ყარამანიშვილები „რუსთავი 2“–ზე უარს ამბობენ?

ყარამანიშვილები „რუსთავი 2“–ზე უარს ამბობენ?

ვის დარჩება „რუსთავი 2“ – ძმებ გია და ლევან ყარამანიშვილებს, თუ ქიბარ ხალვაშს, საბოლოო სიტყვას უზენაესი სასამართლო იანვარში იტყვის. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად სცნო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ – ის ფორმალური მფლობელების, ძმები ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი. კასატორების შუამდგომლობის საფუძველზე ბოლო ინსტანცია საქმეს მხარეთა დასწრების გარეშე განიხილავს.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია განმარტავს, რომ შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენის თაობაზე მხარემ დააყენა, რისთვისაც მზად არიან, რადგანაც თვლიან, რომ გამარჯვებისთვის სამართლებრივი საფუძველი აქვთ. სალია დარწმუნებულია, რომ ბოლო ინსტანცია ძალაში დატოვებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„გამარჯვების იმედი რომ არ გვქონდეს, არ დავიწყებდით სასამართლო დავას. საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე მოგებული გვაქვს ორი ინსტანციის სასამართლო. რა თქმა უნდა, მეორე მხარე ამას არასოდეს არ აღიარებს, ურჩევნია პოლიტიკურ დაკვეთაზე ისაუბროს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტაციაზე, კონკრეტულ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე.

ჩვენ ვართ სასამართლოში და მივყვებით საპროცესო კანონმდებლობით გაწერილ ნორმებს. ახლა სიტყვა უზენაეს სასამართლოზეა. შესაძლებელია, არ გამოვრიცხავ, რომ სასამართლომ დანიშნოს ზეპირი მოსმენა, ვინაიდან კასატორებს შუამდგომლობა აქვთ დაყენებული ზეპირი მოსმენის თაობაზე, ამისთვისაც მზად ვართ. ვთლით, რომ გამარჯვებისთვის სამართლებრივი საფუძველი გვაქვს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას პაატა სალიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორ ბანაკად გაყოფის შემდეგ საინტერესო პროცესები ვითარდება „რუსთავი 2“–ის გარშემო. ტელეკომპანიის რეალურმა მფლობელმა მიხეილ სააკაშვილმა მართვის ბერკეტები დაკარგა საკუთარ პარტიაში, თუმცა ჯერჯერობით გავლენებს ინარჩუნებს „რუსთავი 2“–ზე. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის ფორმალურმა მფლობელებმა – გია და ლევან ყარამანიშვილებმა სააკაშვილს უკვე მოსთხოვეს, რომ ჩამოაშოროს ისინი „რუსთავი 2“–ის მმართველობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ტელევიზია ყარამანიშვილების არასოდეს ყოფილა.

ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი ამბობს, რომ დიდი შანსია სააკაშვილმა „რუსთავი 2“–ზე გავლენა ყარამანიშვილების საშუალებით შეინარჩუნოს, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს თანამშრომლები, ეს სხვა საკითხია. მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებიდან იცის, რომ არსებობს მოლოდინი, ქიბარ ხალვაში აღიდგენს მესაკუთრის პოზიციას. ეს კი, მისი თქმით, ამ ვითარებაში ცალკე ფაქტორი იქნება, რაც ბევრს დააფიქრებს - რა ქნან.

„რაც შეეხება ბოკერიას მიერ გავლენის აღებას „რუსთავი 2“–ზე, ბოკერია ეძებეს გრანტებს, მაგრამ ან შეძლებს იმ გრანტებით „რუსთავი 2“–ის დაფინანსებას, ან - არა. იმიტომ, რომ „რუსთავი 2“–ს მარტო გრანტები არ ეყოფა. გრანტები საკმარისი რომ იყოს, მერწმუნეთ, „ტაბულასაც“ ააწყობდა და უფრო სერიოზული გავლენის ტელევიზია იქნებოდა.

ამიტომ მეეჭვება, რომ ბოკერიას რამე რეალური შანსი ჰქნდეს გავლენა აიღოს „რუსთავი 2“–ზე. უფრო მოსალოდნელია, რომ გარკვეული გუნდი ჟურნალისტებისა, რომლებიც გრძნობენ, რომ თუკი ხალვაში მოვა, ვერ დარჩებიან ტელევიზიაში, გაყვებიან ბოკერიას, თუნდაც იმიტომ, რომ სადღაც მონახონ სამსახური, „ტაბულა“ იქნება ეს, თუ სხვა სივრცე, მაგალითად არასამთავრობო სექტორი, სადაც ეს გრანტები მიდის“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლელა კურდღელაშვილმა.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ფიქრობს, რომ თუკი სააკაშვილის განდევნა მოხდა „რუსთავი 2“–დან, ამ შემთხვევაში მთავარია ვისთან დარჩებიან ყარამანიშვილები. თუმცა, აქვე საინტერესოა დავით კეზერაშვილის ფაქტორი, რომელიც ასევე, ფინანსების გამო არის მიბმული მიხეილ სააკაშვილთან.

„ფინანსები აქვს სააკაშვილს, მედიარესურსიც არსებითად ჯერჯერობით მისია, მაგრამ შეზღუდულია რაღაცა მოქმედებაში. როდესაც დისტანციაზე ხარ, ადრე თუ გვიან, მაინც გეკარგება მართვის ბერკეტები, რაც იწვევს კონფლიქტს. როდესაც უკრაინაში ხარ და არ ჩამოგესვლება საქართველოში, ეს თავის გავლენას ახდენს. ამდენად, გამიჯვნის პროცესი მტკივნეული იქნება პარტიისთვის. სააკაშვილი არ შეეგუება მის განდევნას ამ სივრციდან და მარიონეტის როლით არ დაკმაყოფილდება, ბოკერია და დანარჩენი დაჯგუფება კი, არ დაუშვებს იმას, რომ ისეთივე აქტიური და გავლენიანი იყოს სააკაშვილი, როგორც აქამდე იყო და კარნახობდეს ძირითად პოლიტიკას პარტიაში. ორივე დაზარდალდება, მაგრამ ეს პროცესი გარდაუვალია“, – ამბობს ვალერიან გორგილაძე.

თავის მხრივ ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რამდენად შეძლებს ბოკერიას ჯგუფი დავით კეზერაშვილის საშუალებით იმ ფინანსების კონცენტრირებას, რომელსაც სააკაშვილი აკონტროლებს და რომლითაც ფინანსდება როგორც პარტია, ასევე „რუსთავი 2“, გორგილაძის განცხადებით, ისევე როგორც სააკაშვილს, საქართველოში არ ჩამოესვლება კაზერაშვილსაც და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბოკერიასთან თანამშრომლობაზე წავიდეს.

„ბოკერიასაც აქვს ფული, იმედი არა რამდენიც სააკშვილის, მაგრამ ფული აქვს უგულავას, რომელიც დღემდე სოლიდურ თანხებს იღებს სითი პარკიდან. ამდენად, „რუსთავი 2“–ს ასევე აქვს სარეკლამო სივრციდან შემოსული თანხა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მით უფრო, რომ ყოველთვის შეიძლება პრობლემები შეექმნას. ბუნდოვანია „რუსთავი 2“-ის მომავალი, სასამართლო პროცესი არ არის შეწყვეტილი, პრეტენზიები კერძო მესაკუთრიდან არ არის შეჩერებული, ამდენად, ძალიან ბუნდოვანია ეს ვითარება“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მყარ ნაწილს, რომელთაც მობეზრდათ საკუთარი ბელადისგან ერთი და იგივეს სმენა, რასაკვირველია ექნებათ სერიოზული ფინანსური კრიზისი. ასეთი საფრთხე რომ არ არსებობდეს, სულ ცოტა, ნახევარი წლის წინ იქნებოდა გაყრა გაფორმებული.

„მაგრამ ფინანსური წყარო არის იგივე, რაც წლების განმავლობაში იყო. რატომ გადადო ბატონმა სააკშვილმა თავი და პირადად რატომ ჩაება დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესებში, რომელიც საფრანგეთში მიმდინარეობდა და რატომ შეეცადა, რომ ყველაზე ძვირი ადვოკატი მიემაგრებინა კეზერაშვილისთვის? – მოტივი იყოს ის, რომ კეზერაშვილის, როგორც ფინანსური წყაროს შემქმნელი თავად ყოფილი პრეზიდენტი გახლდათ.

ვხედავთ, რომ თავშეკავებულია მისი პოლიტიკური საქმიანობით უკმაყოფილო ნაწილი ნაციონალების, რადგან არანაირი წვდომა არ აქვთ რაიმე სახის სხვა საფინანსო წყაროსთან, გარდა ისევ კეზერაშვილისა, რომელიც სააკაშვილის იმედად არსებობს საზღვარგარეთ და მისი წყალობით არ მიეკუთვნება ღარიბთა წრეს“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, მარტო ფინანსები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილმა თვალსაჩინო წარმატებას მიაღწიოს ქართულ პოლიტიკაში. პარტიაში მიმდინარე განხეთქილებაში სერიოზული როლი დაეკსირება „რუსთავი 2“–ს.

„არა მგონია დიდად გაჭირდეს „რუსთავი 2“-სთვის ახალი მეპატრონის მოძიება. წავიდა ის დრო, როდესაც თვითონ იყვნენ გაკვირვებული ადამიანები, როდესაც მათ „რუსთავი 2“-ის მეპატრონეებად მოიხსენიებდნენ. თუ თითქოსდა ამბოხებულთა ნაწილს ექნება სურვილი, რომ ფინანსური მხადაჭერა მოიძიონ „რუსთავი 2“-სთვის, ეს ალბათ, შედეგის მომტანი იქნება, რადგან „რუსთავი 2“ თავისი გამოცდილებით მომგებიანი თემა შეიძლება მარტივად გახდეს.

არ არის აუცილებელი, რომ მისი ახალი დამფინანსებელი მაინცდამაინც კავკასიური პოლიტიკის მიმართ იყოს ინტერესით განწყობილი. მით უმეტეს, რომ ამ საინფორმაციო წყარომ და ვგულისხმობ მენჯმენტეს, გემო გაუგო მაღალ შემოსავლებს, შესაბამისად, ისინი უარს არ იტყვიან მეტ შემოსავალზე, განურჩევლად იმისა, რა სახის საინფორმაციო პოლიტიკას შესთავაზებს მათ ახალი მფლობელი.

ჩემთვის „რუსთავი 2“ ორი სტრუქტურისგან შედგება, ერთია უნიჭიერესი ჟურნალისტები, მეორეა თავგზააბნეული მენეჯმენტი და პოლიტიზირებული ხელმძღვანელობა გვარამიას თაოსნობით და ეს რეალობაა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი გვარიამია ცალსახად მიწაში ჩაყვება რომელიმე პოლიტიკოსს, მას საკუთარი გათვლები აქვს და ნურავის ეწყინება თუკი, ბატონი გვარამია ვინმეს რამეს აწყენინებს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სახეზეა ბრძოლა გავლენისთვის, რომელიც შიდაპარტიულ დაპირისპირებად რჩება. ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი და ბოკერიას ფრთა შეთანხმებას მიაღწევს, რაშიც გადამწყვეტ როლს სწორედ ფინანსები იქონიებს.

„დღეს ასეთი ვითარებაა – ელექტორატი არის სააკაშილის, ხოლო პარტიული ელიტა და არა მარტო პოლიტსაბჭო, არამედ დეპუტაცია ბოკერიასი. ესენი უერთმანეთოდ არ არსებობენ, ანუ, ორივეს სჭირდება ერთმანეთი. შესაბამისად, რაღაცა პერიოდი ივაჭრებენ, მერე ისევ ჩაეხუტებიან ერთმანეთს, ერთად ცხოვრების მოდელს იპოვიან. არა მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ნიშნები არის. მათ შეარიგებს ფული და ის ვინც აკონტროლებს სალაროს და ამ შემთხვევაში - კეზერაშვილი. კეზერაშვილი ბოკერიას და უგულავას უახლოესი მეგობარია, მაგათი გაყოფა შეუძლებელია. აგრეთვე კეზერაშვილს აქვს გასასვლელი მიშაზე და თუ დავუშვებთ ჩვენ, რომ სალაროს კეზერაშვილი აკონტროლებს, მაშინ კეზერაშვილი ანუ, ფული ამათ შეარიგებს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.