რა იქნება საქართველოს ფუნქცია შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხებში, ეს საკითხი სავარაუდოდ თებერვალში გაირკვევა. თუმცა, საკითხის გარკვევამდე ამერიკელი ექპერტი რიჩარდ ვაიტსი აცხადებს, რომ ვაშინგტონი და დასავლეთი უნდა ეცადოს საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან და NATO-სთან მიმართებაში, იმედგაცრუებაში არ გადაიზარდოს.
ჰუდსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოხსენებით გამოსვლისას რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოებასა და პროპაგანდის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ დასავლეთს უნდა ჰქონდეს სტრატეგია, თუ როგორ გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს.
„ვაშინგტონი და დასავლეთი უნდა ეცადოს და აქტიურად იმუშაოს იმაზე, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან და NATO-სთან მიმართებაში არ გადაიზარდოს იმედგაცრუებაში, რაც შეიძლება შემდეგ ჩანაცვლდეს ჩრდილოეთის მხრიდან არგუმენტებით, რომ დასავლეთს თქვენ არ სჭირდებით და ჩვენ უფრო ახლოს ვართ თქვენთან ღირებულებებით და კონსერვატიული ფასეულობებით“, - აღნიშნა რიჩარდ ვაიტსმა.
როგორც ექსპერტი აცხადებს, ამერიკამ და საქართველომ უნდა გააგრძელონ მუშაობა თავდაცვის და უსაფრთხოების მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გასაღმავებლად, განსაკუთრებით, ტერორიზმთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით.
„საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ამერიკისთვის ხელსაყრელია და შემდეგმა ადმინისტრაციამ ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა განაგრძოს. NATO-ს წევრობისკენ სწრაფვასთან ერთად, შტატები უნდა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვითი შეარაღების გაძლიერებაში და უნდა განიხილოს NATO-ს სარდლობით შავი ზღვის თავდაცვითი ერთეულის შექმნა“, - განაცხადა რიჩარდ ვაიტსმა.
აღსანიშნავია, რომ ქართულ საზოგადოებაში იმედგაცრუება NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით იკლებს და ამასვე ადასტურებს 2016 წლის 27 ივლისს NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვით, საგარეო პოლიტიკის მხრივ მოქალაქეები სტაბილურად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 64%, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებას 72% უჭერს მხარს. მოქალაქეების უმრავლესობას სჯერა, რომ ქვეყანა სარგებელს მიიღებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციით, მაშინ როდესაც 29 პროცენტი რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ უარს იტყოდა დასავლურ ინტეგრაციაზე.
ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსა და ნატოს შორის არსებობს ერთი სუბიექტი, რომელსაც ჰქვია რუსეთი. მისი თქმით, ამერიკელები და ევროპელები ამას კარგად ხვდებიან და შესაბამისი თავის შეკავებაც, ამ მოტივიდან გამოდინარეობს.
„საუბარი იმაზე, რომ არაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის ნატოსთან დასაახლოვებლად, ნამდვილად უმადურობა იქნება. ისეთი მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის, რასაც ჰქვია ნატოს გაძლიერებული ინტერესი შავი ზღვის მიმართ და ასეთი ცვლილებები, როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო შემადგენელი, უკვე სახეზეა და სწორედ იმის მიმანიშნებელია, რომ არა მხოლოდ ნატოს ინტერესებზეა საუბარი, არამედ ამ ეტაპზე ითვალისწინებენ საქართველოს ინტერესებსაც. ასე რომ, უიმედობის მიზეზი არ გვაქვს. მკაფიოდ გვითხრეს, რომ ამჟამად ასეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ხოლო რა იქნება საქართველოს ფუნქცია შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხებში, ამაზე თებერვალში ვისაუბრებთ“, - აცხადებს სოსო ცისრაკიშვილი.
როგორც ცისკარიშვილი აცხადებს, ეს არის ნაბჯი, რომელიც საფრთხეს გვიმცირებს, მაგრამ სულაც არ გვაშორებს იმ სივრციდან, რომელშიც თავს უფრო დაცულად ჩავთვლით.
„ალბათ, უნდა დავიოკოთ ჩვენი მაქსიმალიზმი და გავიხსენოთ 5-6 წლის წინანდელი ურთიერთობის ხარისხი ნატოსთან და შევადაროთ დღევანდელ რეალობას, მივხვდებით, რომ ამ მიმართულებით ჩვენ „ადგილზე ნაბიჯით იარ“ ფორმულით არ ვხელმძღვანელობთ. ნუ გვექნება განცდა, რომ საქართველო არის ჩვენი პლანეტის ყველაზე უპირველესი თემა საერთაშორისო ურთიერთობებში. ისეთი პროცესები მიმდინარეობს ამჟამად დედამიწაზე, რომ რასაკვირველია, თავშეკავება და გონიერება უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენს მიერ“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების დაჩქარება, პირველ რიგში, შეუძლია ჩვენი ქვეყნის მთავრობას იმ რეფორმებით და ვალდებულებების შესრულებით, რომელიც ქვეყანას ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანების სახით აქვს აღებული. მისივე თქმით, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ბევრი რამე მიიღო.
„მართალია გაწევრიანებაზე არ არის საუბარი, მაგრამ ნატოს უელსის სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთანამშრომლობის პაკეტი მივიღეთ. საქართველოში გაიხსნა ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, ევროკავშირიდან მივიღეთ ვიზა-ლიბერალიზაცია, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
რაც შეეხება იმას, რომ რა ნაბიჯები შეიძლება იქითა მხრიდან გადაიდგას, როდესაც დემოკრატიული რეფორმების შემდგომი განვითარება უფრო ნათლად და ცალსახად გამოჩნდება, ასეთ შემთხვევაში იქითა მხრიდანაც გაიზრდება ინტერესი.
ნელ-ნელა გაქარწყლდება სკეპტიკური ქვეყნის არგუმენტები, რომ დემოკრატიული განვითარება ყოვნდება და, რომ ჩვენ მზად არ ვართ დემოკრატიული საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი გავხდეთ. ჩვენს მიმართ აუცილებლად გაიზრდება ინტერესი და აქედან გამომდინარე გაიზრდება მხარდაჭერაც. ამის მთავარი უზრუნველმყოფი უნდა იყოს საქართველოს მთავრობა“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.
სამხედრო ექსპერტის ზურაბ აგლაძის განცხადებით, როგორც წესი, პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიისა და ლიბერალდემოკრატიის მიმართ იმედგაცრუება არსებობს, ეს შეიმჩნევა როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში, რადგან საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მათი ცხოვრება არ გაუმჯობესებულა. რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობას, მისი თქმით, პირველ რიგში, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო ის, ჩვენ რა გვინდა და არ არის ჩვენი მიზანი, რაც დასავლეთისთვის ბვერს არაფერს ნიშნავს, არამედ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ როგორ უყურებს დასავლეთი საქართველოს და მის როლს რეგიონში.
„აუცილებელია მათი გაგება. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ქვეყანას თავისი შეზღუდვები აქვს. პირველ რიგში, ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ იმათ რა სურთ, ისინი როგორ უყურებენ ამას და ჩვენი ინტერესები მოვარგოთ მათ ინტერესებს, რადგან ისინი არიან წამყვანი ძალა და არა ჩვენ. სახელმწიფო არ შენდება ერთ და ორ წელიწადში, ჩვენ მოთმინება უნდა ვიქონიოთ.
ერთადერთი გზა, რაშიც დასავლეთი უნდა დაგვეხმაროს, ეს არის მეტი დახმარება გაგვიწიონ ინსტიტუტების მშენებლობაში. მაქსიმალურად გადავიდეთ ინსტუტუციების მართვაზე და არა პიროვნულ მართვაზე, დემოკრატია და ზოგადად, ლიბერალდემოკრატია გავაძლიეროთ ამ ქვეყანაში.
კანონის უზენაესობა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ქონების ხელშეუხებლობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ეს ინსტიტუტები უნდა გავაძლიეროთ და ამაში უნდა დაგვეხმაროს დასავლეთი. როდესაც ამ ინსტიტუტებს გავაძლიერებთ, თავისთავად ჩვენი ეკონომიკაც გაძლიერდება, ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა“, - ამბობს ზურაბ აგლაძე.
მისი თქმით, სანქციების ფონზე რუსეთმა უკვე მიაღწია თავის პიკს. ასევე, შემცირდა ნავთობისა და გაზის ფასი, დაიწყო სავალუტო რეზერვებს ხარჯვა, რაც მისივე თქმით, ნიშნავს, რომ რუსეთი დიდხანს ვერ შეძლება ასეთ ფორმაციაში ყოფნას.
„დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ჩვენ გაგვიჩნდება ისტორიული ფანჯარა და ამ ისტორიული ფანჯარას ძლიერი ინსტიტუტებით და ძლიერი სახელმწიფოთი უნდა შევხვდეთ. ძლიერ სახელმწიფოსა და ძლიერ ქვეყანას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ძლიერი ქვეყანაა რუსეთი, იმიტომ, რომ ატომური იარაღი აქვს, მაგრამ არა ძლიერი სახელმწიფო, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები არ აქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, სადაც იქნება ძლიერი სახელმწიფო ინსტიუტები. სწორედ ამ ძლიერი სახელმწიფოს შექმნაში უნდა დაგვეხმაროს დასავლეთი“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.