პრემიერ-მინისტრი ჩამოყალიბდა - მთავრობიდან „წამსვლელთა“ და „მომსვლელთა“ სია სახელდება

პრემიერ-მინისტრი ჩამოყალიბდა - მთავრობიდან „წამსვლელთა“ და „მომსვლელთა“ სია სახელდება

საქართველოს მთავრობა საკადრო ცვლილებების განხორციელების მოლოდინშია, პარლამენტი კი, აღმასრულებელი ხელისუფლების მასპინძლობისთვის ემზადება. for.ge-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ახალი შემადგენლობის კონფიგურაციაზე უკვე ჩამოყალიბდა და საზოგადოებისთვის მთავრობის ძველი და ახალი სახეების წარდგენას მიმდინარე კვირის ბოლოს, ან მომავალი კვირის დასაწყისში გეგმავს.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, მინისტრის პორტფელიოს რამდენიმე მოქმედი მინისტრი დაემშვიდობება, რამდენიმე დეპუტატობის კანდიდატი კი, საქმიანობას მეცხრე მოწვევის პარლამენტის ნაცვლად, მთავრობაში გააგრძელებს. მათ შორის იქნებიან - კახი კალაძე და გიორგი გახარია.

წყაროს ცნობით, კახი კალაძე ისევ ენერგეტიკის სამინისტროს დაუბრუნდება, გიორგი გახარიას კი, ეკონომიკის სამინისტროს ჩააბარებენ.

სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში, ნოდარ ხადურის მსგავსად, შესაძლოა, პოსტებზე უარის თქმა მოუწიოთ: კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს და სპორტის მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს. ასევე, სავარაუდოდ, დაკავებულ თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძეც, რომლის უწყების გაუქმებაც და დეპარტამენტის სახით, მისი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიერთება იგეგმება.

ზემოთ აღნიშნული პირებისგან განსხვავებით, აღმასრულებელ ხელისულებაში რჩება ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომლის თაობაზეც პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ, რომ ის საქმიანობას ფინანსთა სამინისტროში გააგრძელებს. მთავრობაში საქმიანობას დაიწყებს ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე, რომლის კანდიდატურაც for.ge-ს ინფორმაციით, ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე განიხილება.

მთავრობაში საკადრო ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული რომ არის, ამის თაობაზე ინფორმაციას for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი უდასტურებს.

ვოლსკის ცნობით, პოზიციები უკვე ჩამოყალიბებულია და პრემიერ-მინისტრი შესაბამისს განცხადებას თავის დროზე გააკეთებს.

კანონმდებელი საკითხზე საუბრისას აქცენტს საკადრო ცვლილებების ნაცვლად, სამთავრობო პროგრამაზე აკეთებს და ამბობს, რომ მთავარი პიროვნებების შეცვლა კი არ არის, არამედ მნიშვნელოვანია პროგრამა, რომელსაც მთავრობა წარადგენს და რომელიც როგორც ბიუჯეტია ფორმირებას, ასევე ხარჯვის სტრატეგიულ მიმართულებას ეხება.

„რაციონალიზაცია, რაზეც პრემიერი საუბრობს, ამ გეგმასთან სრულ შესაბამისობაში იქნება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას, ასევე სახელმწიფოს მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებას“, - დასძენს ვოლსკი.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა გადაყენებულად ითვლება. შესაბამისად, for.ge დაინტერესდა, მომავალი მოწვევის პარლამენტში, თუ როდის დაიწყება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი.

for.ge-სთან საუბარში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის საკითხი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ორშაბათიდან დაიწყება.

კახიანის განმარტებით, თეორიულად შესაძლებელია, რომ პრემიერმა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან მეორე დღეს, ანუ, 19 ნოემბერს, პრეზიდენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს.

„ამის შემდეგ ის პროცედურები დაიწყება, რაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას გულისხმობს. თეორიულად შესაძლებელია, რომ პირველივე დღეს, არჩევნებში გამარჯვებული საარჩევნო სუბიექტის მხრიდან პრეზიდენტისთვის პრემიერის კანდიდატურის შეთავაზება მოხდეს. ამის შემდეგ, პრეზიდენტს შვიდდღიანი ვადა აქვს, რომ ეს შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს და ამ შემადგენლობაზე უკვე ნაფიქრია. თეორიულად შესაძლებელია, რომ მეორე დღეს საკომიტეტო სხდომები ჩატარდეს, რომელსაც ბიურო მოჰყვება. მგონია, რომ მთავრობის ნდობის საკითხი ორშაბათიდან დაიწყება“, - აცხადებს კახიანი.

დეპუტატი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ 18 ნოემბერს, წესით, საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობის არჩევის პროცესი დასრულდება.

„წინა მოწვევის პარლამენტში, პირველივე პლენარულ სხდომაზე ყველა ის პროცედურა დასრულდა, რაც დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული. ანალოგიური დღის წესრიგი გვექნება და იმედი მაქვს, რომ ამ პროცესის დასრულება მოესწრება“, - დასძენს კახიანი.

თუ ვინ გახდება მთავრობის წევრი და ვის მოუწევს მინისტრის პოსტიდან წასვლა, ეს ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება, მაგრამ იმედია, პარლამენტი სამთავრობო გუნდს ნდობას ისეთივე ქაოსურ ვითარებაში არ გამოუცხადებს, როგორც ეს აქამდე მოხდა, როცა დეპუტატებმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა შემჭიდროვებულ ვადებში გამოუცხადეს და პარლამენტის პლენარული სხდომა, საათის გაჩერების მექანიზმით, ღამის სამ-ოთხ საათზე დასრულდა.