რუსეთის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გამოსვლის გადაწყვეტილების გამო წუხილს გამოთქვამს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, რომლის განცხადებით, ევროკავშირი რჩება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთგულ მხარდაჭერად და მოწოდინებულია სრულად ითანამშრომლოს ამ ინსტიტუტთან სერიოზული დანაშაულების პრევენციის კუთხით.
რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებაზე საბოლოოდ 16 ნოემბერს განაცხადა უარი. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.
რუსეთი რომის სტატუტიდან გასვლის ერთ-ერთ მიზეზად ჰააგის სასამართლოს მხრიდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმი დამოკიდებულებას ასახელებს.
„რუსეთს არ შეიძლება, არ აღელვებდეს ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს ომისადმი. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მშვიდობიან ცხინვალზე თავდასხმამ, რუსი მშვიდობისმყოფელების მკვლელობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან წარმოშვა ბრალდებები ოსი მებრძოლებისა და რუსი სამხედროების მისამართით, ხოლო ქართველი თანამდებობის პირების ქმედებებისა და ბრძანებების ევენტუალური გამოძიება მიზანმიმართულად გადაეცა ქართულ მართმსაჯულებას და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ყურადღების მიღმა რჩება.
ვითარების ამგვარი განვითარება საკუთარ თავზე თავად მეტყველებს. ასეთ პირობებში ნაკლებად შესაძლებელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი ნდობაზე საუბარი“, –აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსული მხარე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ჰააგის სასამართლომ მასზე დაკისრებული იმედები არ გაამართლა და არ გახდა საერთაშორისო მართლმსაჯულების ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ავტორიტეტული ორგანო. სერგეი ლავროვის უწყება ამტკიცებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 14-წლიანი მუშაობის განმავლობაში, მხოლოდ ოთხი განაჩენი გამოიტანა და ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.
მიუხედავად ამისა, რუსეთის გადაწყვეტილება ხელს ვერ შეუშლის 2008 წლის აგვისტოს ომზე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე გამოძიებას, რადგანაც რუსეთის ფედერაცია ისედაც არ იყო სტატუტის მხარე. რუსეთმა რომის სტატუტს ხელი 2000 წელს მოაწერა, მაგრამ არ გაუკეთებია რატიფიკაცია.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი, ამ საქმის გამოძიების დამაბრკოლებელი ფაქტორი არც იყო და ვერც გახდება, ვინაიდან საქართველო არის რომის სტატუტის მხარე, შესაბამისად, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება 2008 წლის ომის დროს საქართველოში სავარაუდოდ მომხდარ სტატუტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. ამას ადასტურებს ისიც, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინასასამართლო პალატის 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება მოიცავს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხსაც.
„რუსეთის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება არანაირი სამართლებრივი შედეგის მომტანი არ არის და გავლენას ვერ იქონიებს გამოძიებაზე. თუმცა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, ვის არ სურს სიმართლის დადგენა 2008 წლის ომის საქმეზე. 2016 წლის 27 იანვარს საერთაშორისო სისხლის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს მიმართვის საფუძველზე, რომ დაიწყოს გამოძიება ცხინვალის რეგიონში საქართველო და მის ირგვლივ 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად სამართლებრივი მდგომარეობა არ იცვლება.
„რუსეთს ხელმოწერის მიუხედავად, რომის სტატუტი არ ჰქონდა რატიფიცირებული. შესაბამისად, ის არ იყო მხარე. თავად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში პროცესს რუსეთის ამ გადაწყვეტილებით ხელი არ შეეშლება. უკვე არსებულ ვითარებაში წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებამ მოიცვა რუსეთის პასუხისმგელობის საკითხი“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებული არ არის, რომ საქართველო ყოფილიყო უპირველესი მიზეზი, რატომაც რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა. მისი თქმით, რუსეთის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გამოსვლა, უფრო იმის მიმანიშნებელია, რომ რუსეთის ხელისუფლება დიქტატურიდან ტირანიაზე აპირებს გადასვლას.
„ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული – ადამიანის უფლები, მისთვის აღარ იქნება უკვე კანონიერად რაიმეს მიმანიშნებელი. ეს უფრო მაფიქრებინებს, რომ ბატონ პუტინს შეშურდა ბატონი ერდოღანის, როდესაც მან რამდენიმე დღეში ათასობით იურისტი, პედაგოგი და ჟურანალისტი დააპატიმრა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია რაიმე სერიოზული საფრთხე. პრაქტიკულად, პუტინმა ამ ხელმოწერით ყველას დასანახად გამიჯნა რუსეთი ცივილიზებული სამყაროსგან.
უკვე თანამედრობე მსოფლიო ვეღარ ეტყვის, რატომ არ დაიცვა ცივილიზებული სტანდარტი. ცხადია, ეს საფრთხის შემცველი იქნება ზოგადად, როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის და ბელორუსიისთვის, იმაზე მეტი რა უნდა მოუვიდეს სომხეთს, რაც მოუვიდა უკანასკნელ დღეებში.
შესაძლოა, აღმოსავლეთ ევროპაშიც იქნეს მოძიებული ხელისუფლებათა ისეთი წარმომადგენლობა, რომელიც თავადაც ეცდება მიბაძოს და მიენდოს პუტინს. მე მგონია, რომ ბატონ ტრამპს წუთი არ დარჩება საკუთარი მდიდარი წარსულის მოსაგონებლად და სიამოვნების მისაღებად“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო ცისკარიშივილი.
ექსპერტი სოსო ცინცაძე განმარტავს, რომ პუტინი დღეს გრძნობს თავის ძალას და მას თავისუფლად შეუძლია იგნორირება მოახდინოს ასეთ ბრალდებებზე, ასევე ხელი აუქნიოს რომის პაპს.
„დღეს პუტინი თეთრ რაშზე ზის. ტრამპის გამარჯვების შემდეგ, რუსეთში საყოველთაო ეიფორიაა. რა დარჩება ამ ეიფორიიდან მშრალი ნარჩენის სახით, ამას მინიმუმ 6 თვე მაინც დასჭირდება. ჯერჯერობით არაფერი არ არის გარკვეული. ჯერ მხოლოდ რიტორიკაა ტრამპის მხრიდან, რუსეთის მხრიდან კი ეიფორია.
ტრამპი ამბობს, რომ შესანიშვი წერილი მიიღო პუტინისგან, თითქოს ერთმანეთს სიყვარულიც აუხსნეს და თაფლობის თვეც დააანონსეს, მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში და როგორ შეეთავსებიან ერთმანეთს ამერიკისა და რუსეთის ინტერესები. ფაქტია, რომ პუტინი უკვე გრძნობს საკუთარ ძალას, დარწმუნებულია საკუთარ ძალაში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.