გამოცდილი ბიზნესმენის, მაგრამ პოლიტიკაში ახალბედა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ ლამის მთელ მსოფლიოში შოკი გამოიწვია. სავარაუდოდ, ეს მდგომარეობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე გაურკვევლობის მომენტი არ გაივლის. როგორც ტრამპის გამოსვლებიდან ჩანს, მისი ძირითადი ამოცანა აშშ-ს გაძლერებაა, შესაბამისად, მისი პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ვექტორად ამერიკული ეკონომიკის აღორძინება მოიაზრება. მისი გამოსვლებიდან ჩანს, რომ დონალდ ტრამპის ეკონომიკური ხედვა ამერიკის საქმიანი წრეებისა და საქმიანი ფენის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.
როგორ აისახება ამერიკის ეკონომიკური პოლიტიკა სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე, ამ ეტაპზე რთული საპროგნოზოა, თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ რაკი დოლარი საერთაშორისო ანგარიშსწორების ძირითად ვალუტას წარმოადგენს, ტრამპის ეკონომიკური კურსი დიდ გავლენას მოახდენს დოლარის კურსზე.
„ტრამპის ეკონომიკური კურსი გავლენას მოახდენს ვალუტაზე და შესაბამისად, მოვლენებს ინტერესით უნდა ვადევნოთ თვალი. პირველ ეტაპზე ბირჟებზე მყარი აქტივის ოქროს ფასი გაიზარდა და დოლარის თანაფარდობა სხვა ვალუტებთან რამდენადმე შემცირდა. ეს გარკვეულწილად გაურკვევლობის მომენტიც არის. ვფიქრობ, ამერიკასა და მსოფლიო ეკონომიკას არ ემუქრება ისეთი ფორსმაჟორული გარემო, რომელმაც ძირეულად უნდა შეცვალოს განვითარებისა და ურთიერთდამოკიდებულების ვექტორი“ , - აცხადებს ექსპერტი, სოსო არჩვაძე.
მართალია ექსპერტების მოლოდინები ასე თუ ისე, ოპტიმისტურია, მაგრამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარმა შედეგებმაც კი, ამერიკული დოლარის კურსისა და მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე ინდექსების ვარდნა გამოიწვია.
დილიდან ევროს კურსი დოლარის მიმართებაში 2%-ით გამყარდა, ფუნტის კი - 1%-ზე მეტით. დოლარი 3%-ზე მეტით გაუფასურდა იაპონურ იენასთან მიმართებაში და 2%-ით შვეიცარიულ ფრანკთან.
როგორც „ბლუმბერგი“ წერდა, დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვების ინფორმაციამ მსოფლიო ბირჟებზე პანიკა და ინდექსების ვარდნა გამოიწვია.
ანალიტიკური კომპანია Capital Economics-ის ეკონომისტების პროგნოზით, დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შედეგად, დოლარი მსოფლიო წამყვან ვალუტებთან მიმათრებაში სერიოზულად გაუფასურდება.
Capital Economics-ის ეკონომისტები თვლიან, რომ ამავე დროს, ამერიკული ვალუტის კურსი გამყარდება განვითარებადი ქვეყნების ვალუტების მიმართებაში, მაგალითად, აღნიშნული პროცესი უკვე შეინიშნება მექსიკურ პესოსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ექსპერტები ნავთობის ფასის ვარდნასაც პროგნოზირებენ.
შესაძლოა, მექსიკური პესოს გაუფასურების მიზეზი ტრამპის მკვეთრი განცხადებაც გახდა მექსიკის შესახებ, სადაც ის აღნიშნავს, რომ ამერიკასა და მექსიკას შორის მყარი კედელი უნდა აღმართოს, რადგან მექსიკიდან შემოაქვთ ნარკოტიკები და გადმოდიან დამნაშავეები.
ამ ეტაპზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიოს ფინანსური ბაზრებზე დოლარის კურსი ეცემა. მიუხედავად ამისა, ქართული ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
„ბლუმბერგის“ სავალუტო ბირჟაზე ამ დროისთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.4505-ია. კურსის ცვლილებამ მინუს 0,49% შეადგინა.
ამის ფონზე საქართველოში ზოგიერთ კომერციულ ბანკში 1 დოლარის შეძენის ღირებულება 2.49 ლარია. კერძოდ, „საქართველოს ბანკში“ მომხმარებელს 1 დოლარის ყიდვა ამ დროისთვის 2.49 ლარად შეუძლია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში 2.41 ლარს მიიღებს.
„თი-ბი-სი ბანკში“ მომხმარებელს 1 დოლარის შეძენა ამ დროისთვის 2.4120 ლარად, ხოლო ჩაბარება 2.4900 ლარად შეუძლია.
„ბაზისბანკში“ ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.485 ლარად, გაყიდვა - 2.425 ლარად არის შესაძლებელი.
„ლიბერთი ბანკში“ კი ამ დროისთვის მომხმარებელს 1 დოლარის შეძენა 2.4850 ლარად, ხოლო მისი ჩაბარება 2.4250 -ად შეუძლია.
ბოლო რამდენიმე წელია, ლარის გაუფასურებას განსაკუთრებული საგარეო ფაქტორებიც არ სჭირდება. წესით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებიც არ უნდა გამხდარიყო საქართველოში მორიგი სავალუტო რყევის მიზეზი. მაგალითად, სოსო არჩვაძის განმარტებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში ამერიკას მაღალი წილი არ უკავია, დაახლოებით 5-6%-ს დონეზეა, თუმცა ქართული საფინანსო პოლიტიკის სიღრმეები სხვა თემაა, რომელზეც, შევეცდებით, უახლოეს მომავალში დეტალურად ვისაუბროთ.