„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა შესაძლოა, პარტიის გაყოფით დასრულდეს“

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა შესაძლოა, პარტიის გაყოფით დასრულდეს“

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს და ცესკო-ს გადაწყვეტილებას ელოდება, პოლიტიკური განხეთქილების ზღვარზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ კი, პარტიული ყრილობისთვის ემზადება.

სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას ე.წ. სააკაშვილის გუნდი მიესალმება და მის პოზიციას პრინციპულ პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს, ე.წ. ბოკერიას ფრთა კი, პარტიულ დემოკრატიაზე აპელირებს.

როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც სანდრა რულოვსის, ასევე სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეფასება პარტიის ყრილობაზე მოუწევს, რომლის ჩატარების თარიღიც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დღის წესრიგი და განსახილველი საკითხები „მსუბუქი“ რომ არ იქნება, ამას პარტიის წევრები უკვე აანონსებენ. 

როგორც for.ge-ს ნაციონალმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, ყრილობა უნდა ჩატარდეს, სადაც განსახილველი ბევრი საკითხი იქნება. მათ შორის მსჯელობა იმაზე გაიმართება, თუ რამდენად მომზადებული შეხვდა პარტია არჩევნებს, თუ რამდენად შეძლო ამომრჩევლის დარწმუნება, ისევე როგორც მოპოვებული ხმების დაცვა და თუ ვინ იყო პასუხისმგებელი გადაწყვეტილებების მიღებაზე. წიკლაური ფიქრობს, რომ ამ საკითხებზე იმ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ, ვინც შტაბის ხელმძღვანელობაში იყვნენ და გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

„ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად კმაყოფილია იმით, რა შედეგიც ჩვენ გვაქვს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 8 ოქტომბერი მძიმე დამარცხება იყო, სადაც ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. მძიმე ვითარებაა და ის უნდა გავარკვიოთ, ჩვენი ბრალი რა არის. ის, რომ ივანიშვილი არჩევნებს გააყალბებდა, ეს ვიცოდით. საკითხავია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა გააკეთა იმისათვის, რომ ივანიშვილის უკანონო ქმედებების პრევენცია მოეხდინა“, - აცხადებს წიკლაური. 

კანონმდებელის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში თუკი, ყრილობაზე დასმული კითხვების საპასუხოდ დამაჯერებელი პასუხები ვერ იქნება, მაშინ სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

წიკლაური „სხვა გადაწყვეტილებაში“ თუ რას გულისხმობს, არ აკონკრეტებს, მაგრამ for.ge-ს კითხვის ფორმულირება პარტიის შესაძლო დაშლას შეეხებოდა. 

„პარტიის მხრიდან მძიმე შეცდომები იქნა დაშვებული, როგორც საარჩევნო იდეოლოგიის გაჟღერებისას, ასევე ტექნიკური ხასიათის საქმეების დაგეგმვისას. ის ხმებიც ვერ დავიცავით, რაც გაყალბებისა და ტერორის პირობებში მივიღეთ. სალაპარაკო ბევრია და არ ვფიქრობ, რომ მსუბუქი საუბარი იქნება, რადგან ერთადერთი ოპოზიციურ ძალად „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიკვეთა და თუკი კითხვებზე ადეკვატური პასუხები ამ ძალაშიც არ იქნება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა მთლიანად გადაბარებულია ბიძინა ივანიშვილზე. ამიტომ დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ერთიანები და კოორდინირებულები ვიყოთ, თუმცა, ეს ერთიანობა პრინციპული და პატიოსანი ლაპარაკის შედეგად შეიძლება დადგეს. პრობლემების მიჩქმალვა პრობლემებს ვერ აღმოფხვრის და გაჩუმებას იმ საკითხებზე არ ვაპირებ, რაც საზოგადოებისა და პარტიის წინაშე არსებობს“, - ამბობს დეპუტატი.

წიკლაური არ ამბობს, რომ თანაპარტიელების ხედვები ისეთია, რომლითაც პოლიტიკური ცხოვრება შეუძლებელია, თუმცა ადასტურებს, რომ პარტიაში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა.

„ვთვლი, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა გაუქმებულია და ყველას უნდა დავანახოთ, რომ შეიძლება, ეს სისტემა საქართველოში ძალიან სერიოზული პრობლემების წინაპირობა გახდეს. სხვა ადამიანები თვლიან, რომ დასავლურ დელეგაციებთან საპარლამენტო საქმიანობა და საპარლამენტო მუშაობა ეფექტური იქნება. ქართული პარლამენტიც იმ პოლიტიკური პროცესის გამოხატულება უნდა იყოს, რაც ქვეყანაშია. თითქოს პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური საქმიანობა მკვდარი პოლიტიკური სისტემისთვის სუნამოს პკურება და ფერუმარილით შელამაზება იქნება. ოლიგარქის თამაშში შესვლის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ადამიანები არიან, რომელთაც სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს, ის ჩემს რწმენას ვერ შეცვლის, რომ ამ თამაშში ივანიშვილს არ უნდა გავყვეთ და ის ვითარება დავაფიქსიროთ, რაც ქვეყანაშია“, - აცხადებს წიკლაური. 

კანონმდებელი რულოვსის გადაწყვეტილებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მისი პოზიციის შესახებ ყველამ იცოდა. 

„პოლიტსაბჭოს სხდომაზე რულოვსმა თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავდა. ამიტომ, ეს ამბავი სიურპრიზი არავისთვის ყოფილა. მან ის მიზეზები ახსნა, პარლამენტში შესვლა რის გამოც არ უნდა. ეს მიზეზები ტოტალურ გაყალბებას და მოსყიდვას ეხება, რაც არჩევნების პერიოდში ხდებოდა. მისი გადაწყვეტილება არც გამკვირვებია. მომხრე ვიყავი, რომ ჩვენი წარმომადგენლობა პარლამენტში არ შესულიყო და იმ ძალადობისთვის პროტესტი ასე გამოეცხადებინათ, რომელიც არსებობდა. ადამიანებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ რულოვსმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რაც ჩემი მოსაზრებების თანხვედრია“, - ამბობს კანონმდებელი. 

წიკლაურის მტკიცებით, ივანიშვილმა 8 ოქტომბრის არჩევნები გააუქმა და ვინც ამ კამპანიაში იყო ჩართული, ეს მან ძალიან კარგად იცის. 

„ნამდვილად ვიცი, რომ ტოტალური გაყალბება მოხდა და ეს ყველა ეტაპზე ხდებოდა. ამ პროცესში მონაწილეობდა როგორც სახელმწიფო, ასევე კრიმინალური ავტორიტეტები. ოპოზიციას მცირე შესაძლებლობაც კი არ ჰქონდა, რომ ის შედეგი მიეღო, რაც მათ ხალხის მხრიდან ჰქონდათ. არჩევნები გაუქმებულია, რადგან ივანიშვილმა ნახა, რომ ამ სცენარით გამარჯვება ისე შეიძლება, რომ მხარდაჭერა არ ჰქონდეს. ამოცანა დგას, რომ ის პრაქტიკა არ გაგრძელდეს, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მოიფიქრა. ეს რომ არ გაგრძელდეს, უნდა იყოს სამოქალაქო პროტესტი და პარლამენტში „ქართული ოცნების“ მარტო დატოვება უნდა მოხდეს, როგორც ეს თურქმენეთსა და ჩრდილოეთ კორეაშია“, - დასძენს წიკლაური.

თანაპარტიელისგან განსხვავებით, საპარლამენტო ბერკეტების დათმობას მართებულად არ მიიჩნევს ლევან თარხნიშვილი.
for.ge-სთან საუბარში თარხნიშვილი ამბობს, რომ თავის დროზე, პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პარლამენტში პარტია შესულიყო და მეორე ტურზეც წასულიყო. 

„ამ გადაწყვეტილებას მივყვებით. სამწუხაროა, რომ რულოვსი ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ ეს მისი პიროვნული გადაწყვეტილებაა და შეფასება ზედმეტი მგონია. რატომ გადადგა, ეს სანდრას უნდა ჰკითხოთ. პარტიის პოზიცია დაფიქსირებულია და პიროვნულად ვინ რას ფიქრობს, ეს მათი საქმეა. აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი პროცესია, რადგან დემოკრატიული პარტია ვართ. პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს და დაკიდებული პიროვნებებზე არ ვართ. ჩვენი მთავარი სიძლიერე მრავალფეროვნებაა“, - აღნიშნავს თარხნიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობაში“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მმართველ გუნდშიც აფასებენ. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ოპონენტი პარტია დაყოფილია - „მიშისტებად“ და „გიგისტებად“. 

როგორც for.g-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი მიდგომა ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, პარტიას საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტირება მოეხდინა, ან მეორე ტურებზე უარი ეთქვა, რაც სააკაშვილის მიერ იყო შეთავაზებული. პარტიამ კი ეს ვერსიები არ გაიზიარა.

„სახეზეა კრიზისი, რადგან ორი სხვადასხვა ჯგუფის მოსაზრებაა იმის თაობაზე, ხელისუფლებას თუ როგორი ოპონირება უნდა გაუწიონ. სანდრას გადაწყვეტილებაც ამის დადასტურება იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ „მიშისტებად“ და „გიგისტებად“ დაიყო. ანუ, გიგა ბოკერიას მხარდამჭერებად და ეს ყველაფერი მათ დამოკიდებულებაში გამოიხატება“, - დასძენს ძიძიგური. 

რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურას იმისათვის, რომ რულოვსის დეპუტატად უფლებამოსილების ცნობა არ მოხდეს, ამის თაობაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ პარლამენტი ცესკო-ს გადაწყვეტილებას ელოდება. როგორც for.ge-ს კახიანმა განუცხადა, ცესკო-ს შემაჯამებელ ოქმში ის პირები გამოჩნდებიან, რომლებიც ცესკო-ს გადაწყვეტილებით, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად დეპუტატად არჩეულად ითვლებიან. 

„ამის შემდეგ, დღის წესრიგში უფლებამოსილების ცნობის საკითხი დგება. არ გამოვრიცხავ, რომ ცესკო-მ სამართლებრივი საფუძვლები ვერ ნახოს, რომ რულოვსის სიიდან ამოღება მოხდეს. თუ პარლამენტს ცესკო მომართავს, მსჯელობას ჩვენ გავაგრძელებთ“, - დასძენს კახიანი. 

კანონმდებლისთვის რულოვსის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან მან მეორე ტურში მონაწილეობაზეც უარი განაცხადა. 

„ცნობილი იყო ყოფილი პრეზიდენტის პოზიციაც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს. მოსალოდნელი იყო, რომ სანდრა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირებაა და ძნელი სათქმელია, ეს დაპირისპირება რითი დასრულდება. არ გამოვრიცხავ, რომ პარტიას გარკვეული ჯგუფი ჩამოშორდეს“, - აღნიშნავს კახიანი.