საქართველოში უსახლკაროთა პრობლემა მეტად მწვავეა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სპეციალური კვლევა ჩაატარა, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს შეეხო. კვლევის ავტორის თათული ჭუბაბრიას განცხადებით, უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის უქონლობა საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა პოლიტიკური და საზოგადოებრივი კუთხით ეს საკითხი სათანადოდ არ არის აღიარებული.
„დღეს არ არსებობს უსახლკარობის სტრატეგია, ასევე სამოქმედო გეგმა, საქართველოში არ არსებობს არანაირი სტატისტიკა, რომელიც ამ უსახლკარო ადამიანებს აღრიცხავდა, ასევე აღრიცხავდა მათ საჭიროებებსა და უფლებრივ მდგომარეობებს“, - განაცხადა ჭუბაბრიამ.
კვლევის ავტორის განცხადებით, უსახლკარობის პრობლემის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა არის კოორდინაციის არარსებობა სახელმწიფო უწყებებს შორის.
„ცენტრალური ხელისუფლება სათანადო დონით არ აწარმოებს იმ პოლიტიკას, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტებს შეეძლებოდათ პრობლემების აღმოფხვრა და სამოქმედო გეგმის შესრულება. ამიტომ, ის, რომ დღეს გარკვეული ვალდებულებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აკისრიათ, არ წყვეტს პრობლემას, რადგანაც არ არსებობს საერთო გეგმა. მწვავე საკითხებს შორის არის ასევე ინტეგრული ხედვის არარსებობა უსახლკარობის პოლიტიკის სხვა პოლიტიკასთან, როგორიცაა დასაქმება, ჯანდაცვა, თუნდაც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკა. ასევე დამატებით პრობლემა არის დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ნარკოდამოკიდებულ პირებს, თავშესაფრებით სარგებლობა არ შეუძლიათ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ჭუბაბრიამ.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ კი მერიას უსახლკარო და გაჭირვებული ადამიანებისთვის დღის ცენტრის გახსნას სთავაზობს. ცენტრის გასახსნელად ფონდმა მუნიციპალიტეტს ფართის გამოყოფის თხოვნით მიმართა.
„ნებისმიერი, ვინც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, შეუძლია მოვიდეს ჩვენი დახმარების ცენტრში. აქ ყველა გაჭირვებული ადამიანი მიიღებს ცხელ სადილს, გათბება, მოიწესრიგებს პირად ჰიგიენას, გარეცხავს ტანსაცმელს, შეიჭრის თმას, შეაკეთებინებს ფეხსაცმელს ხელოსანს, გაივლის პირველად სამედიცინო შემოწმებას და მიიღებს ყველა საჭირო მედიკამენტს, გაივლის კონსულტაციებს იურისტთან“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
ფონდში იმედოვნებენ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას და ამ მიზნებისთვის შესაფერის შენობას გამოყოფს.
ფონდის ოპერირების ქვეშაა სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი თბილისსა და ქობულეთში. ამჟამად ფონდის მეურვეობის ქვეშ იმყოფება 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვია.
ჯანდაცვის სამინისტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე ამბობს, სახელმწიფოს უკვე დაწყებული აქვს სტრატეგიაზე მუშაობა, რომელშიც იქნება მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გეგმები შემუშავებული. ასევე სტრატეგიაში მოხდება სტატისტიკის შემუშავებაც და საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობაც.
„ჩვენ შევისწავლით რეკომენდაციას და შევეცდებით საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავებისას გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციას ამ პერიოდამდე არ წარმოადგენს უსახლკაროთა სტრატეგიის წარმოება. თუმცა მიუხედავად ამისა, კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და სამთავრობო უწყებებთან. სტატისტიკის წარმოება დღეის მდგომარეობით არავის არ ევალება.
ჩვენ გადავწყვიტეთ სახელმწიფო გეგმა შევიმუშაოთ და აქ მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმებზე იქნება საუბარი. ამ სტრატეგიის ფარგლებში იქნება მათ შორის, სტრატეგიის შემუშავება და საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა. პირველი ვერსია უკვე შემუშავებულია და ამჟამად მიმდინარეობს სტრატეგიის განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან“, - განაცხადა თეა გვარამაძემ.
თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაციც ადასტურებს, რომ სახელმწიფოს დაწყებული აქვს მუშაობა რეგულაციებზე, რომლითაც უსახლკაროს სტატუსი უნდა განისაზღვროს, თუმცა მანამდე მუნიციპალიტეტმა თავად შექმნა პირობები.
მისივე თქმით, ამჟამად 76 ბინიანი საცხოვრისი უკვე აშენებულია ორხევში, სადაც თითოეული ოჯახისთვის 40 კვადრატული მეტრის ფართობი არის გამოყოფილი. მისივე თქმით, ამ საცხოვრისში მიმდინარეობს დასკვნითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება ოჯახების შესახლება.