„კალათბურთიდან ისე წავედი, გულშემატკივრის სტვენა არ მახსოვს“

„კალათბურთიდან ისე წავედი, გულშემატკივრის სტვენა არ მახსოვს“

ცოტა ხნის წინ ბატონი ოთარ ქორქია გავიხსენეთ. დღეს პატივს კიდევ ერთ გამოჩენილ ქართველ კალათბურთელს, ზურაბ საკანდელიძეს მივაგებთ.

ზურაბ საკანდელიძე მოპოვებული ტიტულებით ქართველ კალათბურთელებს შორის მართლაც გამორჩეული გახლდათ: ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს პირველობის გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონატების ოთხგზის მომგები.

სახელოვანი მწვრთნელი ალექსანდრ გომელსკი ქართველ მოთამაშეს შემდეგნაირად ახასიათებდა: „ზურაბ საკანდელიძე საბჭოთა კალათბურთის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე სწრაფი მოთამაშე იყო. ის კი არ დარბოდა, დაფრინავდა. მისი დაწევა, ბურთის გათამაშების დროსაც კი, არავის შეეძლო. მისი რეაქცია და სისწრაფე აოცებდა მეტოქეებს და მაყურებლებს. ყველაზე უკეთ ეხერხებოდა მოწინააღმდეგის გადაცემის ჩაჭრა და ბურთის ხელში ჩაგდება, რაც ჩვენს გუნდს კონტრშეტევების განსახორციელებლად მშვენიერ შესაძლებლობას უქმნიდა. ჩვენ რომ ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით, ამაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სწორედ საკანდელიძემ შეასრულა“.

დღევანდელ წერილში ზურაბ საკანდელიძის ადრეული ინტერვიუებიდან ამოკრეფილ ნაწყვეტებს წარმოგიდგენთ.

„ძალიან გამიმართლა: ბატონ სულიკო თორთლაძესთან მოვხვდი, ლეგენდარულ და ბევრი კარგი კალათბურთელის აღმზრდელ მწვრთნელთან. ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ასე მხოლოდ ჩვენს სასიკეთოდ იქცეოდა. ნერვებს იმიტომ იშლიდა, რომ სურდა კარგი ადამიანები და ძლიერი სპორტსმენები გამოვსულიყავით.

ერთხელ ზედიზედ სამი ვარჯიში გავაცდინე. ვიცოდი მისი ხასიათი, რომ ეს ამბავი უბრალოდ არ ჩაივლიდა. დიდხანს არ „მალოდინა" - შინ მოვიდა, მე არც მიკითხა, პირდაპირ მამაჩემს უთხრა, ნუ იმალება შენი ბიჭი, ხვალიდან ვარჯიშზე მოვიდეს, იცოდე, კაცი უნდა გავხადოო... მერე, როცა მართლა ვითამაშე დიდი კალათბურთი, მამა ხშირად იგონებდა ამ ამბავს. ბატონი სულიკო რომ დიდი მწვრთნელი იყო, ჩემი და მისი კიდევ ერთი მოსწავლის მიხეილ ქორქიას ოლიმპიური ჩემპიონობაც ადასტურებს. ან კოლია დერიუგინი? მისი აღმოჩენილია! იგივე გელა დარსაძე და ზურაბ გრძელიძე...

პირველ წარმატებას ქუთაისის ნაკრების შემადგენლობაში მივაღწიე. გუნდს, ცხადია, სულიკო თორთლაძე წვრთნიდა, ჩვენ კი საქართველოს მოსწავლეთა სპარტაკიადა მოვიგეთ. ზურა მხეიძე, იურა სანიკიძე, ზაურ ტყეშელაშვილი, ოლეგ ჩიგოგიძე - აი, ამ და კიდევ ბევრ კარგ ბიჭთან ერთად გავიმარჯვე. მერე მათთან ერთად სხვა შეჯიბრებებიც მოვიგე. კარგი გუნდი გვყავდა...

15 წლისა თბილისის „დინამოში" ვვარჯიშობდი, პარალელურად კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. დინამოელებთან ერთად ყოფნა ჩემთვის ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო - ყოველ დღე რაღაცას ვსწავლობდი. ახლა რომ ვფიქრობ, ეს ღმერთისგან ბოძებული შანსი იყო და ამ შანსს გამოყენება უნდოდა, თან, იღბალსაც არ უნდა ეღალატა. ყველამ კარგად იცოდა, რომ „დინამოში" მოხვედრა ყველა პატარა ბიჭის ოცნება იყო... რამდენი იმედისმომცემი ახალგაზრდა გაბრუნდა გაწბილებული? მე ძალიან გამიმართლა!

1962 წელს „დინამომ" ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ დინამოელი მერქვა, ჩემპიონთა თასის მფლობელი ვერ გავხდი. უკანა ხაზზე ჩემზე ბევრად გამოცდილი კალათბურთელები თამაშობდნენ: კილაძე, ინწკირველი, ალთაბაევი და ამის გამო შემადგენლობაში ვერ მოვხვდი. ჩვენი მწვრთნელი ოთარ ქორქია გამოცდილებს დაეყრდნო და ეს გასაგები იყო. ისე, „დინამომ" მართლა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, სადღეისოდ წარმოუდგენელს! როგორია ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის „რეალთან" გამარჯვება? ეს ფანტასტიკა იყო!

1965 წელს საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმოგზაურეთ, სხვადასხვა ქალაქების ნაკრებ გუნდებს ვხვდებოდით, ოღონდ მოყვარულ კალათბურთელებს. პროფესიონალები იმ დროს ისვენებდნენ. ერთხელ ჰოლივუდში ბანკეტი გაგვიმართეს. სწორედ იქ შემხვდნენ ერთ-ერთი პროფესიული კლუბის წარმომადგენლები. თურმე ტურნეს დროს მაკვირდებოდნენ და მოვეწონე. კონტრაქტიც შემომთავაზეს. ხვდებით ალბათ როგორ დასრულდა ის შეხვედრა. 19 წლის ვიყავი, არც ოჯახი მყავდა, მაგრამ მაინც გამორიცხული იყო იქ დარჩენა და თამაში. ისეთი დრო იყო, ჩემი გაპარვის შემთხვევაში ოჯახს გააწამებდნენ...

1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადის წინ, საბჭოთა კავშირის ნაკრების კანდიდატებისგან შეიკრა გუნდი, რომელმაც იმ წლის საკავშირო ჩემპიონატში უკონკურსოდ ითამაშა. იმ გუნდში ვიყავი მეც და ზუსტად ამიტომ ვერ გავხდი ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი, რომელიც ჩემმა „დინამომ" მოიგო. ნაკრების კანდიდატთა გუნდის ერთადერთი მიზანი შეთამაშება და ოლიმპიადისთვის უმაღლეს დონეზე მომზადება იყო. „დინამოს" მაშინდელ შედეგს არ ვაკნინებ, მაგრამ ჩვენი კრებული ჩემპიონატის სრულფასოვანი მონაწილე რომ ყოფილიყო, „დინამო" ჩემპიონატს ვერ მოიგებდა. მე ხომ, ფაქტიურად, „ვარსკვლავთა გუნდში" ვთამაშობდი, მარტო ცსკა-დან ჩვენთან ვალინოვი, ლიფსო, კორნეევი, სელიხოვი და ტრავინი იყვნენ, იმ დროისთვის მართლა მაგარი კალათბურთელები.

მეხიკოში მესამე ადგილზე გავედით. ნახევარფინალში იუგოსლავიას შევხვდით და მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად შეგვეძლო მათთან გამარჯვება, დავმარცხდით. ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი.

ყველაზე ღირსსახსოვარი მატჩი? თქვენ როგორ ფიქრობთ? ცხადია, მიუნხენის ოლიმპიადის ფინალი. ეს იყო ჩემი სპორტული კარიერის მწვერვალი, უფრო სწორად ჩემი და მიშა ქორქიას კარიერისა. ათჯერ რომ მოიგოს სპორტსმენმა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი, ერთადერთი ოლიმპიური ოქრო გადასწონის. რომ ვიხსენებ რა თამაში მოვუგეთ ამერიკელებს, თავი სიზმარში მგონია! ზღაპარი იყო!

ამერიკელებთან ურთულესი შეხვედრა გადავიტანეთ, თუმცა ამას ველოდით კიდეც. ვიცოდით, რომ ისინი ოლიმპიადის მთავარი ფავორიტები იქნებოდნენ. ფინალში საქმე ისე წავიდა, კვლავ ოქროს გარეშე უნდა დავრჩენილიყავით. წამებიღა რჩებოდა მატჩის დასრულებამდე, წინ იყვნენ, ქულას გვიგებდნენ. ბურთს ჩვენ ვფლობდით, სერგეი ბელოვმა ჩემსკენ გამოგზავნა ბურთი, მაგრამ ეს პასი ამერიკელმა მაკენზიმ ჩაჭრა. მე მაკენზის გავეკიდე, დავეწიე, წინ დავხვდი და შევეჯახეთ ერთმანეთს. იმ მომენტში ჩემთვის მთავარი იყო დრო შემეჩერებინა, ამერიკელებს ბურთი არ შეენარჩუნებინათ და ეს შევძელი კიდეც. მოკლედ, ხავსს ვეჭიდებოდით. მაკენზიმ ჯარიმები ისროლა და თამაში ჩვენ განვაახლეთ. მოგვიანებით ჩემს აკიდებულ ჯარიმას „ოქროს ფოლი" უწოდეს და დღესაც ასე იხსენიებენ. იმ ჯარიმამ მოგვცა უმცირესი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, წარმატების რეალური შანსი. სამად სამი წამი რჩებოდა შეხვედრის დასრულებამდე, კალათბურთში კი, თქვენც კარგად იცით, ეს ძალიან დიდი დროა. სასწაულის იმედად ვიყავით და წამოიდგინეთ, მოხდა კიდეც ეს სასწაული! ბურთი ჩვენ შემოვიტანეთ, ივან ედეშკომ საშა ბელოვს გადააწოდა - უზუსტესი პასი იყო, ბურთმა მთელი მოედანი გადასერა და საჯარიმოს მისადგომთან მდგარ ბელოვს მიუვიდა. მანაც ზუსტად ისროლა და ორი ქულა მოგვიტანა. მეტი არც გვინდოდა - 51:50 მოვიგეთ და ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით!

ამერიკელებმა გააპროტესტეს, ბელოვმა რომ ისროლა, ძირითადი დრო ამოწურული იყოო. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის და ოლიმპიური კომიტეტის თავკაცები კარგა ხანს ბჭობდნენ, რა გადაწყვეტილება მიეღოთ. ჩვენ, მოთამაშეები და მწვრთნელები გასახდელში ვისხედით და რამდენიმე საათს ველოდით საბოლოო გადაწყვეტილებას. ყველაფერი ფიბა-ს პრეზიდენტის ჯონსის პოზიციამ გადაწყვიტა - მან დაასაბუთა, რომ ბელოვის სროლის შემდეგ გაისმა შეხვედრის დასრულების მაუწყებელი სიგნალი. შუაღამე იყო, როცა დარბაზში გვიხმეს და ოქროს მედლებით დაგვაჯილდოვეს!

მიშა ქორქიამ ის ფინალი ვერ დაასრულა - ხუთი პერსონალური შენიშვნა მიიღო და ამიტომ. მწვრთნელებმა მიშას ამერიკელი ჯონსონის გამოთიშვა დაავალეს, ძალიან ძლიერი კალათბურთელი იყო. ქორქიამ დავალება ხუთიანზე შეასრულა - მართალია თვითონ გამოეთიშა ფინალს, სამაგიეროდ, მეტოქეც სკამზე დასვა. ჯონსონის გასვლის შემდეგ შედარებით ამოვისუნთქეთ.

ოლიმპიური ჩემპიონი რომ გავხდი, დიდი სტუმრიანობა იყო ჩვენს ოჯახში. მორიგი სუფრის დროს მამამ მითხრა, რა ვიცოდი შვილო ამხელა კალათბურთელი და ოლიმპიური ჩემპიონი თუ გახდებოდი, თორემ სახლს გავყიდდი და ეზოში ოქროს კალათას ჩამოგიკიდებდიო...

კალათბურთიდან ისე წავედი, გულშემატკივრის სტვენა არ მახსოვს. ვცდილობდი ქომაგთა მეხსიერებას სწრაფ, მებრძოლ, საკუთარ თავში დარწმუნებულ სპორტსმენად შემოვრჩენოდი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ძველებურად ვერ ვთამაშობდი, გულშემატკივრებს ახსოვდათ ძველი „საკო" და ტაშით მაჯილდოვებდნენ. 1973 წელს ნაკრებიდან წავედი, ორ წელიწადში კი თბილისის „დინამოც" დავტოვე.

არაერთ ძლიერ მეტოქესთან მითამაშია. ყოველთვის კარგი მოთამაშეები ჰყავდა მოსკოვის ცსკა-ს, მაგრამ ყველაზე პრინციპული მეტოქეობა ლიტველ პაულაუსკასთან მქონდა. საშა და სერგეი ბელოვებსაც ვახსენებ, ღირსეულად თამაშობდნენ. უცხოელი მეტოქეებიდან სამ იუგოსლავიელს გამოვარჩევ: დანეუს, ჩოსიჩს და დალიპაგიჩს. ჩვენ, როგორც წესი, ერთმანეთს ვიჭერდით.

გამორჩეულად გავიხსენებ იუგოსლავიელ კორაჩს. მართალია მის წინააღმდეგ პერსონალურად თამაში არ მიწევდა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ძალიან შთამბეჭდავი კალათბურთელი იყო, ლამაზი და ეფექტური! მისით ყველაზე ძალიან მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოვიხიბლე, სასწაულებს ახდენდა!

საქართველოს ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში ოთარ ქორქიას, გურამ მინაშვილს, ვლადიმერ უგრეხელიძეს, ნიკოლოზ დერიუგინს და მიხეილ ქორქიას დავასახელებ. ჩემი თავი? არა, იყოს როგორც არის. რა, ეს გუნდი სუსტია? ყველას მოუგებდა!

სხვა სახეობებიდან ძალიან მიყვარს ფეხბურთი. სანამ საბოლოოდ გადავწყვეტდი კალათბურთელობას, ქუთაისში სერგო კუტივაძის და რეზო ძოძუაშვილის მხარდამხარ ვთამაშობდი... წლების შემდეგ, როცა მე საკალათბურთო, რეზო კი საფეხბურთო „დინამოში" ვთამაშობდით, დიღმის ბაზაზე ძოძუაშვილს ერთი-ერთზე გავეჯიბრე. ძლივს მომიგო 5:4. კარგა ხანს ვეხუმრებოდი, რა სუსტი ყოფილხარ, ჯორჯ ბესტს და დრაგან ჯაიჩს როგორ იჭერდი-მეთქი...

სპორტში რაც მსურდა ყველაფერი მოვიგე. ნაკრებთან ერთად ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გავხდი... ჩვენ დროს საკავშირო ნაკრები მართლა ძალიან ძლიერი იყო და მედალს მედალზე იგებდა, მეც იმ გუნდის ძირითადის მოთამაშე ვიყავი... 1967 წელს მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებშიც დამასახელეს... სპორტულ კარიერაზე გული არ მწყდება - ყველაფერი იდეალური იყო!”