ევროკაშვილის ელჩს წარმოდგენა არ აქვს როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას

ევროკაშვილის ელჩს წარმოდგენა არ აქვს როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას

მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის საკითხის გაჭიანურებას დაგვიანებულს უწოდებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივება საქართველოში, რომელიც ევროკავშირის ერთგული და მტკიცე პარტნიორია, ძნელად თუ დაეხმარება ევროკავშირს დაძლიოს პესიმიზმი თავის მოქალაქეებში.

ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაზე - „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი“ სიტყვით გამოსვლისას ჯანალიძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე სრულად აღვიქვამს იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი გაზრდილი მიგრაციული ნაკადის, პოპულიზმისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის გავლენის გამო. თუმცა, ამბობს, რომ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ფასი აქვს ყოვლად გაუმართლებლად გვიან მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საერთო ვალდებულებების შესრულებას შეეხება.

„გასაკვირი არაა, რომ მრავალწლიანი რეფორმებისა და ამ ურთულეს გზაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ, საქართველოში საკმაოდ მაღალია ლეგიტიმური მოლოდინები. ამას ჩვენთვის უზარმაზარი სიმბოლური, პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოში, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს ძლიერ მამოძრავებელ ძალას, რომელიც ხელს უწყობს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც ქმნის საკანონმდებლო, პოლიტიკურ და ინსტიტუციონალურ ჩარჩოს ევროპული და საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

„საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაცია არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული დამატებით მიგრაციულ რისკებთან, არამედ ეს ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას, კულტურულ და ბიზნეს კავშირებისა და პარტნიორობის გაძლიერებას. ქართველები კვლავ იხსენებენ საბჭოთა დროს, როდესაც 37 რუბლად დაფრინავდნენ მოსკოვში ყველანაირი დაბრკოლების გარეშე.

ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს სტერეოტიპი და ვიმუშაოთ, რათა ევროპა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქები გახდეს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისათვის. ნაცვლად იმისა, რომ ვსარგებლობდეთ ყველა ამ შესაძლებლობით, ჩვენ ვაწყდებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჭიანურებულ პროცესს, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებებს.

როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ვართ იმ ინტერ-ინსტიტუციონალური დებატების მძევლები, რომელიც არ ასახავს პარტნიორულ ურთიერთობებს. მოდით, იმედს ნუ გავუცრუებთ ჩვენს ხალხს, მოდი შევინარჩუნოთ მათი მოტივაცია გააგრძელონ ურთულესი რეფორმები და მოდით, განვაგრძოთ ერთად სვლა თავისუფალი, უსაფრთხო და მშვიდობიანი ევროპისკენ. მოდით, ნუ მივანიჭებთ სიამოვნებას იმ ძალებს, რომელთა სურვილია ევროპა დამარცხდეს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, უკვე აღიარებულია, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ვიზალიბერალიზაციის პროცესის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა. მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება ამისთვის, თუმცა, ახლა უკვე საქართველო ეჯახება ევროკავშირში მიმდინარე პროცესს და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება.

„ჯამში ეს არის პროცესი იმისთვის, რომ წარვადგინოთ მოდიფიკაცია ჩვენს ძირითად კანონმდებლობაში. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ მიდის პროგრესი, ჩვენ ჯერ კიდევ წინ მივდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მივაღწიოთ პროგრესს. აღარ არის საუბარი იმაზე, მიიღებს თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციას“, - აღნიშნა ელჩმა.

რაც შეეხება თარიღებს, კონკრეტული თარიღის შესახებ, თუ როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას, ელჩი ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს.

„ამ თარიღის დასახელება არ მთხოვოთ, ვინაიდან არ ვიცი ეს როდის მოხდება. ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რაზედ შეიძლება იმკითხაოთ, მაგრამ ამას თარიღზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. მე პირადად მივდევ ამ პროცესს უკვე დიდი ხანია და ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი ელოდება ამას“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კი, იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ძალიან მოკლე ხანში გადაწყდება. ვიქტორ დოლიძე პრემიერ-მინისტრთან ერთად ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც როგორც ევროკომისიაში, ისე პარლამენტში გამართავს შეხვედრებს.

„იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე ხანში გადაწყდება ვიზალიბერალიზაციის თემა და ამავე დროს, ბრისუელში ჩვენი ვიზიტი კიდევ ერთი ნაყოფიერი ნაბიჯი იქნება წინ ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. მთავარია, რომ საქართველოს შესრულებული აქვს უკლებლივ ყველა ვალდებულება. ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე, სადაც ჩვენ ევროკომისიასა და ევროპარლამენტს შორის ველოდებით საბოლოო შეთანხმებას შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მექანიზმზე დეკემბრის განმავლობაში ვერ თანხმდებიან, კონკრეტულ თარიღად 18 იანვარი გამოაცხადეს. არ არის ცუდი. ვადებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ პრაქტიკულად მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და დარჩენილია პროცედურები ბრიუსელში. იმედი მაქვს, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ძალიან მალე დაიწყებენ უვიზოდ მიმოსვლას შენგენის ზონაში“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს მიერ ევროკავშირის მიმართ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე, პრინციპული პოზიციის ღიად დაფიქსირებას იზიარებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. სოფო ქაცარავა ამბობს, რომ იზიარებს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელიც ევროკავშირს მიუთითებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება გვიანდება.

„მიხეილ ჯანელიძემ გამოხატა პრინციპული დამოკიდებულება ამ საკითხზე, დღეს უკვე ხაზგასმით იყო ნაჩვენები ჩვენი პრინციპული პოზიცია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რადგან საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროცესი დადებითად გადაწყვეტილიყო ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ვიყავით მოლოდინის რეჟიმში, თუმცა ახლა დადგა დრო, როდესაც ძალიან პრინციპული პოზიცია დაიკავა მინისტრმა, რაც ეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს. ჩვენმა ქვეყანამ ყველა მოთხოვნა ეფექტურად შეასრულა“, - აცხადებს სოფო ქაცარავა.