პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ჯერ კიდევ, ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ პრეზიდენტთან სააკაშვილის პირადი შეხვედრის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება ამ პროცედურის გადადების შესახებ, რათა სააკაშვილს მთელი რიგი მოთხოვნები შეესრულებინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სააკაშვილმა მოთხოვნები არ შეასრულა, მან უბრალოდ დასწრებაზე ითამაშა და ლამაზად გამოიყვანა სიტუაცია, თითქოს კი არ გაუშვეს, არამედ თავად წავიდა.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი მიხიელ სააკაშვილი საქართველოში სსკს-ის ოთხი მუხლით იძებნება. მას 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება. საქართველოს პარალელურად, სააკაშვილის წინააღდეგ სსკს-ის 364-ე მუხლი დაიწყო გამოძიება უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ. საქმე ეხება „ОПЗ“ (ოდესის საპორტო ქარხნის) გაყიდვას. საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაწყებულია, ასევე ჩანიშნულია წინასასამართლო განხილვები.
რა გახდა სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელს მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
ბატონო მამუკა რა გახდა სააკაშვილის და ლორთქიფანიძის გათავისუფლების მიზეზი?
მამუკა არეშიძე: ლორთქიფანიძემ, სააკაშვილმა და სხვებმაც შეიძლება ახლა ილაპარაკონ, რომ მათ მუშაობის საშუალება არ მიეცათ ოდესაში. გარკვეულწილად, ისინი მართლაც, შეზღუდულები იყვნენ და ამან განაპირობა ლორთქიფანიძის და შემდეგ, უკვე, სააკაშვილის წასვლა. ვფიქრობ, რომ ეს იმ პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რაც მოხდა უკარაინაში. გავიხსენოთ რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ. პირველად, როდესაც სააკაშვილი გამოჩნდა უკრაინაში, და ვიცით, რომ ის იყო ამერიკელების პროექტი, მაშინ თითქოსდა ერთგვარი რეფორმატორთა გუნდი გაჩნდა უკარინაში, რომელშიც იყვნენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. ზოგიერთი მინისტრად დაინიშნა, ზოგიერთი კი ეკონომიკური რეფორმების საბჭოში გაერთიანდა, რომლის ხელძღვანელად შერჩეული იყო მიხეილ სააკაშვილი.
მაშინ ამბობდნენ, რომ ეს იყო ერთგვარი ხარკი დასავლეთის მიმართ უკრაინის ახალი ხელისუფლების მიერ, რატომ გადაიხადა ამ სახის ხარკი პოროშენკომ?
- იმიტომ, რომ დასავლეთი კატეგორიულად ითხოვდა თავისი მხარდაჭერის და განსაკუთრებით ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ, ამ ტიპის რეფორმები გატარებულიყო უკრაინაში. როგორც ჩანს, ეს პოროშენკოსთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა, მართალია, თავი უქნია დასავლეთს, მაგრამ შეეცადა სიტუაცია სათავისოდ გამოეყენებინა, რაც გააკეთა - სააკაშვილი დააპირისპირა თავისთან დაპირისპირებულ ოლიგარქებს, განსაკუთრებით - კოლომისკის, ხოლო იმისთვის, რომ სააკაშვილი თავის ერთგულ მოკავშირედ ექცია, შესთავაზა ყოფილიყო მისი ბლოკის ლიდერი, თუმცა სააკაშვილმა ამაზე უარი თქვა და ბევრი იწვალა იმისათვის, რომ გამხდარიყო ოდესის გუბერნატორი.
რატომ იყო სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანი, რომ გამხდარიყო ოდესის გუბერნატორი?
- ოდესის გუბერნატორობის შემთხვევაში მას ექნებოდა მყარი ბაზა, პლუს ექნებოდა საშუალება ეკონტროლებინა ტვირთების მოძრაობა შავი ზღვის მხრიდან და რასაკვირველია, ფანანსურად წელში გამართული იქნებოდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ოდესაშია განლაგებული იმ ქართველების ბიზნეს-ობიექტები, რომლებიც სააკაშვილის გუნდში მოიაზრებიან, მაგალითად - მიშველიანი, უდესიანი და სხვები.
პოროშენკო ცდილობდა, რომ სააკაშვილი გამოეყენებინა ოლიგარქების წინააღმდეგ, რაც მოახერხა, მაგრამ ყველა კვლევებით დასტურდება, რომ კორუფციის დონე ძალიან მაღალია უკრაინაში...
- პოროშენკოს არც უფიქრია დაეწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ისე, როგორც მას ითხოვდა სააკაშვილი. საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდა ასეთი სურათი, დღეს თუ ვინმეა კორუმპირებული უკრაინაში, ეს არის პოროშენკოს გარემოცვა. აბსოლუტურად პარადოქსალური სიტუაცია იქმნება, უკრაინა და რუსეთი ერთმანეთთან სამხედრო კონფრონტაციაში არიან, ამ დროს პოროშენკოს ბიზნესის 23% რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და არა მხოლოდ ტკბილეულის საწარმოები, დღეს პოროშენკოს ოჯახი წარმატებით ვაჭრობს რუსეთთან ჩერნობილის სივრციდან წამოღებული ჯართით. რომ არა იულია ტიმოშენკოს აქტიურობა, ეს ინფორმაცია საჯარო არ გახდებოდა. მოკლედ, მთავარი კორუმპირებული პოროშენკო და მისი გარემოცვაა. თუმცა, არანაკლებ კორუმპირებულია ის სისტემა, რომელიც სააკაშვილმა შექმნა ოდესაში. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციასთან მებრძოლის დროშა აქვს ხელში აღებული, მისი გარემოცვა აქტიურად ამუშავებს კორუმპირებულ სისტემებს, იქნება ეს ოდესის პორტი, თუ სხვა ბიზნესი, მაგრამ ეს ნაკლებად ჩანს, რადგან სააკაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, რომ არ გახმაურდეს და უკრაინელი ხალხის თვალში მოიპოვოს კორუფციასთან მებრძოლის იმიჯი.
საერთოდ, გია ლორთქიფანიძე დაინიშნა იმიტომ, რომ კორუფციასთან ბროლის იმიტაცია გაეგრძელებინა და პლუს ეკონტროლებინა ძალოვანი სტრუქტურებიდან ის ბიზნეს-სივრცე, რომელიც სააკაშვილის მატერიალური დოვლათვის გასაძლიერებლად იყო საჭირო.
მაგრამ ბიზნეს-სტრუქტურებსა და კორუმპირებულ სტრუქტურებს შორის კულუარული ბრძოლა იმდენად აქტიურად მიდიოდა, რომ სააკაშვილმა ვერ მოახერხა ვერც თავისი ინტერესების გატანა ბოლომდე, არც პოროშენკოს გაატანინა ოდესის სივრცეში ის, რაც მას სჭირდებოდა. საბოლოო ჯამში, კონფლიქტი ამ ფორმით დაასრულა - ხმაურიანი განცხადება ჯერ ლორთქიფანიძეს გააკეთებინა, შემდეგ დემონსტარციულად თვითონაც გადადგა. ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოტივი რა იყო?
- სააკაშვილი, ლორთქიფანიძე და ზოგიერთი სხვა ქართველი თავის ფულს აკეთებდა და სხვებს ხელს უშლიდნენ ფულის კეთებაში, აი, ეს იყო. ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ბიზნეს კონკურენტებს შორის. პოროშენკომ, რომელსაც უფრო მეტი შესაძლებლობები და გავლენები აქვს, გაიმარჯვა. მან ვერ დაიმორჩილა სააკაშვილი, ვერ მოახერხა მისი ბიზნეს-სტრუქტურების გაშლა ოდესის ოლქში, რადგან სააკაშვილს ჰქონდა ყველაფერი ხელში ჩაგდებული.
დარწმუნებული იყავით, რომ ამ გადაწყვეტილებით პოროშენკომ დანა გამოისვა ყელში. ახლა ხელებგახსნილი სააკაშვილი მხოლოდ იმით იქნება დაკავებული, რომ დასავლეთის ყველა სივრცეში მოახდინოს პოროშენკოს დისკრედიტაცია. ადრე როგორც ჩინოვნიკი, შედარებით, თავს იკავებდა, მაგრამ ახლა აღარ გაჩერდება.
ამ დაპირისპირებაში პოროშენკო არ გამოიყენებს სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ მასალებს?
- რაც უნდა კონტრარგუმენტი მოიყვანოს სააკაშვილის წინააღმდეგ და ეს არგუმენტები ნამდვილად აქვს, ვერ გადაფარავს. კორუფციის დონე მთლიანად უკრაინაში ათასჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ოდესაში. ასევე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ პოროშენკოს გადაკიდებული ჰყავს ტიმოშენკო.
ისევე, როგორც სააკაშვილს...
- კი ბატონო, მიუხედვად იმისა, რომ სააკაშვილისა და ტიმოშენკოს ურთიერთობა გაურთულდათ, სააკაშვილის ხასიათიდან გამომდინარე, ხვალ ტიმოშენკოს მოელაპარაკება და ეს ორი ფიგურა ერთად დაიწყებს პოროშენკოს წინააღმდეგ ომს, რაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდეს.
უკრაინული მედია წერს, რომ სააკაშვილი, შესაძლოა, საინიციატივო ჯგუფ „ხვილიას“ ჩაუდგეს სათავეში. უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით სააკაშვილს ეკრაძალება არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ამის მიუხედავად რამდენად სავარაუდოა უკრაინაში დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?
- ცალკე ტიმოშენკოს და ცალკე სააკაშვილის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ისეთ მდგომარეობას შეუქმნიან პოროშენკოს, რითიც აიძულებენ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით, მით უმეტეს იმ გაურკვევლობის ფონზე, როგორიცაა მისთვის ხელშეკრულებების შესრულება- არ შესრულება.
პოროშენკოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მტრები გაიჩინოს, მაგრამ რატომღაც მოინდომა ამ ნაბიჯის გადადგმა. სააკაშვილი გააკეთებს ყველაფერს რისი საშუალებასაც მისცემენ ამერიკელები. თუკი ამერიკამ მწვანე აუნთო სააკაშვილს, იცოდეთ, რომ სერიოზული პროცესები განვითარდება. ჩვენ არ ვიცით, ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი და გარდა ამისა, როგორ პოლიტიკას აირჩევს ახალი პრეზიდენტი რუსეთისა და უკრაინის მიმართ.
სააკაშვილის წინააღდეგ სსკს-ის 364-ე მუხლი დაიწყო გამოძიება უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ. საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაწყებულია, ასევე ჩანიშნულია წინასასამართლო განხილვები. დაიწყება სამართლებრივი დევნა სააკაშვილის წინააღმდეგ?
- ჩვენ ვიცით, როგორ იცის სააკაშვილმა სიტუაციის გამოყენება. ამ სიტუაციასაც გამოიყენებს ისე, რომ მას როგორც კორუფციასთან მებრძოლ ადამიანს შეუთითხნეს საქმე. საქმე ის გახლავთ, რომ სააკაშვილი თავად არის კორუფციასთან თბილ კავშირში, მაგრამ უკრაინაში არსებული კორუფციის მასშტაბები, ვერ შეედრება კორუფციის იმ მასშტაბებს, რამელშიც ჩართულია სააკაშვილი. რასაკვირველია, კორუფციის თვალსაზრისით სააკაშვილიც ისეთივეა, როგორც პოროშენკო, მაგრამ მასშტაბია სხვადასხვა.
ამის ფონზე რა გავლენა შეიძლება შეინარჩუნონ უკრაინაში მყოფმა ქართველებმა?
- არავითარი. იქ მყოფ ქართველებს არავითარი გავლენა არ აქვთ. ავიღოთ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი გიზო უგულავა, დღეს ამ ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე ძალიან სერიზული ხალხი ზრუნავს და გააუქმებენ. საყვარელიძე-უგლავა-ლორთქიფანიძე ესენი არაფერს არ წარმოადგენენ სააკაშვილის გარეშე. ერთადერთი გამონაკლისია დეკანოიძე, რომელსაც გარკვეული გავლენები შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ მთავარია სააკაშვილი და მისი პოზიცია, დანარჩენებზე ლაპარაკი არ ღირს.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უპირატესობა აქვს პოროშენკოსთან ბრძოლის საქმეში, მაინც ძალიან რთულ მდომარებაშია, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში და ასევე საკუთარი პარტიაში, სამი ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს და ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის ძალიან სერიოზული ბრძოლა დასჭირდება.
რაც მთავარია, არც დასავლეთში აქვს მყარი პოზიცია...
- სწორედ მაგაშია საქმე. ამიტომ, ბვერი რამე დამოკიდებულია იმაზე, ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი. ის გააგრძელებს ბრძოლას და გააჩნია რა ტიპის მხარდაჭერა ექნება დასავლეთის მხრიდან, რომლის პროგნოზირება რთულია, რადგან არ ვიცით, ვინ იქნება გამარჯვებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.