„გადატრიალების მცდელობის საქმეზე გამოძიება გაგრძელდება და თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, აგებს პასუხს“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომლის განცხადებით, შესაძლო გადატრიალების მცდელობის შესახებ ინფორმაცია თავად „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდიოდა.
მისივე თქმით, პარტიაში შიგნით აქტიურად განიხილებოდა გადატრიალების მოწყობის თემა - რევოლუციური გზა, რადგან მათ კარგად იცოდნენ, რომ არჩევნებით „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა. როგორც კალაძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობაში, რომ ქვეყანაში არეულობა მოეწყოთ, ჩართული იყო, „რუსთავი 2“.
„ცდილობდნენ, რომ ქვეყანაში მოეწყოთ არეულობა. ამაში, რა თქმა უნდა, „რუსთავი 2“ იყო ჩართული. მე არ ვიცი ეს ნებსით, თუ უნებლიედ ხდებოდა. შესაბამისად, გამოძიება გაგრძელდება. თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, აგებს პასუხს. ამაზე საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი თავისი ეგზიტპოლებით, კვლევებით, რომელსაც თარხნიშვილის მეუღლე ატარებდა და რომელიც აბსოლუტურად გაყალბებული იყო. თარხნიშვილი პირველი გამყალბებელია, რომელიც საკუთარ ხალხს საკუთარ ხალხს ხმას ართმევდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტ სივრცეში ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
უფრო კონკრეტულად ამ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც სააკაშვილი არ ეთანხმება და იქვე დასძენს: ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს, მაგრამ ის კოალიციისთვის არ იბრძვის და ამბობს, რომ რუსთავი მოამწიფებს პიკს რევოლუციისთვის.
აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ. არჩევნების შედეგებისა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების მიუხედავად, სააკაშვილის გეგმაში რევოლუციური სცენარი ისევ აქტიურია და ამას მისივე განცხადება ადასტურებს. არჩევნების შედეგების შეფასებისას, ოდესის ოლქის გუბერნატორი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ არ შეეგუება და არ აღიარებს ამ უკანონობის და გაყალბების შედეგს.
„მე არ შევეგუები და არ ვაღიარებ ამ უკანონობის და გაყალბების შედეგს. ამას ვამბობ სრული პატივისცემით ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერების მიმართ. მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს, მაგრამ თქვენმა უმეტესობამაც ხომ იცის, რომ ამ არჩევნებზე მასობრივი გაყალბებები და მანიპულაციები იყო.
ამიტომ, საქართველოს შემდგომი განვითარებისა და დემოკრატიის წინსვლისთვის, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველო ისევ დავაბრუნოთ დემოკრატიულ, ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ, რაც შეიძლება სწრაფად, პატიოსანი არჩევნების ჩატარებას და პატიოსნად მოვიყვანოთ ნორმალური მთავრობა საქართველოში“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ოდესის ოლქის გუბერნატორის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ ორ ბანაკად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“. თუმცა, for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსების განცხადებით, სააკაშვილი ისევ არეულობას გეგმავს ქვეყანაში და ამასვე ადასტურებს მისი განცხადება, რომ საქართველო ისევ დავაბრუნოთ დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე.
დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ რთულია სააკაშვილის ფსიქიკაში ჩახედვა, მაგრამ იგი ცდილობს, საკუთარი პერსონის შესახებ მუდმივად იყოს ხმაური მედიაში და პოლიტიკურ წრეებში. ანჯაფარიძე გამოძიების გაგრძელებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ თუ დაწყებული გამოძიება არ მივა ლოგიკურ დასასრულამდე, ეს არ იქნება ხელისუფლებისთვის მომგებიანი.
„შეიძლება რაღაცა აქვს ჩაფიქრებული, რთულია წინასწარ მაგის 100%-ით განჭვრეტა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რასაც ვუყურებ, მის პარტიაში მაინც და მიანც საამისო არც რესურსები და არც მზაობა არ ჩანს. სწორედ ის, რომ მისი მეუღლე ასე აქტიურობს, მაფიქრებინებს, რომ რაღაცა აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ რა, ამის თქმა ჩემთვის რთულია.
რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს გამოძიება, აბა რისთვის დაიწყო, თუ არ მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე?! წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონ ხელისუფლება გამოვა უცნაურ და უხერხელ მდგომარეობაში, თუ მან დაწყებული გამოძიება ბოლომდე არ მიიყვანა და საზოგადოებას არ უთხრა გამოძიების შედეგები“, - აცხადებს ზაალა ანჯაფარიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა საზოგადოებამ მხარი არ დაუჭირა სააკაშვილის გეგმას - ქვეყანაში პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებას, ექსპერტი რამაზ საყვარელიძის თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ოდესესის გუბერნატორი ამ სცენარზე უარს აცხადებს. მისი თქმით, თუ დასჭირდება სასწრაფოდ გახდება ისევ რევოლუციის მომხრე.
„საზოგადოების უარი, არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი მშვიდობიანი გახდა. ორად გაყოფილი გუნდის ზეწოლის გამო ვერ შეძლო რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარება და ამიტომ არის ჯერჯერობით მშვიდობიანი. თუ აღმოჩნდა, რომ მშვიდობიანობა მისთვის არ არის მომგებიანი, სასწრაფოდ გადმოლაგდება რევოლუციისკენ.
ეჭვი მაქვს, რომ მაშინ, როდესაც რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობდა, მას რევოლუციური სცენარი დიდად არ ადარდებდა, არამედ სურდა შექმნილიყო ის არეულობა, რომელიც აიძულებდა ხელისუფლებას, რომ გამოეყენებინა ძალა. ამით შეეცდებოდა ყურადღების ცენტრში ყოფილიყო, და დასავლეთის ყურადღება მიეპყრო როგორც „დემოკრატიისთვის მებრძოლ ფიგურას“. დანარჩენი, რევოლუცია მოხდებოდა თუ არა, ეს სააკაშვილს საერთოდ არ აინეტერესებდა. ფაქტიურად წირავდა პარტიას, რაც დიდად გასაკვირი არ არის. პარტიის გაწირვის ამ სტილმა გამოიწვია ის რეაქცია მის გუნდში, რომ არ დამორჩილებოდნენ სააკაშვილს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის გონებაში რევოლუცია და არეულობის გეგმა ისევ მწიფს, მაგრამ რეალიზაციის გზები სულ უფრო და უფრო ურთულდება. მისი თქმით, განხეთქილება რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, შეიძლება შესაძლებლობა იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ ახალი ენერგია შთაბეროს რაღაცა ტიპის პროცესს.
„ამიტომ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ათეულ ათას კაცს მისი სჯერა, ამ ხალხს ის არასოდეს არ უფრთხილდებოდა, მაგრამ ხელისუფლება და ხალხი უნდა გაუფრთხილდეს. ახლა მიმდინარეობს ამ საპარალემტო ჯგუფის მიერ ე.წ. „თავისუფლების ინსტიტუტის“ ბოკერიას დაჯგუფების მიერ, პარტიული ბერკეტების სრულად საკუთარ ხელში აღების პროცესი, ხოლო სააკაშვილი არჩევნებში წარუმატებლობას იყენებს საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, ისევ მმართველი პოზიციის დასაბრუნებლად.
ეს პროცესი, მარცხი და შემდეგი რიტორიკა, შეიძლება ორმაგი დანიშნულების იყოს. საბრძოლო ყიჟინას სცემს და ამით იბირებს ნაციონალების რიგით მხარდამჭერებს, ეუბნება მათ, რომ პარლამენტში შესული ე.წ. წესიერი ენჯოშნიკები მუდმივად დამარცხების გზაზე გატარებენ, ჩვენთან თუ იქნებით და მე თუ ვიქნები ლიდერი, ისევ მოვახდენ რევოლუციას და ჯოჯოხეთში დავაბრუნებთ ქვეყანასო. აი, ეს არის მისი გეგმა“, - აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.