პოლიტიკური ტრიბუნიდან ახლა უკვე სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. უკრაინის პრეზიდენტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებისთვისაც მოიცალა და აღნიშნა, რომ ერთ-ორ ახირებულ პერსონასთან საერთო არაფერი აქვს. მისი თქმით, არჩევნებში განვითარებული მოვლენების ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი-ორი „უაზრო ტიპაჟი“ კვლავ აგრძელებს ასეთ ლაპარაკს.
„დაიწყეს უაზრო ლაპარაკი - სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს. რა შუაშია სააკაშვილი და რა შუაში ვარ ამ დებატებში მე? აქ საუბარი სხვა რამეზეა. იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, იმის მაგივრად, რომ ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდოთ ამ ყველაფრის მიმართ, სადღაც ხელებს იშვერენ. თურმე პრობლემაა სააკაშვილის, იმის, ამის... მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, მათ პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში, ჩვენს მრავალრიცხოვან - 600 000 მხარდამჭერთან.
იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც, პრაქტიკულად, გამოგვიწერა დამარცხებები არა მხოლოდ წარსულში, არამედ მომავალშიც. ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, არაფერი საერთო არ მაქვს. დავეხმარები ჩვენ ხალხს, ჩვენს აქტივისტებს, ვიბრძოლებთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდ საქმეში ვარ აქ, მაგრამ ერთი წუთით არ ვწყვეტ ჩემს ქვეყანაზე ფიქრს“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის გაღიზიანების ესმის, მაგრამ თვლის, რომ პარლამეტში შესვლა სწორი გადაწყვეტილება იყო - როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიგა ბოკერიაა ერთ-ერთი ის „ახირებული ადამიანი“, რომელსაც სააკაშვილი სოციალური ქსელით დაუპირისპირდა და ისიც პასუხობს ყოფილ ლიდერს:
„მე კარგად მესმის ჩემი ზოგიერთი თანაგუნდელის, ლიდერის, თუ მხარდამჭერის ემოცია და გაღიზიანებაც კი, მაგრამ ვრჩები ჩემს ძალიან მყარ აზრზე, რომ მიუხედავად ძალადობრივი და არათავისუფალი არჩევნებისა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო მეორე ტურებში ბრძოლა და პარლამენტში შესვლა ამ ისტორიულ მომენტში.
ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პარტიის ინტერესებისთვის და საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხების საქმისთვის. სწორედ ასევე მჯერა, რომ ქუჩაში პროცესების გადატანა, ამ ძალადობის მიუხედავად, იქნებოდა, უკეთეს შემთხვევაში, ორთქლის გამოშვება და არაფერ კარგს არ მოუტანდა არც ქვეყანას ამ კონკრეტულ მომენტში, არც პარტიას და არც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კიდევ ერთი ახირებული პოლიტიკოსი სააკაშვილის თვალში ელენე ხოშტარიაა.
„ეს არ არის ერთი და ორი ადამიანის საკითხი, ეს არის მთლიანად პარტიის საკითხი. ამ საკითხზე მიბრუნება არასწორი მგონია. ჩვენ ახლა ძალიან ბევრი ამოცანა გვაქვს პარლამენტში სამუშაოდ. აქედან გამომდინარე, მანაც უნდა გაიგოს, რომ როდესაც პარტია იღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება, ის სხვა აზრზე იყოს, მაგრამ მანაც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
ე.წ. მიშისტების ფრთა ორ ბანაკად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“, სააკაშვილის განცხადებას უკომენტაროდ ტოვებენ. ამ დაპირისპირებაში კი, არ ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, დავით ბაქრაძე, რომელიც for.ge-ს ინფორმაციით საზოგადოებას უახლოეს მომავალში საგანგებო განცხადებით მიმართავს.
„ქართული ოცნების“ წევრის გია ვოლსკის განცხადებით, რაც უნდა აკრიტიკონ სააკაშვილი პარტიის შიგნითაც, ამით საბოლოო შედეგი არ იცვლება, რადგან ეს არის აგრესიული და ძალადობრივი მეთოდების მქონე პარტია, რომელსაც სააკაშვილი მართავს.
„სააკაშვილის რევოლუციური დაპირისპირებების ორგანიზება და უამრავი სხვა საკითხი, რომელიც არ შეესაბამება რეალობას, არ არის გასაკვირი, რომ მისივე პარტიაში ბევრისთვის მისაღები არ იყოს. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პარტია მისი შექმნილია, მისი პირმშოა. ამ პარტიაშია თვითონ პრობლემა. სააკაშვილს ან უნდა იყოს ხელისუფალი, ან უნდა იყოს ლიდერი გადატრიალების. ეს აქვს არჩევანი თავისთვის დაყენებული.
იგივე არჩევანი აქვს დაყენებული თავისი პარტიის წევრებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც პარლამენტში შემოვიდა, ეს არის რეალობა. დესტრუქციული ძალაა, ძალიან გაუჭირება ამ დესტრუქციული ფორმატიდან გასვლა მსურველს, რადგან სააკაშვილის მხრიდან გადააწყდება წინააღმდეგობას. წითელი ხაზების დარღვევის საშუალებას არ მისცემს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის გამონათქვამებს ანალიზის ნაცვლად, უკვე დიაგნოზი სჭირდება. ამიტომ, ოჯახის წევრებს ურჩევს, რომ ერთთვიან არდადეგებზე წაუყვანონ და ჩამოაშორონ პოლიტიკურ თემებს. რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, რომელიც ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ ჩანს, ცისკარიშვილის განცხადებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბაქრაძე, ისევე როგორც მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა გილაური, ეს ორი კონსტიტუციური ძალით შემკული პიროვნება, არასოდეს ყოფილა საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებთა პირველ ათეულში.
„ალბათ, ბატონი ბაქრაძის გონივრულობა სწორედ მაგაში გამოიხატება, რომ მას მკაფიოდ აქვს გაცნობირებეული, რომ საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, მაგრამ არ გეგონოთ ის უპრინციპო პოლიტიკოსია, მას აქვს თავისი სათქმელი, რომელსაც გავიგებთ. რაიმე სახის ზედმეტი შფოთი მის ინტერესებში არ შედის. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მუდმივად უკმაყოფილო „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო გააქტიურდება და საკუთარ წყევლა-კრულვას უფრო აქტიურად გაავრცელებს ქვეყანაში.
რა ანგელოზებიც უნდა იყვნენ, თუ არ მოხდა მათ მიერ ძალიან მკაფიო მონანიება იმ რეალობისა, რასაც ადგილი ჰქონდა 21-ე საუკუნის პირველი ათი წელი ჩვენს ქვყენაში, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ბატონობის პირობებში, რაც უნდა ვეცადოთ, რომ დავივიწყოთ ამ პარტიის მიერ ჩადენილი დანაშაული, დანაშაულთა ავტორთა და განმახორციელებელთა მონანიების გარეშე, ისინი მუდამ სრულიად მიუღებელი დარჩებიან საქართველოს საზოგადოებისთვის“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ არა ორ, არამედ ორზე მეტ დაჯგუფებად დაყოფას არ გამორიცხავს დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, პარტიაში არიან ლიდრები, რომელთაც საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. თუკი დაპირისპირების პროცესი გაგრძელდა, ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევე დანაწევრდეს რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფად, როგორც თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირი,“ როდესაც რამდენიმე პატარ-პატარა პარტია გამოეყო.
„ისტორიას განმეორება ჩვევია, შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიზიაროს მისი წინამორბედის „მოქალაქეთა კავშირის“ ბედი, რომელსაც ჯერ ჟვანია-ბურჯანაძის ჯგუფი გამოეყო, შემდეგ სააკაშვილის ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რაც საბოლოოდ ამ პარტიის კრახით დამთავრდა და მან შეწყვიტა არსებობა. არ არის გამორიცული, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ იგივე დაემართოს. განსხვავება იმაშია, რომ „მოქალაქეთა კავშირის“ ბიოგრაფიაში არ იკითხებოდა ისეთი მძიმე ფაქტები, რაც „ნაციონალური მოძრაობაში“.
„ნაციონალური მოძრაობის“ იმ ლიდერებმა, რომელთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ცნობილია, ძალიან მეეჭვება, რომ წარმატებულ პოლიტიკურ ძალად შეძლონ თავის დამკვიდრება პოლიტიკურ ასპარეზზე. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ის პროცესები, რომელიც დაწყებულია პარტიაში ე.წ. დუღილის პროცესები, რომელსაც ისინი რბილად აზრთა სხვადასხვაობას უწოდებენ, ალბათ, მიმართულია იქითკენ, რომ სავარაუდოდ, პარტიაში დაიწყება განხეთქილება, რაც შეიძლება პარტიის დანაწევრების დასაწყისი გახდეს“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სააკაშვილს საქართველოში მიმდინარე პროცესების განხილვის დრო ახლა არ აქვს, რადგან თავისი უკრაინული მდგომარეობის გადარჩენისათვის ზრუნავს და ამიტომაც არის გაცხადებული, რომ ის უკრაინელი პოლიტიკოსია, რადგან ამ მოტივით ადვილი იყოს მისი დაპატიმრება.
„თავადაც თქვა - მე რომ დამაპატიმრონ და საქართველოს გადამცენ, ორ დღეში ქართველი ხალხი გამანთავისუფლებსო. უშვებს შესაძლებლობას, რომ უკრაინამ შეიძლება ის დააპატიმროს. ამიტომ, ეს თემა გადარჩება თუ არა უკრაინაში დაპატიმრებას, გაცილებით მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე ქართული თემატიკა. სააკაშვილს სურს, რომ მისი დაპატიმრება შეფასდეს, როგორც პოლიტიკური დევნა. ამიტომ, მას როგორც პოროშენკოსთან, ასევე საქართველოში მის გუნდთთან, რომელიც მას უკვე აკრიტიკიებს, დაპირისპირებულის პოზიცია სჭირდება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.