ბორის ფილატოვი ოდესის ყოფილი გუბერნატორის იძულებით ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას, ნარკოტიკზე შემოწმებას და დეპორტაციას ითხოვს. ქალაქ დნეპრის მერის უკმაყოფილების მიზეზი გახდა მიხეილ სააკაშვილის მიერ მიტინგზე გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინაში დეცენტრალიზაცია საჭირო არ არის.
„თუ მიხეილ სააკაშვილი მართლაც ამას ამბობს, მაშინ მეც ვეწერები მათ რიცხვში, ვინც ყოფილი გუბერნატორის ექსტრადირებას ითხოვს. და საერთოდ, მას სჭირდება იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ის ავად არის და ძალიან საშიშია. ასევე მისი ნარკოტიკებზე შემოწმება ცუდი არ იქნებოდა“, - წერს ბორის ფილატოვი.
როგორც ცნობილია, კიევში, ჩერნოვოლის ძეგლთან მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქცია გამართა ლოზუნგით - ამჟამინდელი რადას უკანასკნელი ზამთარი. სააკაშვილმა ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოსთხოვა და ამ მოთხოვნით მთელ უკრაინაში ხალხის მობილიზების დაწყების შესახებ განაცხადა.
„დადგა დრო გავარღვიოთ ეს წრე, ხმამაღლა ვუთხრათ ამ დანაშაულებრივ ჯგუფს, ამიერიდან უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ამიერიდან უკრაინელი ხალხის წინაშე იქნება მთავრობა ანგარიშვალდებული და არა ოლიგარქების წინაშე. ამიერიდან უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს, ვინ წარმოგვადგენს ჩვენ უმაღლეს რადაში. აწი ისინი უნდა ელოდონ ცუდ ამბებს. მათთთვის ცუდი ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც მე უკრაინის პოლიტიკაში მოვედი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ექსგუბერნატორმა მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმაც წარუდგინა, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებს. დაპირებება 2003 წლის ანალოგია - ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციას, სახელმწიფო აპარატის სრული წმენდა, ხელისუფლებაში მყოფი ქურდების დაპატიმრება, ბიზნესის და ხალხის გათავისუფლება, გადასახადების შემცირება, ფუნდამენტური სასამართლო რეფორმა, ეკონომიკის რადიკალური რეფორმა, სოციალური პოლიტიკის რეფორმირება. სააკაშვილი ამბობს, რომ მთლიანად შეცვლის სახელმწიფოს მართვის კულტურას უკრაინაში.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ნოემბერში ჩატარებული რეიტინგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 21.3% მხარს უჭერს იულია ტიმოშენკოს, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკო 18.5%.
„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ დირექტორი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ამ კვლევის მიხედვით პოპულარობით ტიმოშენკომ გადაუსწრო პოროშენკოს. ამდენად, დღევანდელი ელიტისთვის აუცილებელია მართული ოპოზიცია, რომელიც ხმებს წაართმევს ტიმოშენკოს. სწორედ ეს როლი შეურჩია პოროშენკომ სააკაშვილს, რომლის ფუნქცია იქნება, აიღოს 3-4% ისეთი ამომრჩევლის ხმა, რომელიც პოტენციურად ტიმოშენკოს მხარდამჭერი შეიძლება გახდეს.
„ამ მონაცემების ფონზე, ნათელია, რომ სააკაშვილი პოროშენკოს ტექნიკური კანდიდატია, რომლის მიზანიც ტიმოშენკოსთვის საპროტესტო ელექტორატის 3-4%-ის ოდენობით წართმევა იქნება. სააკაშვილი ამაში სოლიდურ გასამრჯელოსაც აიღებს. ცუდია, რომ ჩვენი ქვეყნის ყოფილი პირველი პირი ამ დონემდე დაეცა. იგივე რაც „ქრისტიან დემოკრატები“ და „პადოშა“ იყვნენ საქართველოში. სააკაშვილი „პადოშას“ და „ქრისტიან დემოკრატების“ როლს შეასრულებს პოროშენკოსთვის.
ახლა ვიზუალურად დაუპირისპირდება პოროშენკოს, მაგრამ რეალური მისია აქვს, რომ ტიმოშენკოს წაართვას 3-4% მომავალ არჩევნებზე. გარიგებაში შევიდა პოროშენკოსთან. სანაცვლოდ კი, ამ როლის თამაშში დაპირდნენ დიდ გასამრჯელოს. თავის დროზე ის თავად უხდიდა „პადოშას“, ახლა მას უხდიან ანალოგიური სამსახურისთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.
მისი თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ძირითადი ბრძოლა იქნება ტიმოშენკოსა და პოროშენკოს შორის, ამ ბრძოლაში გამოიყენებენ ყველა საშუალებას, რომ ტიმოშენკოს შეუმცირონ მომხრეების რაოდენობები.
„უკრაინაში ნებისმიერ არჩევნებში მცირე პროცენტებით არის ლიდერებს შორის სხვაობა. მაგალითად, 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტიმოშენკომ 3%-ით წააგო იანუკოვიჩთან. ამ შემთხვევაშიც სააკაშვილის ფუნქცია იქნება 3-4% წაართვას ტიმოშენკოს. არა მგონია, რომ სააკაშვილს დაუწერონ 5% და ვერც მოაგროვებს. 5% უკვე გულისხმობს რადაში ბარიერის გადალახვას და საკუთარი ფრაქციით შესვლას, ეს პოროშენკოსთვისაც მიუღებელი იქნება.
სააკაშვილის რეიტინგის დარეგულირება მოხდება მასმედიის საშუალებით, ცენტრალურ არხებზე მისი გამოჩენის მიხედვით. დღეს ის აკრძალულია ცენტრალურ არხებზე, ვინაიდან წლის დასაწყისში მას ჰქონდა 10%-მდე რეიტინგი. აპრილის მერე აკრძალეს მისი ცენტრალურ არხებზე გამოჩენა და მისი რეიტინგი დღეს უკრაინაში 3%-ია“, - ამბობს ირაკლი გოგავა.
შედგა თუ არა ამგვარი გარიგება სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის, ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ გოგავა უკრაინული პოლიტიკის კულუარებს იცნობს, შესაბამისად, მისი მსჯელობა სანდოა ხოლმე.
„მკაფიოდ არ მესმის პოროშენკოსთვის რა ხეირია სააკაშვილის ასეთი ოპოზიციონირობა, რადგან გადამდგარი სააკაშვილის ოპოზიციონირობა ერთია, მაგრამ არა გადამდგარი სააკაშვილის - უფრო ქმედითი იქნებოდა. გუგებარია რატომ დასჭირდათ ეს თამაში, თუკი მიზანი იყო ტიმოშენკოსთვის ხმების წართმევა.
„ვარდების რევოლუციის“ დროს ჟვანია-სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნისას აკრიფეს ძირითადი ოპოზიური მუხტი, თორემ იგივეს იძახდა შალვა ნათელაშვილი, მაგრამ არავინ არ მიაქცია ყურადღება. ხელუსუფლების სტრუქტურებში მყოფი ადამიანის ოპოზიციონირება უფრო შთამბეჭდავია ხოლმე, ვიდრე ხელისუფლების გარეთ დარჩენილის. ამიტომ არის გაუგებარი ეს ნაბიჯი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
სააკაშვილის ბუნებიდან გამომდინარე „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელს მამუკა არეშიძეს უჭირს იმის დადასტურება, რომ სააკაშვილი მეორე პირის როლის შესრულებას დათანხმდეს. მისი თქმით, შეიძლება ეს როლი შესთავაზეს, მაგრამ ფიქრობს, რომ ამ როლს თავისი მიზნებისთვის გამოიყენებს.
„მიზნები იქნება ის, რომ მეტი ძალა-უფლება და უკეთესი მდგომარეობა ჰქონდეს უკრაინაში. თუ დასჭირდა პოროშენკოს აუცილებლად გასწირავს. პრინციპში, ეს პროცესი მიმდინაორებს, რასაც ის ლაპარაკობს, ეს მაინც პოროშენკოს წინააღმდეგ მუშაობს. ასევე გავითვალისწინოთ სააკაშვილის ოდესური ბიოგრაფია, სადაც თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა, ეს უკრაინელებმა კარგად იციან. მიუხედავად ამისა, მის განცხადებებს მაინც ჰყავს მხარდამჭერები.
მე მქონდა საუბარი უკრაინელებთან. მისი მხარდამჭერები იყოფიან ორ კატეგორიებად, ერთი კატეგორია - რომელსაც მართლაც ყველაფრის სჯერა და მოსწონს ის ფორმა და შინაარსი, რასაც სააკაშვილი ამბობს იგივე კორუციასთან ბრძოლის ფრონტის თაობაზე. მეორე კატეგორია - იციან ვინ არის სინამდვილეში სააკაშვილი, მაგრაც ცდილობენ ეს ფიგურა გამოიყენონ პოროშენკოს წინააღმდეგ საბრძოლველად“, - ამბობს მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, მოსახლეობის გადამწყვეტი უმრავლესობა გამოვიდა მაიდანის ეიფორიიდან და სულ უფრო და უფრო მწვავედ ისმის შეკითხვა, უკრაინა ებრძვის რუსეთს და ამ დროს უკრაინის პრეზიდენტი თავის ბიზნესის ნაწილს აწარმოებს რუსეთში.
„ამ თემას სააკაშვილი გადასარევად იყენებს და ის ხალხიც იყენებს, ვინც სააკაშვილის უკან დგას. სააკაშვილს აქვს უნარი შეაფასოს სიტუაცია და ამ სიტუაციის შედეგად რაც შეიძლება რადიკალური ადგილი დაიკავოს. შეიძლება დროებით შეასრულოს დავალება, რომელიც მიიღო, მაგრამ არა მგონია, რომ დიდხანს გაგრძელდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.