2012 წლის 21 ოქტომბერს, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის რიგით მეოთხე თავმჯდომარე გახდა, 2016 წლის 18 ნოემბერს კი, ესტაფეტას ირაკლი კობახიძე გადაიბარებს, რომელსაც სპიკერობა საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში მოუწევს.
მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ირაკლი კობახიძეს საკანონმდებლო საქმიანობის წარმართვა სამი პოლიტიკური ძალის - „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ პირობებში მოუწევს, დავით უსუფაშვილმა კი, საკანონმდებლო მუშაობა უმრავლესობის კვოტით დაიწყო და ოპოზიციონერის რანგში დაასრულა.
დავით უსუფაშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე დარჩენას აანონსებს, თუმცა, ამავე დროს ირწმუნება, რომ „ხვალიდან ხელისუფლების ოპონენტი იქნება და არა - მტერი“.
მოქმედი სპიკერი მომავალ პარლამენტში მეტი კონკურენციის ნაცვლად, მეტი მტრობის არსებობას პროგნოზირებს, თუმცა, საკუთარ „მემკვიდრეს“ რჩევებს არ აძლევს.
პარლამენტის თავმჯდომარის რანგში დავით უსუფაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრა გამართა, რომელიც თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში, ბიუროს სხდომათა დარბაზთან არსებულ კიბეზე, ერთობლივი ფოტოს გადაღებით დასრულდა. თუმცა, მანამდე, უსუფაშვილმა ჟურნალისტებს მათივე თხოვნით შედგენილი სამპუნქტიანი გეგმა გაახსენა, რომელიც ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დენის წყაროების გამრავლებას, მონიტორების დაკიდებას და მედიასთან მეტ კომუნიკაციას შეეხებოდა.
ზემოთ აღნიშნული თხოვნებიდან უსუფაშვილმა ერთი გადაჭარბებით შეასრულა და მედიის წარმომადგენლებს ხშირად ხვდებოდა, რომელიც ხან კამათით და ხან შეთნხმებით სრულდებოდა. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ for.ge საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებზე პასუხს სწორედ უსუფაშვილს სთხოვდა, მოქმედმა სპიკერმა „ნახვამდის“ თქმამდე, მედიას „მადლობა“ გადაუხადა და ჩვენს შორის ბევრჯერ გამართული კამათი გაგვახსენა.
„ჩვენ ახალ ეტაპზე გადავედით. წინასაარჩევნო და საარჩევნო ბატალიები დამთავრდა. წმინდა საარჩევნო იარებს რაც მალე მოვიშუშებთ, უკეთესია იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ახალი სისხლსავსე პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტშიც, პარლამენტის გარეთაც, საზოგადოებაშიც და ყველა შევეცადოთ უკვე ამ ახალ რეალობაში, ახალ ვითარებაში შევძლოთ სასიკეთო საქმეების კეთება ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა უსუფაშვილმა, რომელსაც სპიკერის რანგში, მეტის გაკეთება შეეძლო და ეს უფრო ნაკლები გამოუვიდა, მაგრამ მარგველაშვილ-ღარიბაშვილის პოლიტიკური პაექრობის პირობებში, ის სახელმწიფოებრივ პოზიციებს ყოველთვის იცავდა და ბალანსის ფუნქციას ასრულებდა.
თუ როგორი სპიკერი იყო უსუფაშვილი და თუ რა გააკეთა პარლამენტისთვის, მას ამ კითხვით, for.ge-მ მიმართა.
„არანაირი ძალა და ენერგია არ დამიკლია იმ საქმისთვის, რასაც ვემსახურებოდი და ყველაფერს ვაკეთებდი უკეთესი მომავლისთვის, ქვეყნის მშენებლობისთვის და გაუმჯობესებისთვის. წინა მოწვევის პარლამენტში უსუფაშვილი ერთი კონკრეტული ადამიანი იყო, ახლა ამ პარლამენტში ასეთი 150 იქნება. ძალიან ბევრი თქვენ სასიამოვნოდ გაგაოცებთ, ვისაც არ იცნობთ, დაინახავთ, რომ სახეზე არიან ქართული პოლიტიკის ვარსკვლავები. ძალიან ბევრი ასევე არასასიამოვნოდ გაგაოცებთ და ასეა ცხოვრება. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც შეუცვლადობის და განუმეორებლობის განცდა უჩნდებათ, ის არ უნდა მიაკარო სახელმწიფო ხელისუფლებას“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა საკუთარ გეგმებზე საუბრის პარალელურად, მომავალი პარლამენტის საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში პრინციპულად განსხვავებული ვითარება შეიქმნა, რომელიც დამატებით ტვირთს აკისრებს პარლამენტის მომავალ ხელმძღვანელს, ფრაქციების, უმრავლესობის ხელმძღვანელებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებმაც უნდა წარმართონ პარლამენტის საქმიანობა.
„პარლამენტში ვითარება შეიქმნა, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთ ძალას აქვს, ხოლო მეორე ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით კი, ოპოზიციური ძალაა, მაგრამ ის არ და ვერ ასრულებს პარლამენტში საზოგადოებაში საჭირო ოპოზიციის როლს. ვინაიდან, სახელისუფლებო ძალასა და ამ პოლიტიკურ გუნდს შორის იმხელა უფსკრულია, რომ ამ უფსკრულის გადალახვა თუნდაც მცირედ სხვადასხვა საკითხებზე პრინციპულად შეუძლებელია. აქ არის არა კონკურენცია, არამედ მტრობა, ჩვენ პარლამენტში ვერ მივიღეთ კონკურენტი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთმანეთს მოუსმენენ და არგუმენტებით გააკრიტიკებენ. წინმსწრებად ცნობილია, რომ რაც არ უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ“, ის იქნება ნაციონალების მიერ ჩათვლილი „რუსი ოლიგარქის“ მესიჯად და ამიტომ არ გისმენთ, რაც არ უნდა თქვას „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩათვლილი „ცხრაწლიანი სისხლიანი მმართველობის რეჟიმის“ წარმომადგენლების ოინებად და ამიტომ, არ გისმენთ. ეს ვითარება არის რეალობა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური პაექრობა, პოლიტიკური ოპონირება ვერ ბადებს სათანადო შედეგებს, რადგან ოპონირებას მაშინ აქვს აზრი, თუ ოპონირებისას რაღაც ახალს აღმოვაჩენთ, გავარკვევთ და ერთმანეთს გარკვეულწილად მაინც დავეთანხმებით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობაზე საუბრისას უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური აქტიურობა შესაძლებელია სახელმწიფო თანამდებობის გარეშეც, სახელმწიფო ინსტიტუტებში ყოფნის გარეშეც.
„ოპონირების მიზანს მეტი კარგი გადაწყვეტილების მიღება და ცუდი გადაწყვეტილებების თავიდან აცილება წარმოადგენს. ოპოზიციაში ჩასაფრებული არ ვიქნები, მაგრამ საზოგადოებასთან ერთად, დაინტერესებული ვიქნები იმაზე ფიქრით, თუ რა ხდება, რა გადაწყვეტილებები მიიღება და როგორ მიიღება. ახლა უკვე მომავალზე უნდა ვიყოთ ყველა ორიენტირებული იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც შეიქმნა, ვინც სად აღმოვჩნდით ამ პოლიტიკური პროცესის შემდეგ“, - აცხადებს უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის აუცილებლობასა და ერთპარტიული უმრავლესობის უარყოფით მხარეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ითანამშრომლებს ყველა იმ ძალასთან, ვინც აღნიშნულ საკითხებს იზიარებს და ამ ხედვებს ეთანხმება.
„ისეთ ხალხთან საუბრისთვის მზად ვარ, რომელთაც ეს პრობლემა დანახული აქვთ, როგორც პრობლემა. არანაირი პრეტენზია არ მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ პრობლემას არ და ვერ ხედავენ. ძალიან ბევრისთვის უფრო მარტივია, როდესაც ერთპარტიულობაა და თვლიან, რომ ეს ეფექტურია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არსებობენ სხვა შეხედულებების ადამიანები, რომელთა დიდი ნაწილი არ არის ჩართული აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. მინდა, ჩემი პოლიტიკური გამოცდილება მოვახმარო იმას, რომ ასეთი ადამიანები მოვძებნო. სერიოზულ საქმეზე, სერიოზულ ხალხთან სერიოზული საუბრებისთვის მზად ვარ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა, რომელიც 17 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში დაიძინებს და დილით, საქართველოს რიგითი „მოქალაქის“ რანგში გაიღვიძებს.
რაც შეეხება 38 წლის ირაკლი კობახიძეს, მას წინამორბედისგან განსხვავებით, არც თუ ისე ხანგრძლივი პოლიტიკური გამოცდილება აქვს, მაგრამ მას წინ ოთხწლიანი პოლიტიკური ბატალიები ელოდება.