„ვიმედოვნებ, სააკაშვილი იმ ადამიანების გვერდით არ აღმოჩნდება, რომლებიც თვლიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი კაცის პარტიაა“

„ვიმედოვნებ, სააკაშვილი იმ ადამიანების გვერდით არ აღმოჩნდება, რომლებიც თვლიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი კაცის პარტიაა“

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული ყრილობისთვის ემზადება, სადაც ყოფილი სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკური მომავალი გადაწყდება - პარტია დაიშლება თუ არსებობას გააგრძელებს. პარტიაში საპარლამენტო ბერკეტების ათვისებასთან დაკავშირებით, ისევ აზრთა სხვადასხვაობაა და გუნდი დაყოფილია ე.წ. სააკაშვილისა და ბოკერიას გუნდებად.

პარტიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასების მიზნით, for.ge მოქმედ დეპუტატს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:

მიხეილ სააკაშვილი პარტიაში მყოფი განსხვავებული აზრის მქონე ერთ-ორ ადამიანსახირებულსუწოდებს და მისი პოზიციების გაზიარებას არ აპირებს. ვინ არის თქვენს შორისახირებული“?

- ვის გულისხმობდა, არ ვიცი. შეიძლება, ნებისმიერ ჩვენთაგანს გულისხმობდეს. ძალიან კარგია, რომ პოლემიკაში შესვლას არ აპირებს, რადგან ერთმანეთთან საპოლემიკო არაფერი გვაქვს. შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთიანი ძალით უნდა შევებრძოლოთ იმ ამოცანების შესრულებას, რაც პარტიის წინაშე დგას. რა იქნება, მომავალი გვაჩვენებს.

ფაქტია, რომ პარტია ორ ნაწილად არის გაყოფილი. საპარლამენტო ბერკეტებზე უარის თქმის გარდა, თქვენს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი რა არის?

- პარტია ძალიან ბევრ ნაწილად კი არის გაყოფილი, არამედ ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანობის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, ეს უკვე დაყოფაა და აზრთა სხვადასხვაობა მომავალშიც იქნება.

გამორიცხავთ, რომ თქვენს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა პარტიის დაშლით დასრულდეს? - ამას იმიტომ გეკითხებით, რომ for.ge-სთან საუბარში ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ პარტიის ყრილობაზე მსჯელობა ბევრ საკითხზე გაიმართება, „მსუბუქი საუბარიარ იქნება...

- ცხადია, ყრილობა მსუბუქი არ იქნება. ვინაიდან, საუბარი საჯარო სივრცეში გამოვიდა, ე.ი. პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იმ დონეზეა მისული, რომ დახურულ სივრცეს გასცდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ამასაც გადავლახავთ. აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ძირითადად საპარლამენტო ბერკეტებზე უარის თქმაა, არადა, საპარლამენტო ბერკეტები ხელს არაფერს არ უშლის, პირიქით, თუ არ უწყობს. თუ ვინმეს პროცესების სხვა განვითარება დასაშვებად მიაჩნია, სხვანაირად განვითარება დაუშვებლად არც ჩვენ მიგვაჩნია. ვიმეორებ, რომ საპარლამენტო ბერკეტები ხელს არც ერთ პროცესს არ უშლის, მაშინ, როცა თუ საპარლამენტო ბერკეტებზე უარს იტყვი, მას ვეღარ იბრუნებ.

ამერიკაში ჩატარებული არჩევნები პარლამენტში ყოფნის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის, რადგან ამერიკაში აქ ახალი ადმინისტრაცია იქნება და პოლიტიკაში ახალი ადამიანები შემოვლენ. ადამიანი ძალიან წინდაუხედავი უნდა იყოს, რომ ურთიერთობის დამყარების თვალსაზრისით, ამერიკის ახალ ხელმძღვანელობასთან საპარლამენტო რესურსის საჭიროებას ვერ ხედავდეს.

სააკაშვილი საპარლამენტო ბერკეტების მნიშვნელობას ვერ ხედავს, თუ პარტიაში განსხვავებულ აზრს ვერ ეგუება?

- ჩვენ ჩვენი რწმენა და შეხედულება გვაქვს და იმედია, მომავალში ამ შეხედულებების შეჯერებას მოვახერხებთ, თუ არადა, საბოლოო ჯამში გამოჩნდება ვინ იქნება მართალი და ვინ - არა. არც უფრო შორეული პერსპექტივაა თან.

სანდრა რულოვსმა პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა და მიზეზად არჩევნების გაყალბება დაასახელა. თუ არჩევნები გაყალბდა და ამას პარტიის ერთი ნაწილი ამბობს, მეორე ნაწილიგაყალბებულიარჩევნების დაკანონებას ახდენთ?

- არჩევნები გაყალბებული იყო, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობრივი მეთოდები იყო გამოყენებული, მაგრამ მეორე ის რეალობაა, რომლის წინაშეც ვდგავართ. არჩევნები ყველამ ცნო, პარტნიორმა თუ არაპარტნიორმა ქვეყნებმა. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ასეთ შემთხვევაში გიწევს, რეალობასა და სასურველ ვითარებას შორის არჩევანი გააკეთო. მით უმეტეს, იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელსაც ფლობ. ჩვენ ის არჩევანი გავაკეთეთ, რაც ჩავთვალეთ, რომ სწორი იყო. ეს იყო პარტიის მმართველი ჯგუფის გადაწყვეტილება და არა რომელიმე ერთი პიროვნების.

თუმცა, თქვენს გადაწყვეტილებას პარტიის მხარდამჭერების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ფიქრობენ, რომნაციონალური მოძრაობასააკაშვილის არის და არა ვინმე სხვისი...

- დამოკიდებულება, რომ ეს პარტია სააკაშვილისაა, შეურაცხმყოფელი თავად სააკაშვილის მიმართ არის. ასეთი დამოკიდებულების მქონე ადამიანები სააკაშვილის მთელ საქმიანობას ხაზს უსვამენ. თუ მიშა სააკაშვილმა პარტია შექმნა, რომელიც ევროპული ღირებულებების პარტიასთან ახლოსაც კი არ მოდის და ისინი ასე აფასებენ, არ ვიცი. მიშას მოღვაწეობას ასე არ ვაფასებ და ვთვლი, რომ მიშამ თანამედროვე, 21-ე საუკუნის ტიპის პარტია შექმნა, რომელიც ფუნქციონირებას გააგრძელებს და მათ შორის შემდეგ, როცა ამ ქვეყანაზე ფიზიკურადაც არ ვიქნებით. თუ პარტია შევქმენით, რომელიც მაშინ ფუნქციონირებს, როცა იქ ვარ, ხოლო სხვა დროს არა, მე ასეთი ტიპის სახელმწიფოში დავიბადე, რომელიც შეიძლებოდა „გენიოს“ სტალინს ემართა. რა უფრო დიდი გენიოსობაა, შექმნა სისტემა, რომელსაც მხოლოდ შენ მართავ და სხვა ვერავინ, თუ შექმნა სისტემა, რომელსაც ნებისმიერი ბეჯითი ადამიანი წარმართავს და ამ თვალსაზრისით, ამერიკის მაგალითი იხილეთ. რომელი უფრო გენიალურია, ეს მკითხველისთვის მომინდვია.

მიმაჩნია, რომ მიშა სააკაშვილმა შექმნა სისტემა, რომელიც არსებობას მას შემდეგ გააგრძელებს, როცა ქვეყანაზე ფიზიკურად აღარ ვიქნებით და ის მიბმული არ იქნება, ერთი ადამიანის არსებობასთან. სასურველია, რომ ერთიანობა ყველამ შევინარჩუნოთ. როცა სააკაშვილის სახელით ლაპარაკობენ, ისე ნუ იზამენ, რომ მიშას საქმიანობას ხაზი გადაუსვან. სააკაშვილმა საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების პარტიას და სახელმწიფოს შენებას ჩაუყარა.

თუმცა, სახეზეა, რომ ყოფილი პრეზიდენტი განსხვავებულ აზრს პარტიაშიც ვერ ეგუება და მან პარტიის ზოგიერთ წევრსუაზრო ტიპებიცკი გიწოდათ...

- განსხვავება ისაა, რომ ე.წ. უფრო აქტიური მხარდამჭერები არიან, რომლებიც უფრო ხმამაღლა და აგრესიულად საუბრობენ. ჩვენი მომხრეების დიდი ნაწილის ამ პოზიციაზე ყოფნა რას ნიშნავს? ამ დიდი ნაწილის განწყობას საიდან ასკვნით - „ფეისბუქ“ აქტივობებიდან, სადაც თუ ღრმად შეხვალ, შეიძლება, პროცესებზე საერთოდ მცდარი წარმოდგენა შეგექმნას? ის „ფეისბუქ“ აქტივისტები, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ პროცესი ქუჩაში გადავიტანოთ, ქუჩაში მათი აქტივობაც ვერ დავინახე და ოთახიდან და სოციალური ქსელიდან აქტიურობა ძალიან იოლია, შრომა და ბრძოლაა ძნელი. „ფეისბუქ“ ბრძოლა ბრძოლა არ არის, ისევე როგორც „ფეისბუქ“ შრომა.

ვხედავთ, რომ პარტიაში მყოფი განსხვავებული აზრის მქონე წევრებს საკუთარი ლიდერიც „Facebook“-ის საშუალებით გელაპარაკებათ და სტატუსებს გიძღვნით...

- პარტიის რომელიმე მომხრისგან განსხვავებით, მიშა სააკაშვილთან ურთიერთობები სოციალური ქსელის გარეთაც არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ის პროცესია, რომელსაც პარტია გადალახავს და პარტიას კიდევ უფრო გააჯანსაღებს. იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი იმ ადამიანების გვერდით არ აღმოჩნდება, რომლებიც თვლიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი კაცის პარტიაა და მომავალშიც ასე უნდა იყოს.

როგორ ფიქრობთ, პარტიას ახალი თავმჯდომარე სჭირდება?

- როცა საჭიროდ ჩავთვლით, რომ პარტიას ახალი თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს, პარტიას თავმჯდომარე მაშინ ეყოლება, თუმცა, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ პარტიას ლიდერები ჰყავდეს. პარტიას ლიდერები ჰყავს და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია.

შეგიძლიათ, თქვათ, სააკაშვილის შემდეგ, პარტიაში გამოკვეთილი ლიდერი ვინ არის?

- ძალიან ბევრი...

მაგალითად?

- თუნდაც, გიგა ბოკერია, ნუგზარ წიკლაური, დავით ბაქრაძე და უამრავი ადამიანის დასახელება შემიძლია. ჩვენდა საბედნიეროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ თუკი რაიმეს არ უჩივის, ეს სწორედ ლიდერების არსებობაა. ყოველ შემთხვევაში, აქამდე იმით ვტრაბახობდით, რომ ლიდერების პარტია ვიყავით.

რამდენად მისაღებია, რომ უკრაინაში მყოფი სააკაშვილი პარტიის წევრებს დირექტივებს საქართველოში გაძლევდეთ? ყოფილი პრეზიდენტი კარიერის აწყობას უკრაინაში ცდილობს, თქვენ კი აქ, პროცესების რადიკალიზაციას გთხოვთ...

- სააკაშვილი დირექტივებს არ იძლევა და გთხოვთ, ტერმინები დააზუსტეთ.

სააკაშვილი დირექტივებს იძლევა, მაგრამ თქვენ აღარ უსრულებთ...

- მიხეილ სააკაშვილს თავისი მოსაზრებები აქვს, ჩვენ ჩვენი და დღემდე მოსაზრებების შეჯერებას ვახერხებდით.

იმ შემთხვევაში თუ ვერ შეაჯერებთ, აზრთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირების პროცესი, სანამდე შეიძლება გაგრძელდეს?

- საკითხები არის, სადაც ვთანხმდებით და როცა ვერ ვთანხმდებით, ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები არსებობს და ამის შემდეგ ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია, გადაწყვეტილებას რამდენად ადეკვატურ პასუხს გასცემს. ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით და ამა თუ იმ გადაწყვეტილების სიმართლეში ვერ მარწმუნებენ, მაგრამ როცა გადაწყვეტილება მიღებულია, მის აღსრულებას ვიწყებ, თუ ის ჩემს ღირებულებებთან შეუთავსებელი არ იქნება. ჯერჯერობით, არ მგონია, რომ ღირებულებებით ისე დავშორდით, რომ გადაწყვეტილებებმა ერთმანეთთან დაშორება გვაიძულოს.

რამდენად არის მოსალოდნელი, რომ სააკაშვილმა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები პარტიიდან გაგიშვათ?

- პარტიიდან ვინმეს გაშვება-არგაშვების საკითხს პარტიის მმართველი ორგანო წყვეტს და თუკი მმართველი ორგანო ამას გადაწყვეტს, ის ადამიანი პარტიიდან გაშვებული იქნება.