ახალი სტანდარტი აღმასრულებელ ხელისუფლებაში

ახალი სტანდარტი აღმასრულებელ ხელისუფლებაში

მთავრობის ახალი შემდგენლობის დამტკიცებამდე, გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო მთავრობის სხდომა ჩაატარა. მადლობა გადაუხადა კაბინეტის წევრებს და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს. მთავრობის ამ შემადგენლობას ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე უფლებამოსილება შეუწყდება. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას არსებულ შემადგენლობას, ახლის არჩევამდე დროებით მოვალეობის შესრულებას დააკისრებს.

ამის შემდეგ, უკვე პარლამენტში ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყება. მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 5 დღის ვადაში, პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, ხოლო პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი, 7 დღის ვადაში მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. თავის მხრივ, პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. გიორგი კვირიკაშვილის ახალი სამთავრობო შემადგენლობა 21 ნოემბერს გახდება ცნობილი.

უკვე ცნობილია, რომ დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთიანდება. მოქმედი მინისტრი გელა დუმბაძე კარიერას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. მთავრობის ახალი შემადგენლობაში არ იქნებიან ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებენ ისინი პოლიტიკურ მოღვაწეობას, რადგან ჯერჯერობით მთავრობის მეთაურისგან შეთავაზება არ მიუღიათ.

ასევე ცნობილია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში იქნება ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, რაც შეეხება მოქმედ მინისტრს, დავით ბაქრაძეს, დეკემბრიდან აშშ-ი ელჩის მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

დაგეგმილ ცვლილებებზე კომენტარს არ აკეთებს „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც პრემიერ-მინისტრს შეთავაზებას დათანახმდა.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ მმართველმა ძალამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმ თვალსაზრისით, რომ სამთავრობი გუნდში მიიწვია პროფესიონალი და არა საკუთარი გუნდის მეხოტბე.

„ჩემთვის სიმშვიდის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ბოლოს და ბოლოს მმართველმა პარტიამ შემოგვთავაზა ახალი სტანდარტი და სამთავრობო სისტემაში თანამდებობაზე მიიწვია პროფესიონალი და არა საკუთარი პარტიის მეხოტბე, ეს მაგალითი შეიძლება გამრავლდეს, ოღონდ ცხადია, არ მოხდება მოკლე ხანში.

ის ფაქტი, რომ შეიცვალა ფინანსთა მინისტრი, ეს უკვე არის გარკვეული თავისტკივილის არიდების სურვილი მთლიანად მთავრობისთვის. ლარის კურსის ვარდნას მარტივად დააბრალებენ ბატონ ხადურს, მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე დღეები ელის მის ნაცვლად მისულ მინისტრს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ გადავდივართ ინსტიტუციურ მართვაზე. მისი თქმით, მთავარია, რომ პრემიერ-მინისტრმა მოიყვანოს თავისი გუნდი, ეფექტურად ამუშავდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალი.

„თავად იღებდნენ გადაწყვეტილებას და პასუხისმგებელიც თავად იყვნენ. ამ ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს სიტუაცია, როდესაც რაღაცა არ მოეწონება ხალხს, სოლოლაკში აღარ უნდა დარბოდნენ, არამედ მაქსიმუმ, კანცელარიასთან უნდა მიდიოდნენ. ინსტიტუციური მმართველობის და სახელმწიფოებრიობის განცდა უნდა გაგვიჩნდეს, რადგან ეს არის უსამართლო და ძალიან საზიანო პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ავტორიტეტისთვის. ასევე, ეს არის საზიანო ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, ბრალდება ისეთი საკითხებიც კი, რომელშიც ნამდვილად არ ერევა და რაც მთავარია, ეს არის საზიანო ქართული სახელმწიფოსთვის.

დღევანდელი მთავრობის მთავარი გამოწვევაა, ჩვენ გაგვიჩნდეს განცდა, რომ ეს ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას და პასუხისმგებლებიც არიან ამაზე. ინსტიტუციური მართვა არის სახელმწიფოს ფუნდამენტი, სახელმწიფო სხვანაიარდ ვერ შენდება, ჯობია, რომ ხელისუფლება უშვებდეს შეცდომას და ამაზე იღებდეს პასუხისმგებლობას, ვიდრე გვყავდეს შეუმცდარი კერპი, რომელიც „გადაარჩენს“ საქართველოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ რადგან ამ ეტაპზე ლაპარაკია მხოლოდ ეკონომიკური გუნდის ცვლილებაზე, ეს ნიშნავს, რომ იცვლება ის რგოლი, რომლის მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება უფრო თვალსაჩინოა.

„მთავრობა ისეთი წარმონაქმნია, სადაც ყველას ერთმანეთთან კავშირი აქვს. კერძოდ, როდესაც ვამბობთ, რომ განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით მიდის საქართველო, ეს ეკონომიკურ საკითხებსაც გულისხმობს, ასევე, სოციალურს და საგარეო ურთიერთობასაც. ყველა უწყება ერთმანეთთან არის კავშირში.

მნიშვნელოვანია თვითონ ხელისუფლებას როგორ ესახება ეს სისტემა და რა ფუნქციას ანიჭებს ამ სისტემაში ცალკეულ მინისტრს. თუ მხოლოდ ეკონომიკურმა რგოლმა ვერ იმუშავა და ამიტომ იცვლებიან, ეს ნიშნავს, რომ სისტემა სტრატეგიულად უცვლელია, ოღონოდ რომელიღაც რგოლის შემსრულებლები არიან შესაცვლელი. არსებული სტრატეგია ახლდება, თუ მხოლოდ შემსრულებლები ახლდებიან, აი ეს გახლავთ ამ ეტაპზე ბუნდოვანი ჩემთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.