„სააკაშვილი ჩე გევარას როლს ასრულებს და არ ვუსურვედი, რომ მანაც ისე დაამთავროს“

„სააკაშვილი ჩე გევარას როლს ასრულებს და არ ვუსურვედი, რომ მანაც ისე დაამთავროს“

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას დიდი პოლიტიკური გეგმები აქვას უკრაინასა და საქართველოს მიმართ. ასევე, ეჭვი არ ეპარება, რომ თუკი უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში მის ექსტრადირებას განახორციელებს, ზუსტად ერთ კვირაში თავისუფლებაზე იქნება, რადგან საქართველოში 600 ათასი მომხრე ჰყავს. ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ფარდობა არ არის და ეს 8 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა.

რა დგას სააკაშვილის განცხადებების უკან და რამდენად აქვს დასავლეთის მხარდაჭერა, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

სააკაშვილი ამბობს, რომ ძალიან დიდი პოლიტიკური გეგემები აქვს უკრაინასა და საქართველოს მიმართებაში, მაგრამ რამდენად აქვს ამის პოლიტიკური პერსპექტივა?

ვახტანგ ძაბირაძე: სააკაშვილს უნდა პოლიტიკაში დარჩენა და თავის გეგმებს აწყობს. სხვა საკითხია რამდენად რეალიზებადია მის მიერ დაწყობილი გეგმები, გნებავთ საქართველოში, გნებავთ უკრაინაში. მას შემდეგ, რაც დატოვა ოდესის გუბერნატორის პოსტი, ფაქტიურად ჰაერში აღმოჩნდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ გამოიყენოს, როგორც თავად თვლის, შანსი და უკრაინაში დაიწყო პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება.

არ ვიცი რამდენად დადებითია უკრაინელების დამოკიდებულება სააკაშვილისადმი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ვეებერთელა ქვეყანა, რომელიც უაღრესად რთულ ვითარებაშია, არა მგონია, რომ სააკაშვილს რამე წარმატების იმედი უნდა ჰქონდეს. საკმაოდ რადიკალური ნაბიჯები გადადგა ტიმოშენკომ, რომელსაც ჰქონდა რეიტინგი, მას კარგად იცნობს უკრაინა, აქვს პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ წააგო არჩევნები. არ ვიცი მოახერხებს თუ არა სააკაშვილის გაერთიანება ტიმოშენკოსთან გაერთიანებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ თუნდაც ამ მიმართულებით წასულმა სააკაშვილმა რამე პოლიტიკურ წარმატებას მიაღწიოს უკრაინაში.

რამდენად ძნელი იქნება ამ ფრონტზე გავლენისთვის ბრძოლა სააკაშვილისთვის?

- რა თქმა უნდა, რთული იქნება. დღეს სააკაშვილის პოლიტიკური რეიტინგი დაღმავალია და არა აღმავალი. ამიტომ, მას ძალიან გაუჭირდება რაიმე სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს.

შესაძლო რევოლუციის შემთხვევაშიც? რევოლუციურ პროცესებზე აკეთებს აქცენტირებას.

- არა მგონია, რომ უკრაინაში პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარდეს. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, სააკაშვილი ცდილობს როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში შეინარჩუნოს რაღაცა ტიპის პოლიტიკური რეიტინგი. თეორიულად მაინც დარწმუნებული რომ იყოს წარმატებებში უკარაინაში, ასეთ შემთხვევაში არ გააკეთებდა განცხადებას, რომ საქართველოშიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გეგმავს რაღაცეებს.

სააკაშვილის განცხადებებში და ქმედებებში იკვეთება, რომ მას აქვს დასავლეთის, ან თუნდაც აშშ-ის მხარდაჭერა? ფაქტია, რომ სააკაშვილი უკრაინაში, ეს იყო ამერიკული პროექტი...

- კი ბატონო, მაგრამ არა მგონია, რომ ამ ეტაპზე დასავლეთისთვის რაიმენაირად მისაღები იყოს სააკაშვილის პოლიტიკური ფიგურა. 2008 წლის შემდეგ ნელ-ნელა ხდება მისი დევალვაცია. ასე რომ, სააკაშვილს დასავლეთში პოლიტიკური კაპიტალი ნამდვილად არ აქვს. თუმცა, ცდილობს ასეთი ილუზიის შექმნას, რომ მას აქვს მხარდაჭერა დასავლეთში და აშშ-ში.

ოდესაში მან ვერ მიაღწია ვერანაირ წარმატებას. ოდესის მოვლენებმა აჩვენა დასავლეთს და აშშ-ს, რომ სააკაშვილი უკრაინულ პოლიტიკაში დამარცხებული პროექტი აღმოჩნდა. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, რომ მას ხელი შეუშალეს, ეს არ მუშაობს. სცენარი, რომელიც მან გაითამაშა მაშინ, როდესაც მილიონერების სასახლეები აჩვენა და თითქოსდა დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა, საქართველოს მაგალითზე ვიცით, რომ ეს არ იყო წარმატებული სვლა. არა მგონია, რომ დასავლეთი პოლიტიკურ ფსონს აკეთებდეს სააკაშვილზე.

როდესაც საუბრობს ხელისუფლების ცვლილებაზე, ის აქცენტს აკეთებს ქუჩაზე, ქუჩას ანიჭებს უპირატესობას. როგორ ფიქრობთ, აქვს იმის რესურსი, რომ ააგოროს ქუჩის პროცესები და რამდენად არის ამის მზაობა უკრაინულ საზოგადოებაში?

-ამას კი აცხადებს, მაგრამ არავითარი რესურსი არ აქვს. სულ ახლახანს მოხდა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა ქუჩის აქციებით. დღეს უკრაინაში არ არის მზაობა, რომ ქუჩის აქციებით შეცვალონ ხელისუფლება. ჯერჯერობით უკრაინაში რაიმე საპროტესო მანიფესტაციები ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არ განხორციელებულა. შეიძლება პოროშენკოს მიმართ არის იმედგაცრუბა, მაგრამ არ არის აგრესია. ასეთ ვითარებაში სააკაშვილმა რამდენიც უნდა ეცადოს, ქუჩას ვერ ააგორებს. უკრაინა ძალიან რთული ქვეყანაა, არ მგონია, სააკაშვილმა შეძლოს უკრაინულ პოლიტიკურ სპექტრში დამკვიდრება. ვფიქრობ, ეს მისი ბოლო, განწირულის ნაბიჯია. ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, დიდი წარმატებები მას აღარ ექნება.

ვფიქრობ, რომ საქართველოსა და უკრაინის ერთ სიბრტეში განხილვა ცოტა არასერიოზულია. ის რაც საქართველოში შეიძლება ძალიან სწრაფად განხორციელდეს, უკრაინაში ამას დრო სჭირდება. ასე რომ, არა მგონია სააკაშვილმა შეძლოს უკრაინაში ქუჩის აგორება და მით უმეტეს გახდეს ქუჩის ლიდერი.

გარდა ამისა, როდესაც დასავლეთზე ვლაპარაკობდი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკითხავია, სჭირდება დღეს დასავლეთს უკრაინაში ისეთი ექსცენტრული ლიდერი, როგორიც სააკაშვილია? სურს კი დასავლეთს იგივე სცენარის განმეორება დონბასში, რაც 2008 წელს ცხინვალის რეგიონში გააკეთა სააკაშვილმა? რა თქმა უნდა, - არა. უკრაინაში სააკაშვილის წარმატებულ კარიერას ვერც თავიდან ვხედავდი და ვერც ახლა ვხედავ.

რაც შეეხება საქართველოს, ის თვლის, რომ დიდი პოლიტიკური პერსპექტივა აქვს საქართველოში...

- სააკაშვილი დარწმუნებული არ არის, რომ უკრაინაში წარმატებით განახორციელებს პარტიის ჩამოყალიბებას და არჩევნებში გამარჯვებას, ამიტომ, ის როგორც სათადარიგო ვარიანტს იტოვებს საქართველოს და „ნაციონალურ მოძრაობას“. დაველოდოთ როგორ განვითარდება პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში“. ვფიქრობ, სააკაშვილი არ დაანებებს თავს ამ პარტიას. შესაძლოა, თავმჯდომარის პოსტზე აღარ იყოს, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს ლიდერის, ჭკუის დამრიგებლის როლს, ანუ მოსახლეობის თვალში აუცილებლად იქნება ფიგურანტი. ყოველ შემთხვევაში, ამას ყველანაირად შეეცდება.

მოსახლეობას რაც შეეხება, ამბობს, რომ მისი შესაძლო ექსტრადირების შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით ერთ კვირაში თავისუფლებაზე იქნება. საქართველოს მოსახლეობაში იგრძობა ეს განწყობა, რომ სააკაშვილს პატიმრობიდან დაიხსნიან, ან როგორ უნდა დაიხსნან?

- არა ბატონო, ასე არ იქნება. სააკაშვილს თუ ამის სერიოზულად სჯერა, ვურჩევდი, რომ საქართველოს უახლეს ისტორიას უფრო დაკვირვებით გადახედოს. დღეს რომ საქართველოში სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართოს, მოსახლეობას ვერავინ ვერ გააჩერებს. პირდაპირ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება, აქ ძალოვანი სტრუქტურები ვერაფერს ვერ შეძლებენ, ისეთი აგრესიაა სააკაშვილის მიმართ და ეს კარგად გამოჩნდა 8 ოქტომბრის არჩევნებში.

600 ათასი კაცი რომ უჭერს მხარს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და ისიც გასარკვევია, ეს 600 ათასი კაცი მხარს მას უჭერს თუ არა. ითვლის თითქოს მის მხარდამჭერებს, მაგრამ არ ითვლის 800 ათასს, ასე რომ, მთლად ფარდობა არ არის. ასე მარტივად არ არის საქმე, როგორც სააკაშვილი ამბობს, რადგან თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაშია“ განხეთქილება. არ ვიცი, რას აპირებენ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი ძირითადი ელიტა, სხვაგვარად უყურებს პოლიტიკურ პროცესებს და გაცილებით საღად, ვიდრე ბატონი სააკაშვილი. შეიძლება ვთქვათ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სააკაშვილი ჩე გევარას როლს ასრულებს, მანაც ცუდად დაამთავრა და არ ვუსურვებდი, რომ ამანაც ასე დაამთავროს.