარ ამოცანებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს.
2011 წლის დეკემბერში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველო მოხსენიებულ იქნა, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა. 2014 წლის 4-5 სექტემბერს ნატო-ს სამიტზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ასპირანტ ქვეყნებს შორის ნატო-სთან ყველაზე თავსებად პარტნიორად საქართველო აღიარეს და სხვა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია, იორდანია) ერთად „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების“ ჯგუფში მიიწვიეს.
ამ სამიტის ფარგლებში საქართველომ მიიღო ნატო-სთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი, რომელიც განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთხოებას, გააძლიერებს თავდაცვისუნარიანობას და კიდევ უფრო აამაღლებს ნატო-სთან თავსებადობას. ახალი ინიციატივის თანახმად, ნატო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი საქართველოში, საქართველო უფრო მეტად ინტეგრირებული ალიანსში და მეტად დაახლოებული ნატო-ში გაწევრიანების მიზანთან. შესაბამისად, ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოს აქვს შანსი გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.
„ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ ვადებზე საუბარი სპეკულაცია იქნება, რადგან საქართველოს გაწევრიანება ნამდვილად არ მოხდება წელს, ან მომავალ წელს. მისი თქმით, საქართველო ამ ეტაპისთვის საერთაშორისო სისტემაში ჩამოყალიბების პროცესში არის. საქართველოს აქვს ლტოლვილთა პრობლემა ევროპაში, ასევე, პრობლემურია პრორუსული ძალების გააქტიურება და რაც მნიშვნელოვანია, არ ვიცით როგორი იქნება ამერიკის ადმინისტრაციის პოლტიკა.
„ამის ფონზე ნამდვილად რთულია იმის თქმა, როდის მოხდება ჩვენი გაწევრიანება. ჯერ, ალბათ, უნდა მოხდეს გადაჯგუფება, დალაგება და შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საქართველოს პერსპექტივაზე. თუმცა, ნატოს არსად არ მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება, რომ გაფართოება არ იქნება 5 წელი. ნატოს განცხადებაა, რომ ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას.
რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას, სპეკულაცია იქნება ვადებზე საუბარი. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ მოხდება წელს და მომავალ წელს. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორი იქნება დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ და თვითონ რუსეთის პოზიცია როგორი იქნება საერთაშროსიო სისტემაში უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში, გაძლიერდება მისი პოზიციები, თუ შემცირდება.
ასევე მნიშვნელოვანია როგორი იქნება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და როგორი იქნება ევროპის უსაფრთხოების სისტემა. ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის და აქიდან გამომდინარე შეიძლება ვისაუბროთ საქართველოს გაწევრიანებაზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.
რა კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობა ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი კრეგ კენედი, როდესაც აცხადებს, რომ ნატო გაფართოებას უახლოესი 5 წლის მანძილზე არ გეგმავს, ამის შეფასება უჭირს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილის, რომლის განცხადებით, ზოგადი თეზისი იმის შესახებ, რომ საქართველომ ინტენსიურად უნდა იმუშაოს და მზად იყოს მომენტისათვის, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნება, სწორია და ეს არის საქართველოს სამომავლო სტრატეგია. მათ შორის არა მხოლოდ ნატოსთან ურთიერთობაში, არამედ ევროკავშირთან ინტეგრაციის ხაზით.
„რაც შეეხება უახლოეს წლებს, მოგეხსენებათ, რომ რაიმე პროგნოზის გაკეთებისგან ყველა თავს იკავებს მანამ, სანამ მეტ-ნაკლებად ნათელი არ გახდება უამრავი საკითხი, რომელიც დღეს ძალიან მწვავედ დგას. კერძოდ, როგორი იქნება ტრამპის ახალი ადმინსიტრაციის პოლიტიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანისის მიმართ. როგორი იქნება ევროპა ბრიტანეთის ბრექსიტის პროცესის დასრულების შემდეგ, ჯერ-ჯერობით ბრექსიტი მხოლოდ განაცხადია და მეტი არაფერი. ასევე, მნიშვნელოვანია რა მოჰყვება არჩევნებს საფრანგეთში, გერნამიაში. საბოლოო ჯამში, სხვა საკითხებთან ერთად, ეს ყველაფერი განაპირობებს იმასაც, რამდენად აქტიური იქნება ალიანისი გაფართოების თვალსაზარისით“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მუჩაიძის შეფასებით, მსგავი სახის განცხადება არ გაკეთებულა ნატოს პირველი პირის მხრიდან, შესაბამისად, გადაჭარბებულია ნიჰილიზმის გამოწვევის შესაძლებლობა. რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს, დღევანდელი მდგომარეობით შემდეგ სამიტამდე არ არის დღიწესრიგში გაფართოება საქართველოს მიმართულებით. საუბარია მონეტენეგროზე, რომელიც მომავალ წელს ოფიციალურ ხდება ნატოს წევრი.
„რაც შეეხება ჩვენი მომზადების პროცესს, ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანწილად დააჩქარებს ჩვენს საწინააღმდეგო არგუმენტების ნეიტრალიზაციას და ჩვენს მიმართ კრიტიკული მასის მხარდაჭერის დაგროვებას. ასეთი პრეცედენეტი იყო სწორედ აღმოსავლეთ ევროპის და მათ შორის ბალტიის ქვეყნების მიმართულებით, როდესაც გაფართოების პირველ ეტაპზე არ იყო გახნილი მათთვის სტრატეგიული ფანჯარა.
მაგრამ აღებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებისა და შიდა რეფორმეირების წარმატებით განხორციელების შემდეგ, ძალიან სერიოზულად დადგა მათი საკითხი, როდესაც გამოჩნა ეს სტრატეგიული ფანჯარა, მაშინვე გადაწყდა მათი გაწევრიანების საკითხი. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, არავინ არ იცის ეს ფანჯარა როდის გაიღება 2 წელიწადში, 3 თუ 4. იცით, არავინ არ იცოდა, რომ ნატო ასე სწრაფად გადააკვალიფიცირებდა რუსეთს სტრატეგიული პარტნიორიდან სამხედრო მოწინააღმდეგ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.
ექსპერტი სოსო ცინცაძე განმარტავს, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთს იმისათვის, რომ ნატო კავკასიაში არ შემოუშვას და ამისთვის მზად არის ომი დაიწყოს, რაც 2008 წელს ერთხელ უკვე დაუმტკიცა დასავლეთს. როგორც ცინცაძე აცხადებს, მაში დასავლეთს არ ეყო პოლიტიკური ნება, რომ მიეღო გადაწყვეტილება. მისი თქმით, მაშინ დასავლეთს რომ ჰყოლოდა ტეჩერის, რეიგანის და დეგოლის მსგავი ლიდერი, რუსეთი ვერ გაბედავდა საქართველოში შემოვლას, ან თუ შემოიჭრებოდა ძალიან ძვირად დაუჯდებოდა.
„რატომ ითმენს პუტინი კადიროვს? იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მეციხოვნეა. კადიროვის შვილებმა 180 ათას დოლარიანი პორშე აჩუქეს თავიანთ მწვრთნელს, მაშინ როდესაც რუსეთი შიმშილებს, მაგრამ ითმენს მას რუსეთი. ეს ადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს რუსეთისათვის კავკასიას. რუსეთი ომის დაიწყებს, მაგრამ ნატო კავკასიაში არ შემოუშვებს, ეს 2008 წელს ერთ უკვე დაუმტკიცა დასავლეთს.
მედვედევმა ღიად განაცხადა, რომ ომი დავიწყე რადგან რეალურად დადგა საქართველოსათვის მაპის მინიჭების საკითხი და დასავლეთს დავანახე, რომ კავკასიაზე გადის წითელი ხაზი, კავკასიაში ნატოს საზღვრები არ იქნებაო. ეს არის რუსეთის პოზიცია. გავიხსენოთ პოლონეთის და აღმოსვლეთ ევროპოს ნატოში შესვლა. მაშინ ხავიერ სოლანა იყო ნატოს გენერალური მდიანი, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი. მთელი ღამე მიდიოდა მოლაპარაკება, მაგრამ პრიმაკოვმა დასავლეთი ვერ გატეხა და იცით რატომ? იმიტომ, რომ მაშინ სხვა დრო იყო. მართალია რუსეთი იმუქრებოდა, მაგრამ ძალა არ ჰქონდა, დასავლეთმა ამით ისარგებლა, აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება და მშვენივრად მიიღეს პოლონეთი და ბალიტიის ქვეყნები“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისი თქმით, დღეს დასავლეთს პოლიტიკური ნება არ აქვს, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის შემთხვევაში, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მზად არის ძალა გამოიყენოს.
„მაშ შემდეგ რაც ცივი ომი დამთავრდა ევროპელებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ არაფერი არ გვემუქრება და ამიტომ ნატო რად გვინდა. ამერიკელებს თუ უნდათ ნატო, კი ბატონო შეინახონო და თავად საკუთარი უსაფრთხოებისთვის ფულს არ იხდიან. დასავლეთი და ევროპა გაზულუქდა. დღეს რუსეთის და ევროპის არმია ერთი არ არის. რუსეთს არ აქვს ფული, რომ პენისები დაარიგოს, ხელფასებს ვერ არიგებენ, მაგრამ ჯარს არაფერი არ აკლდება. ამიტომ, სანამ რუსეთი იქნება ისეთი, როგორც დღეს, ნატოში არავიან არ მიგვიღებს, ხუთი კი არა, ოცი წლიც რომ გავიდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.