დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური - რუსეთის საიდუმლო ოპერაციები სულ უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური - რუსეთის საიდუმლო ოპერაციები სულ უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს

„მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ისლამისტურ ექსტრემიზმზე ამახვილებს ყურადღებას, სულ უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით, რუსეთის საიდუმლო ოპერაციები“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI5-ის გენერალურმა დირექტორმა ენდრიუ პარკერმა გამოცემა Gardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ეს არის პირველი საგაზეთო ინტერვიუ, რომელიც MI5-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა სადაზვერვო სამსახურის 107-წლიანი არსებობის ისტორიაში ჟურნალისტებს მისცა.
ენდრიუ პარკერის შეფასებით, რუსეთი, როგორც მზარდი საფრთხე, საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას მიმართავს. 
„ისინი იყენებენ სახელმწიფო ორგანოებისა და ძალოვანი უწყებების მთელ სპექტრს იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკა სულ უფრო აგრესიული გზით გაატარონ - პროპაგანდის, ჯაშუშობის, დივერსიების და კიბერთავდასხმების გამოყენებით“, - აცხადებს ენდრიუ პარკერი. 
დღემდე გვეგონა, რუსეთი საქართველოსთვის იყო ძირითადი საფრთხე, აღმოჩნდა, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს დიდი ბრიტანეთიც შეუწუხებია.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთის აგენტურა საკმაოდ ეფექტურად და ძლიერად მუშაობს არა მარტო ბრიტანეთში, არამედ ჩერნოგორიაში, მონტენეგროში, სერბეთში. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მონტენეგროს პრემიერიც გადამალეს, რათა არ გამხდარიყო რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმების დარტყმის ობიექტი.

„აშკარაა, რუსეთმა გააქტიურა თავისი სპეცსამსახურების მოქმედება. თუნდაც იმავე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა რუსი სკინჰედების თავდასხმა ბრიტანელ გულშემატკივრებზე. ესეც რუსული სპეცსამსახურების ხელით იყო მოწყობილი, რადგან სკინჰედებსა და რუს გულშემატკივრებს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური უშუალოდ აკონტროლებს. ასეთი ტიპის ჰიბრიდული შეტევები რუსეთის სპეცსამსახურებისთვის არ არის უჩვეულო. სპეცსამსახურების დონეზე უფრო გააფთრებულად და სასტიკად მიმდინარეობს ახალი ცივი ომი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია, რომლის აზრითაც, რუსეთის სურვილია, დიდი ბრიტანეთის ჰეგემონობა გლობალურ დონეზე შეაჩეროს.

ბოლოს და ბოლოს, რუსეთმა ბირთვული ქიმიური ელემენტების გამოყენებით ლუგავოიც მოწამლა ბრიტანეთის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ცხადია, თავისი ინტერესები გააჩნია რუსეთის სპეცსამსახურებს, რადგან დიდ ბრიტანეთს ბევრი ოპოზიციური ლიდერი, ბევრი რუსი ოლიგარქი აფარებს თავს. ბრიტანელებისა და ამერიკელების სპეცსამსახურები რუსების მთავარ სამიზნედ განიხილება, რადგან ცივი ომის დროს ისინი მტრის სპეცსამსახურებად მიიჩნევიან. ასე რომ, ამერიკა, ბრიტანეთი, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რუსეთის მთავარ მტრად ითვლება და არა - გერმანია ან საფრანგეთი.

ექსპერტი სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ დღევანდელ სიტუაციაში რუსეთი მართლაც წარმოადგენს საფრთხეს დიდი ბრიტანეთისთვის, ევროპისთვის. თუმცა დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის გენერალურ დირექტორს - ენდრიუ პარკერს ამ საფრთხის მიზეზებზე არ უსაუბრია. რეალობა ისაა, რომ რუსეთისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი და მისი დაზვერვა. შესაბამისად, რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელიც გეტყვით, რომ ბრიტანეთი საფრთხეა რუსეთისთვის. უფრო მეტიც, დღეს მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, ყველა ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„გაოგნებული ვარ, როცა რომელიმე ქვეყნის შესახებ ამბობენ, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეო. სტრატეგიული მოკავშირე კი არის, მაგრამ შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს გარკვეულ შემთხვევაში. მაგალითად, ისრაელი და ამერიკა ერთმანეთის სტრატეგიული მოკავშირეები არიან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს თავის რეზიდენციაში უსმენდა ამერიკის უსაფრთხოების სამსახური. „ვიკილიქსის“ ბოლოდროინდელი მასალებიდან გამომდინარე, მსოფლიოში სიტუაცია კიდევ უფრო აირია. სულ ახლახანს საოცარი მასალები გამოქვეყნდა ჰილარი კლინტონისა და მისი მეუღლის კორუმპირებულობის შესახებ. კლინტონების მიერ შექმნილ ფონდს არაბეთის ქვეყნებიდან - ყატარიდან, მაროკოდან უამრავი ფული აქვს გადმოქაჩული, ვითომც ქალების უფლებების დასაცავად მთელ მსოფლიოში. ამან გამოიწვია, რომ ყველა გამოკითხვით, ტრამპი უგებს არჩევნებს კლინტონს. ფაქტობრივად, ჰილარი კლინტონი მართავდა მსოფლიოს ბოლო რვა წლის განმავლობაში, მანამდე კიდევ მისი ქმარი ორი საპრეზიდენტო ვადით მართავდა ამერიკას და წარმოიდგინეთ, როგორი კორუფციაა მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, გასაგებია ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელის შეშფოთება რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ არ ვიცით, „ვიკილიქსი“ რა მასალებს გამოაქვეყნებს ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელისა და კლინტონის საქმიან ურთიერთობაზე“, - აცხადებს სოსო ზაალიშვილი.

ამასთან, ზაალიშვილი განმარტავს, რომ სწორედ დღეს გამოქვეყნდა „ვიკილიქსის“ მორიგი მასალა იმის შესახებ, თუ ჰილარი კლინტონის დახმარებით ისლამურ სახელმწიფოს როგორ მიჰყიდეს იარაღი ამერიკულმა ფირმებმა. ამის გამო ფედერალური გამოძიების სამსახურში ჰილარი კლინტონზე საქმეა აღძრული.

„ალბათ, ამითაც არის განპირობებული ტრამპის სლოგანი, როგორც კი გავხდები პრეზიდენტი, კორუფციის ჭაობი უნდა დავაშრო ვაშინგტონშიო. ამ დროს ეგენი გვასწავლიან ჩვენ კორუფციასთან ბრძოლას?“