საქართველოში არსებული კაზინოები ჩვენს მეზობლებსაც უქმნის პრობლემას. ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ მალავს, რომ თავის დროზე ერდოღანთან შეხვედრისას სამორინეების აკრძალვაზე ისაუბრეს და პირველი, რაც ერდოღანმა მას სთხოვა, იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გავლენა გამოეყენებინა და თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე სამორინეები დაეხურა.
ერდოღანის სურვილი იმით იყო განპირობებული, რომ თურქი მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს კაზინოებში სათამაშოდ სტუმრობდა და არაერთი თურქი უბედურდებოდა ამ კაზინოებში. ამბობენ იმასაც, რომ თურქეთის ელჩის დიპლომატიურ უწყებაში მეუღლეების დაბრუნების მოსურნე თურქი ქალების ზარები ხშირად შედიოდა.
სავარაუდოდ, ერდოღანის სურვილი უპასუხოდ დარჩება, რადგან ბიძინა ივანიშვილის თქმით, სიამოვნებით აკრძალავდა ამ ბიზნესს, მაგრამ ესეც ეკონომიკაა და, განსაკუთრებით, აჭარაში, ბათუმში კაზინოებს სერიოზული პოზიცია უჭირავს. საქართველოს ამ რეგიონში სწორედ კაზინოების ხათრით არაერთი ტურისტი ჩამოდის.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ სიღარიბეში ჩაფლულ ჩვენს ქვეყანაში ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკური აღმავლობისთვის, პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაციისთვის გონივრული პოლიტიკა გატარებულიყო, უცებ გავხსენით სამორინეები და, ფაქტობრივად, ადამიანებს ვუბიძგეთ, თავიანთი ნეგატიური თვისებები გამოევლინათ. ეს იყო ლიბერალიზმით შენიღბული უპასუხისმგებლო პოლიტიკა, რომელიც, სინამდვილეში, საბჭოთა ეკონომიკად ტრანსფორმირდებოდა.
„სამორინეები ქვეყნის სიმდიდრეს არ განსაზღვრავს. პირიქით, სამორინეები მიუთითებს იმას, რომ ეს ჭაობში ჩავარდნილი ქვეყანაა. 25 წელია, საქართველოს ხელისუფლებებს პასუხისმგებლობა აკლიათ. ცივილიზებული ქვეყნებისგან შორს ვართ, რადგან ჩვენთან არ ანაღვლებთ საკუთარი ხალხის ბედი, ფიქრობენ, თავში ქვა უხლიათ, წავიდნენ, სახლ-კარი გაყიდონ, უნდათ, ითამაშონ კაზინოში, უნდათ - არ ითამაშონ. ამით ადამიანში ბნელი მხარეებს ავითარებენ და მაშინ სახელმწიფო რაღა საჭიროა? არასერიოზულ ლიბერალიზმში ჩაფლული ქვეყანა თავის ხალხს სამორინეებში, ბორდელებში ექაჩება. ამ დროს გარკვეული ჩარჩოები უნდა დაუწესონ ადამიანებს და საკუთარი ნიჭისა და უნარის გამოვლენის საშუალება მისცენ. ნახეთ, თბილისის ცენტრში რამდენი ბორდელია. ეს არის ლიბერალიზმის ლექსიკონში გახვეული ნეობოლშევიზმი. ამ ტიპის ტურიზმით, ამ ტიპის შემოსავლებით ვერც ერთი სახელმწიფო ვერ განვითარდება. მონაკო რომ აიღოთ, მონაკოს მოქალაქეს უფლება არ აქვს, სამორინეში შევიდეს და ითამაშოს. შესაბამისად, ჩვენც უნდა დავძლიოთ ეს ველური და უპასუხისმგებლო წარმოდგენა“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბრისას და განმარტავს, რომ ყველაფრის აკრძალვა არ არის საჭირო და, ვისაც სამორინეში თამაში სურს, მისთვის სადმე საკურორტო ზონაში სეგმენტირებული ერთი-ორი ადგილი მაინც უნდა იყოს თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან მოშორებით. ეს იქნება პატარა ლას-ვეგასის ტიპის სათამაშო ბიზნესი. თორემ მედროვე ხალხი ცხოვრობს იმის იმედად, არიქა, ვიღაც მოდის, ბევრ ფულს დატოვებს და ეს ფული ბიუჯეტში შევაო. ეს მედროვე ხალხის პოლიტიკაა, რომელმაც არ იცის, როგორ ვითარდება ქვეყნები და რა განსაზღვრავს ქვეყნის სიმდიდრეს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ერდოღანის სურვილი საქართველოში სამორინეების აკრძალვასთან დაკავშირებით თურქი ხალხის პოზიციითაა ნაკარნახევი, თუმცა არც ერთ უმაღლეს თანამდებობის პირს უფლება არ აქვს, მეზობელ ქვეყანას მიუთითოს, როგორი ეკონომიკური პოლიტიკა გაატაროს.
ექსპერტი მიესალმება, თუკი ჩვენს სამორინეებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ასაკობრივი ზღვარი დაწესდება, თუნდაც 25 წლამდე ასაკობრივი ზღვარი. თუ ადამიანს არ აქვს ჩამოყალიბებული ფსიქიკა და აზარტულ თამაშზე დამოკიდებული ლუდომანია, მას უნდა შეეზღუდოს კაზინოებში შესვლა. მთლიანობაში კი, საქართველოს ხელისუფლება არ უნდა მოიქცეს უცხო ქვეყნის ხელისუფლების მითითებით.
„ერთი პერიოდი, ფიქრობდნენ, რომ წყალტუბოში აშენებულიყო ასეთი სამორინეები, მაგრამ ამან არ გაამართლა, რადგან თურქეთის მოქალაქეები საზღვრის ახლოს გადმოდიან, თურქები შემოდიან ახლომდებარე სოფლებიდან და ქალაქებიდან და ერთი დღის განმავლობაში 500 დოლარს ტოვებენ. 200 დოლარს ხარჯავენ სხვა ტიპის გართობისთვის, ხოლო 300 დოლარს -კაზინოებში. ის, რომ თურმე საქართველოს სამორინეებში თურქებიც უბედურდებიან, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან თურქები წინასწარგანზრახვით მოდიან. თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების სამორინეებს კი უფრო სხვა ქვეყნებიდან აკითხავენ ვიზიტორები. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ სამორინეებს ჩვენს ბიუჯეტში ძალიან დიდი ხვედრითი წილი აქვთ“, - აცხადებს პაატა აროშიძე.
ცნობისთვის, თურქეთში კაზინოები 1998 წელს აიკრძალა.