დავით ბაქრაძის დუმილი და „ერთიანი ნაციონალური“ ტაში

დავით ბაქრაძის დუმილი და „ერთიანი ნაციონალური“ ტაში

26 მაისს მიტინგის დარბევის თაობაზე „გარჩევებს“, ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტიც ვერ „ასცდა“ და საინტერესო პრეცენდენტიც დაფიქსირდა - ოპოზიციამ ოპოზიციის კრიტიკა ღიად დაიწყო. ხელისუფლება კი გამწარებული ამტკიცებდა, რომ "შეუძლებელია, საკუთარი სამართალდამცველების წინ დგომა როდიონოვის ჯარებთან დაპირისპირებას შეადარო".  სხდომის პარალელურად, სასტუმრო „რედისონში“ჟურნალისტები სპეცნაზის მხრიდან მედიის წამომადგენლებზე ძალადობას გმობდნენ.

„გვაგინებდნენ, დუბინკას გვირტყამდნენ... ყველას გვქონდა ჩვენი პროფესიის დამადასტურებელი მოწმობები, მაგრამ ვერ ვამტკიცებდით, რომ ჟურნალისტები ვიყავით... რეზინის ტყვიები მესროლეს ოთხჯერ... თქვე ბურჯანაძის მომხრეებო, - ასე სცემდნენ ხალხს... ყველაზე შეურაცხმყოფელი, რაც იყო ჩემთვის, ისაა, რომ სპეცრაზმელმა მობილურიც წამართვა, რითიც ვიღებდი ფოტოსურათებს და თითიდან ბეჭედიც მომაძრო“... - ყვებიან ჟურნალისტები, რომლებიც 26 მაისს თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და პოლიციელთა ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

მათზე „მონიტორმა" და “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ""  20-წუთიანი ფილმი გადაიღო. კოალიციამ  „მედიის ადვოკატირებისათვის'' (რომელშიც გაერთიანებულია 11 ორგანიზაცია) ამ ფილმის ჩვენების შემდეგ, სადისკუსიოდ, მრგვალი მაგიდაც გამართა. კოალიციამ შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე სპეციალური განცხადებაც მოამზადა და იქ მყოფმა, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმაც  ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ითხოვენ სასწრაფოდ იქნას გამოძიებული კოლეგებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები და მოხდეს მათთვის ჩამორთმეული აპარატურის კომპენსაცია.

ვიდრე მედია თავისას „ჩიოდა“, ოპოზიცია და „პოზიცია“ პარლამენტში ურჩევდა ერთმანეთს საქმეს. ვერ გეტყვით, რომ „ნაციონალები“ კარგ ხასიათზე იყვნენ, მაგრამ ტაშს მაინც უკრავდნენ თავიანთ თანაპარტიელებს. 26 მაისის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში პირველად ჩატარებული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მიხეილ მაჭავარიანმა წაიყვანა.  თავმჯდომარე არ გამოჩენილა.

ვერც იმას გეტყვით, ამ „მძიმე“ სხდომის წაყვანას სპეციალურად აარიდა თავი ბაქრაძემ, თუ, უბრალოდ, საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ ფაქტია, 26 მაისის  (აღლუმზე ნამდვილად იყო) მიტინგის დარბევის შესახებ ბაქრაძეს კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია. უფრო მეტიც - ორშაბათს ბიუროს სხდომა და სამშაბათს პლენარული სხდომაც სწორედ მისმა პირველმა მოადგილემ, მიხეილ მაჭავარიანმა წაიყვანა. ქვეყნის მეორე პირის ერთკვირიანი დუმილი კი პარლამენტში უამრავი მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა. მათ შორის, იმასაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე გადაწყდა, ეს  სხდომა ბაქრაძეზე გამოცდილ პოლიტიკოსს - მაჭავარიანს წაეყვანა, რომელსაც ამგვარ სიტუაციებში მოქმედების უფრო დიდი გამოცდილება აქვს.

საკანონმდებლო ორგანოში ბევრი უკვე ნაციონალებში არსებულ შიდა განხეთქილებაზეც საუბრობს. სხვათა შორის, დარბაზში ოპოზიციის გამოსვლებს თავჩაღუნული უსმენდა პალიკო კუბლაშვილი და აშკარად ეტყობოდა, რომ ხასიათზე არ იყო. ხასიათზე არ იყო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილიც, თუმცა, ტაშის დაკვრის ინიციატორი კი ხდებოდა ხოლმე ხანდახან. პირველად ვნახე, დეპუტატ ხათუნა ოჩიაურს ოპოზიციონერთა გამოსვლებზე „ბედნიერი სახე“ რომ არ ჰქონდა. ჩემს იქ ყოფნაში მან მხოლოდ ერთხელ გაიცინა, თუ რაზე, ამის შესახებ ქვემოთ მოგიყვებით.

ასეა თუ ისე, სხდომა მაჭავარიანმა გახსნა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ექსტრემისტების მიერ მოწყობილი ავანტურის მიზანი პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვება იყო. "სამწუხაროდ, ამ პოლიტიკოსებმა ვერ გაიგეს, რომ არ შეიძლება საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე მიაღწიო. არც ერთი პოლიტიკური მიზანი არ ღირს არც ერთი დაღუპული ადამიანის სიცოცხლის ფასად", - თქვა პირველმა ვიცე-სპიკერმა და  დეპუტატებს მოუწოდა, წუთიერი დუმილით  პატივი ეცათ გარდაცვლილი ადამიანებისთვის.

პირველი განმცხადებელი ჯონდი ბაღათურია გახლდათ და პირველი პატარა ინციდენტიც მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ხელისუფლებას მოუწოდა, სასწრაფოდ მოეხდინათ რეაგირება იმ ფაქტზე, რომ აჭარაში დამოუკიდებელი რეგიონალური ტელეკომპანია „25-ე არხი“ გათიშეს. „ნაციონალმა“ მელაძემ ბაღათურიას ადგილიდან დაუწყო ჩხუბი და ხელების შლა. მისი ხმა ჟურნალისტებამდე კარგად ვერ აღწევდა, მხოლოდ ის გავიგეთ, როგორ უთხრა ბაღათურიას მელაძემ, უკვე ჩართეს „25-არხიო“.

ამ შელაპარაკების შემდეგ ბაღათურიამ თავისი გამოსვლა გააგრძელა და მათრახი ოპოზიციასაც „გადაუჭირა“: „მოღალატურმა პოზიციამ პროვოცირება გაუკეთა 9 აპრილის მსგავსი ტრაგედიის გამეორებას. ასეთი ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სამარცხვინო საქციელია, რასაც ეწევა ჩემი კოლეგების ნაწილი“. მისივე თქმით „ე.წ. დაჯგუფებები, ანუ „რვიანი“ არასწორად იქცევა, როცა აცხადებს, რომ თუ ხალხი ისჯება, ლიდერებიც უნდა დაისაჯონო. „ამ რვა პარტიიდან შვიდს  შვიდი თვე ჰქონდა რუსთაველი გადაკეტილი. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნებს არ ვეთანხმებოდით, მათი დასჯა არავის მოუთხოვია“, - თქვა ბაღათურიამ.

მერე კი, მას გიორგი თარგამაძისა და მისი თანაპარტიელების „მოხსენიებაც“ არ დავიწყებია. ბაღათურია: „როცა ვიდეომასალებით უნდათ ვინმეს დადანაშაულება, ჩნდება ეჭვი, რომ ფაბრიკაციასთან გვაქვს საქმე, რადგან ამ დარბაზში სხედან „იმედის“ ყოფილი თანამშრომლები, მათზეც ვრცელდებოდა მსგავსი მასალები, მაგრამ თქვან, რომელიმე მათგანი დაჰკითხა პროკურატურამ? ეს მასალები აქციის დარბევის ლეგიტიმაციის საშუალებას არ იძლევა“. 

ბაღათურიას დარჩიაშვილმა უპასუხა და, ფაქტობრივად, ასე გამოუვიდა, მორალი არ უნდა გაძლევდეთ იმის უფლებას 9 აპრილს შეადაროთ საქართველოს დღევანდელი სიტუაციაო.  „როგორ შეიძლება საკუთარ სამართალდამცავებზე აღმართო ხელი, როგორც როდიონოვის ჯარზე?“ - დასვა მან რიტორიკული კითხვა. ამ სტრიქონების წაკითხვისას, ალბათ, ჩემსავით თქვენც გაგიჩნდებათ კითხვა: როგორ შეიძლება საკუთარ ხალხზე აღმართო ხელი, როგორც როდიონოვის ჯარმა? თუმცა, ხვდებით, რომ ეს კითხვა დარჩიაშვილისთის ამ ფორმით არავის დაუსვამს. თუმცა, დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, დაახლოებით იგივე, უკვე სხვა სიტყვებით, მაინც უთხრა „ნაციონალებს“.

ლორთქიფანიძის გაღიზიანება, როგორც ჩანს, დარჩიაშვილის მომდევნო რიტორიკულმა შეფასებებმა გამოიწვია. დარჩიაშვილმა თქვა: „გაეროს რეზოლუციით, ფორმიან ადამიანზე ხელის აღმართვა, სახელმწიფოზე ხელის აღმართვას ნიშნავს. მცდელობა არის, ტოლობის ნიშანი გაივლოს ექსტრემისტებსა და სახელმწიფოს შორის. ეს უშედეგო მცდელობაა“. ნაციონალებმა მეორედ დაუკრეს ტაში „სოროსელ“ თანაგუნდელს.

ლორთქიფანიძე: „ბატონო დავით, უხერხული ხომ არ არის გაეროს კონვენციის მოყვანა 26 მაისთან? ათეულობით დაჭრილ ადამიანს გვაყურებინებდნენ, რომ ჩვენც გაგვეგო, რა მოგვივიდოდა“. ამ დროს ადგილზე „გაცეცხლდა“ გოკა გაბაშვილი და დაუყვირა ლორთქიფანიძეს: „არ იყო რუსული იდეის განხორციელება?“. გაბაშვილს ცისკარიშვილი აჰყვა „მეორე ხმაში“: „არ იყო რუსული იდეა?“.

ლორთქიფანიძე: „ეროვნული იდეა გადაყვა ამ რუსულ იდეას... შსს უტიფრად გვიმტკიცებს, დაკარგულები არ არიანო. თემურ მანაგაძე, აი, თქვენ (მან ჯიბიდან ფოტოსურათიც ამოიღო და „ნაცებს“ აჩვენა)  50-ე დაკარგული ადამიანი. ხალხია დახოცილი. საკუთარ სისხლში ამოსვარეს ისინი. ამას ითვალისწინებს მანიფესტანტების განდევნა, რომ გაქცევის საშუალება არ მიეცით? ამ უკანონობას და ფაშისტურ მოქმედებებს არ შევეგუები“. ამ სიტყვებმა „ნაციონალი“  ხათუნა გოგორიშვილი „გაამწარა“ და  ადგილიდან დაუძახა ლორთქიფანიძეს: „წესიერად ილაპარაკე“. „მე წესიერად ვლაპარაკობ და მიიღებთ ჩემს ადექვატურ ქმედებებსაც“, - უპასუხა ლორთქიფანიძემ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლა დაამთავრა და დარჩიაშვილს ძალიან უნდოდა მისთვის ეპასუხა, მიკროფონთან ურიგოდ მისვლაც კი სცადა, მაგრამ მაჭავარიანმა უჩვეულო კატეგორიულობით არ მისცა მას ამის უფლება - ბაღათურიაც შენს დღეშია, არ მოგცემ უფლებას, დაჯექიო.

ლორთქიფანიძის შემდეგ დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი გამოვიდა და ხელისუფლებას ურჩია, საგამოძებო კომისია თავად შექმნას, რადგან კანონის თანახმად, მცირერიცხოვანი საპარლამენტო უმცირესობისა და დამოუკიდებელი ოპოზიციონერ დეპუტატებისთვის ამ საკითხის პარლამენტში გატანა თითქმის შეუძლებელი ამბავია. „ჩვენი სამუშაო ფანჯრების ქვეშ ადამიანები ჩახოცეს. თქვენ ყველას გინდათ ჩექმით დააწვეთ. რაც უფრო მეტს დააწვებით, მით უფრო მეტი ადამიანი გამოვა გარეთ. თქვენ რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაგედგათ, ამ ტრაგედიამდე არ მივიდოდით, მაგრამ  ასე გინდოდათ რომ მომხდარიყო ყველაფერი“. 

მიკროფონთან აკაკი მინაშილი მივიდა. ისე, სხდომაზე „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელდასმული დეპუტატები უფრო აქტიურობდნენ... მინაშვილი: „ტრაგედია იყო ის, რაც ხდებოდა 21-დან 25 მაისამდე“. უმრავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ტაში დასცხო და დანარჩენი „ნაცებიც“ აყვნენ. მინაშვილმა გააგრძელა: „დარღვევები იყო და მოკვლევაც იქნება. არავის მივცემთ უფლებას ამ სახელმწიფოში ვიღაცას თავისი ექსტრემისტული, არაჯანსაღი მიზნები განახორციელოს. თქვენ ვერ იქნებით ამ საზოგადოების ნაწილი. დაგითვლიათ, რამდენჯერ გამოხატა ხალხმა ამ ქვეყანაში პროტესტი ქუჩაში, ტელევიზიით, არატელევიზიით? ჩვენ ხომ მოვისმინეთ ამ ავადსახსენებელი ოჯახის ჩანაწერები? როგორ ადარებთ ამ ადამიანებს იმ მშვიდობიან ადამიანებს, რომლებიც ეროვნული იდეისთვის იბრძოდნენ?“.

აქ ძლივს გაიცინა ხათუნა ოჩიაურმა, რომელსაც მანამდე „დანა კბილს არ უხსნიდა“.

მიკროფონთან მინაშვილი გაბაშვილმა ჩაანაცვლა: „ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა  სხვაა და შეიარაღებული ჯგუფების მიმართ - სხვა. მათ უნდოდათ, ქალაქის დარბევა, მანქანებისა და მაღაზიების დაწყვა. ლაპარაკია დაქირავებულ ზონდერებზე. ამათ წინააღმდეგ პოლიციის დაპირისპირება არის სწორი. ამ ადამიანების სურვილი თავისუფლებისათვის ბრძოლა კი არ იყო, არამედ თავისუფლების დღის ჩაშლა. გამოძიებაც იქნება, მოკვლევაც იქნება და არცერთ დამნაშავეს არაფერი ეპატიება“. ტაში! ასეთივე ტაშით დაჯილდოვდნენ თანაგუნდელების მიერ რატი სამყურაშვილი და კობა ხაბაზიც.

შემდეგ გიორგი თარგამაძე მივიდა მიკროფონთან: „განწყობითა და ემოციებით ჩანს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მძიმე სხდომა. ნიკა კვინტრაძის ოჯახიდან მოვდივარ ახლა, სადაც ორი ცხედარი ასვენია. არც ერთი პოლიტიკური ამოცანა და სამხედრო აღლუმის ჩატარება ერთი ადამიანის სიცოცხლედაც არ ღირს. ვერასოდეს მივესალმები იმ ადამიანებს, რომლებიც თავისი პოლიტიკური გზის გაკვალვას ცხედრებზე გავლით აპირებენ, მათ შორის ოპოზიციაშიც. უცხოელებიც გაფრთხილებდნენ და ჩვენც ამას გეუბნებოდით, რომ ასე მოხდებოდა.

როცა სხდომაზე მოვდიოდი, მეგონა, მწუხარება გაგვაერთიანებდა, მაგრამ ვხედავ ტაშსა და აპლოდისმენტებს. შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როცა ამ აპლოდისმენტებს ვისმენ, ამიტომ ქრისტიან-დემოკრატები ვტოვებთ სხდომათა დარბაზს. როცა ხელისუფლება კარგავს ჰუმანურ სახეს, მონსტრად იქცევა ხოლმე“.

ასე დატოვეს ქრისტიან-დემოკრატებმა სხდომათა დარბაზი და კოალიციის „მედიის ადვოკატირებისათვის“ მოწყობილ ღონისძიებაზე გადაინაცვლეს, სადაც 20-წუთიან ფილმს უყურეს, იმის შესახებ, თუ როგორ ძალადობდნენ პოლიციელები ჟურნალისტებზე.

კოალიციის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე განსაკუთრებით დამამახსოვრდა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის კითხვა. ჟურნალისტებს, რომლებიც პოლიციამ დაარბია, მან ჰკითხა, რომელიმემ თუ შეამჩნიეთ, პოლიციელებს ქუდის უკანა მხარეზე ნომერი ეწერათო? ჟურნალისტებმა თქვეს, რომ არ უნახავთ. თუმცა, დარბაზში ითქვა, რომ  გადაღებულ კადრებში აშკარად ჩანს - პოლიციელებს აქვთ ასეთი ნომრები მიწერილი ქუდებზე.

აქ სამწუხარო ისაა, რომ თუ ჟურნალისტები ამ ნომერს დაიმახსოვრებდნენ, მაშინ მოძალადე სპეცნაზელების გამოვლენა გაადვილდებოდა, მაგრამ ჩემი ერთი კოლეგის თქმისა არ იყოს, იმ შუაღამესა და ცემა-ტყეპაში რომელ ჟურნალისტს ჰქონდა იმის თავი - ეს ნომრები მოეძებნა ქუდის უკანა მხარეს და თან დაემახსოვრებინა? ასე რომ, იმის გარკვევა - სამართალი პურს ჭამს თუ არა, თქვენზე მომინდვია.