სასამართლომ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. შპს „ფინის“ დირექტორს გამოძიება, 2022-24 წლებში, უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, მან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში მანქანაში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ კახა კოტორაშვილი კომპანია „ფინის“ 100%-იანი წილის მფლობელია, უკვე მრავალი წელია, კომპანიას ფლობს და სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა მისი დაკავება.
საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კოტორაშვილის სახლშიც. დაკავებულის
მამა ადასტურებს, რომ მის შვილს ვალუტუის გადამცვლელი ჯიხური ნამდვილად აქვს, თუმცა ამბობს, რომ დაკავების მიზეზი არ იცის: „სახლში იყვნენ, მაგრამ ფული არ გვქონდა და რას წაიღებდნენ? სამსახურიდან თუ ამოიღეს, არ ვიცი. მოვიდნენ, გაჩხრიკეს სახლი, ერთი რაღაც საბუთი ნახეს და ის წაიღეს. სამსახურიდან აიყვანეს“, - აცხადებს კახა კოტორაშვილის მამა.
სკანდალური საქმის პროკურორის, ზინიკო ქობალიას განცხადებით, ეროვნული ბანკიდან ამოღებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად უპრეცედენტო ოდენობის თანხა გაათეთრა, რამაც ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკასა და სახელმწიფო ინტერესებს. მისივე თქმით, დაახლოებით, 58 მილიარდი რუბლის გათეთრება 2022-2024 წლებში უწყვეტად ხორციელდებოდა, პროცესი კი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით იწყებოდა, შემდეგ თანხა გადამხურდავებელ ჯიხურებში ხვდებოდა და ბოლოს კომერციულ ბანკებში ირიცხებოდა.
„გამოძიების უტყუარი მტკიცებულებით დგინდება, რომ ეს არ გახლავთ უბრალო კონვერტაცია. პირველ ეტაპზე, ფულის გათეთრება იწყება უცხოური ვალუტის საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით შემოტანით, შემდეგ ეს თანხა ხვდება ვალუტის გადამხურდავებელ ჯიხურებში და შემდეგ კომერციულ ბანკებში. თუ ბრალდებული იქნებოდა კეთილსინდისიერი პირი, ის არ უნდა შესულიყო გარიგებაში. ეს არ არის ერთჯერადი გადაცდომა, საქმე გვაქვს დანაშაულებრივ ჯგუფთან. ჩნდება კითხვა, თუ ის იყო კეთილსინდისიერი, რატომ არ აფიქსირებდა იმ პირების მონაცემებს, რომლებსაც მასთან მიჰქონდათ თანხა. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რას აკეთებდა. 2022-2024 წლამდე, უწყვეტად ხორციელდებოდა ფულის გათეთრება“,- აღნიშნა პროკურორმა.
დაკავებულის ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, შესაძლოა, კოტორაშვილი საერთოდ არ ყოფილიყო დანაშაულებრივ სქემაში ჩართული და პრობლემა კანონმდებლობისა და ბანკების სისტემურ ხარვეზებში უნდა მოიძებნოს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, სხვა რამესთან გვაქვს საქმე და როგორც ქარჩავა აცხადებს, სიმართლის გამოძიებას ხელს შეუწყობენ.
„მასთან ვიღაცას მიჰქონდა ფული, რით უნდა დაიცვას თავი ვალუტის გადამხურდავებელმა? კანონშია პრობლემა. შეიძლება, ეს პიროვნება საერთოდ არ იყოს შუაში და ბანკების ლაფსუსთან გვქონდეს საქმე“, - აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ. როგორც ადვოკატი აცხადებს, გამოძიება დაიწყო ადრე, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ, არ მიმალულა, პატიმრობის აუცილებლობა არ იყო. მისი თქმით, დაცვის მხარე მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან და ჩაერთოს სამართლებრივი ხარვეზების მოგვარებაში, რომლებიც მისი თქმით, ვალუტის გადასახურდავებელ ჯიხურებსა და ბანკების პრაქტიკას უკავშირდება.
„მოლოდინი იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნებოდა გამოყენებული, ნამდვილად არ გვქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე, როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად, ძალიან საინტერესოა. ბევრი კითხვა დაგროვდა, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რაც აქვს ბრალად შერაცხული, აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს მტკიცებულებებს. თუ ბრალი შეუსაბამოა მტკიცებულებებთან, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს შესაბამისი დასაბუთება. სამართლებრივი საკითხები, რაც თუნდაც ვალუტის გადასახურდავებელ ჯიხურებში არსებობს და ბანკებთან ურთიერთობას ეხება, თუ ეს არის დასარეგულირებელი, ამ კუთხით მზად ვართ, პროკურატურასთან ვითანამშრომლოთ“, - აცხადებს ედიშერ ქარჩავა.
დაკავებული დუმულის უფლებას იყენებს, მაგრამ პროკურატურამ ახლა უნდა თქვას, ვინ არიან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ვინ დგას ამ სკანდალური საქმის უკან. სანამ გამოძიება ამ კითხვებს უპასუხებს, ამ საქმის გარშემო, კვლავ უამრავი კითხვა გროვდება. ყველაზე მთავარი კითხვა კი, რასაც გამოძიებამ უნდა უპასუხოს, არის ის, თუ რა კავშირი ჰქონდა დაკავებულს რადიკალურ ოპოზიციასთან და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც პოლიტიკურ კლიმატს ქმნიან ქვეყანაში.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამ დანაშაულის მთავარი მოტივი: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ საქმეს ჩავყვეთ ბოლომდე. საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი და ა.შ. ბოლომდე უნდა ჩაჰყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სქემა იყო აწყობილი, როდესაც ასეთი თანხები მოკლე დროში ტრიალებდა საქართველოში.
პაპუაშვილის თქმით, თუ საბაჟოზე ვინმე თვალს ხუჭავდა, გამოძიების ნაწილი ესეც არის, გამოიძიოს ვინმე ხუჭავდა თუ არა თვალს.
„ჩვენ რაც მოვისმინეთ ვალუტის მაქინაციასთან დაკავშირებით, ზუსტად რა მოხდა, პროკურატურა, ალბათ, ისაუბრებს. ამ დონის მაქინაციას მოფიქრება სჭირდება. შინაგან საქმეთა მინისტრი საბაჟოს არ აკონტროლებს, საბაჟოს აკონტროლებს მებაჟე. თუ საბაჟოზე ვინმე თვალს ხუჭავდა, რა თქმა უნდა, გამოძიების ნაწილი ესეც არის, გამოიძიოს, ვინმე ხუჭავდა თუ არა თვალს. მეორე - კონტრაბანდის მოძრაობა მსოფლიოში ყველგან ხდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამხედრო ფლოტი დაძრა, ვენესუელასთან მიიყვანა და სამხედრო ფლოტი დგას იქ, რომ კონტრაბანდა რამენაირად გამოვიჭიროთო, როდესაც საზღვრის კონტროლიც კარგი აქვთ და კედლებსაც აშენებენ. თქვენ რას ფიქრობთ, ბაიდენი იყო ჩართული ნარკოტიკების შეტანაში ამერიკის შეერთებულ შტატებში? არ ვიცი, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში რომელიღაც ჩინოვნიკი რაღაცაში იყო ჩართული, ან არა, გვირაბებს თხრიდნენ და ისე შეჰქონდათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, დიდი ხმაური და სპეკულაციები მოჰყვა საქართველოში მილიარდობით თანხების გათეთრების მცდელობას, რაც სპეცსამსახურებმა გამოავლინეს, ისმის კითხვები - რატომ ეხლა? აქამდე სად იყვნენ?
„მეც მინდა, ერთი, ჩემი აზრით, ლოგიკური კითხვა დავსვა - ნუთუ, არ ვიცით, თუნდაც Google-ს დონეზე, რომ ფულის გათეთრება მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე რთულად გამოსავლენ დანაშაულების კატეგორიას? შესაბამისად, ჩვენთან მომხდარი ამ ფინანსური აფერის რთული სქემის აღმოჩენას, გამოძიებას, მტკიცებულებების მოპოვებას და ა.შ. საკმაო დრო და ძალისხმევა დასჭირდებოდა. ჩემთვის, და დარწმუნებული ვარ ბევრისთვის, ახლა მთავარია, რომ საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი, მხოლოდ მეისრეებზე არ შეჩერდეს და რომ იტყვიან, კეისარს კეისრისა მიეგოს. აი, მაშინ დაიჯერებს ხალხი“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, 2022-2024 წლებში, ეს თანხა ავაზაკებმა შემოიტანეს იმისთვის, რომ საქართველო ომში ჩაებათ. ოჯახები გადაეწვათ, შვილები და მომავალი დაეხოცათ. გადარჩენილები კი, პარტიზანებად გასულიყვნენ.
„ტყეში გახიზნულებზე, იმ ფულისა და მეხუთე კოლონის პატრონებს, შემდეგ იარაღი მიეწოდებინათ. თავად ფული ეკეთებინათ და ამით დახარჯული ასმაგად აენაზღაურებინათ. ვფიქრობ, გასაგებად ავხსენი! რატომ არიან ლატენტური „ნაცები“ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებშიო - გაბრაზებულია ზოგიერთი.
ვპასუხობ - მანამ იქნებიან, სანამ ეს სიმსივნე, რომელიც დაფინანსებული და მხარდაჭერილია გარედან და რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, ქირურგიულად არ ამოიკვეთება, ანუ პოლიტიკურ-სამართლებრივად არ აიკრძალება და ეს სულ უმოკლეს პერიოდში იქნება“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.