„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა, პარლამენტის ადგილსამყოფელი და საკანონმდებლო საქმიანობის სტრატეგია გახდეს. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა - ნაწილი უწყებაში სიარულის მომხრეა, მეორე ნაწილი ამის წინააღმდეგ გამოდის.
ბოლო ორი წლის მანძილზე, ანუ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებმა საქმიანობა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში დაიწყეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კომიტეტის სხდომებს პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად ესწრებოდნენ, სხვა შემთხვევაში, სხდომაზე წერილს აგზავნიდნენ იმის თაობაზე, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში ჩატარებული სხდომები არაკონსტიტუციური იყო.
„ნაციონალური მოძრაობა“ კონსტიტუციის 48-ე მუხლის იმ ჩანაწერზე აპელირებს, რომლის გათვალისწინებითაც, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელად - ქუთაისია მითითებული, თუმცა, უმცირესობას თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის მიმართ გამოცხადებული ბოიკოტის თაობაზე მსჯელობა ისევ მოუწევს, რადგან წინ მუშაობის ოთხი წელია და სასწორზე როგორც პოლიტიკური აქტივობა, ასევე საკანონმდებლო მუშაობა დევს.
თუ რა განწყობებია თბილისში მდებარე პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ და აპირებენ თუ არა ნაციონალები უწყებაში სიარულს, ამის გარკვევის მიზნით, for.ge ოპოზიციონერებს ესაუბრა, თუმცა, იმ მოქმედ დეპუტატებთან დაკავშირება ვერ შევძელით, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში საქმიანობის წინააღმდეგ გამოდიან. მათ შორის სააკაშვილის ე.წ. გუნდის წევრები მოიაზრებიან.
როგორც for.ge-ს ნაციონალმა, გიგი წერეთელმა განუცხადა, ამ თემაზე პარტია ჩამოყალიბდება. მისი თქმით, ბოიკოტის მიუხედავად, უმცირესობა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ესწრებოდა, რაც ქვეყანას სჭირდებოდა.
„თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში სხვადასხვა ტიპის შეხვედრას ვესწრებოდით. კონკრეტულად რას განვახორციელებთ, ამაზე მას შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რაც პარლამენტი მუშაობას დაიწყებს. ამ ეტაპზე, პარლამენტი ქუთაისში დარჩა და ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ. ამ ბრძოლამ ის შედეგი მოიტანა, რომ ამ ეტაპისთვის ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, თუმცა, ეს ეტაპი როდის დასრულდება, ეს ჩვენ არ ვიცით. რა თქმა უნდა, ქუთაისში ვიმუშავებთ და თბილისში მდებარე პარლამენტში ჩვენი ჩართვა რა პერიოდულობით მოხდება, ამას გადავწყვიტავთ“, - აცხადებს კანონმდებელი.
წერეთელი შენობისადმი სკეპტიკურად განწყობილი თანაგუნდელების პოზიციებს ეხმაურება და ამბობს, რომ ადამიანები იყვნენ, რომელთაც პარლამენტის შენობაში ფეხი არ შეუდგამთ და ეს მათი გადაწყვეტილება იყო.
პარტიის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე აპელირებს აკაკი ბობოხიძეც, რომელიც პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.
for.ge-სთან საუბარში ბობოხიძე აცხადებს, რომ როცა დეპუტატები შეიკრიბებიან, გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული.
„პირადად ჩემთვის, გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ხელისუფლების პოზიციაზე, ქუთაისის საპარლამენტო სტატუსთან დაკავშირებით“, - აცხადებს ბობოხიძე.
თანაგუნდელებისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გია თევდორაძე პირდაპირ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, ბოიკოტის რეჟიმს აზრი აღარ აქვს.
როგორც for.ge-ს თევდორაძემ განუცხადა, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია და ეს კონსტიტუციაში წერია, თუმცა, მოქმედ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები თბილისში კონსტიტუციის დარღვევათ ტარდებოდა.
„საკონსტიტუციო უმრავლესობა „ოცნებას“ აქვს და თუკი იმის ნება იქნება, რომ პარლამენტს ადგილსამყოფელი შეუცვალონ, მათ ხელს არაფერი აღარ უშლით. ვინაიდან, „ოცნების“ ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობაა, უმცირესობა თბილისში მდებარე შენობასთან ბოიკოტის რეჟიმში აღარ იქნება, რადგან საკომიტეტო მოსმებებზე წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ და ის აზრი დავაფიქსიროთ, რაც საზოგადოებას აქვს“, - აღნიშნავს თევდორაძე.
თუ რამდენად ორგანიზებული იქნება მეცხრე მოწვევის პარლამენტი და მოქმედი პარლამენტის მსგავსად, იქნება თუ არა კვლავ კვორუმის პრობლემა, ამის დაზუსტებას for.ge საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანთან შეეცადა.
კახიანის განცხადებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტი საქმიანობას იმავე ვითარებაში გააგრძელებს, როგორც მოქმედი საქმიანობდა. მისი თქმით, პლენარული სხდომები ქუთაისში ჩატარდება, კომიტეტის სხდომები - თბილისში.
„ვაპირებთ, რომ ეს ასე გავაგრძელოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომებს პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად ესწრებოდა. ხშირ შემთხვევაში, როცა საკითხის პოლიტიკურ ინტერესებს ვერ ხედავდნენ, სხდომებს არაკონსტიტუციურობის საბაბით არ ესწრებოდნენ. იმედი მაქვს, რომ ისინი საკუთარ დამოკიდებულებას შეცვლიან და არა მხოლოდ კომიტეტის სხდომებზე ივლიან, სადაც პოლიტიკური ინტერესი აქვთ, არამედ საკანონმდებლო საქმიანობას პირნათლად შეასრულებენ, რაც მათი ვალდებულებაა“, - ამბობს კახიანი.
კანონმდებელი კვორუმის პრობლემასაც გამოეხმაურა და ვარაუდობს, რომ ამ მოწვევის პარლამენტში ეს საკითხი ნაკლებად აქტიური იქნება.
„ქართული ოცნება“ პარლამენტში მყარი უმრავლესობით არის წარმოდგენილი და კვორუმის შევსება არასოდეს არ გაგვიჭირდება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ რეგისტრაცია არ უნდა გაიაროს“, - დასძენს კახიანი.
„ნაციონალური მოძრაობა“ მერვე მოწვევის პარლამენტში საკომიტეტო სხდომებს, პლენარული სხდომებისგან განსხვავებით, სურვილისამებრ ესწრებოდა, თუმცა, პლენარულ სხდომაზეც წინასწარ რეგისტრაციას არ გადიოდა, რაც მათ ხელში ერთგვარი პოლიტიკური ბერკეტი იყო, რადგან რამდენიმე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, რასაც შემდეგ, მათი შეფასებები მოჰყვა, რომ უმრავლესობა „უნიათოა“. პლენარულ სხდომაზე დასწრების ვალდებულება ყველა დეპუტატს აქვს, თუმცა, ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობას მეტი ორგანიზებულობა მართებს, რისი მიღწევაც ამ მოწვევის პარლამენტში გართულდა.
როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მეცხრე მოწვევის პარლამენტი პოლიტიკურ დილემად იქცა, რადგან გუნდში დაპირისპირების მიზეზი ჯერ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გახდა, ახლა კი, მსჯელობა რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში სიარულზე გაიმართება.