„დასავლური სამყარო როგორც გლობალური პროექტი, ძალიან სერიოზული რყევის წინაშე დგას“

„დასავლური სამყარო როგორც გლობალური პროექტი, ძალიან სერიოზული რყევის წინაშე დგას“

„პირველი პერიოდი განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება იყოს საქართველოსთვის“

„მინიმუმ 6 თვე, ეს არის ტურბულენტობის ზონა საქართველოსთვის, რომ ტრამპის მიერ დეკლარირებულ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას არ შეეწიროს საქართველოს ინტერესები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ძალიან ბვერი რამ დამოკიდებული იქნება საქართველოს ხელისუფლების აქტივობაზე და ასევე, ტრამპის პოზიციის ჩამოყალიბებაზე საქართველოს მიმართ.

for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

ტრამპს თავისი თვისებებით რონალდ რეიგანს ადარებენ. პოლიტიკა ცუდად იცოდა რეიგანმა, ისევე როგორც ტრამპმა, მაგრამ როგორც წესი, კარგ გუნდს აგროვებდა და ამიტომ ძალიან შედეგიან ნაბიჯებს დგამდა. მაგრამ როგორი იქნება ტრამპის ნაბიჯი, ეს არ ვიცით. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა დონალდ ტრამპის ამერიკის პრეზიდენტად არჩევა?

ხათუნა ლაგაზიძე: რამდენიმე ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ფაქტობრივად, ეს არის რევოლუციური ცვლილება ამერიკის მოსახლეობის განწყობების. ამ კონტექსტით რეიგანთან შედარება არაერთხელ მოიყვანეს, მაგრამ რეიგანის არჩევისას ასეთი პოლარიზებული არ იყო ამერიკის საზოგადოება, რეიგანი აშშ-ის სათავეში რევოლუციური განწყობების ტალღაზე არ მოსულა. რეიგანის არჩევის მიზეზი არ იყო ამერიკის საზოგადოების საკუთარი პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ სვლა.

შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის არჩევა არის პროტესტი არსებული პოლიტიკური ელიტის მიმართ?

- დიახ, ტრამპის არჩევით ამერიკულმა საზოგადოებამ გამოხატა პროტესტი ამერიკის არსებული ელიტის მიმართ. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი განსხვავება. მაგრამ მთავარი, როგორც გითხარით, ეს არის რევოლუციური განწყობების ტალღა აშშ-ი და ამ რევოლუციური განწყობების საფუძველი არის არსებული პოლიტიკური ელიტის უარყოფა.

რამ გამოიწვია ეს მიუღებლობა, რამაც შექმნა ეს რევოლუციური განწყობა?

- ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს საუბარი, დაწვრილებით ამას ვერ ამოვწურავთ. თუმცა, თუ გადავხედავთ ვინ ჭარბობს ტრამპის ამომრჩეველში, მიხვდებით ვინ არის ყველაზე უფრო უკმაყოფილო ამერიკის დღევანდელი პოლიტიკური ელიტით. ეს არის სოფლის მოსახლეობა და დაბალშემოსავლიანი ამერიკელები, რომელთა უკმაყოფილებაზე აკეთებდა გათვლას ტრამპი. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრამპი ფაქტობრივად მარტო იყო თავის კამპანიაში. შეიძლება ითქვას, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ყველა ცნობილმა სახემ და ლიდერმა ტრამპი მარტო დატოვა საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ამიტომ შეიძლება დასაბუთებულად ვთქვათ, რომ ეს იყო პროტესტი არა რომელიმე პარტიის წინააღმდეგ, არამედ არსებული პოლიტიკური ელიტის მიმართ.

ნიშნადობლივია ისიც, რომ ტრამპის ლოზუნგები გარკვეულწილად მიმართული იყო იმ დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ, რომელზეც დგას ამერიკული დემოკრატია. ისეთი ხისტი მედიის მიმართ, როგორიც იყო ტრამპი, ძნელად თუ ახსოვს ამერიკას პრეზიდენტი. ტრამპი პრესკონფერენციებზე პირდაპირ ადანაშაულებდა ჟურნალისტებს კლანურ გარიგებებში და არაერთხელ მიუყენებია მათთვის შეურაცხყოფა. ასევე ტრამპის კამპანიიდან დასამახსოვრებელი იყო მისი მხარდაჭერა ჩინეთში ტიანანმენის მოედანზე სტუდენტების დახვრეტის ფაქტზე, ხოლო თურქეთში ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შეფასებისას, ტრამპა განაცხადა, რომ ამერიკა არ უნდა ასწავლიდეს სხვებს ადამიანის უფლებების დაცვას. ასევე საყოველთაოდ ცნობილია მისი სიმპათია პუტინის ძლიერი ხელის მიმართ.

ზოგადად, ტრამპის ამომრჩეველში კონსერვატიული მორალის საზოგადოების მაღალი წილია. ანუ, ესეც არის მნიშვნელოვანი ტენდენცია ამერიკის საზოგადოებაში -კონსერვატიული მორალის გამარჯვება იმ კანდიდატზე, რომელსაც უმცირესობების დაცვის დროშა ეჭირა ხელში.

ეს არის, არსებული დემოკრატიის, როგორც მმართველობის წარმატებული ფორმულის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, როდესაც ადამიანები ამ ტიპის მიდგომების მქონე პრეზიდენტს აძლევენ ხმას?

- ცოტა უცნაურია არა? - თითქოს ამერიკელები თავისუფლებით დაიღალნენ. ასევე უმნიშვნელოვანესია ის, რომ ტრამპი კონცენტრირებას აკეთებდა უშუალოდ ამერიკაზე. ანუ, ამერიკის სიდიადეს ის ხედავს ამერიკის თვითკმარობაში და არა იმაში, რომ ამერიკამ უზრუნველყოს თავისი სტრატეგიული პარტნიორების უსაფრთხოება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ეპოქაზე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ ამერიკაზე, არამედ დასავლურ სამყაროში ახალ ტენდენციაზე, რომელიც დაიწყო დიდ ბრიტანეთში, როდესაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას.

დასავლური სამყარო როგორც ერთიანობა და როგორც ერთიანი გლობალური პროექტი, ძალიან სერიოზული რყევის წინაშე დგას. ერთი მხრივ, ყველაზე გამწევმა ძალამ - დიდმა ბრიტანეთმა ზურგი აქცია ევროკავშირს და მეორე მხრივ ამერიკის ახალი პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერი 60 მილიონი ამერიკელი ფიქრობს, რომ აშშ ისეთი აქტიური აღარ უნდა იყოს ევროპისა და მისი სტრატეგული პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფისას როგორც დასავლეთში, ასევე - აღმოსავლეთში.

ერთიანი დასავლური სამყაროს ხედვა დადგა სერიოზული გამოწვევის წინაშე?

- არა მხოლოდ, განსაკუთრებით ლიბერალური მმართველოს ფორმა დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე. აქ არ არის საუბარი იმაზე, ტრამპს აქვს თუ არა ასეთი განწყობა, აქ საუბარია იმაზე, რომ ასეთ განწყობას დაუჭირა მხარი სამოცმა მილიონმა ამერიკელმა.

ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკაში არის მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორი ექსცენტრულიც არ უნდა იყოს ტრამპის მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსტიტუტები მაინც ჩააყენებენ გარკვეულ ჩარჩოებში ტრამპს...

- რა თქმა უნდა, მცდელობა იქნება, მაგრამ ერთი მხრივ არის სახელმწიფო ინსტიტუტები და მეორე მხრივ არის ის ამომრჩეველი, რომლის განწყობებთან თანხვედრამ მოიყვანა ტრამპი ამერიკის სათავეში. ასე ხელაღებით ვერ წავა ტრამპი თავისი ამომრჩევლის წინააღმდეგ და როგორც გითხარით, ამომრჩევლის განწყობა ბევრი მიმართულებით არის რევოლუციური. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ტრამპი ვერ და არ იქნება ისეთი რადიკალური პრეზიდენტობისას, როგორიც იყო კანდიდატობის პერიოდში, ეს გამოჩნდა ტრამპის გამარჯვებისთანავე, როცა მან თავის მომხრეებს მიმართა, რომ უნდა დააფასონ ჰილარი კლინტონის უზარმაზარი ღვაწლი აშშ-ის წინაშე. არ დაგავიწყდეთ, ეს ის ჰილარი კლინტონია, რომელსაც ტრამპი რამდენიმე თვის წინ დაჭერით ემუქრებოდა.

ქალბატონო ხათუნა, შეიძლება ვთქვათ, რომ აშშ-ის, როგორც მსოფლიოს უსაფრთხოების გარანტორის როლი, 60 მილიონმა ამერიკელმა ამომრჩევლმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა?

- ერთ-ერთი მთავარი, რაც შეშფოთების საფუძველს იწვევდა და დღესაც იწვევს, ეს გახლვათ ტრამპის განცხადება, რომ ნატოში პარტნიორებსა და ნატოს მიღმა სტრატეგიულ პარტნიორებს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, ამერიკა დაეხმარება იმ შემთხვევაში, თუ ისინი შესაბამის ანაზღაურებას გადაიხდიან და თუ სხვა პარტნიორების ფინანსური წილი ნატოში გაიზრდება.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ისიც, რომ რესპუბლიკელები კონტროლს ინარჩუნებენ ორივე პალატაში, რაც იშვიათია ამერიკის არჩევნების ისტორიაში...

- ასეთი რამ იშვიათად ხდება ამერიკის არჩევნებისას. რესპუბლიკური პარტიის ის ლიდერები, რომლებმაც ფაქტობრივად მარტო დატოვეს ტრამპი საარჩევნო კამპანიისას, დღეს ალბათ, ტრამპის მადლიერი უნდა იყვნენ, რადგან სწორედ ტრამპის დამსახურებით მოიგო უმრავლესობა რესპუბლიკელებმა ორივე პალატაში. მაგრამ, მეორე მხრივ, ტრამპის წარმატება შეიძლება იმან განაპირობა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ძველი სახეები არ ასოცირდებოდნენ მასთან და ძველი პოლიტიკური ელიტის ტვირთი მასზე არ იდო.

უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მომენტი, რამაც შეიძლება მსოფლიოს ეკონომიკური და ფინანსური სარტყელი სერიოზულად შეარყიოს. კერძოდ, ტრამპის მხრიდან სავაჭრო ორგანიზაციებისა და ხელშეკრულებების მიუღებლობა. საუბარია რამდენიმე საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებაზე და პირველ ყოვლისა ე.წ. „ნაფტაზე“, მექსიკას, კანადას და აშშ-ს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე. ტრამპი მთელი კამპანიის მანძილზე ხაზგასმით აცხადებდა, რომ ის გადახედავს ამ ხელშეკრულებას და თუ პარტნიორები არ წამოვლენ ამერიკისთვის სასურველ პირობებზე, ამერიკა გამოვა ამ ხელშეკრულებიდან.

უფრო მეტიც, ის წინააღმდეგია ობამასა და კლინტონის საერთო იდეის, რომელიც წყნარი ოკეანის აუზში მდებარე ქვეყნებთან აშშ-ის განსაკუთრებულ სავაჭრო ურთიერთობებს ითვალისწინებდა, რაც განაპირობებდა ამერიკის პოზიციების გაძლიერებას სწორედ წყნარი ოკეანის აუზში, რაც ჩინეთის შეშფოთებას იწვევდა.

თუ ინტენსიურად დაიწყო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების გადახედვა აშშ-მ, ეს აუცილებლად ძალიან სწრაფად და გარდამტეხად აისახება მსოფლიოში არსებულ სოციალურ-ეკონმიკურ და ფინანსურ წესრიგზე, ამისთვის კი საქართველო მზად უნდა იყოს.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ არის მისთვის ასეთი პრობლემური თავისუფალი სავაჭრო ორგანიზაციებთან ურთიერთობა?

- ტრამპი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებების შედეგად ქვეყანა დატოვეს ამერიკულმა კომპანიებმა, მათ უკეთესი პირობები შეექმნათ სხვა ქვეყანაში, რამაც გამოიწვია უმუშევრობის ზრდა აშშ-ში, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, რამაც განაპირობა სწორედ იმ შტატების მხარდაჭერა ტრამპის მიმართ, რომელიც ტრადიციულად დემოკრატების შტატები იყო და რამაც განაპირობა ტრამპის გამარჯვება. სწორედ ამ შტატებიდან წამოიღო მან ყველაზე დაბალშემოსავლიან ადამიანთა, მუშების ხმები. ის პირდებოდა მოსახლეობას ამერიკული საწარმოების უკან დაბრუნებას. ამ მიზნით აპირებდა ჩინეთთან და მექსიკასთან სავაჭრო ტარიფების აწევას. ის ძალიან ხშირად ადანაშაულებდა მექსიკასა და ჩინეთს ფინანსურ მანიპულაციებში, რაც ამერიკის ფინანსურ ინტერესებს ძალიან სერიოზულად აზარალებდა.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა რა პოლიტიკას გაატარებს ტრამპი რუსეთთან ურთიერთობის კუთხით?

- რუსეთის პრეზიდენტმა ლამის პირველმა მიულოცა გამარჯვება ტრამპს და განაცხადა, რომ მას აქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ტრამპის პირობებში რუსეთსა და ამერიკას შორის განსაკუთრებით სავაჭრო ურთიერთობები დალაგდება და ძალიან მაღალ ხარისხში გადავა. ალბათ, ტრამპი თავისი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში მოსინჯავს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და ეს პირველი პერიოდი განსაკუთრებით სახიფათო იქნება საქართველოსთვის.

კონკრეტულად, რა გამოძახილი შეიძლებაპოვოს ამან საქართველოზე?

- პირველი რამდენიმე თვე, სანამ ტრამპი მოახერხებს თავისი ადმინისტრაციის ფორმირებას, სანამ ის საკუთარ შეცდომებზე ისწავლის და სანამ ის თავად მიხვდება ვისთან აქვს საქმე რუსეთთან ურთიერთობაში, აი, ეს პერიოდი, მინიმუმ 6 თვე, ეს არის ტურბულენტობის ზონა საქართველოსთვის, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების „გაუმჯობესებას“ არ შეეწიროს საქართველოს ინტერესები. მეორე მხრივ, აქ ბვერი რამ დამოკიდებული იქნება საქართველოს ხელისუფლების აქტივობაზე, ქართველმა პოლიტიკოსებმა თვითდინებაზე არ უნდა მიუშვან ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის ჩამოყალიბება საქართველოს მიმართ. კარიდან რომ გამოგაგდებენ და ფანჯრიდან რომ შეხვალ, აი, ასეთი პოლიტიკა უნდა ჰქონდეთ.

საქართველოს ახლა ჰყავს ახალი გუნდი, რომელსაც სწორედ ამ რევოლუციური ცვლილებების პირობებში მოუწევს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე ზრუნვა და სწორედ ამ პირობებში მოუწევს საქართველოს ახალ ელჩს, დავით ბაქრაძეს აშშ-ში წასვლა. მასზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, მთელი სულით და გულით ვუჭერ მხარს მის წარმატებას, ალბათ, დიდი ხანია საქართველოსთვის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ ყოფილა ამერიკის ელჩის როლი, მას ძალიან მძიმე ტვირთი აქვს.

უდავოდ საინტერესოდ გამოიყურება პარლამენტის ევროინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობის პოლიტიკის კომიტეტების ახალი ხელმძღვანელობა, აშშ-სთან და ზოგადად, დასავლეთთან ურთიერთობის გამოცდილებით და სანდო პარტნიორის იმიჯით. აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარივე ეს რესურსი წარმატებით და აქტიურად გამოიყენოს ამერიკასთან ურთიერთობაში.

რაც შეეხება სოციოლოგიას, ამ არჩევნება გამოკვეთა, რომ სოციოლოგია არა მარტო საქართველოში, არამედ აშშ-იც აღმოჩნდა არასაიმედო. ამ შემთხვევაში რა მოხდა?

- ამ არჩევნების შემდეგ სოციოლოგია, როგორც არჩევნების შედეგების პროგნოზირების გზა, სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. 7 ნოემბერმა აჩვენა, რომ სოციოლოგიას, ისევე როგორც მედიას, საზოგადოების განწყობების მანიპულირების როლი უფრო ეკისრა წინასაარჩევნო პერიოდში - ლამის, მთელი ამერიკული მედია და სოციოლოგიური ცენტრები ამტკიცებდნენ, რომ 90% იყო ჰილარი კლინტონის გამარჯვების შანსები. როგორც ჩანს, ეს ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, საზოგადოებაში წინასწარ შეექმნათ კლინტონის გამარჯვების განწყობები.

და კლინტონის მიმართ ამერიკის წამყვანი მედიის, სოციოლოგიური, ლობისტური, პოლიტტექნოლოგიური ცენტრების მასობრივი მხარდაჭერის მიუხედავად, დღეს ტრამპი პრეზიდენტია. ტრამპმა პრეზიდენტობისკენ გზა სტანდარტების ნგრევით, საარჩევნო კამპანიის სტანდარტების გვერდის ავლით გაიკვალა, ისევე როგორც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა.

ვნახოთ, რას მოუტანს მეამბოხე მილიარდერი, რომლისგანაც სწორედ არასტანდარტულ აზროვნებას ითხოვდა ამერიკელი ამომრჩეველი, ამერიკასა და მსოფლიოს.