„ვიღაცეებს რომ ჩაეძინათ თავიანთ კაბინეტებში, ამისი ბრალია ყველაფერი“

„ვიღაცეებს რომ ჩაეძინათ თავიანთ კაბინეტებში, ამისი ბრალია ყველაფერი“

ლარის გაუფასურების პროცესში ეროვნული ვალუტა მორიგ შოკს განიცდის, თუმცა ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პროცესი მალე სტაბილური გახდება.

„ლარმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, რაშიც ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკაა დამნაშავე“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა, რომელმაც ყურადღება ბანკების არაპროფილურ საქმიანობაზე გაამახვილა და ეს „გამოწვევად“ შეაფასა.

პანიკას ეროვნული ბანკიც ეხმაურება და ელოდება ეროვნული ვალუტის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და ევროსთან მიმართებაში.

„ველოდებით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცხადია, როგორც ნებისმიერი პანიკა სავალუტო ბაზარზე, ლარის მორიგი „გაქცევაც“ უმოკლეს დროში ამოიწურება, თუმცა ეროვნული ვალუტა ისედაც უფასაურდებოდა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში და ცოტა ხნის წინ, მთავრობამ სავალუტო ბაზრის გადარჩენის გეგმაც წარადგინა - ძირითადი არსი დედოლარიზაციის პროცესის დაწყებაა. ფინანსურ ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით იაკობიძე გვესაუბრება.

ბატონო დავით, გასულ წლებში სავალუტო ბაზარზე არაერთი პანიკა გადაგვიტანია, მაგრამ ვიდრე ეს პროცესი დაიწყებოდა ეროვნული ვალუტა თანდათანობით, მაგრამ ყოველდღიურად მაინც უფასურდებოდა. რა ობიექტური ფაქტორები განაპირობებდა ამას?

- ეს სხვადასხვა პროცესებია. პანიკა ეს არის ხალხის რეაქცია, რომელსაც სხვადასხვა მიზეზები განაპირობებს, მათ შორის, უპასუხისმგებლო განცხადებებიც. დღეს ჩვენ ღია ბაზარი არ გვაქვს - ფულის ბაზარზე ბანკები მუშაობენ და მათ თავიანთი საქმე იციან, შედარებით პროფესიონალები არიან და ვიმედოვნებ, არ აყვებიან ამ ლაპარაკს, მაგრამ პიკანტურმა შეფასებებმა, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებით პედალირებენ ზოგიერთი, საქმეში ჩაუხედავი ადამიანები, მოსახლეობაში შეიძლება გამოიწვიოს პანიკა.

უფრო სწორად, ამან მხოლოდ პანიკა კი არა, ინფლაციური პროცესებიც კი გამოიწვია. იმპორტიორები ფიქრობენ, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და წინასწარ იჭერენ თადარიგს. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი და ვფიქრობ, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ჩვენი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტიტუტებმა, რადგან ვფიქრობ, იმ თემებს რომელსაც ზოგჯერ ააქტიურებენ, არ მგონია, რომ მთლად პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

ბუნებრივია, ამ პროცესის სტაბილურობისთვის მთავრობისგან საპასუხო ნაბიჯებია გადასადგმელი, რამდენად საკმარისია მთავრობის შესაბამისი გეგმა?

- მთავრობამ გამოხატა თავისი დამოკიდებულება და განაცხადა, რომ ლარისა და დოლარის ურთიერთდამოკიდებულება არ არის ერთჯერად აქტებზე დამოკიდებული პრობლემა, რომ უნდა მოხდეს მისი საფუძვლიანი გადახედვა და შემოგვთავაზა გარკვეული პროგრამა დედოლარიზაციისა. თუ ეს პროცესი გაგრძელდა და სწორად წარიმართა ერთ მშვენიერ დღეს ყველა კმაყოფილი დარჩება. ანუ ვგულისხმობ, რომ ლარსა და დოლარს შორის არსებული განსხვავება უნდა ასახავდეს რეალობას.

არ გვგულისხმობ ბოლო დღის პანიკას. ასახავს დღევანდელი გაცვლითი კურსი რეალობას?

- ვფიქრობ, რომ ამისკენ მიდის. საეროდ, დოლარიზებული ეკონომიკის პირობეში ფასების ფორმირება და ღირებულებითი საწყისები განისაზღვრება დოლარის საფუძველზე, ყოველ შემთხვევაში, რიგ პროდუქტებზე, რომელიც იმპორტთან არ არის დაკავშირებული, უსაფუძვლოდ არის გადმოტანილი ფასები, გამომდინარე გადახდისუნარიანობიდან.

მაგალითად, ავიღოთ დიზელის ფასი, რომლის ფორმირება ხდება პლაცზე, გასაყიდი საცალო ფასი - ლარია. ბითუმად და საცალოდ მოვაჭრეები განსხვავებული სუბიექტები არიან და მათ შორის ღირებულებითი ურთიერთობები საკმაოდ განსხვავებულია, რადგან საბანკო სივრცე და ფულთან დაკავშირებული არხები უმეტესად დოლარიზებულია. მსგავსი პრობლემებია, ბევრია, რომელიც ერთჯერადად ვერ მოგვარდება და თანდათანობით უნდა გადაწყდეს.

ავიღოთ ბანკებში არსებული სიტუაცია - დავუშვათ, დეპოზიტზე დავდეთ 2500 ლარი და 1000 დოლარი. წლის ბოლოს 1000 დოლარს ავიღებთ 9%-იანი, ხოლო 2500 ლარს - 3%-იანი სარგებლით. საბოლოო ჯამში თანაფარდობას თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ ზუსტად ის თანაფარდობაა რასაც დღეს ბაზარი გვთავაზობს.

დავუშვათ, დეპოზიტზე კი არა კრედიტზეა საუბარი. როდესაც გეუბნებიან, რომ დოლარზე გადასახდელია 9%-იანი სარგებელი, ხოლო ლარზე 20%-იანი, ბუნებრივია, მომხმარებელი დოლარს ირჩევს რადგან ჰგონია, რომ უფრო ცოტას იხდის, მაგრამ რეალურად ხომ ეს 9 და 20 პროცენტი სხვადასხვა ვალუტაში რეალურად დახლოებით თანაბარი თანხაა? მსგავსმა სიტუაციამ მიგვიყვანა იმ პროცესებამდე, რაც დღეს ხდება და ამიტომ ვფიქრობ, რომ დედოლარიზაციის პროცესი მდგომარეობას გამოასწორებს.

ბუნებრივია, თუ პროცესი დაიწყო და სწორად წარიმართა, შედეგიც წარმტებული იქნება, მაგრამ ეს არის გრძელვადიანი გეგმა. მოკლევადიან ჩარევას რაც შეეხება, საჭიროა თუ არა ეროვნული ბანკის აქტიური ღონისძიებები?

- ის, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს, არის მიმდინარე პროცესების უზრუნველყოფა - ეს აუცილებელია და გაგრძელდება, მაგრამ რადიკალურად სიტუაციის გამოსწორება ეკონომიკური სტრატეგიის საუძველზე უნდა მოხდეს. რაც შეეხება სწორი თანაფარდობის ჩამოყალიბებას, ეს მუდმივი პროცესია, ეკონომიკაში ასე არ არის, რომ ერთხელ რაღაც გავაკეთე და მორჩა - მუდმივი პროცესია და მუდმივად პულსზე ხელი უნდა გქონდეს დადებული. ყოველდღე სხვადასხვა პრობლემაა გადასაჭრელი, რომელიც ამ საკითხთანაა მიბმული. ვიღაცეებს რომ ჩაეძინათ თავიანთ კაბინეტებში, ამისი ბრალია ყველაფერი.

ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში იყავით ფინანსთა მინისტრი და მთელ პროცესებს რაც საქართველოს საფინანსო ბაზარზე ხდება დამოუკიდებლობის დღიდან, თვალს ადევნებთ, როგორც პროფესიონალი. შეგიძლიათ გვითხრათ, როდის გადავიდა პროცესები რელსებიდან და რომელი მთავრობის შეცდომის შედეგს ვიმკით?

- ამას ვერავინ ვერ გეტყვით. თუმცა, პრინციპში, გარდატეხა მაშინ მოხდა, როდესაც წარმოიდგინეს რომ თვითონ არიან ქვეყნის ბატონ-პატრონები და ეკონომიკური პროცესები არაფერს ნიშნავს; როდესაც დაიწყეს ლარის უსაფუძვლოდ გამყარება, ეროვნული ბანკის რეფორმირება - დაახლოებით 2005-2006 წლებზე მაქვს საუბარი. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ისეთი მარეგულირებლის გაუქმება როგორიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზარი და ა.შ. ბენდუქიძეს უკავშირებენ, მაგრამ მას იმდენად არ უკავშირდება, რამდენადაც სხვებს.

თუმცა ოპონენტები დამნაშავეს მთელ ამ პროცესებში დღევანდელ მთავრობაში ხედავენ. როგორ ფიქრობთ, ეს ასეა?

- დღევანდელი მთავრობის ბრალია, იმიტომ რომ 4 წელი ეძინათ, ვერ დაინახეს ეს პროცესები, გაეპარათ. კონკრეტული დამნაშვე თუ გინდათ, ესენი არიან. იმის მაგივრად, რომ წინა მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომები გამოესწორებინათ, ისეთი გარემო შეიქმნეს, სადაც უკეთესად იქნებოდნენ.

ხომ გახსოვთ კითხვები რომ იყო ეროვნულ ბანკთან და ქადაგიძესთან? - მეჭიაურის გარდა ხმა არავინ ამოიღო - იმას კი არ ვამბობ, რომ მეჭიაური რასაც ამბობდა სწორი იყო, მაგრამ პრობლემაზე ხომ ლაპარაკობდა?! ამ დროს მთავრობამ რა გააკეთა? - ფინანსთა სამინისტრომ თქვა, ლარი მე არ მეხებაო, ეკონომიკის სამინისტრომ რა პოზიციაც დაიკავა, გვახსოვს. ღარიბაშვილისთვის თითქოს რაღაც უცხო ხილი იყო და ეკონომისტი კვირიკაშვილიც სწორედ ამ დროს გადაიყვანეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დღეს გადახედეთ რა ხდება - პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში არის ვინმე ისეთი, ფინანსებში რომ ერკვევა? ერთი გამონაკლისია - კოვზანაძე. ან ტელეეთერით ვინც საუბრობს ფინანსებზე, ფინანსებთან აკავშირებს რამე?- ვისი ბრალია ეს ყველაფერი? ყველაფერს იწვევს საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება - აი, თქვენ ხომ ხართ სერიოზული მედიაგამოცემა, რომ გკითხოთ, იცით სააქართველომ წელს რამდენი ხორბალი მოიწია?

ეს საქსტატმა ან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გვითხრას...

- სწორედ ამას ვამბობ, თქვეს, რომ უხვი მოსავალი იყო, მაგრამ რამდენი - ეს არ გვითხრეს. პიარისთვის არ ვმუშაობთო, გასაგებია, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში მამყოფო? ასეთი სიტუაციაა და თუ სამიზნეს ვეძებთ, ვინც უნდა ვაკრიტიკოთ, ასეთი სამიზნე არსებობს და ეს ჩვენი მთავრობაა, რომელმაც ოთხწლიანი ძილ-ღვიძილის მდგომარეობით აქამდე მიგვიყვანა.

ამის მიუხედავად, თემა ისეთია, რომელზეც პესიმიზმით საუბარი არ შეიძლება, რადგან ეს კიდევ სხვა უკუპროცესებს გამოიწვევს. არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა. 2018 წლიდან აღმავლობის პერიოდს ველოდებით და ვნახოთ, რა ზომებს მივიღებთ, როგორი მომზადებულები შევხვდებით ამ აღმავლობის დასაწყისს.