„მოვლენების განვითარება გვიჩვენებს, მოხდება თუ არა უკრაინაში რევოლუცია“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომლის განცხადებით, უკრაინაში ხალხი უკვე მეორედ მოტყუვდა, რადგან რევოლუცია ორჯერ მოხდა და მას რევოლუციური ცვლილებები არ მოჰყოლია. ოდესის ექს-გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და ხალხი ძალიან გაბრაზებულია. ასეთ პირობებში უკრაინის ხელისუფლებაში დარჩენა, სააკაშვილის განცხადებით, სრულიად უპასუხისმგებლობა იქნებოდა.
„ეს იქნებოდა პირადი კომფორტის ძიებაში სირაქლემას პოზიციაში ყოფნა. ქართულ არჩევნებთან კი ჩემს გადაწყვეტილებას კავშირი არა აქვს. მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და სხვა ასპექტები აქ არ არის. მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და რატომ?! მე ვიყავი აქ, როდესაც მიმდინარეობდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. დავრბოდი აქ მიტინგებზე. თბილისშიც დავდიოდი მიტინგებზე და აქაც დავდიოდი. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვის გადამწყვეტია. ეს ერთი ბრძოლაა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სანამ სააკაშვილი უკრაინაში მის პოლიტიკურ გეგმებს აწყობს, ამასობაში მის გარშემო სამართლებრივი მარყუჟი ვიწროვდება. უკრაინელი დეპუტატი სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და მისი საქართველოსთვის გადაცემის ინიციატივით გამოდის.
ვადიმ რაბინოვიჩმა შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართა შსს-ს და გენერალურ პროკურატურას, ასევე უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს. როგორც რადას დეპუტატი ამბობს, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების დროს ქვეყნის კანონმდებლობა იყო დარღვეული, ამიტომ კანონი უნდა შესრულდეს და სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას.
„მოვუწოდებ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვას უკრაინის მოქალაქეობა და გადასცეს საქართველოს. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოსთან საერთაშორისო დამნაშავეების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული. მოდით, ნუ დავარღვევთ ამ ხელშეკრულებას, ერთი ადამიანის გამო საქართველოსთან ურთიერთობები არ უნდა გავაფუჭოთ და სააკაშვილის თბილისს გადავცეთ“, - განაცხადა ვადიმ რაბინოვიჩმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა საქართველო 2013 წელს დატოვა, პროკურატურამ მას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. კერძოდ, საუბარია 5 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვაზე, რომელიც სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის დახარჯა. საააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით იძებნება. დაპატიმრების შემთხვევაში მას 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ქართულმა მხარემ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის 13 თებერვალს, რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. იმავე წლის 29 მაისს პოროშენკომ სსკს-ით ძებნილი სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა და მას უკრაინის მოქალაქეობაც მიანიჭა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ 2015 წლის დეკემებრში მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.
დააკმაყოფილებს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი დეპუტატ ვადიმ რაბიმოვიჩის მოთხოვნას უცნობია, თუმცა სააკაშვილი ფიქრობს, რომ მის ექსტრადირების შემთხვევაში ზუსტად ერთ კვირაში თავისუფლებაზე იქნება, რადგანაც მიაჩნია, რომ საქართველოში 600 ათასი მომხრე ჰყავს. სააკაშვილს მომხრეები ჰყავს, მაგრამ ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომელთაა რაოდენობა გაცილებით ბევრია, ვიდრე 600 ათასი.
რაც შეეხება მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურას, ისევე როგორც მინიჭებას, კანონმდებლობაში დეტალურად არის გაწერილი. როგორც წესი, მოქალაქეობის მინიჭება ყველა ქვეყანაში უფრო იოლი პროცედურაა, ვიდრე ჩამორთმევა. ეს პროცედურა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში გაცილებით რთულია. რაც შეეხება სააკაშვილის შემთხვევას, როგორც ვადიმ რაბიმოვიჩის განცხადებით ირკვევა, ფორსირებულად გადაწყდა სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი.
სამართლის ექსპერტის თემურ მონიავას განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, უკრაინის პრეზიდენტმა უფლებამისლების გადამეტებით მიანიჭა სააკაშვილს მოქალაქეობა, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება ამბობს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით მიღებული ადმინისტრაციული აქტი ბათილია და იგი სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.
„ჰქონდა ამის დისკრეცია პრეზიდენტს, რომ ყოველგვარი დოკუმენტაციისა და საკითხების გამოკვლევის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება? თუ ეს უწერია კანონმდებლობაში პრეზიდენტს, მაშინ მას კანონი არ დაურღვევია, მაგრამ თუნდაც ერთი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, გამოდის, რომ მან გადაამეტა უფლებასილებას, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება ამბობს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით მიღებული ადმინისტრაციული აქტი ბათილია და იგი სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.
როგორც ჩანს, უკრაინელ კანომდებელს აქვს მასალები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის მოთხოვნები დაირღვა. ასეთ შემთხვევაში უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და გაუქმდეს უკრაინის პრეზიდენტის შესაბამისი აქტი, რომლითაც სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა“, - ამბობს თემურ მონიავა.
მისი თქმით, ეს დროში გაწელილი პროცედურა იქნება, მარტივად ვერ გადაწყდება, სულ ცოტა 6 თვე მაინც დასჭირდება. სხვა შემთხვევაში, არც ერთი ქვეყანა თავის მოქალაქეს, სასჯელის მოსახდელად სხვა ქვეყანას არ გადასცემს.
„თუ ადმინისტრაციული აქტი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ არ გაუქმდა, ასეთ შემთხვევაში რჩება ერთადერთი გზა, რაც აპრობირებულია მთელს მსოფლიოში - თუ უკრაინის ხელისუფლება კეთილგანწყობას ავლენს საქართველოსადმი, მაშინ მას შეუძლია საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები წაიღოს თავის ქვეყანაში და შესაბამისი მუხლით სააკაშვილი მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ეს არის სამართლებრივად სწორი გზა. შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის კარგი მდგომარეობა არც უკარიანაში აქვს და არც უკრაინის გარეთ. სამართლებრივი მარყუჟი მის გარშემო ვიწროვდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თემურ მონიავამ.
სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობას უშვებს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი, რომლის განცხადებით, თუკი მოხდება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და მისი ექსტრადირება, ეს უნდა მოხდეს კანონთან შესაბამისობაში ისე, რომ არ დატოვოს კითხვის ნიშნები არავისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
„დიახ, რომ შესაძლებელია და ეს უნდა მოხდეს კანონთან შესაბამისობაში, რომ სააკაშვილი არ იქცეს გმირად, რომელიც თურმე დევნილია სიმართლისთვის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არ არის გმირი და დევნილი სიმართლისთვის. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ჩვეულებრივი კრიმინალია, რომლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მან უნდა აგოს პასუხი და უნდა წარსდგეს საქართველოს სასამართლოს წინაშე. ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდება.
ჩვენ თუ გვინდა, რომ ოდესმე მაინც ჩამოვყალიბდეთ როგორც სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობაა, ყველა ვის მიმართაც არსებობს გამოძიება, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მიხეილ სააკაშვილს მოუწეს სასამართლოსთვის პასუხის გაცემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ“, - აცხადებს სოფო ხორგუანი.
რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ხორგუანი ამბობს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კონკრეტულ ადამიანებზე არ დგას. საქართველო-უკრაინის ინტერესები ერთმანეთთან არის კავშირში, რომელსაც სააკაშვილი ვერ დააზიანებს, როგორადაც არ უნდა ეცადოს.
„ცხადია, რომ მავნებლობა არის სააკაშვილის მხრიდან, ამას ვხედავთ და არც გვიკვირს. ცდილობს იმავნებლოს, მაგრამ არ გამოსდის, მას ადგილზე შეექმნა პრობლემა და ეს ლოგიკურიც იყო. ჩვენ ვიცნობთ მას, ვიცით მისი მმართველობის სტილი, ვიცით მისი დამოკიდებულება კანონისადმი, ამიტომ ლოგიკური იყო, რომ ადრე თუ გვიან დადგებოდა ეს საკითხი. ჩვენს თავზე გადავიტანეთ სააკაშვილის მმართველობის სტილი.
ლოგიკურია რაც დაემართა უკრაინაში. ამიტომ, ყველანაირად შეეცდება, თავი წარმოაჩინოს როგორც სიმართლისთვის და თავისუფლებისთვის დევნილი, ეს მისი სტილია და ბევრჯერ შერჩენია ასეთი თამაშები. ცდილობს ვიღაცეები დააშანტაჟოს, მაგრამ არ გამოუვა. იმდენად შელახულია მისი სტატუსი და რეპუტაცია, რომ ზიანის მიყენება ჩვენი ქვეყნებისთვის არ შეუძლია. უკან დასახევ გზებს ეძებს, კუთხეში მიმწყვდეული მხეცივით არის, პოლიტიკური ცხოველია რომელიც კუთხეში მიამწყვდიეს, ამიტომ საშიში ხდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოფო ხორგუანი.