რუსები მოლდოვას მაგალითს სთავაზობენ უკრაინასა და საქართველოს

რუსები მოლდოვას მაგალითს სთავაზობენ უკრაინასა და საქართველოს

რუსეთი კალაშნიკოვის ენით საუბარს განაგრძობს. სულ ახლახანს რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ მოლდოვას ტერიტორიული კონფლიქტის გადაწყვეტა შეიძლება მაგალითი გამოდგეს უკრაინისა და საქართველოსთვის.

კალაშნიკოვის თქმით, თუკი ევროკავშირის საზღვართან მდებარე მოლდოვა მიაღწევს ტერიტორიული კონფლიქტის გადაჭრას კონფედერაციის შექმნის სახით და, ამავდროულად, განავითარებს ურთიერთობას რუსეთთან, ეს მაგალითი იქნება უკრაინისა და საქართველოსთვის. მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნებში ერთი და იგივე ტერიტორიული პრობლემებია, სახელმწიფო წყობის ფორმა, კონსტიტუცია და ეკონომიკაც ერთნაირია.

For.ge გასულ თვეებშიც წერდა, რომ კონფედერაციის შექმნით კონფლიქტის გადაჭრის გეგმას საქართველოში ნაკლებად იზიარებდნენ. „პაატა ზაქარეიშვილის ავანტიურა, ანუ პრიმაკოვისეული გეგმის გაცოცხლების მცდელობა“, - ამ სიტყვებით ეხმაურებოდა „სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე პაატა ზაქარეიშვილის ინიციატივას, რომ საქართველო „მზად იყო“ განეხილა ფედერაციული სახელმწიფო მოწყობის შემოღების საკითხი, რაც აფხაზეთისთვის განსაკუთრებულ სტატუსს გულისხმობდა. 

ნოდარ ნათაძის აზრს იზიარებდნენ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრებიც - მამუკა გიორგაძე, თენგიზ დიხამინჯია, პაატა კოღუშვილი, თეიმურაზ მჟავია, ნიკოლოზ სანებლიძე და მიხეილ ჯიბუტი. ისინი აცხადებდნენ, რომ ფედერალური სახელმწიფოს მოწყობა, ანუ სახელმწიფოს იურიდიულად და პოლიტიკურად დაყოფა ორ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულად, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური ნება და შესაბამისი უფლებამოსილებები გააჩნიათ, სახელმწიფოს ერთიანობის პარალიზებას ნიშნავდა.

მათი აზრით, ქართველმა ერმა ჯერ კიდევ 2500 წლის წინ შეგნებულად უარყო საკუთარი თავის დაქუცმაცება კუთხურობის პრინციპით: ქუჯი ერისთავმა თავისი დინასტიის ძალაუფლებაც დათმო და საკუთარი საბატონო მეფე ფარნავაზს დაუქვემდებარა. 

თუ გავითვალისწინებთ, რომ მოლდოვის ტერიტორიის ნაწილი (დნესტრისპირეთის სახით) რუსეთს ოკუპირებული აქვს, საინტერესოა, რას ნიშნავს ეს პრეცედენტი საქართველოსთვის?!

„სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლეონიდ კალაშნიკოვი ცრუობს, როცა მოლდოვას მაგალითს უდარებს საქართველოს. რეალურად კი, საქართველო არის უნიტარული, ერთიანი ქვეყანა, როგორც ისტორიულად, ისე - დღესაც და საქართველოში შემოსულ სხვა ხალხებს (თათრებს, სომხებს, თურქული მოდგმის აზერბაიჯანელებს და სხვებს) ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნის უფლება არ აქვთ.

ნოდარ ნათაძის თქმით, რუსეთის გეოსტრატერგიული ისტორიული მიზანი ის არის, რომ საქართველომ აღარ იარსებობს. რუსეთს სურს, თურქეთთან ერთად, დასავლეთს გადაუკეტოს ყოველგვარი გასასვლელი შუა აზიისკენ. ამ მიზანს ვერ მიაღწევს, მაგრამ ცდილობს, ცოტა შერბილებულ მიზანს მაინც მიაღწიოს. ანუ რუსეთის სურვილია, საქართველოს ვითომც ნაკლები ზიანი მიაყენოს. სწორედ ამ კონტექსტში ჯდება რუსეთის ყველაზე დაუნდობელი მიზანი - საქართველოში კონფედერაციის, ან, როგორც მინიმუმ, ფედერაციის შექმნის თაობაზე.

„საქართველოს თავის არაქართველ მოსახლეობასთან პრობლემის მოწესრიგების უტყუარი და შეუვალი პრინციპი აქვს. ეს არის ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე. სხვა ეროვნების ხალხი ჩვენთან იცხოვრებს, საკუთარ დედაენაზე ისწავლის, მაგრამ არ ექნებათ უფლება ჩვენი ტერიტორიის მიმართ გარდა ერთისა, რომ მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. მოლდოვასა და უკრაინაში საქმე ასე არ არის, განსხვავებით, საქართველოსგან. აფხაზების წინაპრები საქართველოში შემოვიდნენ მე-16-17 საუკუნეში. ისინი შემოვიდნენ ფეოდალურ სახელმწიფოში, სამეფოში, სადაც არსებობდა ეროვნული თვითცნობიერება. ამიტომ შემოსახლებულ აფსუებსაც განუვითარდათ ეროვნული თვითცნობიერება. დღეს ისინი თავს აიგივებენ არა ერთ-ერთ ადიღეურ ტომთან, არამედ - აფხაზ ერთან. ჩვენ, ქართველები მათ ამ ისტორიულ ნაბიჯს პატივს ვცემთ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ აფხაზი ერი, სადაც ცხოვრობს, უნდა ჰქონდეს საკუთარი საზოგადოების თავისი გემოვნებით, ტემპერამენტით, ტრადიციის მიხედვით მოწყობის უფლება. ეს ეხება მხოლოდ იმ ტერიტორიებს, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ, მაგრამ არ ეხება არც გალის რაიონს და არც კოდორის ხეობას, სადაც ქართველები ცხოვრობენ. კალაშნიკოვის ამ განცხადების უკან დგას სიმულანტი რუსეთი, რომელიც თავს წარმოაჩენს, თითქოს საქართველოს პრობლემის გადაჭრის ინტერესი აქვს. რუსეთს სურს, საქართველოს სიტუაცია მაქსიმალურად მიამსგავსოს სხვა ქვეყნების სიტუაციას. მაშინ, როცა არც მოლდოვასა და არც უკრაინაში ანალოგიური სიტუაცია არ არის“, - აღნიშნა ნოდარ ნათაძემ.

მისივე თქმით, შევარდნაძეს, რომელიც რუსეთის პირდაპირი აგენტი და საქართველოს მოღალატე იყო, რომელიც მტრის მხარეზე მებრძოლ მთავარსარდლად ითვლებოდა, ასეთი გამონათქვამი აქვს: „ნე ბილო ბი ჩეჩნი, ნე ბილო ბი ი აბხაზიი“, ე.ი. შევარდნაძეს სურდა, ეთქვა, ჩეჩნეთში რომ არ გაჩენილიყო კონფლიქტი, აფხაზეთშიც კონფლიქტი არ გაჩნდებოდაო. თუმცა ეს სიცრუე იყო, რადგან ჩეჩნეთსა და აფხაზეთში მიმდინარე ომებს ერმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ. ჩეჩნეთის ომი იყო განმათავისუფლებელი ომი, აფხაზეთის ომი კი იყო რუსების მხრიდან დაპყრობითი ომი ავტოქტონური ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ.

„მოლდოვაში ცხოვრობს რუსი მოსახლეობაც და ადგილობრივი მოსახლეობაც. იქ ყოვლად უსაფუძვლოდაა შექმნილი დნესტრისპირეთი. თუმცა რუსული პოლიტიკა თავისი თავხედობით არ ითვალისწინებს ელემენტარულ ჭეშმარიტებას: თუკი მოლდოვას პრეცედენტი დაკანონდება დედამიწაზე, ეს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის პანიკურ შიშს გამოიწვევს სხვა დანარჩენი ეთნიკური ჯგუფის მიმართ მათი გამრავლების გამო. ეს იქნება სტიმული უკრაინელებისთვის, გაწყვიტონ რუსები დონბასში და, ასევე, ეს იქნება სტიმული დონბასის რუსებისთვის, გაწყვიტონ უკრაინელები დონბასში. მათ ექნებათ იმის იმედი, თუ მოიპოვეს რაოდენობრივი უმრავლესობა, ტერიტორიაც მათი გახდეს და ტერიტორიის სტატუსიც შეიცვლოს. ამაშია აბსურდი და რუსებს ეს უკან მოუბრუნდებათ. ასე რომ, უკან დარჩებათ პუტინის ბოდვა, „სადაც რუსი ცხოვრობს, იქ ყველგან არის ნოვორასია“.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტერიტორიული პრობლემები აქვს მოლდოვას დნესტრისპირეთის სახით. რაც შეხება უკრაინას, უკრაინაში მოგვიანებით დაიწყო ეს კონფლიქტი. ასე რომ, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტები გადაწყვეტას მოითხოვს.

„რუსეთის მხრიდან მსგავსი შეთავაზებები მუდმივად იყო, მაგრამ ყოველთვის საუბრის დონეზე რჩებოდა. დღესაც არ ვიცით, კალაშნიკოვი რას გვთავაზობს. სიტყვა „კონფედერაციას“ ყველა ადამიანი თავისებურად გაიაზრებს. შესაძლოა, სიტყვა „კონფედერაციაში“ ლეონიდ კალაშნიკოვი სხვა რამეს გულისხმობდეს, ჩვენ კი -სრულიად განსხვავებულს. ამიტომ მთლიანად კომპლექსში უნდა იქნეს ეს საკითხი განხილული და მარტო ტერმინზე არ გავაკეთოთ აქცენტი. აქ საინტერესოა, რუსები რას გულისხმობენ კონფედერაციაში, მოლდოველები და ქართველები კი რას მოიაზრებენ ამ სიტყვის მიღმა. ვნახოთ, რა დოკუმენტს შესთავაზებენ მოლდოვას. რუსებმა ყველაზე კარგად იციან მოლდოვას კონფლიქტი, სწორედ ისინი არიან ამ კონფლიქტის შემოქმედნი. ტერმინთა ტყვეობაში არ უნდა ვიყოთ. გინდაც კონფედერაცია დაარქვით, გინდაც ფართო ავტონომია, აქ მთავარია შეკითხვა, აქვს კი ამ კონფედერაციას გამოყოფის უფლება? ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ცხადია, რუსებს სიკეთის მოძალების სურვილი არ ექნებათ. ჩვენ ვერ ჩავერევით მოლდოვას საქმეებში, ვნახოთ დოკუმენტი, წინასწარ ვაი-ვიშის ატეხა სწორი არ იქნება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და განმარტავს, რომ ჩვენი უბედურება ის არის, რომ, როგორც კი ჩვენთვის მიუღებელ ან ჩამოუყალიბებელ ტერმინს გავიგონებთ, მაშინვე ვყვირით, არ გვინდა კონფედერაციო. ასეთმა პოლიტიკამ არ გამაართლა.