[პრესაგე.ტვ]
რამდენიმე წუთის წინ, ჩუღურეთის რაიონში, ქართვლელიშვილის ქუჩაზე საპატრულო ეკიპაჟმა (73-04 სანომრე ნიშნით LHL 287), „ქართული პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაიას კუთვნილი მანქანა ჩამოართვა და 100 ლარიანი ჯარიმის ქვითარი გამოუწერა. საპატრულო ეკიპაჟის განმარტებით, მიქაიას დაჯარიმების მიზეზი, ღერძულა ხაზის გადაკვეთა იყო, რამაც ავარიული სიტუაცია შექმნა. თავად მიქაია თავს უადანაშაულოდ მიიჩნევს.
„ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილთან შესახვედრად მივდიოდი, როდესაც ე.წ. „მალაკნების ხიდს“ გავცდი, საპირისპირო მიმართულებიდან საპატრულო ეკიპაჟი შევამჩნიე. ისიც კი დავაფიქსირე, რომ რაღაც უცნაურად შემომხედეს და დაჟინებით დამაკვირდნენ. ამის შემდეგ, უკან გამომყვნენ და სანამ დანიშნულების ადგილზე არ მივედი არ გავუჩერებივარ, რაც უცნაურია. თუ მოძრაობის წესები დავარღვიე, რას ელოდებოდნენ? როდესაც მანქანა გავაჩერე თავზე დამადგნენ და მითხრეს, რომ 022-ზე ანონიმურმა პირმა დარეკა და ინფორმაცია გადასცა, რომ მოძრაობის წესები დავარღვიე. მანქანას 45 წუთის განმავლობაში ჩხრეკდნენ, მეც სიმთვრალეზე შემამოწმეს, თუმცა ვერაფერი, რომ ვერ აღმომიჩინეს, მანქანა საჯარიმოზე გადაიყვენეს და 100 ლარიანი ჯარიმის ქვითარი გამომიწერეს. მანქანა, რომ დავიბრუნო, იძულებული ვარ, 48 ლარი გადავიხადო, ხოლო ამის შემდეგ, - 100 ლარიანი ჯარიმა.“
ჩვენს კითხვაზე, აპირებს თუ არა ჯარიმის გასაჩივრებას მიქაია გვპასუხობს: „თქვენ საქართველოში სადმე გაგიგიათ, რომ სამართალდამცველებს რიგითმა მოქალაქემ სასამართლოში უჩივლა და საქმე მოიგო? ასე რომ, გასაჩივრებას აზრი არ აქვს და იძულებული ვარ თანხა გადავიხადო. ადგილზეც კი არ გამიპროტესტებია ეს ამბავი, რადგან მერე შარს მომდებდნენ და დამიჭერდნენ,“ - ამბობს კახა მიქაია.