„ქართული ოცნება“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ნოდარ ჯავახიშვილს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობისთვის ამზადებს. for.ge-ს ინფორმაციით, ნოდარ ჯავახიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მომავალ სამთავრობო გუნდში სავარაუდოდ აღარ იქნება და ის საქმიანობას აუდიტის სამსახურში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც ჯავახიშვილი მინისტრის თანამდებობას დატოვებს, ის შესაძლოა, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე დროებით დაინიშნოს.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, იქედან გამომდინარე, რომ მომავალი წლის ზაფხულში, მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას ხუთწლიანი უფლებამოსილება ეწურება, მმართველი გუნდი მის შემცვლელად ჯავახიშვილის კანდიდატურას განიხილავს.
ლაშა თორდია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებაზე ინფორმაციას არ ფლობს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მან ეს საკითხი არ იცის.
„ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს საკითხი არ ვიცი. ამ თანამდებობაზე უფლებამოსილება ივლისის ბოლოს მეწურება, სხვა საკითხებზე ინფორმაციას არ ვფლობ. მოადგილის დანიშვნა კი, ჩემი პრეროგატივაა“, - დასძენს თორდია.
თორდიას მსგავსად, ნოდარ ჯავახიშვილის პოლიტიკურ ბედზე ინფორმაციას არ ფლობენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტშიც. როგორც for.ge-ს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ განუცხადა, მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.
ლაშა თორდიას გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე უფლებამოსილება მომავალი წლის ივლისში ეწურება, რადგან ის პარლამენტმა ამ პოსტზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 2012 წლის 25 ივლისს დანიშნა.
ნოდარ ჯავახიშვილი ჩაანაცვლებს თუ არა ლაშა თორდიას, ეს ზაფხულში გახდება ცნობილი, თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ხუთი წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.
რაც შეეხება თორდიას მოქმედ მოადგილეებს, ცოტა ხნის წინ, გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ნინო ლომჯარია დაინიშნა, რომლის თაობაზეც პოლიტიკურ კულუარებში ითქვა, რომ თორდიამ მისი კანდიდატურა მმართველ გუნდთან არ შეათანხმა, რაც გაურკვევლობის მიზეზი გახდა. ლომჯარიას გარდა, თორდიას მოადგილეა დევი ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ლაშა თორდიამ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვა და დაკავებული თანამდებობა შეინარჩუნა.