„მე ის დაღუპული პოლიციელი და მისი თანმხლები პირი - ვიღაც „შკაფივით“ კაცი, დავინახე მაშინ“...

„მე ის დაღუპული პოლიციელი და მისი თანმხლები პირი - ვიღაც „შკაფივით“ კაცი, დავინახე მაშინ“...

[ნანა მაისაშვილი]

„70 წლის ვარ და მსგავსი არასდროს მინახავს“, - ყვება პრესაგე.ტვ-სთან  ყოფილი სპორტსმენი, 70 წლის მედეა ს-ძე (გვარი თავად დაასახელა, თუმცა, ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამ ადამიანს პრობლემები არ შეექმნება და ამიტომაც, მხოლოდ გვარის ინიციალს ვწერთ) და დეტალურად იხსენებს 26 მაისის გამთენიისას დარბეულ აქციას. 

- ჩემს თვალწინ განვითარდა ყველა მოვლენა. 21-26 მაისის აქციებზე დაწყების დღიდან დავდიოდი და ყველა მოვლენა ჩემს თვალწინ განვითარდა. არ დაგიკავშირდებოდით ტელევიზიებს ცრუ ინფორმაციები რომ არ გაევრცელებინათ. აქციის ადგილიდან ბოლო მე გამოვედი, უფრო სწორად გამომასვენეს იქიდან და კინო „რუსთაველის“ დარბაზში შემიყვენეს.

თანმიმდევრობით მოგიყვებით: წვიმა რომ დაიწყო, ძალიან დავსველდი და იქვე მოედანთან ჩემი ახლობელი ცხოვრობს, ტანსაცმელს გამოვიცვლი-მეთქი მასთან გადავედი. გამოვიცვალე და გარეთ, რომ გამოვედი, იქვე სასწრაფოს მანქანა იდგა. ერთმა ექიმმა მეორეს უთხრა 45 წუთი დაგვრჩა და დაიწყებენო. პუშკინის ქუჩასთან დავინახე 5 ავტობუსი სპეცრაზმით იყო სავსე, მარშუტკები და ჯიპები იდგა უამრავი.

რუსთაველზე, თი-ბი-სი ბანკს, რომ მივუახლოვდი, იქ ორად-ორი პოლიციელი დავინახე, სხვა პოლიციელები იქ არ იდგნენ. მოგვიანებით აღვიდგინე ეს სცენა და უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მე ის დაღუპული პოლიციელი და მისი თანმხლები პირი, ვიღაც „შკაფივით“ კაცი, დავინახე მაშინ. ამათ რომ გავუარე ამ „შკაფმა“ მომაძახა - რა იყო „კუკლაო“. მივიხედ-მოვიხედე, ჩემს გარდა იქ არავინ იყო, მივხვდი მე მითხრა. შვილის ტოლა ბიჭმა ეს, რომ მომაძახა ნერვები მომეშალა - შევეპასუხე.

მეორე პოლიციელი ძალიან შეშინებული იდგა. ეს მგონი, ის პოლიციელი იყო, რომელზედაც ამბობენ, რომ  მანქანამ გაიტანაო. ამ დროს „შკაფმა“ გადასცა ადგილზე ვართო. იცით რას ვფიქრობ? სპეციალურად იდგნენ ისინი იქ, მათ გარდა მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია არ იდგა. შეიძლება მოკვლა არც არავის უნდოდა ამ ბიჭის, მაგრამ ავტოავარიის გათამაშებას რა უნდოდა? სხვა რა უნდა იფიქრო კაცმა? ჩვენ იქ მყოფებმა ყველამ ვიცოდით, რომ დაგვარბევდნენ, ისიც ვიცოდით, რომ ესენი სისხლსაც დაღვრიდნენ.

პუშკინის ქუჩაზე ამდენი სპეცრაზმელი რომ დავინახე ხალხს ჩამოვუარე და ვუთხარი, მართლა გვარბევენ და ვისაც შეგიძლიათ წადით-მეთქი. იქ რამდენიმე ცალფეხა კაცი იყო, მუხუცები იყვნენ. რამდენიმე ადამიანი წავიდა, სხვებმა ფეხი არ მოიცვალეს. ქაშუეთის ეკლესიასთან მივედი. წინა მხარეს კაცები იდგნენ, უკან ქალები. 100 მეტრში სპეცრაზმი იდგა. ეკლესიის კარი ორმაგად იყო გადარაზული, ცენტრალურ კარს რკინის კარი ფარავდა. ქალები კარზე აბრახუნებდნენ, გვიშველეთ კარი გაგვიღეთო, შიგნიდან ხმა არ ისმოდა.

ამ დროს აქციის ორგანიზატორები სად იყვნენ?

- ახლა ამბობენ ლიდერებმა ხალხი მიატოვესო, ასე არ იყო. ჩვენთან ერთად იდგნენ წვიმაში. მე მეამაყებოდა იქ ყოფნა, იქ, სადაც იდგა ჯაჭვლიანი, ნონა გაფრინდაშვილი, კურტანიძე, დარბევის დროს ყველა ადგილზე იყო. მიტინგის დარბევა, რომ დაიწყო, ჯერ ჩამოიყვანეს ნონა გაფრინდაშვილი, შემდეგ ბურჯანაძე. გაფრინდაშვილი, რომ მოყავდათ წაიქცა, პოლიციის რიგებიდან  ამ დროს ვიღაცამ დაიძახა სადაა ბათიაშვილიო, - მგონი წავიდაო, - იყვირეს. შე, ყ... როგორ გაუშვითო! გავხედე, ერთი ასაკიანი კაცი იყო, მეორე ახალგაზრდა. ბურჯანაძე კიბეებზე, რომ ჩამოდიოდა იქ იდგა პოლიციელი, რომელმაც გადასცა რაციით ბურჯანაძე ჩამოდისო. ამ დროს წამოვიდა მოედნიდან სპეცრაზმი... სპეცრაზმი განსაკუთრებით აგრესიული ბათიაშვილის და კურტანიძის მიმართ იყო და ამას არც მალავდნენ, ყვიროდნენ - „სადაა ბათიაშვილი“.

კოქტეილის ბოთლების სროლა როდის დაიწყეს მომიტინგეებმა?

- თვალით არ მინახავს მე იქ ასეთი რამ. „დვიჟოკისთვის“ მოტანილი ორი კანისტრა ნავთი თუ ბენზინი კი იყო იქ... არ შეიძლება მე არ მენახა ეს კოქტეილის ბოთლები თუკი ქონდათ.

სად და როგორ გავიდა ბათიაშვილი ხომ არ იცით?

- არა, ეგ მე არ მინახავს. როგორც მითხრეს არეულობა რომ დაიწყო, რაღაც გადააფარეს თავისმა ბიჭებმა და ისე გაიყვანესო. ეტყობა, ვერ დაინახა სპეცრაზმმა ამ არეულობაში. იქ ისეთი ამბავი იყო... წვიმდა, წყლის ჭავლი დაგვიშინეს, გაზი გაუშვეს, ბოლი იდგა... დავინახე ვიღაც მოხუცი კაცი იდგა და სპეცრაზმელებს ეუბნებოდა არ დამარტყათო, ახალგაზრდა იდგა მის გვერდით, მოხუცს დუბინკა რომ გადაუჭირეს, ის ბიჭი გამოესარჩლა, ბიჭს მე გადავეფარე. პოლიციელმა წიხლი დამიშინა. ვყვიროდი - შენ ქალის გაჩენილი ხარ-მეთქი? იცით რა მითხრა? ბოდიშით, მაგრამ უნდა ვთქვა - წაგკუზავ აქვე თუ არ გაჩუმდებიო. დედას გეფიცებით ასე მითხრა, 70 წლის ქალს. მეორე დედას მაგინებდა... დუბინკა დამარტყა ერთმა კეფაზე, პროტეზი გადმომივარდა, დავკარგე. ეს პროტეზი მიტინგზე უკვე მეორედ დავკარგე. წავიქეცი, მაინც ავდექი.

მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი, სპორტსმენი ვარ და ასე ადვილად არ დავეცემი. გავიქეცი, მხატვართა სახლთან დუბინკიანი დავინახე, ვეცი ხელებში და დუბინკა წავართვი. ახლაც მიკვირს როგორ წავართვი. პოლიციელს მკლავზე ჩამოვეკიდე და გამათრია, დამაგდო ქვემოთ, მუცელში მირტყამდა ფეხს.

კურტანიძე თუ ნახეთ?

- კიბეებზე, რომ ჩამოდიოდა მაშინ დავინახე, მერე კინოში შესულმა ისე სცემა სპეცრაზმელებს, ისე... შერჩეს. უკნიდან მიეპარა ვიღაც და ასე გაკოჭეს.

ჯაჭვლიანი როგორ დააკავეს თუ იცით?

- არ ვიცი როგორ დააკავეს. მცხეთაში, პოლიციაში ჩემი ახლობელი მუშაობს და იმან მითხრა ჯაჭვლიანი აქ არისო და თან დაამატა ისეა ნაცემი აქ არავინ დაუმატებს უკვეო... ნაცემი ამიყვანეს კინოში და დამაწვინეს, ჩემდა უნებურად მეცინებოდა, იმ კინოში სტუდენტობის დროს არა ერთ კარგ ფილმს დავსწრებივარ და ახლა აქ ვკვდებოდი. მახეში ვიყავით იქ გაბმული, ჩემი თვალით დავინახე სპეცრაზმმა როგორ ჩაამტვრია მინები, გზა გაუხსნეს იქ ხალხს, ყველგან გზა იყო გადაკეტილი და ხალხის მასა, სადაც გასასვლელს ნახავდა, ბუნებრივია, იქ გავიდოდა. ხალხი შევიდა „პიონერთა სასახლეში“, იქ 14 ქალი და 28 მამაკაცი წაიყვანეს სამმართველოში, აქედან ერთი ქალია ნაცემი, კაცები ყველა ცემეს. კინოთეატრში ყველა კაცი ცემეს.

გავრცელდა ინფორმაცია კაცები გააუპატიურესო.

- არა, თქმით კი ეუბნებოდნენ, მაგრამ მსგავსი არ მსმენია, რაც არ დამინახავს იმას ვერ ვიტყვი. ისეთს იგინებოდნენ, ერთი ბიჭი გაეჭიმათ ქალებს როგორ ექცევითო და ისეთი სცემეს... ყველა იატაკზე დააგდეს, შაშიაშვილი „პოლზე“ დააწვინეს... იქ იმდენი კუთხე კუნჭულია, როგორც გავიგე გოგოები გაუუპატიურებიათ. სადაც მე მითხრეს წაგკუზავთო 18-24 წლის გოგოებს რას უზამდნენ. ერთმა უთხრა 18 წლის ბავშვს - ჩეფჩიკივით ჩამოგიცვამო.

სად არ ვყოფილვარ, სპორცმენი ვარ და მოვლილი მაქვს მსოფლიო, ამერიკაში ვიცხოვრე მრავალი წელი, ასეთი არაფერი და არსად მინახავს, არც ფილმებში. გოგი ქავთარაძის სახე არ დამავიწყდება არასდროს... შაშიაშვილს ეუბნებოდნენ თავს მოგაჭრით, ყურს მოგაჭამთ... კიდევ ვამბობ, არა მგონია ის პოლიციელი კორტეჟს გაეტანა, ესენი სიკვდილს შეიძლება არ ელოდნენ, არც მომკვდარა ხომ ის ბიჭი იქვე?

თქვენ ვინ გამოგიყვანათ?

- იქ მყოფ ბიჭებს ვუთხარი, გამიყვანეთ და თქვენ მერე გაიპაროთ ეგებ-მეთქი. სასწრაფოსთან მიმიყვანეს, სპეცრაზმელებს უთხრეს ბებიაა ჩვენიო, იმან კიდევ ბრძანება გასცა - მიაგდეთ მანდო. ფეხი მტკიოდა, მუცლის ტკივილებისგან ვკიოდი, როდის-როდის ამიყვანეს სასწრაფოს მანქანაში. დამტანჯეს, ესენიც ექიმები იყვნენ რა... სასწრაფოს მანქანაში რომ შემიყვანეს, ერთი ბიჭი და ერთი ქალი დამხვდა იქ. ქალს თავი ჰქონდა გატეხილი, მარჯვენა თვალიდან სისხლი სდიოდა. სასწრაფო სხვადასხვა საავადმყოფოში რეკავდა, არსად არ იყო ადგილი, ბოლოს არამიანცში გადამიყვანეს და სასწრაფოს უბრძანეს არ დაწეროთ მიტინგიდან რომ მოგყავთო. ბოლოს არ ვიცი რა ჩაწერეს საავადმყოფოში ჩემი მიყვანის მიზეზად.

საავადმყოფოში ფული გადაგახდევინეს?

- არა. იქ კარგად მომექცნენ. სასაცილო იცით რაა, სასწრაფოს მანქანაში ვარ, ტკივილებისგან კრუნჩხვა დამეწყო და ზემოდან ყუთი დამეცა თავზე. მოკლედ, გაჭირვებულს ქვა აღმართში წამოეწევაო ასე გამოვიდა. ის ქალი თვალიდან სისხლი რომ მოდიოდა ტიროდა, სასწრაფოს ექთანი ეკითხება რამდენი წლის ხარო და 68 წლისო რომ უთხრა ამ ქალმა, ექთანმა რას დაეთრევი მიტინგზე 68 წლის ქალიო.

ისე, ასეთი მოხუცი მიტინგი არასდროს მინახავს.

- იმიტომ, რომ ახალგაზრდები დააშინეს. მშობლები გამოვედით გარეთ და შვილები სახლებში დავტოვეთ. გუშინ ორი ოჯახიდან თითო წევრი დააკავეს, დედ-მამა იყო მიტინგზე და შვილები დაუპატიმრეს. მაინც ვერ გადაარჩინეს ახალგაზრდები მშობლებმა, ჩემთან როდის მოაკაკუნებენ არ ვიცი, არც ერთ მიტინგს არ გამოვკლებივარ. ზურგზე სილურჯეებს კი ხედავთ, ხელზეც, შუბლზეც ხედავთ ხომ? ტვინის შერყევა მაქვს და მაინც გავედი საპროტესტო აქციაზე ორი დღის წინ. ვერ გავჩერდები სახლში, ზუსტად ვიცი არც ერთი ხელისუფლება პირადად მე არაფერს გამიკეთებს, მაგრამ სამშობლო მარტო მე ხომ არა ვარ?

საავადმყოფოში მითხრეს შეიძლება მუცლის გახსნა დაგჭირდესო, მაგრამ არ დავრჩი იქ. ჩემით მივხედავ თავს. საავადმყოფოდან, რომ გამოვედი ლარი და 30 თეთრი მქონდა ჯიბეში, მივედი ტაქსთან, ვუთხარი მიმიყვანე სახლში და იქ გადაგიხდი ფულს, რომ არ გადამიხადოო, არ წამომიყვანა, მეორემაც უარი მითხრა, მესამემ წამომიყვანა, მივედი სახლთან მთელი უბანი მელოდებოდა, სამი ლარი გადავუხადე. საავადმყოფოში დარჩენას აზრი არ ქონდა უკვე, ფული იყო გადასახდელი. ფეხშიშველი ვიყავი, იქ მომცეს რაღაც ჩუსტები და ასე წამოვედი.

მიტინგზე მოსულებს ფულს რამდენს აძლევდნენ?

- შვილებს გეფიცებით ერთი თეთრი არ მოუცია არავის, არც მინახავს ვინმესთვის ფული მიეცათ. არ იყო მსგავსი არაფერი, არც ის უთქვამს ვინმეს სადმე უნდა შევცვივდეთო.

კიდევ რომ ჩატარდეს აქცია გახვალთ?

- კი, გავალ. ორი დღის წინ აქციაზე მივედი, ისეთი ამაყი ვიყავი...

არ გეშინიათ თქვენ ოჯახს, რომ რამე პრობლემა შეუქმნან?

- კი, მეშინია, მაგრამ მე ისეთი დედის გაზრდილი ვარ, სხვაგვარად არ შემიძლია. თავისუფლება ყველაზე დიდი ღირებულებაა. 70 წლამდე ვარ უკვე, ერთი ნაბიჯით არ დავიხევ უკან. არ შემიძლიე ვუყურო ამ უსამართლობას და თავისთვის ვერ მიპატიებია სააკაშვილს, რომ ვუკრავდი ტაშს. სააკაშვილი ცოტა ემოციური, რომ იყო ვიცოდი, მაგრამ თუ ასეთი გიჟი იყო, არ მეგონა. შევარდნაძე რამე ზედმეტს ეტყოდა ხალხს? ასეთ შეურაცხყოფას მიაყენებდა ვინმეს? შევარდნაძის დროს იყო კომუნისტური ლოზუნგი - ყველანი არჩევნებზე, მიშას ლოზუნგია - ყველანი ციხეში! ამდენი მკვლელობა შეიძლება? ძალიან გავბრაზდი, ძალიან ბევრი ადამიანი, რომ არ გამოვიდა...

ტელევიზიის წინ ერთი ბიჭი იდგა, ჯვარი ეკავა ხელში და დღედაღამ ლოცულობდა. ეს ბიჭი დარბევის დღეს პარლამენტის წინ იდგა. დარბევის დროს ჩემს წინ აღმოჩნდა. სპეცრაზმელი, რომ მიუახლოვდა პირჯვარი გადაიწერა და ჯვარი აწია. რა უთხრა იცით სპეცრაზმელმა? ამ ჯვარს უკანალში შეგტენიო და წიხლი ამოარტყა. წაიქცა... ეს რა ვნახე... თავი გაუტყდა ბიჭს... რეზინის ტყვიებს არ ისროდნენო, არ ისროდნენ კი არა დაცხრილეს ხალხი.