მთავრობა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე საქართველოს რკინიგზის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების 25%-ის გაყიდვას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან უკვე ჰქონდათ მოლაპარაკება რკინიგზის და ნავთობის და გაზის კოორპორაციის 25%-ის ბირჟაზე განთავსებასთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილის თქით, შესაბამისი საბაზრო კონიუნქტურის შემთხვევაში მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო პერიოდს დაველოდოთ. შარშან ნამდვილად არ იყო ამ კუთხით საუკეთესო დრო. ეს არის ძალიან საფრთხილო და სწორად გასაკეთებელი საკითხი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნავთობისა და გაზის კოპრორაციის აქციების შესყიდვით დაინტერესება უკვე გამოთქვა აზერბაიჯანულმა კომპანიამ „სოკარმა“. თუმცა, „სოკარის“ ინტერესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს ფინანსთა მინისტრს. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის და საქართველოს რკინიგზის აქციების 25%-ის განთავსება ლონდონის ან შანხაის ბირჟებზე იგეგმება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ბირჟები შეიძლება იყოს ლონდონი ან შანხაი. შესაბამისად, ეს არის ღია განთავსება. აქ არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი კონკრეტული დაინტერესებული პირის ინტერესზე ლაპარაკი და არც გვაქვს ასეთი პირის ინტერესი. კონსულტანტებთან ერთად გვინდა შევარჩიოთ საუკეთესო მომენტი ამ 25%-ის წილის ბირჟზე გატანის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, თუ ლონდონში მოხდება აღნიშნული განთავსება, საქართველოს არა სამი, არამედ 5 კომპანია ეყოლება ლონდონის ბირჟაზე, რაც საქართველოს ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის. ეკონომიკის ექსპერტის აკაკი ცომაიას განცხადებით, 25%-ანი წილის ბირჟაზე გატანა არ ნიშნავს, რომ ინვესტორები, ვინც გახდებიან აქციების მესაკუთრეები, დაეუფლებიან საკონტროლო პაკეტს და შეძლებენ გადაწყვეტილებების მიღებას.
„აქედან გამომდინარე, რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ აქციებს იყიდან რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესემენები, იმისათვის, რომ რუსული პოლიტიკა გაატარონ საქართველოში, საფრთხე იხსნება. ამავე დროს, თუ „სოკარს“ აქვს დაინტერესება, რომ შეისყიდოს 25% აქციების, თავისთავად უკვე ნათელია, რომ საფრთხე არ არის. ზოგადად, სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორში გადაცემას, თუნდაც ამ ფორმით, რა თქმა უნდა, მივესალმები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას აკაკი ცომაია.
მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ეს ერთი მხრივ უზრუნველყოფს დამატებით უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში და გარდა ამისა, რაც უფრო კერძო ფაქტორი ჩაერთვება ამ პროცესში, მით უფრო გაჯანსაღდება სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც არაპროდუქტიული არიან მაშინ, როდესაც სახელმწიფოს საკუთრებაში არიან.
„ამდენად, მოცემულ ინიციატივაში პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, მივესალმები კიდეც. ჩვენ ამ პროცესით ვიგებთ იმას, რომ დამატებითი კაპიტალი იქნება მოზიდული, რომელიც შეიძლება მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული მომავალში რკინისგზის, ან სხვა სახელმწიფო საწარმოების უფრო ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. გარდა ამისა, უცხოური ვალუტა შემოდის და შესაბამისად, თუ ეს სფერო მომგებიანი გახდა, მაშინ ამ აქციებზე კურსიც მოიმატებს მომავალში, რაც დამატებით სარგებელს მოიტანს.
ანუ, უმჯობესია კერძო სექტორში იყო ისე, როგორც გეგმავენ ამის გაკეთებას, ვიდრე დარჩეს სახელწმიფოს 100%-იანი წილით, სადაც სახელმწიფო იქნება მესაკუთრე და საერთო ჯამში, პროდუქტიულობა შემცირდება, მთლიანად გადავა სუბსიდირებულ მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს მოგვიწევს ამის შენახვა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას აკაკი ცომაიამ.
მთავრობის გადაწყვეტილებას, ლონდონის ან შანხაის ბირჟებზე საქართველოს რკინიგზის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25%-ის გაყიდვას, არ ეთახმება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, რისკი იმისა, რომ აქციები რუსეთის ხელში აღმოჩნდეს დიდია. მისი თქმით, თავის დროზე ანალოგიური სურვილი სააკაშვილის ხელისუფლებასაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ სტრატეგიული ობიექტის გასხვისება აშშ-ის ჩარევის შედეგად ვერ მოხდა.
„ვყიდით არნახულ განძს, რომელსაც საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. ასეთი მცდელობები არაერთხელ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდშიც, როდესაც ხან რკინიგზის გაყიდვა მოისურვეს ლონდონის ბირჟაზე, ხან მაგისტრალური გაზსადენის გასხვისებაზე დაიწყო საუბარი.
კარგად მახსოვს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია, რომელიც საზოგადოებაში აღიქმებოდა, როგორც ადამიანის უფლებებზე თავდამსხმელი და არა დამცველი, თავის საჯარო გამოსვლებში ბრძანებდა, რომ დიახ, მისი პირადი ინიციატივით ამოიღო სტრატეგიული ობიექტების სიიდან მაგისტრალური გაზსსადენი. ცხადია, დიდი ხანია მყიდველი ხელის გულებს იფხანს იმის მოლოდინში, როდის და როგორ დაეუფლება საქართველოს რკინიგზას, ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
მისი თქმით, ლაპარაკი იმაზე, რომ ლონდონში გაიტანენ აქციებს, თითქოს იქ კრემლი ხელს ვერ მიაწვდენს, არის ტყუილი, რადგან, კრემლს ხელი იქაც ადვილად მიუწვდება.
„თუ ჩვენ ასე გვიჭირს, რომ ბუნებით ნაბოძებ ტერიტორიას ვასხვისებთ და აგერ უკვე აზერბაიჯანულმა „სოკარმა“ გამოთქვა შესყიდვის სურვილი, რატომ არავის არ მოსვლია აზრად, რომ ჩვენი სახელმწიფოს სიმდიდრე საქართველოს მოქალაქეების საკუთრება გახდეს. მუდამ ვსაუბრობთ ენერგოდამოუკიდებლობაზე და ამ დროს ჩვენ თვითონ ხელს ვუწყობთ საფრთხეს, რომ საერთოდ არ დასჭირდება რუსეთს საქართველოსთან ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით საუბარი. თუ დროზე არ შეჩერდა ასეთი სურვილის აღსრულება, მაშინ გაჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ეს იდეა არ ეკუთვნის ჩვენს პრემიერ-მინისტრს, და რომ, ვიღაცას ქვეყნის ასეთის არხით გაძარცვის ვალდებულება აქვს ვიღაცის მიმართ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის შორენა ლორთქიფანიძის შეფასებით, საფრთხე იმისა, რომ საქართველოს სტრატეგიული ობიექტების 25% რუსეთის ხელში გადავიდეს, საკმაოდ მაღალია. მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ კორპორაცია მთლიანად აღმოჩნდეს სახელმწიფოს კონტროლის გარეთ.
„მსოფლიოში ასეთი კორპორაციების ფლობის სხვადასხვა მოდელები არსებობს. არის ისე, რომ სახელმწიფოს ექვემდებარება და პირიქით, არ არის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში. ჩვენ თუ ჩვენი ინტერესებიდან და კონტექსტიდან ამოვალთ, ისედაც ენერგორესურსებზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, კარგად ვიცით რუსეთის მიზნები და ინტერესები. ბუნებრივია, თავისი ინტერესები აქვს აზერბაიჯანს. აქედან გამომდინარე, როდესაც საქმე სტრატეგიულ ობიექტს ეხება, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა იყოს მიღებული. საბოლოო გადაწყვეტილებამდე აუცილებელია საჯარო დისკუსია და მეტი ცნობიერების ამაღლება, რატომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რამდენად აქვს მთავრობას გათვალისწინებული რისკები, ამ კითხვებზე პასუხი უნდა მივიღოთ მთავრობისგან“, - ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.
ლორთქიფანიძის განმარტებით, როდესაც საკითხი სტრატეგიულ ობიექტს ეხება, დაუშვებელია საკითხის უსაფრთხოების კონტექსტიდან გამოყვანა. მისივე თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აუცილებელია მეტი დასაბუთება, ამგვარი გადაწყვეტილების მიღების დროს რამდენად ითვალისწინებს მთავრობა უსაფრთხოების რისკებს და გამოწვევებს.
„ჯობია ყველა რისკზე ვილაპარაკოთ. თუ ვიტყვით, რომ ეს ჩვენი ეკონომიკისთვის კარგია, შეიძლება ცოტა მოტყუვდეს საზოგადოება, მაგრამ გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში რასთან გვაქვს საქმე, ამის განმარტება, ალბათ, კარგი იქნება საზოგადოებისთვის. რა მცდელობაც არ უნდა ჰქონდეს მთავრობას, როდესაც ენერგორესურსების განკარგვას ეხება საქმე, ვერანაირად ვერ იქნება პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხისგან მოშორებული.
ეს საკითხი უსაფრთხოების კონტექტიდან ვერ იქნება მოწყვეტილი. მით უმეტეს, ჩვენი ტიპის ქვეყნის პირობებში, რომელსაც საკუთრი არაფერი გააჩნია, რაც დაგვრჩა ისიც გაყიდულია და თუ რამე დაგვრჩა ისიც იყიდება. ამიტომ, საჭიროა მეტი დასაბუთება მთავრობის მხრიდან, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ხოლო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ფართო დისკუსია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძემ.