ერთი პერიოდი, დონალდ ტრამპისა და მიხეილ სააკაშვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა. სააკაშვილი „მოხიბლული“ იყო უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატით და 47-სართულიანი ცათამბჯენის - „ტრამპ თაუერის“ პომპეზურ მშენებლობასაც გვპირდებოდა. თუმცა იმთავითვე ამბობდნენ, რომ ჩვენს პროექტებში დონალდ ტრამპი საკუთარ ფულს არ ჩადებდა და ქართული მხარე დონალდ ტრამპს თავად უხდიდა ფულს მისი სახელის გამოყენებისთვის.
2012 წელს დონალდ ტრამპის ვიზიტისას ყოფილი პრეზიდენტი გვარწმუნებდა, რომ მისი ფილოსოფია ტრამპის ფილოსოფიას შეესაბამებოდა: „თუ ვინმე ზუსტად შეესაბამება ჩემს ფილოსოფიას, ეს არის დონალდ ტრამპი. ეს არის ადამიანი, რომელიც მიდის რისკზე, ბედავს, არ უჯერებს პესიმისტებს, ადამიანი, რომელსაც ბევრჯერ დასცინეს და გამოაცხადეს, რომ მისი საქმე დასრულებულია და ყოველთვის დაბრუნდა უკან“.
ტრამპის ფილოსოფია კი მარტივი იყო: „ლიბიაში შევიდოდი და ნავთობს წამოვიღებდი... ამ ბავშვურ ცელქობას დავამთავრებდი... ჩვენ ნავთობსაბადოებს არ ვიპარავთ; უბრალოდ, ხომ უნდა ავინაზღაუროთ სამხედრო ოპერაციისთვის გაწეული ხარჯები?!“
დღეს ტრამპი პრეზიდენტია, სააკაშვილი კი ოდესის გუბერნატორობიდანაც დაქვეითებულია. დონალდ ტრამპისთვის პრეზიდენტობის მილოცვა, ალბათ, ერთ-ერთი ბოლო მილოცვა იყო სააკაშვილის მხრიდან, რაც მან ოდესის ოლქის გუბერნატორის რანგში გააკეთა.
სააკაშვილის ფაქტორის დაქვეითება დროში უცნაურად დაემთხვა ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლას. ბარაკ ობამა, ასე თუ ისე, მაინც ინარჩუნებდა ბუშის ადმინისტრაციისგან გადმოცემულ ინერციას სააკაშვილთან მიმართებით. მართალია, ობამას მმართველობისას სააკაშვილი, როგორც თევზი წყალში, ისე არ გრძნობდა თავს, მაგრამ მაინც ახერხებდა სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში თავისი ადგილის პოვნას. დღეს კი მისი მომავალი გაურკვეველია. არავინ იცის, დაივიწყებს თუ არა „ძველი მეგობარი“, დონალდ ტრამპი მას პუტინთან მოახლოებული შეხვედრის შემდეგ. საქართველოში ტრამპის ჩამოსვლა და სააკაშვილთან ერთად ბიზნესპროექტების დასახვა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს, რადგან ბიზნესში პარტნიორების ცვლა ჩვეულებრივი ამბავია.
რას უქადის მიხეილ სააკაშვილს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია?
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამყარო იცვლება, შეერთებული შტატების პოლიტიკაც იცვლება და ყველაფრიდან ჩანს, რომ დასავლეთი და შეერთებული შტატები საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის არსებულ ხელისუფლებასაც. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ, როდესაც შეერთებულ შტატებში იცვლება ადმინისტრაცია, უკრაინაში სწორედ ამ დროს იწყება გარკვეული პოლიტიკური აქტიურობა.
ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის სხვადასხვა ძალები შეეცდებიან ახალ ადმინისტრაციას შესთავაზონ საკუთარი თავი, გამომდინარე იქიდან, რომ პოროშენკო საკმაოდ დისკრედიტირებულია.
„ვფიქრობ, სააკაშვილი ზუსტად ამ პერიოდში აქტიურობს, რათა შეამჩნიონ ვაშინგტონში. სხვათა შორის, მარტო სააკაშვილმა არ დაიწყო გააქტიურება, ტიმოშენკოც იწყებს აქტიურობას, კუჩმაც კი გააქტიურდა, რაშიც ზუსტად ეს ლოგიკაა, თუ ვისზე შეაჩერებს არჩევანს ამერიკა, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ვისზე ჩამოვა ფსონს უკრაინულ პოლიტიკაში. ამას სჭირდება შესაბამისი შეთავაზება და ეს ადამიანები საკუთარ თავს სთავაზობენ ამერიკის ადმინისტრაციას. ამის შემდეგ ცალ-ცალკე იმოქმედებენ თუ გაერთიანდებიან, ამას უკვე მოვლენების განვითარება გვიჩვენებს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა და შეკითხვის საპასუხოდ, ზედმეტად გააქტიურებულ სააკაშვილს, როგორც უკრაინა-საქართველოს მეგობრობის ხელის შემშლელს, ხომ არ გადმოსცემენ საქართველოს, აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა სააკაშვილის გადმოცემა.
ამ შემთხვევაში, გია ხუხაშვილის არგუმენტი ისაა, რომ თვითონ უკრაინის კონსტიტუცია გამორიცხავს მოვლენათა ასეთ განვითარებას. სააკაშვილის გადმოცემას მყარი სამართლებრივი საფუძველი ვერ მოეძებნება და ეს კიდევ უფრო გააუარესებს პოროშენკოს მდგომარეობას. ეს სააკაშვილის მოშორების მცდელობად, პოლიტიკურ დევნად აღიქმება. ამდენად, საეჭვოა, ამერიკელების სანქციის გარეშე პოროშენკომ ამის გაკეთება გაბედოს. ამერიკელები კი, სავარაუდოდ, ასეთ სანქციებს არ გასცემენ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, როგორც წესი, ამა თუ იმ ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესი თავისი გზით მიდის, მიუხედავად იმისა, პოლიტიკურ რუკაზე ვინ გააქტიურდება და ვინ არა, კლინტონი მოვა ამერიკის ადმინისტრაციაში თუ დონალდ ტრამპი.
„კლინტონი გაიმარჯვებდა თუ ტრამპი, მაინც ასეთნაირად განვითარდებოდა უკრაინის პოლიტიკური პროცესები. სააკაშვილს რომ პრობლემები ჰქონდა ოდესაში, ეს ისედაც ცნობილი იყო. თუნდაც იმავე აშშ-ში სააკაშვილისადმი დამოკიდებულება 2008 წლიდან მოყოლებული ნელ-ნელა იცვლებოდა. ძალიან მკაფიოდ ჩანდა ობამას ხელისუფლების დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ, ასევე, ჯორჯ ბუში-უმცროსის განცხადება 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. უბრალოდ, სხვა საკითხია, რომ დასავლეთი საქართველოში ვერ ხედავდა ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც, მათი აზრით, უკეთესი იქნებოდა, ვიდრე იყო სააკაშვილი. ამიტომაც სააკაშვილის მიმართ ეს მხარდაჭერა კი არ იყო, არამედ ეს იყო ინერცია, რამაც საბოლოოდ 2012 წლამდე მიგვიყვანა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილი ამერიკის ემისარი იყო უკრაინულ პროცესებში. უკრაინული საზოგადოების განწყობა მთლად ადეკვატური არ გახლდათ სააკაშვილის პერსონის მიმართ. იგი უკრაინაში საკმაოდ პოპულარულად ითვლებოდა. ამ პოლიტიკური კაპიტალის გამოუყენებლობა პოროშენკოსთვის სისულელე იქნებოდა“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
მისივე თქმით, პოროშენკომ გამოიყენა ეს კაპიტალი, სააკაშვილის სახით, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ იგი მოიშორა კიევიდან, გადაიყვანა მეორე რანგში ოდესის გუბერნატორად. ეს კი ისეთი ჭაობია, რომლიდანაც ამოსვლა სააკაშვილს გაუჭირდებოდა. ასე რომ, სააკაშვილი იძულებული გახდა, წასულიყო, ან მას გადააყენებდნენ.
„ეს ყველაფერი უკრაინული პროცესების შედეგია და არა- ამერიკაში ხელისუფლების ცვლილების გამოძახილი. რაც შეეხება ტრამპისთვის საკუთარი თავის შეთავაზებას, ვეჭვობ, ასე მოხდეს. საკმაოდ სწორად ბრძანა სააკაშვილმა ტრამპთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ვიცნობ, დღესდღეობით არ წარმოვადგენ იმ ფიგურას, რომელსაც ის შეიძლება ელაპარაკოსო. ფაქტობრივად, სააკაშვილმა თქვა, რომ ტრამპთან კავშირი არ აქვს. სააკაშვილი ვერ გაჩერდება პოლიტიკის გარეშე, ის ასეთი პიროვნებაა, მაგრამ უკრაინის გარდა სხვაგან შანსი აქვს? საქართველოში ვერ ჩამოვა, სხვა ქვეყანა კი, სადაც თავის რევოლუციურ იდეებს გაავრცელებს, არ არსებობს“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
ამასთან, განმარტა, რომ პოროშენკოს არ უნდა აწყობდეს სააკაშვილის გადმოცემა. პოროშენკოსთვის ეს პოლიტიკურად სულაც არ იქნება მომგებიანი. სხვათა შორის, ეს არც ქართული ხელისუფლებისთვის გახდება მომგებიანი და ასე მარტივად არ არის საქმე. ქართული ხელისუფლება იძულებული იქნება, აქ ჩამოსული სააკაშვილი დააპატიმროს, მაგრამ ის მუდმივად იქნება საფრთხის შემცველი. მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც დღეს საქართველოშია ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ვიღაცეებს შეიძლება ჰგონიათ, რომ სააკაშვილის გადმოცემა ჩვენს ხელისუფლებას აწყობს, მაგრამ პროცესი ცუდ ელფერს იძენს და დიდი ალბათობაა, რთულად განვითარდეს პროცესები. ამიტომ დამატებითი პრობლემა - სააკაშვილი არავის სჭირდება. უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ სააკაშვილს ჩამოართვან უკრაინის მოქალაქეობა.