პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს. 1-2 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ვიდრე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის სხვა დეტალები ზუსტდება, საკითხზე კომენტარს უკვე აკეთებს ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი, რომლის განცხადებით, საქართველომ უკვე დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა და არის გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესში მოხდეს წინსვლა.
„მე ველოდები პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში. ყველამ განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება არის უკიდურესად პოზიტიური და იმედის მომცემი, ამიტომ საჭიროა ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა. საგარეო უწყებების ხელმძღვანელები თანხმდებიან, რომ ქართულმა მხარემ ყველა დაკისრებული ვალდებულება შეასრულა და არსებობს გადაწყვეტილება, რომ წინ წავიდეს პროცესი ამ მიმართულებით“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის დაწსებას მხარს უჭერს ჩეხეთი. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუბომირ ზაორალეკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მას უჭირს დააკონკრეტოს ვადა, როდის დასრულდება ვიზალიბერალზიაციის პროცესი.
„გადაწყვეტილი გვაქვს მხარი დავუჭიროთ საქართველოს და უკრაინას. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. ვწუხვარ, რომ მოლაპარაკებების გაჭიანურებამ ეს საკითხი გაართულა. ამან ჩვენდამი ნდობას შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას. საქართველოსთვის ამ პროცესის დაჩქარება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლუბომირ ზაორალეკმა.
ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ საქართველოსთვის მომგებიან სიტუაციაში იწყება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში და ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ევროპელ ჩინოვნიკებს ეყოფათ საღი აზრი, რომ კვირიკაშვილი ევროპიდან ხელცარიელი არ გამოუშვან.
„ვიზიტი იწყება იმ ფონზე, რომდესაც მთელი ევროპა პანიკაშია, თუ რას იზამს ტრამპი. ამერიკაში საფრანგეთის ელჩმა ღიად თქვა, რომ ჩვენ თვალწინ ინგრევა ევროპაო. რაც უფრო უჭირს ევროპას, რაც უფრო ფერმკრთალდება, გნებავთ, იგივე აღმოსავლური პარტნიორობა, განსაკუთრებით მოლდოვას არჩევნების შედეგების შემდეგ. ასევე, 5 დეკემბერს ძალზედ მნიშვნელოვანი რეფერნდუმი ტარდება იტალიაში, რომელმაც შეიძლება 80%-ით შეცვალოს იტალიაში ძალთა თანაფარდობა.
შემდეგ მოდის ბულგარეთის არჩევნები, სადაც დიდი ფორა აქვთ პრორუსულად განწყობილ პარტიებს, ამ ყველაფრის ფონზე თავისებურ ტესტად იქცევა საქართველოსადმი ევროპის დამოკიდებულება. ვინაიდან, დღეს ერთადერთ ერთგულ პროდასავლურ სახელმწიფოდ რჩება საქართველო, თავისი იდეოლოგიით, ფასეულობებით და ღირებულებებით. ამიტომ, ჩემი აზრით, ევროპელ ჩინოვნიკებს უნდა ეყოთ საღი აზრი იმისათვის, რომ კვირიკაშვილი ხელცარიელი არ გამოუშვან ევროპიდან“, - ამბობს სოსო ცინცაძე.
მისივე თქმით, საქართველოს სრული მორალური უფლება აქვს პირდაპირ უვიზო რეჟიმი მოითხოვოს.
„ხომ ხედავთ, მექსიკური სერიალივით გაგვიჭიმეს ეს ვიზა-ლიბერალიზაცია. 90 დღიანი ქართველი ტურისტი ევროპაში მე ვერ წარმოდიგენია. ვის აქვს იმდენი ფული, რომ სამი თვე ევროპაში იმოგზაუროს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საღი ოპტიმიზმით შეიძლება ვუყუროთ პრემიერის ვიზიტს და მის შედეგებს.
იმ შემთხვევაში, თუკი ევროპელ ჩინოვნიკებს არ ეყოთ საღი აზრი და პოლიტიკური ნება, მაშინ გამოდის, რომ საერთოდ ევროპაში საღი აზრის ნატამალი არ დარჩენილა, რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკურ ნებაზე. თუ ევროპას მართლა სჭირდება რეალური მოკავშირე, თანაც ასეთ რთულ რეგიონში, საერთო ფონისა და ღირებულებების ერთგულების გათვალისწინებით, საქართველოს საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის ვიზიტამდე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში საუბარი იყო ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და საერთო ღირებულებებზე.
როგორც სოსო ცინცაძე ამბობს, ეკლესიის ჩართვა აუცილებელია, თუ დაგვიანებული არ არის.
„საშინალი საფრთხე დგას მთლიად ქრისტიანული ევროპის წინაშე და ეს არის - ისლამიზაცია. როგორც ჩანს, პოლიტიკოსებზე უფრო მეტად, შორსმჭვრეტენლი არიან რელიგიის მსახურები. ამიტომაც, მართლმადიდებელი ეკლესია გააქტიურდა ამ საფრთხის პარალელურად. ევროპაში არავინ არ ყოფს შიიტებს და სუნიტებს ერთმანეთისგან, მორჩა ისლამიზაციაა.
ტერორისტები არ არიან, მაგრამ ხმალამოწვდილი იბრძვიან მეჩეთების მშენებლობისათვის და რელიგიური სკოლების გახსნისათვის. ევროპის ისლამიზაციისთვის შეუჩერებელი ტალღა მიდის. ბუნებრივია, ეს აწუხებს მართლმადიდებლურ ეკლესიას, პროტესტანტებს და კათოლიკეებს ერთნაირად.
ცივილიზაციათა ცივი ომი მიმდინარეობს ევროპაში, ამ ფონზე, შუა საუკუნეების შემდეგ ქრისტიანულ ეკლესიას პირველად აკისრია ისტორიული როლი. დე გოლმა სიკვიდილამდე სამი თვით ადრე ცნობილ ფრანგ ინტელექტუალს უთხრა, რომ - მე და თქვენ თანამედროვე ევროპის უკანასკენელი ქრისტიანები ვართო. მაშინაც იგრძნობოდა რაღაცა ტენდენცია, მაგრამ დღეს უკვე საშინელებაა ევროპაში. ამიტომ, ბუნებრივია მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართვა, თუ დაგვიანებული არ არის უკვე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.